"ჩემი დაბადების დღის წვეულებას დედა ყოველთვის ესწრება" - გზაპრესი

"ჩემი დაბადების დღის წვეულებას დედა ყოველთვის ესწრება"

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე სოციალურ ქსელს ერთ-ერთ სამსახურად მიიჩნევს. ამ "სამსახურში" საკმაოდ ბევრ დროს ატარებს, რის გამოც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემაც შეექმნა... ბუნებრივია, სოციალური ქსელები საკმაო საფრთხის შემცველია, მით უმეტეს - ბავშვისა და მოზარდისთვის. რუსკა ქარქაშაძე პატარაობიდან სოციალური ქსელის მომხმარებელია...

- გამოგიტყდებით, რომ გარკვეულწილად, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ვარ, რადგან ჩემი საქმის დიდ ნაწილს მათი დახმარებით ვაკეთებ... ზოგჯერ კარგია, როცა ტელეფონს საერთოდ არ ვიყენებ, მაგრამ ძირითადად, დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებს საკმაოდ ბევრ დროს ვუთმობ.

- რომელ სოციალურ ქსელს ანიჭებ უპირატესობას?

- რა თქმა უნდა, "ინსტაგრამს", შემდეგ - "ფეისბუკს". მიზეზი ის არის, რომ "ფეისბუკთან" შედარებით, "ინსტაგრამი" ჩემთვის უფრო მოსახერხებელი და საინტერესო პლატფორმაა - უფრო თანამედროვე, 21-ე საუკუნის შესაფერისი მგონია.

- სოციალურ ქსელს ძირითადად, რისთვის იყენებ?

- სამსახურისთვის, კომპანიებთან ურთიერთობისთვის, რეკლამისთვის... "ინფლუენსერობის" მხრივაც მნიშვნელოვანია: "ინსტაგრამზე" ჩემი კონტენტი მაქვს და სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობ - მათი ბრენდის ამბასადორი ვარ. შესაბამისად, მათი რეკლამირება სოციალური ქსელებით ხდება. ამიტომ ფოტოსესია ხშირად მაქვს, რომ სურათები კონკრეტულად, "ინსტაგრამზე" გამოქვეყნდეს და ა.შ. ესეც ჩემი სამსახურია. გარდა ამისა, სოციალური ქსელი მეგობრებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა, "ფოლოვერებთან" მუდმივად საუბარი კი ცალკე ამბავია...

GzaPress

- პირველად რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდი?

- "ოდნოკლასნიკი" იყო პირველი სოციალური ქსელი, რომელზეც დავრეგისტრირდი, მაგრამ არაფრად მივიჩნევ, რადგან 7-8 წლის ვიყავი. დამოუკიდებლად დავრეგისტრირდი და მას მერე არც გამომიყენებია. შემდეგ "ფეისბუკი" იყო, ბოლოს უკვე - "ინსტაგრამი". "ფეისბუკზე" რომ დავრეგისტრირდი, 11-12 წლის ვიყავი.

- მშობლებისგან ნებართვა აიღე?

- წინათ, "ფეისბუკზე" ბევრად დიდ ასაკს უთითებდი, ვიდრე რეალურად იყავი და ასეთი ხრიკებით რეგისტრირდებოდი ბავშვი. ჩემს მშობლებს გართულება არასოდეს ჰქონიათ, გინდა თუ არა, სოციალურ ქსელში ანგარიში არ შექმნაო. უბრალოდ, სანამ მცირე ასაკის ვიყავი, ჩემი "პროფილის" პაროლი იცოდნენ და სიტუაციას მაინც აკონტროლებდნენ. ახლა რაღა უნდა გააკონტროლონ (იცინის)?..

- გამოქვეყნებული პოსტების გამო, შენიშვნას თუ გაძლევდნენ?

- არა. იცით, რა არის?.. ზუსტად ვიცი, ჩემს მშობლებს რა შეიძლება, არ მოეწონოთ. ამიტომ ასეთ პოსტებსა და სურათებს არც ვაქვეყნებ. ოჯახის წევრებს ანგარიშს ვუწევ.

- რა შეიძლება, არ მოეწონოთ?

- მაგალითად, ზედმეტად "თამამი", გამომწვევი ფოტოები. პრინციპში, ეს მეც არ მომწონს. ჩემთვის მთავარია, ფოტო ესთეტიკური იყოს და არც ერთ შემთხვევაში - ძალიან თამამი. ამ მხრივ, მე და ჩემი ოჯახის წევრებს საერთო აზრი გვაქვს.

- ვიდრე პოპულარული გახდებოდი, სოციალურ ქსელში ადამიანები რა სახის პირად შეტყობინებებს გწერდნენ?

- მშობლები პატარაობიდანვე სულ მეუბნებოდნენ, - უცხო თუ მოგწერს, არ უპასუხოო. ეს გონებაში გამიჯდა და ვიცოდი, ვისთვის მეპასუხა და ვისთვის - არა. საეჭვო და ცუდი რამ არავის მოუწერია, მით უმეტეს - მაშინ.

- შენი გამომწერებისთვის ყოველდღე პოსტის შექმნა დამღლელია?

- ბედნიერი ვარ, რომ ამდენი გამომწერი მყავს და ჩემი ცხოვრება აინტერესებთ. მათთვის პოსტების შექმნა დამღლელი არ არის. დამღლელი დიდხანს "ტელეფონში ყოფნაა", თორემ მათთვის რაღაც საქმის კეთება მსიამოვნებს. როდესაც ისინი ბედნიერები არიან, მიხარია. სხვათა შორის, ტელეფონის ხშირი მოხმარების გამო, მხედველობა გამიფუჭდა...

GzaPress

- დღე-ღამის განმავლობაში, კომპიუტერთან, მობილურ ტელეფონთან თუ პლანშეტთან რამდენ დროს ატარებ?

- შემიძლია, ჩემს ტელეფონში ახლავე ზუსტი დრო ვნახო, დღეს რამდენი გავატარე... 7 საათი და 37 წუთი! ძალიან ბევრია...

- სოციალურ ქსელებს გვიან ღამითაც სტუმრობ? ამ 7 საათს კიდევ რამდენი დრო შეემატება, ვიდრე დაიძინებ?

- დღეში დაახლოებით 8 საათს ვატარებ სოციალურ ქსელში. პირველ საათამდე მობილური ტელეფონი ხელში მიჭირავს და აქტიურად ვიყენებ.

- როგორ ფიქრობ, შენი გვერდის გამომწერებს რა იზიდავთ, რა აინტერესებთ?

- არ ვიცი. ალბათ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება აინტერესებთ, რადგან დადგმულ კადრებს არასოდეს ვიღებ, ყოველთვის რეალური ვარ. მაგალითად, "მექსთეიჯის" ამბებს გადავიღებ ხოლმე... ხალხისთვის ყველაზე საინტერესო ალბათ ის არის, როგორიც სინამდვილეში, კადრს მიღმა ვართ.

- რომელიმე პროდუქციისთვის რეკლამა, ასე ვთქვათ, ბრმად თუ გაგიკეთებია?

- არასოდეს. ყოველთვის, ჯერ საკუთარ თავზე გამოვცდი ხოლმე და რეკლამას მერე ვუკეთებ ან, თუ ისეთი პროდუქტია, რაც არ მჭირდება, ინფორმაციას იმ ადამიანებისგან მოვიძიებ, ვისაც კონკრეტული პროდუქტი უკვე გამოუყენებია.

- რეკლამის გაკეთებაზე უარი გითქვამს, როცა პროდუქტის სიკარგეში ვერ დარწმუნებულხარ?

- კი, მითქვამს და არაერთხელ. მაგალითად, კონკრეტულ კომპანიებთან დაკავშირებით, კონკრეტული მომხმარებლების შეფასებები არ მომწონებია. შესაბამისად, ჩემი გამომწერების ჯანმრთელობა არ გამირისკავს, ბუნებრივია.

- პანდემიის პერიოდში, "ტიკტოკერობა" პოპულარული იყო...

- კი, "ტიკტოკისთვის" ვიდეოებს მეც ვიღებ, მაგრამ ამით ისეთი გატაცებულიც არ ვარ, როგორც ბევრი ჩემი მეგობარია (იღიმის). სხვათა შორის, "ტიკტოკის" აპლიკაცია მობილურ ტელეფონში გუშინ წავშალე, რადგან ინფორმაცია წავიკითხე, რომ "ტიკტოკის" საშუალებით ადამიანის პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება...

- სოციალურ ქსელში თანატოლები უფრო ხშირად გეკონტაქტებიან, თუ სხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები?

- სტატისტიკას ახლა ვნახულობ: ჩემი გვერდით დაინტერესებულთა 40% 18-დან 24 წლამდე ადამიანები არიან, 30% - 25-დან 34 წლამდე, 17% - 13-დან 17 წლამდე, 2% კი - 65 წელს ზემოთ (იღიმის)...

- რა ტიპის მესიჯებს გწერენ?

- თითქმის ყველანაირს: ყოველდღიურობის, ფოტოების შესახებ...

- ყოფილა შემთხვევა, როცა პოსტის გამოქვეყნების განწყობა არ გქონია, მაგრამ გამომწერების გამო გარკვეული პოსტი მაინც შეგიქმნია და გამოგიქვეყნებია?

- არა. სპეციალურად არასდროს არაფერი გამიკეთებია, რომ გამომწერები მომმატებოდა. "ინსტაგრამს" ყოველდღიური ცხოვრებისთვის ვიყენებ. ამ ყოველდღიურობით ხალხი რომ ინტერესდება, შესაბამისად, კომპანიებიც ინტერესდებიან (როცა ბევრი გამომწერი გყავს).პირადად მე, ხალხი ტელევიზიიდან მიცნობს. თან, ჩემი ყოველდღიური ცხოვრება აინტერესებთ...

- ვინმე "დაგიბლოკავს"?

- კი, როგორ არა? ძირითადად - ყალბი "ექაუნთები".

- სიახლეების ზოლში რა ტიპის ინფორმაცია იქცევს შენს ყურადღებას, რა გაინტერესებს ხოლმე?

- როცა "ვსქროლავ", ყველაფერს ვაკვირდები, ვკითხულობ.

GzaPress

- გქონია შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში ვინმესთან კამათი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაზრდილა?

- საერთოდ, როცა ვხვდები, რომ ადამიანთან პოლემიკაში შესვლას აზრი არა აქვს, არც არასდროს ვეკამათები, მით უმეტეს - სოციალურ ქსელში (პირადი საუბარი მაინც სხვაა). ძირითადად, "იგნორს" ვუკეთებ ცუდ კომენტარებსაც კი.

- შენს თანატოლებს თუ შეჰქმნიათ ისეთი პრობლემები, რომელიც სოციალურ ქსელს უკავშირდებოდა?

- კი, ასეთი შემთხვევა როგორ არ ყოფილა?! ზუსტად არ მახსენდება, მაგრამ ვიღაცისთვის არასასიამოვნო სურათები გამოუგზავნიათ და ა.შ. მსგავსი შემთხვევები, ძირითადად, ყალბი ანგარიშებიდან ხდება ხოლმე. ამიტომ მიმაჩნია, რომ მშობელმა შვილი მანამდე უნდა აკონტროლოს, სანამ ბავშვი კარგისა და ცუდის გარჩევას შეძლებს. პირადად მე, მსგავსი რამ არ შემმთხვევია.

- რას ურჩევ მოზარდებს, რომლებიც სოციალური ქსელების მომხმარებლები არიან? ალბათ, თანატოლისგან მიღებული რჩევა მათთვის უფრო საიმედო იქნება...

- საერთოდ არ არის სირცხვილი, რომ მშობელი ჩვენით ინტერესდება. მოზარდობის ასაკში გვგონია ხოლმე - რადგან მშობელი ჩვენს ცხოვრებაში ერევა, ე.ი. გვარცხვენს. მშობლებს ვეუბნებით, - ნუ ერევი ჩემს საქმეში, სხვა ბავშვები რას იფიქრებენო?!. პირიქით, მათ ჩვენთვის მხოლოდ კარგი უნდათ: თუ გვაკონტროლებენ და რაღაც რჩევას გვაძლევენ, ამაში ცუდი არაფერია. პირადად მე, ამ მხრივ, პრობლემა არასოდეს მქონია. ახალგაზრდა, უნიჭიერესი ფეხბურთელის ტრაგიკულმა ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. წვეულებაზე მშობლები ან ვინმე უფროსი ადამიანი რომ ყოფილიყო, მგონია, რომ ეს ამბავი სხვანაირად მოხდებოდა... ჩემი დაბადების დღის წვეულებას და მსგავს შეკრებებს დედაჩემიც ყოველთვის ესწრება. შეიძლება, ცოტათი მოშორებით, თავის მეგობრებთან ერთად იყოს, მაგრამ მაინც იქ არის. მისგან რჩევის მიღება სირცხვილი ნამდვილად არ არის, პირიქით... მშობლისგან დაცვასა და მხარში დგომაზე უარის თქმა არასწორი მგონია.

ეთო ყორღანაშვილი