"სხვადასხვა ასაკის ადამიანები ჩემგან მუდმივად დახმარებას ითხოვენ" - გზაპრესი

"სხვადასხვა ასაკის ადამიანები ჩემგან მუდმივად დახმარებას ითხოვენ"

სახელი, გვარი: თაკო ჭანუყვაძე.

ასაკი: 30 წლის.

პროფესია: მსახიობი.

ამჟამინდელი საქმიანობა: სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ასრულებს კეკეს როლს, არის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. ასევე, ტანსაცმლისა და ჩანთების ბრენდის დამფუძნებელია.

ჰობი: ცეკვა.

ცხოვრების დევიზი: "არასოდეს მოვექცეთ ადამიანებს ისე, როგორც არ გვინდა, რომ ჩვენ მოგვექცნენ".

- თაკო, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- ნამდვილ, რეალურ თაკოს: ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ბევრი კარგი თვისებით და ბევრი "მინუსით".

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?

- ნამდვილად არა. სადაც თავს ასე ვიგრძნობ, იმ სიტუაციასა და გარემოს გავერიდები.

GzaPress

- ყველაზე მეტად დღის რომელი მონაკვეთი გიყვარს?

- დღის ყველა მონაკვეთს თავისი დატვირთვა აქვს. კონკრეტულს ვერ გამოვარჩევ - ყველა მიყვარს.

- შეგიძლია, შენი პირველი კასტინგი გაიხსენო?

- პირველ კურსზე ვიყავი. ბასა ფოცხიშვილი რეკლამას იღებდა. კასტინგზე შემარჩიეს. გადაღებაც დეტალურად მახსოვს - ძალიან კარგი და საინტერესო იყო.

- ღელავდი?

- გამოცდილების მიუხედავად, დღემდე ყოველთვის ვღელავ. ალბათ ეს ბუნებრივია, რადგან მსახიობს გინდა, რომ კასტინგზე თავი კარგად წარმოაჩინო, მაქსიმუმი გააკეთო. ამიტომ ჩვენს საქმეს მღელვარება ყოველთვის თან ახლავს: კასტინგზეც, გადაღებაზეც, სპექტაკლის პრემიერაზეც...

- კასტინგზე მყოფს უსამართლობის შეგრძნება გაგჩენია?

- კი, ძალიან ხშირად. მსახიობებს შორის პატარ-პატარა უსიამოვნო ფაქტები არის ხოლმე. ამას მიჩვეულები ვართ. ეს თავიდანვე ვიცოდით: პირველივე კურსზე ჩვენმა რეჟისორმა გვითხრა, რომ მსახიობობა ძალიან რთული პროფესიაა, ბევრი წყენა, გულისტკენა შეგვხვდება, მაგრამ ამას უნდა მივეჩვიოთ, რადგან ჩვენი საქმე ამ ყველაფერს მოიცავსო. უბრალოდ, ისეთი ადამიანი ვარ, რომ ვცდილობ, ნებისმიერ სიტუაციაში, წყენა გულთან ახლოს არ მივიტანო და ყოველთვის რაღაც დადებითი ვიპოვო... ვიცი, რომ დღეს თუ ყველაფერი რიგზე ვერ არის, ხვალ უკეთესად იქნება. ყოველთვის ეს განწყობა მაქვს. ცხოვრების მიმართ ჩემი ასეთი დამოკიდებულება ამართლებს.

- დღე-ღამეში რამდენ ხანს გძინავს?

- ახლა, რადგან კორონავირუსის გამო, ნაკლები სამუშაო მაქვს (თეატრში სპექტაკლები არ იმართება), კარგად გამოვიძინე, თუმცა საერთოდ, დღე-ღამეში 24 საათი არ მყოფნის - მინდა, მეტი დრო იყოს, როდესაც სპექტაკლები, რეპეტიციები, გადაღებები მაქვს. შვილი მყავს, რომელსაც სათანადო ყურადღება უნდა მივაქციო. ამისთვის ბევრი დრო მჭირდება. ძილისთვის დროის დათმობა მენანება ხოლმე... მოკლედ, ჩემს სამუშაო რეჟიმს გააჩნია: ყოფილა შემთხვევები, როცა დღე-ღამეში 4-5 საათი მძინებია, რამდენიმე კვირის განმავლობაში, როცა პრემიერისთვის ვემზადებოდით. სიმართლე გითხრა, ეს დიდად არ მაწუხებს. მთავარია, ცოტა ხანს მაინც გამოვიძინო და ენერგიულად ვარ, რადგან ვიცი, რაღაც კარგს ვაკეთებ, დრო კარგი საქმისთვის მჭირდება, ძილისთვის კი - მენანება....

- რომელ უბანში ცხოვრობ?

- ვერაზე. ვერა-ვაკეს "არ ვცდები". თუ სხვა უბანში ვარ, ხალხი ყოველთვის გაკვირვებული სახით მეკითხება, - აუ, თქვენ ამ უბანშიც ხართო (იცინის)?!.

- საქართველოში, ზაფხულში დასასვენებლად შენი საყვარელი ადგილი რომელია?

- ფასანაურში სახლი მაქვს. ის ადგილი განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან ჩემი სახლი მთებს შორის დგას. დიდი და ლამაზი ეზო აქვს. ჩემთვის ეს ადგილი ზაფხულთან ასოცირდება - ყოველ ზაფხულს თვეობით ვსტუმრობ. ის ადგილი ჩემს შვილსაც ძალიან უყვარს.

- როგორ ფიქრობ, საქართველოს მასშტაბით, ზაფხულში შენი პერსონაჟი - კეკე სად დაისვენებდა?

- (იცინის) აუ, არ ვიცი. ალბათ - ზღვის სანაპიროსთან, საუკეთესო სასტუმროში, საუკეთესო პირობებში, თუმცა მგონი, ფასანაურიც მოეწონებოდა.

GzaPress

- ბიკინი თუ მთლიანი საცურაო კოსტიუმი?

- ორივე. მთავარია, ფერადი და ლამაზი იყოს.

- ზაფხულში მხოლოდ ერთი ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- ფირუზისფერს, რადგან განსაკუთრებულად მიყვარს. მით უმეტეს, გარუჯულ სხეულზე მომწონს და მამშვიდებს, თუმცა საერთოდ, ბევრი ფერი მიყვარს და მაბედნიერებს. უპირატესობას მკვეთრ ფერებს ვანიჭებ.

- ბოლოს რომელმა მოვლენამ მიიქცია შენი ყურადღება?

- არ მინდა, რამე უარყოფითზე ვისაუბრო... ალბათ კორონავირუსის გავრცელება იყო ის მოვლენა, რომელსაც არც ველოდი, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა და უცებ, "გაჩერებული სამყაროს" მონაწილეები გავხდით.

- არადა, აღნიშნე, უარყოფით მოვლენაზე საუბარი არ მინდაო...

- კორონას თემას ისე მივეჩვიე, ამ საკითხს უკვე მარტივად ვუყურებ, ყოველდღიურობად იქცა (იცინის).

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- "ტრიუმფალური თაღი".

- შენი საყვარელი სერიალი რომელია?

- Homeland, "მხევლის წიგნი"... ასევე, ბოლოს საინტერესო სერიალი - When They See Us - ვნახე, რომელმაც ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა.

- საკუთარი პიროვნული თვისებებიდან ყველაზე მეტად რა გეამაყება?

- ის, რომ უსამართლო არ ვარ და შრომა არასოდეს მეზარება.

- ყველაზე უცნაური ქათინაური რა მიგიღია?

- ჩემს მეგობარს ასეთი ტრადიცია აქვს: ნებისმიერ ადგილას, სადაც უნდა შევხვდეთ, ჩემი დანახვისას ძირს ვარდება (იცინის). ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და საყვარელი კომპლიმენტი ეს არის. ამბობს, - როცა გხედავ, მინდა, ყოველთვის ასე მოვიქცეო.

- შეგიძლია, 3 ქართველი პოლიტიკოსი დამისახელო?

- პოლიტიკაში იმდენად ვერ ვერკვევი, რომ შეიძლება, გვარ-სახელები ამერიოს.

GzaPress

- იქნებ მაინც ვცადოთ?

- (ფიქრობს) გია ვოლსკი, კახა კალაძე, ეკა ბესელია.

- სწორედ ეს 3 ადამიანი რატომ გაგახსენდა?

- ალბათ, მათი გვარ-სახელები ყველაზე ხშირად მესმის, თორემ სხვა მხრივ, ჩემს ყურადღებას არც ერთი არ იქცევს.

- ადამიანები მოწყალებას ხშირად გთხოვენ?

- ძალიან. რა თქმა უნდა, ქუჩაშიც ხშირად მაჩერებენ, მაგრამ ძირითადად, პირად შეტყობინებებს მიგზავნიან. სხვადასხვა ასაკის ადამიანები ჩემგან მუდმივად დახმარებას ითხოვენ. ვცდილობ, ყოველთვის დავეხმარო, როგორც შემიძლია.

- შვილისგან ყველაზე უცნაური რა მოგისმენია?

- ჩემი შვილი ძალიან გულთბილი ადამიანია. თავის დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს. სიყვარულის ახსნის თავისი მეთოდები აქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პატარა გოგონას სიყვარულის ასე გამოხატვა შეუძლია. ასეთ ფრაზებს მეუბნება: დედა, მიყვარხარ, დედამიწაზე ზუსტად შენნაირი დედა მინდოდა. შენ ხარ ჩემი სიყვარულის გოგო, ბედნიერების სხივიო... 5 წლის ბავშვი დღეში რამდენჯერმე სიყვარულს ასე მიხსნის და მაბედნიერებს.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ბედნიერი ვიქნები, თუ შესაძლებლობა მომეცემა, ადამიანებს, ვისაც უჭირთ, მხარში ამოვუდგე, დავეხმარო... ჩემი ამჟამინდელი შესაძლებლობების ფარგლებში, მათ დახმარებას ახლაც ვცდილობ - მსურს, მათი უკეთ ყოფნისთვის მცირედი წვლილი მაინც შევიტანო...

ეთო ყორღანაშვილი