კოტე ყუბანეიშვილი: "საქართველოში ნორმალური მთავრობა მე ჯერ არ მინახავს" - გზაპრესი

კოტე ყუბანეიშვილი: "საქართველოში ნორმალური მთავრობა მე ჯერ არ მინახავს"

ბოლო ხანებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარმა მკვლელობებმა თითოეული ჩვენგანი შეძრა და გააოგნა. ყველაზე შემზარავი ამ ფაქტებს შორის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა იყო, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა და დღემდე ბურუსით არის მოცული.

რა იწვევს ამ საშინელ აგრესიას და რატომ არ ინდობენ ქართველები ერთმანეთს ქვეყანაში, სადაც მოყვასის სიყვარული ყოველთვის დიდი ფასეულობა იყო? - ამ, და სხვა პრობლემებზე ჩვენს მკითხველს პოეტი კოტე ყუბანეიშვილი ესაუბრება:

- ეს ყველაფერი ხორავას ქუჩიდან დაიწყო, როცა დათო სარალიძე მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძემ და ჩვენმა საზოგადოებამ ერთად ბევრი იბრძოლეს, დამნაშავეები მაინც არ დაისაჯნენ. იგივე ხდება გიორგი შაქარაშვილის საქმეშიც. დასასჯელია ყველა, ვინც იტყვის, რომ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ადამიანის მკვლელობას გამოიძიებს და მერე ამ დაპირებას არ შეასრულებს. თუ შაქარაშვილის მკვლელები არ დაისჯებიან, ქვეყანაში დამკვიდრებული დაუსჯელობის სინდრომი კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს საფრთხე თითოეული ჩვენგანის ოჯახში შეაბიჯებს. ვინ არიან ეს ადამიანები - კრიმინალები თუ სპორტსმენები? როგორ გაიმეტეს ჭკვიანი, ყველანაირად გამორჩეული, სუფთა და კარგი ბიჭი?! ჩემი აზრით, სწორედ დაუსჯელობის სინდრომია ამ სასტიკი მკვლელობების მთავარი მიზეზი.

- ამბობენ, ჩხუბი და კინკლაობა თბილისში ადრეც იყო, მაგრამ ასეთ სასტიკ მეთოდებს არ იყენებდნენო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- მოდი, ძველ თბილისს ნუ გავაიდეალებთ. თბილისის უბნებს შორის დაპირისპირება ყოველთვის იყო. მე მახსოვს პლეხანოველების და საბურთალოელების დაპირისპირება ვერელებთან, მახსოვს სხვა ტიპის კონფლიქტებიც. რა ხდებოდა კომუნისტების დროს, როცა მეზობელი მეზობელს არ ინდობდა და "დანოსებს" წერდა, თუნდაც, "მხედრიონის" დროს რა ხდებოდა, არ გახსოვთ? ეს ხომ დარჩა ჩვენს ხსოვნაში?! ამ წყლულისთვის სათანადოდ ხომ არ გვიმკურნალია?! ამ მძიმე მემკვიდრეობას დაერთო დაუსჯელობის განცდა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი, რაც თავისთავად იწვევს აგრესიას და მივიღეთ ის, რასაც ახლა ვხედავთ. ამის გამო ყველაზე დაუცველი, უდანაშაულო ადამიანები ისჯებიან. თქვენ მეკითხებით - რა გვჭირს, რატომ არ ინდობენ ქართველები ერთმანეთსო?.. მე ასე ვიტყოდი: რაც ყოველთვის გვჭირდა, ის გვჭირს, უბრალოდ, როცა ავადმყოფობას არ ებრძვი, ან არასწორად მკურნალობ, ან - თავის ნებაზე მიუშვებ, შედეგი ყოველთვის სამწუხაროა.

- წეღან, ქვეყანაში არსებული მძიმე ფონი ახსენეთ. ამაში რას გულისხმობთ?

- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მთავრობები კომუნისტებისა და შევარდნაძის ეპოქის გამოცდილებას არ ღალატობენ და "წარმატებით" იმეორებენ. დღესაც იგივე ხდება: თითქმის ყველა სფეროში განუკითხაობაა. ამაზე ნათელი მაგალითი რა უნდა იყოს? - ამერიკელი კონგრესმენები ლამის ბოლო ხმაზე ყვირიან, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა, უკვე სანქციებიც დაგვაკისრეს და ამ დროს ანრი ოხანაშვილი აცხადებს, - ყველაფერი კარგადაა და ასე თბილი ურთიერთობა დასავლეთთან ჯერ არ გვქონიაო. მმართველი ძალის პოზიცია ასეთია: ყველაფერი ფეხებზე გვკიდია, რადგან ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ და ჩვენსას მივაღწევთო... ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამ სიჯიუტით საქართველო და მისი მომავალი იღუპება? ეს იმის ბრალია, "კაგებეს" შენობა რომ დაწვეს და ქვეყანა ძველი "კაგებეშნიკებით" რომ არის სავსე. მათი ლოგიკა მარტივია: რად გვინდა ევროატლანტიკური ალიანსი? - "ჯიგრულ პონტში" ყოფნა გვირჩევნიაო! საქართველოში ყველა ერთმანეთს იცნობს, თუ დავაშავებთ, ვიღაცას ბებიას მივუგზავნით, ვიღაცას - დედას, მამას ან - ბიძაშვილს და ყველაფერი გვეპატიება. სწორედ ასე ყალიბდება დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც უკვე რამდენჯერმე ვახსენე.

- შემოქმედი ადამიანი უსამართლობას უფრო მძაფრად განიცდის, თქვენ როგორ ცდილობთ ამ განცდის დაძლევას?

GzaPress

- ამ ყველაფრით შეწუხებულმა, შემდეგი სტრიქონები დავწერე:

"გასაქარვებლად დარდის,

გამოხვეული ჭორში,

სიტყვას დავეძებ ნამდვილს

ამ ჭაობსა და შმორში..."

შეიძლება, ეს სიტყვები ვიღაცას გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ დღევანდელ ქართულ რეალობას მე ასე აღვიქვამ! არ მესმის, როდესაც ერთ ადამიანს აქცევენ კერპად და ყველა იმედს მასზე ამყარებენ. არ მესმის, როცა ლაშა ნაცვლიშვილი გამოდის და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ხატია, რომ ბიძინასნაირი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან... ამგვარი მიდგომა ჩემთვის უცხოა. თუნდაც კახი კალაძემ, ორი ბურთი რომ გაიტანა ჩვენს კარში, ხომ უნდა მივხვედრილიყავით, რომ თბილისში შემოსაშვები არ იყო? ჩვენ კი ავდექით და მერად ავირჩიეთ. რამდენჯერ შეიძლება, ერთსა და იმავე ორმოში ჩავცვივდეთ და ერთი და იგივე ფეხი მოვიტეხოთ? ჩვენი გულგრილობის ბრალია, როცა ასეთ რამეს გვიბედავენ. ხალხი მიეჩვია ინერტულობას, ყველა ფიქრობს, რომ ესეც ჩაივლის, რომ საფრთხე ჩვენს ოჯახსა და შვილებს არ ემუქრება, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა: დაუსჯელობის განცდა ისეთ პროცესებს წარმოშობს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, ყველა ოჯახს შეეხება. ეს უბედურება დღეს თუ ხვალ, ყველას კართან ჩაიმუხლებს.

- რას მოიტანს გულგრილობა ამ სიტუაციაში?

- გაჩუმება და წაყრუება ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს. სწორედ ჩვენმა გულგრილობამ და სიბრმავემ შეუწყო ხელი, რომ საუკეთესო ბიჭები დაიღუპნენ. როდესაც ქვეყანაში საქმეებს ქურდები და კრიმინალები წყვეტენ და კანონი არ კანონობს, უკეთესს რას უნდა ველოდეთ?! ჩამოვა ახალგაზრდა უცხოეთიდან ჰარვარდის დიპლომით და ნორმალურ სამსახურს ვერ პოულობს, თუ რომელიღაც ჩინოვნიკის - მათიკაშვილის ან ქუჩუკაშვილის ნათესავი არ არის. უსამართლობაა ეს, აბა, რა არის?! როცა სინდის-ნამუსი და პატიოსნება იკარგება, როცა ყველაფერს ნაცნობობა და "ბლატები" წყვეტს, არაფერს აზრი აღარა აქვს. თუ ასე გაგრძელდება, ისეთ ჩიხში შევალთ, საიდანაც გამოსავალი არ არის, თუმცა, მე მაინც ცვლილებების იმედი მაქვს. ახალი სისხლი და ახალი ძალაა საჭირო, რომელიც ჩვენ ირგვლივ ბევრ რამეს შეცვლის, მაგრამ იმისათვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს, პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევიცვალოთ: საერთო საქმის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ადამიანმა ხომ უნდა იფიქროს, რომ ადრე თუ გვიან, ამ წუთისოფელს დატოვებს და თავის შვილს უკეთესი საქართველო უნდა დაუტოვოს! ჩვენ კი რას ვაკეთებთ? - საუკეთესო ბიჭებს გვიხოცავენ და მკვლელებს პასუხსაც არ ვთხოვთ. სარალიძე, მაჩალიკაშვილი... ახლა ამ სიას გიორგი შაქარაშვილიც დაემატა.

- ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხშირად ყველაფერი მსხვერპლს ბრალდება: ამბობენ, რომ ის იყო აგრესიული, მოჩხუბარი და ა.შ.

- გეთანხმებით, და ეს სულ სხვა სატკივარია. მე ხშირად ვამბობ: სისხლი გვაქვს მოწამლული რუსეთის 200-წლიანი ბატონობისგან-მეთქი! ქვეყანაში, სადაც შვილი მამას არ ინდობს, ქმარი ცოლს კლავს და ცოლი - ქმარს, რა თქმა უნდა, ყველაფერი რიგზე არ არის. ამ ფონზე, როცა იცის, რომ ვიღაც ხელს დააფარებს და არ დაისჯება, დამნაშავე უფრო თამამი და დაუნდობელი ხდება. არ ვიცი, ჩვენს მომავალ თაობას რა უნდა ვუთხრათ: რას ვუტოვებთ მათ? - არეულ ქვეყანას და ვალებს, რომელიც ბობოლა ჩინოვნიკების სასახლეების ასაშენებლად ავიღეთ? ამ ვალების გასტუმრება სწორედ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მოუწევთ. სხვათა შორის, დღეს ჩემი პატარა შვილიშვილის დაბადების დღეა, 3 წლის გახდა. კიდევ კარგი, რომ ჯერ ლაპარაკი არ იცის, თორემ რა უნდა ვუთხრა? რა ვუპასუხო 5-6 წელიწადში, როცა ამ შეკითხვებს დამისვამს? ვშიშობ, იმის თქმა მომიწევს, რომ სულ ტყუილად მიცხოვრია.

- თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

- დაუსჯელობის განცდა, უსამსახურობა და უპერსპექტივობა - ეს სამი წყლული თუ არ ამოვშანთეთ, ისე არაფერი გვეშველება. მალამოებითა და ტაბლეტებით ამ სენს ვერ მოვირჩენთ. მთავრობამ პირველ რიგში, მშივრებსა და გაჭირვებულებს უნდა მიხედოს, ვინც სამსახური დაკარგა, ვისაც ლუკმა-პურის ფული არა აქვს, ისინი დააპუროს და დახმარება გაუწიოს. ღარიბ-ღატაკი ხალხის ფულს ნუ შეჭამენ, თორემ ჩვენ საკუთარ თავს როგორმე მივხედავთ. თუმცა, ხალხს როგორ მიხედავენ, როცა ამ ქვეყანაში ჯერ ნორმალური მთავრობა არ მინახავს? აშენებას ვინ დაეძებს? - თუ არ დაგვაქცევენ, მადლობას ვეტყვით. შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ საქართველო სიმღერამ და ცეკვამ გადაარჩინა, მაგრამ არა - ის თავგანწირულმა ადამიანებმა გადაარჩინეს, რომლებიც თავიანთ ბედზე ნაკლებად ფიქრობდნენ. ეს დალოცვილი ქვეყანა ვაჭრებისა და ოლიგარქების ხელში კი არ უნდა იყოს, ჩვენ ექვთიმე თაყაიშვილისნაირი ხალხი გვჭირდება! ათი კაცი ვერ აგვირჩევია, რომელიც საქართველოს ერთგული იქნება და ქართულ საქმეს გააკეთებს - ამას რა ვუწოდო, არც კი ვიცი!

ხათუნა ჩიგოგიძე