როგორ ხალხს შენატრის გუგული მაღრაძე და რას საყვედურობენ მას ოჯახის წევრები? - გზაპრესი

როგორ ხალხს შენატრის გუგული მაღრაძე და რას საყვედურობენ მას ოჯახის წევრები?

ამჯერად, სკანდალური განცხადებების ავტორის - პარლამენტარ გუგული მაღრაძის "წიგნის თაროთი" დავინტერესდით და გავარკვიეთ, რას კითხულობს, რომელი ლიტერატურული ნაწარმოებებია მისთვის შთამბეჭდავი და საკუთარ ცხოვრებას წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესოდ მიიჩნევს თუ არა...

- მახსოვს, პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც დამოუკიდებლად წავიკითხე, კორნეი ჩუკოვსკის საბავშვო, სქელტანიანი, ქართულად ნათარგმნი წიგნი - "რა ვნახე" იყო. 6 წლისა სკოლაში რომ შევედი, ქართულად კითხვა უკვე კარგად ვიცოდი... სპეციალურად არავის უსწავლებია - ეტყობა, ინტერაქციაში, თავისთავად "შემომესწავლა" (იღიმის)... რუსულად წერა-კითხვა კინოაფიშებიდან ვისწავლე: აფიშას გადმოვწერდი, სახლში მივიდოდი და დედას ვეუბნებოდი, - დღეს ეს ფილმი გადის-მეთქი (კინოთეატრში ხშირად დავდიოდით), დედა კი ხმამაღლა წაიკითხავდა ხოლმე... რუსული ასე ვისწავლე. ამ ენაზე, ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, პირველად "სტიოპა მილიციონერი" წავიკითხე - კარგი საბავშვო ლექსები იყო.

- წასაკითხ ლიტერატურას როგორ არჩევდით?

- ჩემს სახლთან ახლოს დიდი, კარგი ბიბლიოთეკა იყო. დაახლოებით პირველი კლასიდან ამ ბიბლიოთეკაში ჩაწერილი გახლდით. იქ რაღაც წიგნებს ვნახულობდი და ვკითხულობდი. მახსოვს, "ტომ სოიერის თავგადასავალი" და "ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი" ჩემი საყვარელი წიგნები იყო. მეოთხე კლასიდან მაინ რიდის ნაწარმოებების კითხვა დავიწყე, რასაც თავისთავად, დიუმას რომანები მოჰყვა... მერვე-მეცხრე კლასში რატომღაც, ჩერნიშევსკით დავინტერესდი, შემდეგ ლევან გოთუას "გმირთა ვარამი" წავიკითხე... კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი" ისე მიყვარდა, რომ ყოველ ზაფხულს ხელახლა ვკითხულობდი, ციტატები ზეპირად ვიცოდი (ზოგი მათგანი ახლაც მახსოვს)... მოკლედ, წიგნებს ასე, თანდათანობით "დავუმეგობრდი". კითხვა მიყვარს...

- რომელიმე ავტორის წერის სტილი განსაკუთრებულად თუ მოგწონთ?

- მაგალითად, თავის დროზე, კონსტანტინე გამსახურდიას სტილი ძალიან მომწონდა. წელს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ვეცადე, "დავით აღმაშენებელი" ხელახლა წამეკითხა, მაგრამ ძველებური ინტერესით ვეღარ წავიკითხე, შეიძლება იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად მახსოვდა და ჩემთვის ახალი არაფერი იყო... დიახ, ქართველი მწერლებიდან, კონსტანტინე გამსახურდიას წერის სტილი მომწონს, თანამედროვე ავტორებიდან - აკა მორჩილაძის თითქმის ყველა ნაწარმოებს ვკითხულობ. თავის დროზე, რუსული კლასიკა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო: ტოლსტოი, დოსტოევსკი ძალიან მიყვარდა. ერთი პერიოდი, ბუნინის შემოქმედებაც მომწონდა - ლამაზად წერს... ნათარგმნ ლიტერატურას რაც შეეხება, თომას მანის "ბუდენბროკები", გოლზუორთის "ფორსაიტების საგა" და ამ ტიპის დიდი ისტორიები მომწონდა, მნიშვნელოვანი იყო ჰემინგუეის მოთხრობები, რომლებიც თავდაპირველად, ქართულად წავიკითხე. ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დავამთავრე ("ფრაგულენოვანი" ვიყავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასპირანტურაში სწავლისას, ინგლისური ლიტერატურა იყო საჭირო). იქ პირველივე კურსიდან, ჰემინგუეის ნაწარმოებებს ინგლისურად გვასწავლიდნენ. მაშინ მივხვდი, ამ პატარა მოთხრობებს რა დიდი მომხიბვლელობა აქვს და რა მაგარი მწერალია ჰემინგუეი... ჰერმან ჰესეც მომწონს, აკუტაგავაც, ამელი ნოტომიც ("კრძალვითა და ცახცახით", "მკვლელის ჰიგიენა")... გარდა ამისა, იმ წიგნებს ვკითხულობ, რომლებიც ჩემს საქმიანობას - პოლიტიკას და კონფლიქტოლოგიას უკავშირდება (მაგალითად - ზბიგნევ ბჟეზინსკის "დიდი საჭადრაკო დაფა", კრისტოფერ მურის "მედიაცია" და სხვა).

- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვთ?

- კი, კარგი ბიბლიოთეკა მაქვს. ბოლო დროს წიგნებს შედარებით იშვიათად ვყიდულობ, რადგან უბრალოდ, აღარც ვიცი, სად დავატიო (იღიმის)... ზაფხულში, თუ სადმე მივემგზავრები, 1-2 წიგნს წასაკითხად გავიყოლებ ხოლმე. ერთი არცთუ კარგი ჩვევა მაქვს: რამდენიმე დღის განმავლობაში ნაწარმოებს თითქმის გაუჩერებლად ვკითხულობ, სანამ არ დავასრულებ. ოჯახის წევრები მეჩხუბებიან - ასე სწრაფად რატომ კითხულობ? გამოიზოგე, შეიტკბე ეს წიგნიო...

- "დავით აღმაშენებლის" გარდა, კიდევ რომელი ნაწარმოები წაგიკითხავთ რამდენჯერმე?

- ბევრჯერ წამიკითხავს დიუმას "გრაფი მონტე კრისტო", "სამი მუშკეტერი", ლევან გოთუას "გმირთა ვარამი"... "გმირთა ვარამის" ბევრი პასაჟი ისე მომწონდა, ზეპირადაც ვიცოდი. მახსოვს, თავისუფალი თემის წერისას სულ "გმირთა ვარამიდან" და "დავით აღმაშენებლიდან" ვწერდი გმირების დახასიათებას...

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- აკუტაგავას მოთხრობები წავიკითხე. მომეწონა, მაგრამ ჩემზე ძლიერი ზეგავლენა ვერ მოახდინა... საერთოდ, ისეთი განცდა მაქვს, რომ თანამედროვე მწერლების უმეტესობის შემოქმედებაში ბევრი ფილოსოფია და ტვინის ჭყლეტაა. ფილოსოფია დოსტოევსკის, ტოლსტოის ნაწარმოებებშიც არის, მაგრამ იქ კარგადაა "მოქმედებაში ჩართული", თანამედროვეში კი - მაგალითად, ადამიანის პირადი განცდებია აღწერილი, რასაც ყოველთვის ვერ "მიჰყვები", შეიძლება, არც დაინტერესდე. ამის გამო, ისეთი განცდა მიჩნდება, რომ ბევრი თანამედროვე მწერლის შემოქმედება ხელოვნურია. წიგნების სიუჟეტები ერთმანეთს ისე ჰგავს, ვეღარც ვიმახსოვრებ... თავის დროზე, ჯოისი და მისი "ცნობიერების ნაკადის" ტექნიკა სხვა იყო, ახლა კი ბევრი მწერალი თითქოს იმავეს იმეორებს, მაგრამ ისე კარგად - ვერა. ამიტომ მათი ნაწარმოებები დიდად საინტერესო არ არის. ხანდახან ვფიქრობ, ამის წასაკითხად ამდენი დრო რატომ დავხარჯე-მეთქი?..

GzaPress

- პოეზია თუ გიტაცებთ?

- პაოლო იაშვილის, ლადო ასათიანის, გოგლა ლეონიძის შემოქმედება, ირაკლი აბაშიძის რამდენიმე ლექსი ძალიან მომწონს, მაგრამ გალაკტიონი ჩემთვის მწვერვალია... თანამედროვე პოეტების შემოქმედების ცოდნით თავს ვერ მოვიწონებ - კარგა ხანია, თანამედროვე პოეზია არ წამიკითხავს.

- თავად გიტაცებთ წერა?

- არა, არა... მხატვრული წერა ჩემთვის ძალიან უცნაურია. სამეცნიერო სტატიას ვწერ - ეს ჩემი საქმეა, მაგრამ მიკვირს, მხატვრულად როგორ წერენ?.. ერთადერთი, მეორე კლასში სწავლისას, "ლიტერატურულ წრეში" მოხვედრა მინდოდა და ამის გამო, მე და ჩემმა მეგობარმა 2 სტროფი დავწერეთ, ნაძვის ხის და თოვლის ბაბუის შესახებ. მგონი, ჩემი ლიტერატურული "მოღვაწეობა" ამით დასრულდა (იცინის). თითქოს შევნატრი იმ ხალხს, ვისაც მხატვრულად წერა შეუძლია. ეს ნიჭი ნამდვილად არ მაქვს.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესო იქნება?

- მგონი, ძალიანაც არა. თუ ვინმეს აინტერესებს, დღევანდელ პირობებში ქალმა დამოუკიდებლად, პროტექციის გარეშე გზა როგორ გაიკვალა, მოახერხა, რომ მეცნიერი, პოლიტიკოსი გამხდარიყო და ქვეყანაში თავისი წვლილი შეეტანა, ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, საინტერესო იყოს, თორემ პირადი ცხოვრება დიდად დატვირთული არ მქონია... მართლა აქტიური ადამიანი ვარ: თავის დროზე არასამთავრობო სექტორშიც ვმუშაობდი, როცა ამაზე არავინ ფიქრობდა, შშმ ადამიანებს ვეხმარებოდით, გრემის შშმ პირთა სახლიც ჩემი მონაწილეობითაა დაფუძნებული. საბავშვო სახლების მკვიდრებსაც ხელს ვუწყობდით, რომ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, თავშესაფარი ჰქონოდათ; ასევე, საქართველოს ტელევიზიაში (მაშინ ერთი არხი იყო) გადაცემის წამყვანი ვიყავი და ამ პროექტის ფარგლებშიც, 6 თვის განმავლობაში ავჭალის კოლონიაში არასრულწლოვანი დამნაშავეები შევისწავლეთ, შემდეგ კი რამდენიმე მათგანს ვადაზე ადრე გათავისუფლების რეკომენდაცია მივეცით და გავათავისუფლეთ კიდეც... მერე, დემოკრატიზაციის პროცესი რომ დაიწყო და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, რამდენიმე პროგრამით გახლდით არაერთხელ აშშ-ში, მათ შორის - ყველა მეცნიერისთვის ძალიან პრესტიჟული - ფულბრაიტის სტიპენდიანტი ვარ. "ამერიკული პროგრამების მონაწილეთა ასოციაცია" შევქმენი, რომ ამერიკიდან დაბრუნებულ ადამიანებს (ვინც იქ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა) მოსახლეობისთვის თავიანთი ცოდნა-გამოცდილება გაეზიარებინათ. პირველად გავხსენი საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტერნეტკაფე, სადაც გრანტის ფარგლებში, მოსწავლეებს ინტერნეტით უფასოდ სარგებლობა შეეძლოთ. 1996 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ქალთა ცენტრი" გვქონდა და გენდერულ საკითხებზე კვლევებს ვაწარმოებდით...

- თქვენს შვილს, შვილიშვილებს წიგნების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- ჩემი ქალიშვილი უკვე 40 წლისაა, თავის საქმიანობაში ძალიან წარმატებულია. მიუხედავად იმისა, რომ საპასუხისმგებლო და დატვირთული სამსახური აქვს, კითხვა უყვარს და ამ მხრივ, ყოველთვის საქმის კურსშია, რა ხდება. ხშირად თავადაც მირჩევს, თანამედროვე ავტორების რომელი ნაწარმოებების წაკითხვა ჯობს... შვილიშვილებს რაც შეეხებათ, გოგონა კითხულობს, თუმცა ისე ინტენსიურად - არა, როგორც მის ასაკში მე ვკითხულობდი. ბიჭი წიგნებით ნაკლებად ინტერესდება, მაგრამ ინტერნეტიდან გარკვეულ ცოდნას იძენს - საკმაოდ ბევრი რამ იცის...

- დაბოლოს, "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევთ?

- ყველა ადამიანს თავისი გემოვნება აქვს. სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, ყოველგვარი მითითების გარეშე, რაც შემხვდებოდა, თითქმის ყველაფერს ვკითხულობდი, ასეთ უსისტემო კითხვასაც თავისი დადებითი მხარე აქვს... მიხარია, როდესაც გადაცემას - "წიგნის თარო" ვუყურებ: განცვიფრებული ვარ, მოზარდებმა თანამედროვე ავტორების შემოქმედება რა კარგად იციან! თუმცა, ერთ რამეს აღვნიშნავ: კლასიკურ ნაწარმოებებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხებს ყოველთვის გამოვიცნობ, თანამედროვე ლიტერატურაში კი - ახალგაზრდები უფრო მაგრები არიან (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი