რას ფიქრობს ირაკლი მაქაცარია "ყველაზე სიმპათიური მამაკაცის" ეპითეტზე - გზაპრესი

რას ფიქრობს ირაკლი მაქაცარია "ყველაზე სიმპათიური მამაკაცის" ეპითეტზე

"ქალის გარეგნობა ძალიან დროებითია და ამას ბევრი ვერ ხვდება! ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანი შინაგანად რას წარმოადგენს! ქალს თუ საშინელი თვისებები აქვს, სულ რომ "მის სამყარო" იყოს, მისი ფასი ნულია! ასეთთან ურთიერთობა არაფრით მომინდებოდა, რადგან ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და არა - ფუტლართან!" - ამბობს ირაკლი მაქაცარია...

დღეს რუბრიკა "გემოვნებაში" მრავალი მანდილოსნის გულთამპყრობელს წარმოგიდგენთ, რომელიც ვრცლად გვესაუბრება, თუ რამ მოახდინა მისი გემოვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა და როგორი ქალბატონი შეძლებს მის მოხიბვლას...

- დამეთანხმებით, ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი დახვეწილი გემოვნებაა.

- ვერ დაგეთანხმებით, რომ დახვეწილი გემოვნება უმნიშვნელოვანესია. ვთვლი, რომ უმთავრესი ადამიანობაა და შემდეგ, რა თქმა უნდა, გემოვნებაც მნიშვნელოვანია, რომელიც ადამიანს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს. ყველა ადამიანს თავისებური ხედვა აქვს, რა მოსწონს და რა არ მოსწონს... არ ვფიქრობ, რომ რაღაც სტანდარტი ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. დახვეწილი გემოვნება ინდივიდუალური საკითხია და მე პირადად ვერავისზე ვერ ვიტყოდი, რომ კარგი ან პირიქით, ცუდი გემოვნება აქვს.

- ანუ გემოვნებაზე არ დაობენ?

- შეიძლება დაობენ კიდეც, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ ექნება. მეც შეიძლება ვიდაო, მაგრამ თუ ჩემს პოზიციაზე მყარად ვდგავარ, რატომ მომწონს ესა თუ ის სამოსი, სხვას კი ამის შესახებ შეიძლება სრულიად განსხვავებული ხედვა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში ჩემთვის მაინც ის არის მნიშვნელოვანი, თავად რა მომწონს და თავს კომფორტულად რაში ვგრძნობ. თუ ვინმე აღნიშნავს რომ ჩემი სტილი მოსწონს, ესეც ძალიან სუბიექტური შეფასებაა.

- მოგზაურობას რომელ ქვეყნებში ამჯობინებთ - იქ, სადაც თანამედროვე მიღწევებია, ტექნოლოგიები, მეგაპოლისები, თუ მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყნებია უფრო მიმზიდველი?

- მოგზაურობა ძალიან მიყვარს! საკმაოდ პატარა ასაკიდან ოჯახთან ერთად დავიწყე და ყოველთვის საინტერესო იყო ჩემთვის ახალი ქვეყნის აღმოჩენა. ჩემი სურვილია, მთელი ცხოვრების მანძილზე მქონდეს იმის დრო და ენერგია, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ვნახო. არაფრით შემიძლია დავყო - მხოლოდ თანამედროვე თუ მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყნები... ყველაფერი მაინტერესებს და ამიტომაც ვცდილობ, ბევრი ვიმოგზაურო!

- იქნებ უფრო ვრცლად გვიამბოთ, რომელ ქვეყნებშიც ყოფილხართ.

- ძალიან დიდი ჩამონათვალი იქნება. ამის წინათ რუკას ვავსებდი და დაახლოებით 23 ქვეყანაში ვარ ნამყოფი... პირველად რუსეთში ვიყავი, რადგან იქ ჩვენი ნათესავები ცხოვრობდნენ და ოჯახში ვეწვიეთ. მოსკოვსა და პეტერბურგში არა ვარ ნამყოფი, მაგრამ სხვა ლამაზი ქალაქები ვნახე, მაგალითად – სოჭი და ასე შემდეგ...

GzaPress

- ამერიკაში ცხოვრება მოგიხდათ...

- დიახ... ერთი წელი ვიმყოფებოდი გაცვლითი პროგრამით. სკოლა ამერიკაში დავამთავრე. ამ შემთხვევაში ყურადღება იმაზე უფროა გასამახვილებელი, რომ ამერიკაში ძალიან პატარა – 15 წლის ასაკში დამოუკიდებლად ვცხოვრობდი... როდესაც 15 წლის ასაკში ამდენად შორს მიდიხარ და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებ, უმნიშვნელოვანესი პერიოდი დგება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ყალიბდები, ახალ თვისებებს იძენ, რაც დამოუკიდებლობას სდევს. ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება თავად მომიხდა. მანამდე ხომ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, მშობლები, ბებია-ბაბუები ჩემზე თან გადაყოლილები იყვნენ. ამას ვერ ვგრძნობდი, რადგან დაბადებიდან ასეთ ზრუნვას გვაჩვევენ, ჩვენ მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებებს, პრობლემებს გვიგვარებენ. ამერიკაში კი სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოვჩნდი. თუმცა, ძალიან პოზიტიურად მახსენდება ყველაფერი და დიდი გამოცდილებაც შევიძინე. ძალიან მიყვარს ამერიკა, წელსაც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ პანდემიის გამო გეგმა ჩამეშალა.

- ალბათ თქვენს სტილზე ამერიკამ დიდი გავლენა მოახდინა, არა?

- ამერიკაში 2000 წელს ვიმყოფებოდი. რა თქმა უნდა, ამერიკული სტილის – ფართხუნა შარვლების, დიდი ზომის მაისურების, ქურთუკების, კედების გავლენა მეც განვიცადე. თუმცა, დღეს რა სტილიც მაქვს, ამერიკულისგან განსხვავდება. სპორტული, თავისუფალი სტილი კი ძალიან მიყვარს. პენსილვანიის შტატში, პატარა ქალაქში ვსწავლობდი. იქ ყოფნის პერიოდში ნიუ-იორკშიც ვიყავი, ვაშინგტონშიც. რა თქმა უნდა, ნიუ-იორკის ნახვამ დიდი ეფექტი მოახდინა. თუმცა, ჩემზე სხვა ქვეყნებსაც არანაკლები შთაბეჭდილება მოუხდენია.

- რაკი გემოვნებაზე ვსაუბრობთ, მითხარით, რომელი ქვეყანა გამოირჩეოდა გემოვნებიანი ხალხით?

- იტალია! მილანი, რასაკვირველია, მოდის სამყაროდ ითვლება, მაგრამ ფლორენცია და სხვა უამრავი ქალაქია, სადაც იქაური მცხოვრებლები ძალიან დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან.

- პარიზში თუ ყოფილხართ?

- პარიზში არაერთხელ ვყოფილვარ. ადრე სამსახურიდან, ხშირად მიწევდა საფრანგეთსა და გერმანიაში ჩასვლა. პარიზში წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ჩავდიოდი. ის, რა თქმა უნდა, მოდის ეპიცენტრია. თუმცა, როგორც მამაკაცმა, მამაკაცის ჩაცმულობა რომ შევაფასო, ჩემთვის იტალიურია პირველ ადგილზე.

- ქართველებიდან ვის დაასახელებთ მისაბაძ მაგალითად, გემოვნების თვალსაზრისით?

- სალომე ღვინიაშვილს. ყოველთვის ძალიან გემოვნებიანად იმოსება, არასოდეს არ არის გამომწვევი. სხვებზე რა მოგახსენოთ…- არა ვარ ალბათ იმდენად დაკვირვებული ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, ვის რა აცვია.

- ჩვეულებრივ, ყველა ნანი ბრეგვაძეს გამოარჩევს.

- უდავოდ! ნანი ბრეგვაძე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. მისი გემოვნება, ჩაცმულობა, დახვეწილობა მართლაც გამორჩეულია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი გვყავს ასეთი გამორჩეული გემოვნების.

- თავად როგორი ჩაცმულობა გიყვართ - ყოველდღიური და გამოსასვლელი?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორია ჩემი დღის რეჟიმი. ძალიან ხშირად გადაღება მაქვს და გადაღების ფორმატიდან გამომდინარე განვსაზღვრავ, როგორი სამოსი შევარჩიო – კლასიკური თუ სპორტული. ძალიან მიყვარს სპორტული, თუ აუცილებლობა სხვა სტილის სამოსს არ მოითხოვს. სპორტული სამოსი უფრო ფერადი მიყვარს, განსაკუთრებით - მწვანე ან წითელი. კლასიკურ სამოსში, რასაკვირველია, შავი და თეთრი დომინირებს. ყველა ფერი მისაღებია, თუმცა, რა თქმა უნდა, ვარდისფერს პირადად მე, არასოდეს არ ჩავიცვამ. მიყვარს მუქი ლურჯი, ძალიან ხშირად მაცვია მდოგვისფერი.

GzaPress

- ხშირად ქვეყნდება თქვენზე სტატიები: "ყველაზე სიმპათიური მამაკაცი", "ქვეყნის ყველაზე სასურველი სასიძო" და ასე შემდეგ...

- ასეთ სათაურებს ყურადღებას არ ვაქცევ, არ არის ჩემთვის უმთავრესი.

- ყოველთვის რუჯი, განსხვავებული ვარცხნილობა გაქვთ...

- გადაღებებზე მაკიაჟს არასოდეს ვიყენებ და ვცდილობ, ზაფხულის პერიოდში ზომიერი რუჯი მქონდეს, გადაშავებული რომ არ ვიყო. რაც შეეხება თმას, განსაკუთრებულად არაფერს ვარჩევ. ბოლო პერიოდში თმა ცოტა წამომეზარდა, რადგან კარანტინის პერიოდში სალონები დაკეტილი იყო. ჩემთვის ცოტა უჩვეულოა მოზრდილი თმა და ახლა ისევ მოკლე ვარცხნილობას ვატარებ.

- კარანტინის პერიოდში წონის შენარჩუნება როგორ მოახერხეთ?

- არათუ შევინარჩუნე, არამედ შვიდი კილო დავიკელი... ყოველდღიურად მქონდა პირდაპირი ეთერი და ჩემს გამომწერებს ვავარჯიშებდი. ძალიან ბევრი - დაახლოებით ათასი ადამიანი იყო ჩართული.

- უმეტესობა ქალბატონი იყო?

- ძალიან ბევრი. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი ქალბატონი იყო და რამდენი მამაკაცი, ძალიან კარგი ის იყო, რომ საუკეთესოდ და ძალიან სწორად ვიყენებდით დროს.

- როგორი გოგონები მოგწონთ და ამჟამად თუ არის თქვენ გვერდით ვინმე?

- ჩემს ცხოვრებაში ახლა ნამდვილად, არავინ არის. რაც შეეხება გემოვნებას, ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მაქვს: არ არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც განვსაზღვრავ, როგორი გოგო მომწონს. ცხოვრებაში რამდენი ურთიერთობაც მქონია, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მანდილოსნები იყვნენ. დიდ პატივს ვცემ ინდივიდუალობას და წინასწარ ვერასოდეს ვერ მივხვდები, თუ რა ემოციას გამიჩენს რომელიმე ქალბატონთან შეხვედრა. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ მომენტზე, თუ რა აღმიძრავს გრძნობას. გარეგნულ მონაცემებს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გარეგნობა ძალიან დროებითია და ამას ბევრი ვერ ხვდება. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანი შინაგანად რას წარმოადგენს. თუ ქალს საშინელი თვისებები და ბოროტი ზრახვები აქვს, სულ რომ "მის სამყარო" იყოს, მისი ფასი ნულია! ასეთთან ურთიერთობა არაფრით მომინდებოდა, რადგან ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და არა - ფუტლართან! ასე რომ, გარეგნობის მიხედვით არ ღირს არჩევანის შეჩერება.

- ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბევრი გიმოგზაურიათ.

- პანდემიის დროს საზღვრები ჩაკეტილია და აუცილებელია შიდატურიზმის განვითარება. ჩვენი გადაცემით ამ მიმართულებას ვემსახურებით - რაც შეიძლება მეტი რეგიონი ვუჩვენოთ ჩვენს მოსახლეობას, ადამიანებს რომ ჰქონდეთ წარმოდგენა, სად შეიძლება კარგად დაისვენონ. საოცარი ბუნება გვაქვს. შეუძლებელია, აღფრთოვანება არ გამოხატო, როდესაც სვანეთს ეწვევი. მოვინახულეთ სვანეთის სხვადასხვა სოფელი, რისი საშუალებაც სხვა დროს არ მქონდა. პანდემიამ გვიბიძგა იმისკენ, რომ თვითონვე მეტი გაგვეგო ჩვენი ქვეყნის შესახებ. გადავიღეთ გურია, აჭარა და უბედნიერესი ადამიანი ვარ, იმდენად განსაცვიფრებელი ადგილები ვნახე. თითო კვირას ვატარებდით თითოეულ რეგიონში და თავისებურად რთულიც იყო, სამი კვირა სულ გადაღებებზე ყოფნა, მაგრამ აუცილებლად გვინდა, საქართველოს ყველა რეგიონს ვეწვიოთ.

- მთა უფრო გიყვართ დასასვენებლად თუ ზღვა?

- ზღვა! როგორც ბათუმელისთვის და ზღვის პირას გაზრდილი ადამიანისთვის, ჩემთვის ზღვა ბევრად უფრო ახლოა.

- როგორ სახლი გიყვართ?

- სახლში მთავარი მყუდრო გარემოა. არ არის აუცილებელი, სასახლეში ცხოვრობდე, თავს რომ კარგად გრძნობდე. კერძო სახლი საცხოვრებლად ჩემთვის ბევრად უფრო ახლოა. ჯერჯერობით ბინაში ვცხოვრობ და ჩემი მიზანია, კერძო სახლში ვცხოვრობდე, საკუთარი ეზო მქონდეს და ჩემს ჭკუაზე ვიყო.

მანანა გაბრიჭიძე