ზურა ნიჟარაძის ცხოვრების დევიზი და სიყვარული, რომელზეც მოთხრობის დაწერას აპირებს - გზაპრესი

ზურა ნიჟარაძის ცხოვრების დევიზი და სიყვარული, რომელზეც მოთხრობის დაწერას აპირებს

"ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს მუსიკამ, პოეზიამ, ჩემი შვილების თვალებში ჩახედვამ", - ამბობს მსახიობი ზურა ნიჟარაძე. რა არის მისთვის ბედნიერება, როგორ იხსენებს პირველ სიყვარულს, რას თვლის თავის სისუსტედ და რა აკვირვებს ყველაზე მეტად ამ სამყაროში? - მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1981 წლის 13 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ამ პროფესიის ახლობელი ან მეზობელი არ მყოლია, სურვილი ჩემში თავისთავად მოვიდა. გული სცენისკენ მიმიწევდა. არჩევანის გამო, სინანული - არასდროს, თუმცა პატარა გულისწყვეტები მქონია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კეთილი და ნიჭიერიაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმავე გზას ავირჩევდი. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაც მოხდა, იმას ისედაც ვერაფერს მოვუხერხებდი. ჩემს ყველა არჩევანს უცვლელად დავტოვებდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო თეატრალურში ჩაბარება. სიმართლე გითხრა, წარმატებულად თავს ახლაც არ ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული სიხარული არაერთხელ მქონია.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...არაერთ ადამიანს: მშობლებს, პედაგოგებს... ყველას პატარა აგური აქვს დადებული. თეატრალურში რომ ჩავაბარე, გოგი ქავთარაძისა და გურამ საღარაძის ჯგუფში მოვხვდი. მადლობა ბევრი ადამიანისთვის მითქვამს და მომავალშიც ვეტყვი. ისეთ წრეში მოვხვდი, ყველას ძალიან უყვარდა კინო, თეატრი, შემოქმედება.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მაქვს კარგი ხასიათი. როგორც მხატვრობის ნიჭი, ასევე, კარგი სმენა და ა.შ. არსებობს; ასევეა სიკეთის ნიჭიც. მთელი შეგნებული ცხოვრება მიდრეკილი ვარ სიკეთის კეთებისკენ, სინათლისკენ, სითბოს გაცემისკენ. მქონია რთული მომენტები, მაგრამ არ გავბოროტებულვარ. ცუდ წრეშიც მოვხვედრილვარ, მაგრამ ცუდ გზას არ დავდგომივარ. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა, ღმერთის ხელი ურევია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ხასიათი მაქვს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ადამიანი იყოს მთავარი ღირებულება ამ ქვეყანაში და ადამიანებს შორის მეტი სიკეთე, სიყვარული და პატივისცემა არსებობდეს. მსოფლიოში მშვიდობა იყოს, სიკეთეს ვემსახუროთ, ხელს ხელი გავუწოდოთ. ახლა მე და თქვენ რომ ვსაუბრობთ, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული უნდა გვქონდეს. აქედან და ასე დაიწყება ქვეყნისა და კაცობრიობის სიყვარული.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მნიშვნელოვანი ნაბიჯების დაუფიქრებლად გადადგმა არ მჩვევია. ჩემი ზოდიაქოს ნიშანი სასწორია, მაგრამ მერყევი ხასიათი არ მაქვს. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, მნიშვნელოვანია ვიცოდე, ჩემთვის იმ ნაბიჯის გადადგმა კარგი იქნება თუ ცუდი?

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ასეთი თვისება არ მაქვს. ვინც უნდა იყო, ორჯერ და სამჯერ გეტყვი; თუ ვერ გაიგებ, თავს დაგანებებ, მაგრამ საკითხი უშუალოდ მე თუ მეხება, მაშინ უკვე ძალიან ვბრაზდები.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ისეთი შეცდომები არ დამიშვია, მძაფრი სინანული რომ მქონდეს, ლაქად რომ მაჩნდეს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...სულ სხვის შეცდომებზე ვსწავლობ. სხვის შეცდომას ვიზიარებ, როგორც გამოცდილებას.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...საქმე ღირსებას არ ეხება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ძალიან ბევრს ვფიქრობ, რამე არ გამომეპაროს, არ შევცდე, სხვა გზას არ დავადგე, ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი.

- ვიბნევი...

- ...ასეთი კონკრეტული სიტუაცია არ არსებობს. შესაძლოა, ბავშვობაში რაღაცაზე ვიბნეოდი, მაგრამ იმდენი რამ გადამხდა, ჩემს თავზე მხოლოდ წისქვილის ქვა არ დატრიალებულა. დღეს აღარაფერზე ვიბნევი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სოციალურ ქსელში "მემორიმ" შემახსენა, შარშან ამ დროს საფრანგეთში ვყოფილვარ. იქ ერთი საოცარი ადგილია, სადაც სიამოვნებით წავიდოდი ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც მე ვუყვარვარ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ქცევას, რომელიც ჩემი ღირსების შემლახავია.

GzaPress

- როცა საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ...

- ...ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის - იმას კადრულობ, რაც არ გეკადრება. ეს ცუდია, პროვოცირების შედეგიც რომ იყოს, პასუხი ადამიანებმა მაინც საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ. ასეთი ამბავი 2-3-ჯერ დამმართნია.

- მეზარება...

- ...რომ ვთქვა, ძალიან მშრომელი ვარ-მეთქი, ასე არ არის. მშრომელი ვარ ჩემს პროფესიაში. შემიძლია, დაუსრულებად ვიყო რეპეტიციაზე, გადასაღებ მოედანზე, არ დავიძინო და ა.შ. მაგრამ პროფესიის მიღმა ცხოვრებაში, ასეთივე მშრომელი არა ვარ. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მირჩევნია, მუსიკას მოვუსმინო, წიგნი წავიკითხო. მიწასთან მომუშავე კაცი არა ვარ, კულინარიაშიც ვერ ვყოჩაღობ, მაგრამ შინ რაიმე თუ დაზიანდება, ნათურა გადაიწვება ან ჭანჭიკი მოსუსტდება, ამ პრობლემის მოგვარება შემიძლია, ხელოსანს არ გამოვიძახებ.

- სიყვარული - ეს...

- ...მუდმივი სენია, რომელიც გაავადმყოფებს, ამ სენმა სასიამოვნო ტკივილი იცის.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მაშინ ემოციას საერთოდ ვერ გამოვხატავდი. ტვინი ცოტა სხვაგვარად მაქვს მოწყობილი. სადღაც წამიკითხავს, ქალი, რომელსაც სიყვარულის ახსნა სჭირდება, სიყვარულისთვის მზად არ არისო და ვეთანხმები. შეიძლება, მოქარგული ენა მაქვს, ძალიან ბევრი ლექსი გითხრა, დითირამბები გიმღერო, საჩუქრები, სიურპრიზები, კიდევ ათასი რამ გავაკეთო, მთავარია, ადამიანები ერთმანეთს როგორ ვექცევით, ერთმანეთი რომ შეგვიყვარდეს. პირველად 17 წლის ასაკში შემიყვარდა. იმ გოგონასთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ მან ეს იცოდა. მეგობრები ვიყავით. ადამიანი, რომელთანაც მეგობრობ, სხვაგვარად გხედავს. მერე ისე მოხდა, ის გოგო საერთოდ აღარ მინახავს. გვყავს საერთო სამეგობრო. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და არც ერთი მეგობრის ქორწილში, დაბადების დღეზე ან მეგობრულ წვეულებაზე არ შემხვედრია. ერთმანეთს მხოლოდ შორიდან მოვიკითხავთ და დამთავრდა.

- მან რომ ეს ინტერვიუ წაიკითხოს, საკუთარ თავს...

- ...რა თქმა უნდა, ამოიცნობს.

- "გზის" ფურცლებიდან ვეტყვი...

- ...კარგად და სულ ბედნიერი იყოს. ვფიქრობ, შესაძლოა, მომავალში იმ განცდებზე პატარა მოთხრობა დავწერო. ბედნიერება წამიერი განცდაც არის და ბედნიერი შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაშიც იყო. მაინც ვთვლი, რომ ეს ხანგრძლივი ბედნიერება, წამიერი ბედნიერების "კუნძულებისგან" შედგება.

- ამ თემაზე მეუღლესთან...

- ...რა თქმა უნდა, ვლაპარაკობ. ეჭვიანობა არ არის, ჩვენ ცივილიზებული და კარგად დალაგებული ურთიერთობა გვაქვს. ადამიანებმა ერთმანეთში უნდა ვისაუბროთ, გავერკვეთ, რა გვინდა. როცა ადამიანები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, არ უსმენენ, მაშინ მოსდით უთანხმოება, ასეა სახელმწიფოებს შორისაც - ომი იწყება. რაღაც შენ უნდა დათმო, რაღაც - მან, რაღაცაზე შეთანხმდებით და რაზეც ვერ შეთანხმდებით, ეგაა პრობლემა და მის მოგვარებაზე უნდა ვიზრუნოთ.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მუსიკამ, პოეზიამ, ჩემი შვილების თვალებში ჩახედვამ. უფროსი 2 წლის არის, უმცროსი - 1 თვის.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების ნიჭიერება. რამდენიმე დღის წინ ვახტანგ ჯავახაძეს ვუსმენდი. მოგეხსენებათ, მან წიგნი მიუძღვნა გალაკტიონს, ამ თემაზე ლაპარაკობდა. გალაკტიონი ამბობდა, ეს ლექსები ჩემი დაწერილი არ არის, თავში თითქოს რაღაც დამარტყამსო. ასეთი მუზა მაკვირვებს. მაკვირვებენ მხატვრები, შუაღამეს რომ წამოდგებიან და რაღაც ძალა ახატვინებთ; ადამიანები, რომლებსაც მელოდია ჩაესმით და მერე ის ხმა ფურცელზე ნოტებად გადააქვთ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მერიდება. "უფ, რას ამბობ", "კარგი, ახლა, არ გინდა"... რა თქმა უნდა გულის სიღრმეში სიამოვნება და სიხარულიც არის, მაგრამ უხერხულობა მაინც ჭარბობს. შენზე კარგს ამბობენ და რატომ არ უნდა გესიამოვნოს, მაშინ, კარგად რატომ ცხოვრობ?.. სუფრასთან 10 ადამიანი რომ არის და ათივე მაქებს, ამ დროს აღარ ვიცი, სად დავიმალო.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რატომ არ მნახულობ, სად ხარ, სად დაიკარგე? დიდი სამეგობრო წრე მყავს. ზოგჯერ ვერ ვახერხებ, ყველასთან მივიდე. ტვინში ჩემებური "მათემატიკა" მაქვს, ადამიანთან ორჯერ რომ ვერ მივედი და ვაწყენინე, მესამედ, რაც უნდა მოხდეს, მისვლა მაინც უნდა შევძლო.

- ვიტყუები, როცა...

- ...ისე ვცხოვრობ, საქმეს მოსატყუებლად არ ვიხდი. ვიყოთ გულწრფელები - ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ადრე თუ გვიან, მაინც მჟღავნდება.

- მენატრება...

- ...ჩემი შვილი: ის ბათუმშია, მე - თბილისში.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...როდესაც წიგნების კითხვა დავიწყე, ჩემმა ქუთაისელმა მეზობელმა მითხრა, - ზურა, არასწორ წიგნებს ირჩევ, კლასიკა წაიკითხეო. მალევე მივხვდი, ის წიგნები, რომლებსაც ვკითხულობდი, არაფრისმომცემი იყო. ამ ადამიანმა მომცა მიმართულება, წიგნებს თავად მაძლევდა, მირჩევდა.

მამა რომ გარდაიცვალა, 44 წლის იყო. სულ მარიგებდა, - მადლი გააკეთე, არავისგან არაფერს დაელოდო; ღმერთმა ხომ იცის, შენ თუ არა, შენს შვილებს მაინც წინ დახვდებათო. სულ ვცდილობ, მამის ნაანდერძევი დავიცვა, მისი სიტყვები ჩემი ცხოვრების დევიზია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ვაკეთოთ სიკეთე უანგაროდ და ვიყოთ სიკეთის დამნახავები!

თამუნა კვინიკაძე