მარიამ ცქიფურიშვილის გულწრფელობა და იმის აღიარება, რაზეც სხვები არ ლაპარაკობენ - გზაპრესი

მარიამ ცქიფურიშვილის გულწრფელობა და იმის აღიარება, რაზეც სხვები არ ლაპარაკობენ

"ის ამბიციური, ენერგიული, ცინიკოსი და დაუმორჩილებელია, ზოგჯერ - ფიცხი და უტაქტოც. უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად ბრძანებების გაცემა. მარტივად უყვარდება, ძნელია ოჯახის შექმნა მოანდომო. აზარტულია, ხშირად იღებს რისკიან გადაწყვეტილებებს". - ასე ახასაითებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობ მარიამ ცქიფურიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით ძალიან დაინტერესებული ვარ. პირადი ჰოროსკოპი არაერთ ასტროლოგთან შევადგინე და მერე ერთმანეთს შევადარე. იმდენად ზუსტი დახასიათებები წავიკითხე, ამ მეცნიერებას, რაც უფრო მეტად ჩავუღრმავდი, მეტად ვირწმუნე.

- "დრაკონი თავისუფლების მოყვარული ნიშანია. გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა", შეზღუდვები კლავს".

- ნამდვილად ასეა. სპონტანურობა უფრო მჩვევია, ვიდრე დაგეგმილად ცხოვრება. ხანდახან ეს ოდნავ ხელის შემშელელია, ამიტომ ვცდილობ, დაგეგმვაც ვისწავლო. ვერ ვიტან ჩარჩოებს, სული მეხუთება, სულ ვცდილობ, გავარღვიო.

- ენერგიული და დაუმოირჩილებელი ხარ?

- ენერგიული უდავოდ ვარ. რაც შეეხება დაუმორჩილებლობას, სულ მაქვს სურვილი, ვინმემ ჩემი დამორჩილება მოისურვოს, მერე დაუმორჩილებელი რომ გავხდე. ვინმე შენს დამორჩილებას თუ არ ეცადა, ამას ისე ხომ ვერ გაიგებ?

- "ამბიციურია, დარწმუნებულია საკუთარ თავში და არ ეშინია გამოწვევების".

- აქ ცოტათი უცნაურად მაქვს საქმე. არ ვიცი, რამდენად აგრესიული, ან საკუთარ შესაძლებლობებში რამდენად დარწმუნებული ვარ. რისკს არასდროს ვუფრთხი, ახალ გამოწვევებზე უარს არასდროს ვამბობ, ეს ცხოვრებას თავისებურ ექსტრიმს აძლევს და ძალიან მომწონს, მაგრამ რომ გითხრა, საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ვარ და ვიცი, ყველაფერი გამომივა-მეთქი, ტყუილი იქნება.

- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ მაინც ჩაკეტილია".

- ნაწილობრივ ასეა, მიუხედავად იმისა, რომ გახსნილი ვარ, კონტაქტური და ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს, წლები რაც უფრო მემატება, მეტად ვიკეტები.

- "ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა"

- იმდენად ფეთქებადი ვარ, ზოგჯერ ზრდილობის ზღვარსაც გადავდივარ. მერე სინანული მაქვს. ზოგჯერ იმწამსვე ვიაზრებ, რომ ცუდად მოვიქეცი და ბოდიშს ვიხდი. იმის მისახვედრად, რომ შემეშალა, დიდი დრო არ მჭირდება.

- "ნაკლებად მეოჯახეა, გარეთ ყოფნა ურჩევნია შინ გაჩერებას".

- ასეა, მაგრამ კარანტინმა შინ ყოფნა შემაყვარა, ამ მხრივ ცოტათი შევიცვალე.

- "კრეატიულია, ყოველთვის შეუძლია ახალი გზის პოვნა".

- ეს თვისება ნაწილობრივ მაქვს, პროფესიაში უფრო კრეატიული ვარ, ვიდრე - პირად ცხოვრებაში.

- "უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად ბრძანებების გაცემა".

- როცა ვმუშაობ, მთელ ენერგიას იმ საქმეში ვდებ. ადრე ნაკლებად ვაკვირდებოდი, ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, ზოგჯერ "მასწავლებელი" ვხდები. ბუნებით ლიდერი ვარ, შეიძლება ბრძანებებიც გავცე, თუმცა ეს გაუაზრებლად ხდება.

- "აზარტულია, რისკიან გადაწყვეტილებებს ხშირად იღებს ".

- ძალიან აზარტული ვარ. ყველაზე დიდი აზარტი სიახლეების მიმართ მაქვს. საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ტარების არასდროს მეშინია.

- "დრაკონს უყვარს უცნაურობები, სენტიმენტალურია, მოსწონს იდუმალი ადგილები, პერიოდულად ბავშვობის დროინდელი საყვარელი ადგილების მონახულებაც".

- სენტიმენტალური ნამდვილად ვარ, მაგრამ ბავშვობასთან დაკავშირებული სენტიმენტები ნაკლებად მაქვს. კმაყოფილი უფრო ბავშვობის შემდგომი პერიოდით ვარ. გავიზარდე, თავისუფალი და დამოუკიდებელი გავხდი. მიყვარს ადგილები, რომლებთანაც კარგი მოგონებები და ემოციური კავშირი მაქვს.

- "ეგოისტია, მას ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს".

- ეგოისტი ნაკლებად ვარ, შეიძლება გარედან ასე ჩანს, მაგრამ თავად ჩემში ამ თვისებას ვერ ვპოულობ. რადგან ლაპარაკი მიყვარს, კომუნიკაცია არ მიჭირს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, ჩემდა უნებურად ვექცევი. ზოგჯერ ყველასგან შეუმჩნევლად ყოფნა შეიძლება მერჩივნოს, მაგრამ არ გამომდის.

- "ის მოკრძალებული არ არის და დრაკონის ტემპერამენტსაც თუ დავუმატებთ, ხელში მბრძანებელი შეგვრჩება".

- მოკრძალებული ნამდვილად არ ვარ, ტემპერამენტიანი - ძალიან.

- "მარტივად უყვარდება, მაგრამ ძალიან ძნელია ოჯახის შექმნა მოანდომო. თავისუფლებას ვერ თმობს. ოჯახი თუ შექმნა, არასდროს დაანგრევს".

- ფლირტი მომწონს, ადამიანი იმდენად მალე მიყვარდება, გვიან აღმოვაჩენ ხოლმე, სიყვარული კი არა, გაატაცება ყოფილა. ოჯახის ინსტიტუტის მიმართ ჩემებური დამოკიდებულება მაქვს, არასოდეს თქვა არასოდესო, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, ოჯახს არასდროს შევქმნი.

- რატომ?

- ეს პირდაპირ კავშირშია თავისუფლების შეზღუდვასთან. არ მიყვარს ვალდებულებები. შეიძლება ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ისიც არ ვიცი, რამდენად ერთგული ვიქნები. ზოგჯერ თითქოს დარწმუნებული ვარ, მიყვარს, მაგრამ დგება მომენტი და ვიღაც სხვასთან ფლირტი მინდება. ამ კუთხით საკუთარ თავს ვერ ვენდობი, არ მინდა მოღალატე ვიყო. გულწრფელი ვარ. ამ თვისებას ადამიანებში ყველაზე მეტად ვაფასებ. გულწრფელ ადამიანებთან ურთიერთობა ადვილია.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- უცნაურად შეყვარებული ვარ.

- ეს როგორ გავიგო?

- ეს თავისუფალი სიყვარულია, მავსებს და მაბედნიერებს.

- სხვასთან ფლირტი აღარ გინდება?

- ჩვენი ეს საუბარი იმ დროს შედგა, ჩემს ცხოვრებაში გარდატეხები ახალი მომხდარია.

GzaPress

- რას გულისხმობ?

- ამ სიყვარულმა შემცვალა, იმდენად მავსებს, ფლირტის სურვილი დამიკარგა, ფლირტი ახლა სწორედ ჩემს შეყვარებულთან მინდა და სხვებისთვის ადგილი აღარც კი რჩება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ გავეპრანჭები. ადამიანი ცვალებადია, 5 წლის შემდეგ რომ გავისაუბროთ, შეიძლება მეუღლე და შვილები მყავდეს.

- ფანტაზიორი ხარ?

- ძალიან. ჩემს გამოგონილ, დანახულ და შექმნილ სამყაროში ცხოვრება მომწონს. ზოგჯერ ფიქრებში იმდენად შევდივარ, ვეღარ ვიგებ, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ფანტაზია.

- "მასში გამუდმებით ორი ადამიანი ცხოვრობს, ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება".

- ასეა, ჩემი მეგობრებისგან ხშირად საყვედურებს ვიღებ, ვუთანხმდები, კონკრეტულ საათზე, სადღაც უნდა მივიდე. უეცრად შინ დარჩენა ძალიან მინდება და არ მივდივარ. ამ მხრივ ძალიან ცვალებადი და ნაკლებად დასაყრდენი ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, ეს კარგი თვისება არ არის. მე უნდა ამეწყონ და ასე ყოველთვის არ ხდება.

- "ასეთივე სისწრაფით იცვლის სამსახურს, სანაცნობო წრეს და საცხოვრებელ ადგილსაც კი".

- ახალი ურთიერთობები, ახალი ნაცნობები და ზოგადად ყველაფერში მრავალფეროვნება მიყვარს. ერთფეროვნება იმდენად მოსაწყენია, დიდხანს გაძლება არ შემიძლია.

- ზოგჯერ ცინიკოსი ხარ?

- კი, მაგრამ მაშინ, როცა ვიღაცას წყობიდან გამოვყავარ. შეიძლება ეს თავდაცვის მექანიზმია. როცა რაღაცას ვერ ვუმკლავდები და მეორე მხრიდანაც ცინიზმს ვხედავ, საშინელი ცინიკოსი ვხდები. ამაში საკუთარი თავი არაერთხელ გამომიჭერია. ვცდილობ, ჩემში ცინიზმს ვებრძოლო, არ მიყვარს, არ მომწონს.

- "ფულის განიავებაზე გიჟდება".

- ეს ცუდი თვისებაც მაქვს, ერთი თვის სამყოფი ფულის ერთ დღეში განიავება შემიძლია. ვერაფრით ვაგროვებ. ბავშვობაში ფული შეგროვებას ყულაბაში რომ ვიწყებდი, იმ ყულაბას 2 დღეში ვტეხდი.

- "მისი გადარწმუნება შეუძლებელია".

- ასე არ არის. თუ ადამიანი გასაგებად და ადამიანურად ამიხსნის, სიამოვნებით მოვუსმენ. განსხვავებული აზრის მიღება შემიძლია.

- ცნობისმოყვარე ხარ?

- ყველაფერი მაინტერესებს. საკუთარ თავში სულ რაღაცას ვეძებ. ზოგადად ადამიანი, სამყარო მაინტერესებს. ეს თვისება პროფესიაში ძალიან მეხმარება, პროფესიამ მეტად გამიმძაფრა.

- ტყუპის თილისმა რა არის, იცი?

- არა. მიუხედავად იმისა, რომ ეზოტერიკით ვარ დაინტერესებული, საყვარელი ნივთი, თილისმა, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ და ყოველთვის თან უნდა მქონდეს, არ მაქვს. ესეც თავისუფლებას მიკარგავს.

- ტყუპის თილისმა ნიღაბია.

- მსახიობი შემთხვევით არ გავმხდარვარ.

- შემოქმედებით ცხოვრებაში რა სიახლე გაქვს?

- მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლებში უნდა მეთამაშა, ძალიან კარგი პერიოდი მქონდა, მაგრამ ვირუსმა ყველაფერი არია, ყველაფერმა გადაიწია. ამ თეატრის გარდა ათონელის თეატრთან ვთანამშრომლობ და ახლახან პროექტის "100 სკამი ღია ცის ქვეშ" ფარგლებში, სპექტაკლი "მორალი" ვითამაშეთ. კარგი იქნება, ეს პროექტი მომავალშიც თუ გაგრძელდება. მსახიობებისთვის და მაყურებლისთვისაც ჯადოსნური საღამო იყო.

თამუნა კვინიკაძე