ნათია წიწილაშვილი გათხოვდა - გზაპრესი

ნათია წიწილაშვილი გათხოვდა

სახელი, გვარი: ნათია წიწილაშვილი.

ასაკი: 30 წლის.

პროფესია: მსახიობი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის ღამის სამოსის მწარმოებელი ბრენდის სახე; პერიოდულად, სხვადასხვა სარეკლამო კლიპში მონაწილეობს; გეგმავს გიორგი კიკალეიშვილის ფილმისთვის კახეთში, 5-დღიან გადაღებაში მონაწილეობას.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: მეგობრებთან ერთად ყოფნა.

- ნათია, უპირველეს ყოვლისა, გაბედნიერებას გილოცავ! ვინ არის შენი რჩეული?

- დიდი მადლობა. არის ერთი ბიჭი - მიშო ლეჟავა. არქიტექტორია. უკვე კარგა ხანია, რაც ერთად ვართ, ურთიერთობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ (მარტის ბოლოს) კი შეუღლება გადავწყვიტეთ.

- მეუღლის ამპლუაში თავს როგორ გრძნობ?

- ზღაპრულად (იცინის)!.. უბედნიერესი ვარ. ჩემი შვილიც გახარებულია. ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, ერთმანეთი უყვართ... ძალიან კარგად ვართ!..

- როგორ ფიქრობ, საკუთარ თავს კარგად იცნობ?

- თითქოს ვიცი, როგორ სიტუაციაში როგორ მოვიქცევი, როგორი რეაქცია მექნება, მაგრამ ხომ იცი, უხეშად რომ ვთქვათ, სანამ საქმე საქმეზე არ მიდგება, ადამიანი საკუთარ საქციელს, რეაქციას წინასწარ მაინც ვერ განსაზღვრავ... მართალია, საკუთარ თავს კარგად ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებით მაინც ვერ ვიტყვი, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოვიქცევი.

- შენთვის ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?

- საკუთარ თავთან მუშაობა, რომ ცუდ განწყობაზე არ ვიყო, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, თუნდაც - მუსიკას მოვუსმინო, დავსაქმდე და რამით გავიხალისო თავი...

GzaPress

- შენი საყვარელი წიგნი რომელია?

- ყოველი წაკითხული წიგნის შემდეგ, ახალ-ახალი შთაბეჭდილებით ვივსები. კონკრეტული საყვარელი წიგნი არ მაქვს, მაგრამ თუ წაკითხულით კმაყოფილი ვარ, ძალიან მიხარია. ბოლოს ხალიდ ჰოსეინის "ფრანით მორბენალი" წავიკითხე. სხვათა შორის, პირველად დამემართა, რომ წიგნის კითხვის დროს, თვალები ამემღვრა, ამიცრემლდა... გააჩნია, რომელ წიგნს რომელ ასაკში წაიკითხავ: ესა თუ ის ნაწარმოები შესაბამის ასაკში უნდა წაიკითხო, რადგან ასეთ დროს ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ და ხვდები. ბოლოს წაკითხულმა წიგნმა ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა...

- შენს პირველ თაყვანისმცემელს რა ერქვა?

- შოთიკო (იცინის).

- საბავშვო ბაღში დადიოდით ერთად?

- არა. მახსოვს, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, ზღვაზე ვისვენებდი. ჩემი თაყვანისმცემელი ერთ-ერთი დამსვენებელი იყო... შეიძლება ითქვას, რომ მეხუთე კლასამდე არაფერი მახსოვს - ცუდი მეხსიერება მაქვს.

- ის თუ გახსოვს, სკოლაში პოპულარული გოგონა იყავი?

- კი, სკოლაშიც, კოლეჯშიც, ინსტიტუტშიც... შემიძლია გითხრათ, რომ ზედმეტად პოპულარულიც კი ვიყავი - ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა (იცინის).

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად რას აკეთებ?

- თუ სახლში ვარ, ბავშვის მოვლით ვარ დაკავებული. თან, ბოლო პერიოდში, ონლაინგაკვეთილები, ვიდეოჩართვები ჰქონდა... კიდევ - ბავშვის კვება, მეცადინეობა, დაბანა, სხვა საოჯახო საქმეებია... თუ შინ არ ვარ, ძირითადად, ვმუშაობ.

- როგორ ფიქრობ, შვილისთვის სამაგალითო დედა ხარ?

- ვფიქრობ, როცა გაიზრდება, თუ ჩემსავით ცუდი მეხსიერება არ ექნება, იტყვის, რომ სამაგალითო დედა ვარ. ახლა ამას ვერ იაზრებს, ვერ ხვდება - ჯერ მაინც პატარაა... მსგავსი რამ თავად რომ არ მითხრას, არ მეწყინება, მაგრამ პირადად მე, მიმაჩნია, რომ ასეა - მისთვის სამაგალითო დედა ვარ. დანარჩენს მერე გავიგებთ, როცა გაიზრდება.

- შინიდან მაკიაჟის რომელი დეტალის გარეშე არ გახვალ?

- ტუშისა და ტუჩსაცხის წასმის გარეშე.

- როცა ვინმე ვერ გცნობს (თუ არის ასეთი შემთხვევები), გწყინს?

- ასეთი შემთხვევები როგორ არ არის, თან - საკმაოდ ხშირად, რადგან დიდი ხანია, ეკრანზე (ფილმში ან სერიალში) არ გამოვჩენილვარ. ხომ იცი, ასე თუ ისე, ადამიანს მაინც ყველაფერი ავიწყდება... აბსოლუტურად არ მწყინს, როცა ვერ მცნობენ. ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს, როცა მცნობენ - არც მწყინს და არც მიხარია.

- ადამიანთან პირველი შეხვედრისას მისი გარეგნობის რომელი დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?

- თვალები. ჩემი აზრით, თვალებში აბსოლუტურად ყველაფერი ჩანს, თუნდაც - მისი დამოკიდებულება...

- სიტყვა "ზაფხული" შენში რა ემოციებს აღძრავს?

- პირდაპირ კავშირშია ზღვასთან, აუზთან, დასვენებასთან, რუჯთან...

- ბიკინი თუ მთლიანი საცურაო კოსტიუმი?

- ორივე. საკმაოდ ბევრი მაქვს ორივე ტიპის საცურაო კოსტიუმი.

GzaPress

- ზაფხულში მხოლოდ ერთი ფერის საცურაო კოსტიუმის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- თეთრს. უბრალოდ, ნამზეურს ძალიან უხდება და ალბათ, ამიტომ.

- შენი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდის წაშლის სურვილი თუ გაქვს?

- კი, არის 1 დღე, რომელსაც ჩემი ცხოვრებიდან ამოვშლიდი, მაგრამ რა თქმა უნდა, არ გეტყვი (იცინის). ისე ცუდად მახსენდება, რომ იმ კონკრეტულ დღეზე არც ვსაუბრობ, გახსენება არ მინდა...

- შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვისი აზრია?

- დედაჩემის, ჩემი მეუღლისა და შვილის. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც თავად ვიღებ, მაგრამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, სამივეს აზრი მაინტერესებს ხოლმე.

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- სხვადასხვანაირს. კოშმარებიც მესიზმრება, "ტკბილი" სიზმრებიც... ჩემი სიზმრები უფრო რეალისტურია: მგონია ხოლმე, რომ სინამდვილეა... არის პერიოდები, როცა საერთოდ არაფერი მესიზმრება და ცოტათი მიკვირს - რამდენი ხანია, არაფერი დამსიზმრებია-მეთქი? მგონი, ყოველღამე სიზმრებს ყველა ვხედავთ. უბრალოდ, ზოგჯერ არ გვახსოვს.

- ყველაზე სიმპათიურ პოლიტიკოსად ვის მიიჩნევ?

- ალბათ, კახა კალაძეს, რადგან ჩაცმის სტილით ძალიან კარგად გამოიყურება...

- დილით ჯერ საუზმობ, თუ სოციალურ ქსელს სტუმრობ?

- ორივეს ერთად ვაკეთებ (იცინის). თითქმის ყველა ასეა: თვალს ახელს თუ არა, პირველ რიგში, ტელეფონს იღებს ხელში... თან "სქროლვა", თან - საუზმობა ჩვეულებრივი ამბავია.

- ისეთი ცხოვრება გაქვს, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდი?

- ბავშვობაში ძალიან მინდოდა, მთელი მსოფლიოს გარშემო მემოგზაურა, ჩემი ცხოვრება მოგზაურობაში გამეტარებინა... პანდემიამდე, ოცნების ახდენას ნელ-ნელა ვახერხებდი...

ეთო ყორღანაშვილი