ანიკო ცეცხლაძის პირველი მასშტაბური როლი ეკრანზე და პერსონაჟის პირველი სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

ანიკო ცეცხლაძის პირველი მასშტაბური როლი ეკრანზე და პერსონაჟის პირველი სიყვარულის ამბავი

მსახიობ ანიკო ცეცხლაძეს თეატრის მაყურებელი კარგად იცნობს. ეკრანული როლებით თავად რატომღაც, ნაკლებად ინტერესდებოდა. "თესეა" ის სერიალია, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს და ამბობს, რომ კამერების წინ მუშაობის პროცესი სიამოვნებას ანიჭებს.

მის პერსონაჟს ნინიკო ჰქვია. ბავშვობაში თანაკლასელი გიორგი უყვარდა (რომლის როლსაც მსახიობი ზურა ჯავახია ასრულებს). გიორგისაც უყვარდა, მაგრამ ზედმეტად მორიდებული იყო. რომ გაიზარდნენ, ორივემ ოჯახები შექმნეს. ბედნიერი არც ერთის ქორწინება არ აღმოჩნდა. ნინიკოს მეუღლე გარდაეცვალა, გიორგი მეუღლეს დაშორდა, შემდეგ კი თესეაში ბებიასთან ჩასულმა, თანაკლასელებში ნინიკოს ამბავი გაიკითხა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ისევ შეხვდა და, რასაკვირველია, ბავშვობის დროინდელი განცდებიც გაცოცხლდა.

ანიკოსა და ზურას პერსონაჟების სასიყვარულო ურთიერთობა სავარაუდოდ, სერიალის მთავარი ხაზი იქნება.

ანიკო ცეცხლაძე:

- კასტინგები ძალიან არ მიყვარს, ამიტომ არასდროს დავდივარ. შარშან შემოდგომაზე დამიკავშირდნენ, მითხრეს, კასტინგი ტარდებაო, და მისვლა მთხოვეს. იმ დროს ბათუმში ვიყავი. ძალიან გამიხარდა, რომ საპატიო მიზეზი მქონდა, ავუხსენი, მისვლას რატომ ვერ შევძლებდი. მერე შემომთავაზეს, იქნებ ვიდეო გადაიღოთ და გამოგვიგზავნოთო. ამაზე უარი აღარ გამოვიდოდა და რამდენიმე ვიდეო გავგზავნე. 2 დღეში ისევ დამირეკეს და მკითხეს, თბილისში როდის იქნებითო? მალე ჩამოსვლას არ ვაპირებ-მეთქი (იცინის).

- თავს რატომ არიდებდი?

- კასტინგებზე სულ დისკომფორტი მაქვს, ამიტომ თავს ვარიდებ. ვისაც მოვწონვარ, ისედაც მიპოვის. ბოლოს ამ გადამღებ ჯგუფთან მაინც მივედი, მოკლე თმა აპარსული და წითლად შეღებილი მქონდა. მთხოვეს, იქნებ გაიზარდოო, კიდევ რამდენიმე დეტალზე გაამახვილეს ყურადღება. ვფიქრობდი, ასე თუ უნდა შევიცვალო, ალბათ არ დამამტკიცებენ-მეთქი, მაგრამ მალევე დამირეკეს და მითხრეს, რომ ნინიკოს როლი მე უნდა შემესრულებინა. გადაღებები დაიწყო.

- სცენის შემდეგ, კამერასთან მუშაობა როგორი იყო?

- გადასაღებ მოედანზე მუშაობა პირველივე დღიდან საინტერესო იყო. არც მეგონა, ასე ძალიან თუ დავინტერესდებოდი. აქამდე ყოველთვის თეატრისკენ უფრო ვიხრებოდი. პირველი დღე განსაკუთრებით ემოციური იყო, ძალიან ვნერვიულობდი, ჩემში ქაოსი იყო, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, შთამბეჭდავი იყო შენი პირველი კადრი - ბავშვობის შემდეგ, ზურა ჯავახიასთან პირველი შეხვედრის სცენა.

- დიდი მადლობა, მიხარია, ასეთი შთაბეჭდილება თუ მოვახდინე. ზურა ძალიან კარგი პარტნიორია. ვისთან მექნებოდა სცენები, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამიმართლა - ერთმანეთთან კარგად შევთამაშდით. სასიამოვნო, საინტერესო და თბილი ურთიერთობა გვაქვს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს მადლობა ვუთხრა, მათთან თანამშრომლობა ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა.

- შენს პერსონაჟზე რას გვეტყვი? მისი ხასიათი მაყურებლისთვის ჯერჯერობით კარგად არ ჩანს.

- ეს პერსონაჟი ძალიან შემიყვარდა. რაღაც თვისებები რომ მოვაშოროთ, ეს გოგო ჩემთვის ძალიან ახლობელია.

- გაუბედავია, არა?

- ფრთხილია, ამ ეტაპზე ასეა, თუმცა არის თუ არა გაუბედავი, ეს კიდევ გამოჩნდება. სოციუმმა, სადაც ცხოვრობს და გარემომ, ძალიან ბევრი რამ განაპირობა. მსგავსი ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრობა ძალიან მიყვარს. ნინიკოს მსგავსი მეგობრები მყავს. მათთან ურთიერთობა ყოველთვის საინტერესოა, არასდროსაა ზედაპირული. ის, რომ ნინიკო ასე ძალიან შემიყვარდა, მგონი, თამაშშიც მეხმარება.

- შეიძლება, თავი ამ პერსონაჟში ძალიან ბევრმა ადამიანმა ამოიცნოს.

- შეიძლება. გარკვეულწილად, მეც ნინიკოსნაირი ვარ.

GzaPress

- მასთან რა საერთო თვისებები გაქვს?

- ორივე ვუფრთხილდებით ადამიანებთან ურთიერთობებს. ცოტათი დისტანციასაც ვიჭერთ. ორივეს გვიყვარს ფიქრი. ჩვენთვის ადამიანური ურთიერთობები ფასეულია.

- ნინიკოსგან რით განსხვავდები?

- ალბათ იმით, რომ შვილებთან განსხვავებული ურთიერთობა მაქვს.

- ნინიკოს შვილი აგრესიული და ეჭვიანია.

- აგრესიულია, თუმცა საყვარელი ბიჭია და მის აგრესიულობას თავისებური ახსნა აქვს.

- რა შეცვალა ამ როლმა შენს ცხოვრებაში? სოციალურ ქსელში დადებითი ემოციის ტალღა წამოვიდა, არა?

- ჩემს ცხოვრებას დადებითი ემოციები დაემატა. ახლობლებისგან, უცნობებისგან სულ დადებით ენერგიას ვგრძნობ.

- პოპულარობა მოგიტანა. სამწუხაროდ, მსახიობებისთვის თეატრს ისეთი პოპულარობა ვერ მოაქვს, როგორიც ეკრანზე გამოჩენას.

- გეთანხმები, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. პოპულარობაც ალბათ თანდათან მოიმატებს. ამ როლში ვიზუალურად ჩემი თავისგან განვსხვავდები. პერსონაჟს ეს იმიჯი ძალიან მოუხდა.

- თესეას ბიბლიოთეკა სად არის?

- რუსთავში. ჩემი პერსონაჟის სახლიც რუსთავშია, მაგრამ გადაღებები ამ ქალაქის გარეთაც გვქონდა.

- რას იტყვი ნიცა ბოჭორიშვილზე, გოგონაზე, რომელიც შენს ბავშვობას განასახიერებს?

- ძალიან საყვარელია. მასთან შეხება არასდროს მქონია, ძალიან ნიჭიერი გოგოა, უსაყვარლესი. ამ ბავშვს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, როგორი საინტერესო ჩანაფიქრია, როგორ ვიცვალე სახე, სადამდე მივედი.

- შენს რეალურ ცხოვრებაზეც ვილაპარაკოთ. როგორც ვიცი, 3 შვილი გყავს.

- ვილაპარაკოთ, მაგრამ - ნაკლები. დიახ 3 შვილის დედა ვარ, ჩემი შვილები 9, 10 და 11 წლის არიან.

- როგორი დედა ხარ?

- ჩვეულებრივი. ხან კარგი ვარ, ხან - ცუდი, თუმცა, კარგი როდის ვარ, ეგეც არ ვიცი. უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით. ყველაფერს ისე ვერ ვახერხებ, როგორც მინდა, მაგრამ მცდელობა მაინც მაქვს ხოლმე და საკუთარ თავს ამით ვიმშვიდებ.

- დღეს წარმატებული მსახიობი ხარ, ამაში ყველაზე დიდი წვლილი ვის მიუძღვის?

- ჩემს მეუღლეს. არ მინდა ვთქვა სიტყვა "მეორეხარისხოვანი", მაგრამ როცა "პირველი ხარისხი" კარგადაა, მერე რაღაცები თავისთავად მიჰყვება. ჩემი მეუღლე პროფესიით იურისტია, მაგრამ არ უმუშავია. ის და მამა (მხატვარი ნიკო ცეცხლაძე) ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან.

- სერიალის ეთერში გასვლის შემდეგ, მათგან როგორი შეფასებები მოისმინე?

- რაც მითხრეს, არ მინდა გავიმეორო, უხერხულია, თავის ქება გამომივა, შეფასებები დადებითი იყო.

- კრიტიკა, შენიშვნა?

- ჯერჯერობით არ მიმიღია. ვნახოთ მომავალში რა იქნება. ჯანსაღ კრიტიკას, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებ.

- შენს ხასიათში რომელი თვისებაა გამოკვეთილი?

- ხასიათის ცვალებადობა. გააჩნია განწყობას, მდგომარეობას. ხასიათი უმიზეზოდაც შეიძლება შემეცვალოს. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მიზეზი შეიძლება არსებობდეს, უბრალოდ, არ ვუღრმავდები.

- ეს დამღლელი არ არის?

- ზოგჯერ დამღლელია, ზოგჯერ - არა.

- სერიალის გადაღებები უკვე დასრულდა, თეატრში რა ხდება?

- ამ ეტაპზე თეატრისგანაც თავისუფალი ვარ. გურამ მაცხონაშვილი სპექტაკლს დგამს, ჩვენება ღია ცის ქვეშ იქნება. ჩემი მეგობრები თამაშობენ და ყველას ძალიან ვგულშემატკივრობ.

- დასვენებას სად გეგმავ?

- ჯერ არ გადამიწყვეტია. თუშეთი მქონდა გეგმაში, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შევძლებ. საერთოდ, მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო, ფრენა გამიუქმდა, საქართველოში დავრჩი.

- ჩვენს ქვეყანას კარგად იცნობ?

- მეტ-ნაკლებად ვიცნობ, კარგად გაცნობის პროცესში ვარ.

- გამორჩეულად რომელი რეგიონი მოგწონს?

- სვანეთი მისტიკური ადგილია. იქ რომ ხარ, ბევრ რამეს სწყდები, ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესოა.

- წარმატებებს და კარგ დასვენებას გისურვებ! დაბოლოს, ანიკო ნინიკოს რას ეტყოდა?

- ეტყოდა, რომ ძალიან, ძალიან საყვარელია, სულ წინ და წინ იაროს, უკან არ დაიხიოს. ეკრანზე ეს ჩემი პირველი მასშტაბური როლია, ძალიან მიყვარს და უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები.

თამუნა კვინიკაძე