რატომ იწერს ნანახ სიზმრებს ნინა ლორთქიფანიძე და რას მიიჩნევს თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ უცნაურობად? - გზაპრესი

რატომ იწერს ნანახ სიზმრებს ნინა ლორთქიფანიძე და რას მიიჩნევს თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ უცნაურობად?

სახელი, გვარი: ნინა ლორთქიფანიძე.

ასაკი: 22 წლის.

განათლება: სწავლობს თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე.

ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში".

ჰობი: ხატვა.

ცხოვრების დევიზი: "ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია".

- ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა შეგქმნია?

- არასოდეს, პირიქით - მგონი, ჩემს შესაძლებლობებს ცოტათი ნაკლებად ვაფასებ ხოლმე. ეს ცუდ თვისებად მიმაჩნია, რადგან ალბათ, ადამიანი ხანდახან თავისი საქმით კმაყოფილი უნდა იყოს. ძირითადად, კმაყოფილი არ ვარ.

- ამ თვისების გამო, ხელი შეგშლია?

- რა თქმა უნდა. ეს თვითშეფასების დადაბლებას იწვევს და გარკვეულწილად, ადამიანი რაღაცებში უკან იხევ. თუმცა რომ გითხრა, ძალიან დაბალი თვითშეფასება მაქვს-მეთქი, მოგატყუებ.

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად რას აკეთებ?

- იმ საქმეზე ვფიქრობ, რაც დღის განმავლობაში მაქვს გასაკეთებელი.

- რომელი საკვების ჭამის ცდუნებას ვერ უძლებ დიეტის დროსაც კი?

- ცომეული მიყვარს, მის გარეშე ვერ ვძლებ... ჩემთვის ყველაზე საყვარელი საჭმელი შოკოლადის კარაქია.

- რომელი კერძის მომზადება გამოგდის ყველაზე უკეთ?

- ყოველთვის მეგონა, ძალიან ცუდი კულინარი ვიყავი, მაგრამ კარანტინისას აღმოვაჩინე, რომ თურმე, საჭმლის კეთება კარგად შემიძლია. კულინარია ჩემთვის ერთგვარი ჰობიც გახდა. ბევრნაირი კერძის მომზადება მიცდია - ვერ გამოვარჩევ, მაგრამ კარანტინამდეც ვამზადებდი თხელ ბლინებს - ზემოდან შოკოლადით, ბანანით... ეს კარგად გამომდის.

- შენი საყვარელი ფილმი რომელია?

- ცხოვრების ყველა ეტაპზე სხვადასხვა საყვარელი ფილმი მაქვს, მაგრამ ბავშვობიდან დღემდე, ყველაზე მეტად Aცროსს ტჰე Uნივერსე მიყვარს.

- როგორ ფიქრობ, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა?

- არა, ამ აზრს არ ვეთანხმები. რაღაც დოზით შეიძლება იყოს კიდეც, მაგრამ ბოლომდე ასე არა მგონია...

- ეს გრძნობა შენზე როგორ მოქმედებს?

- ყველანაირად: დადებითადაც მოქმედებს, უარყოფითადაც... სიყვარული ისეთი რაღაცაა, რომ საერთოდ, ყველა გრძნობას მოიცავს, რაც კი არსებობს. ამიტომ ხან როგორ მოქმედებს, ხან - როგორ. ძირითადად, მაინც დადებითი და სასიამოვნოა.

- ბოლოს გულწრფელი ბოდიში ვის მოუხადე და რის გამო?

- ბოდიშის მოხდა ხშირად არ მიწევს, მაგრამ ალბათ, ბოლოს დედას მოვუბოდიშე - სავარაუდოდ რაღაც შემეშალა, ცუდად მოვიქეცი (იცინის)... კონკრეტული ფაქტი არ მახსენდება.

- შენს გარდერობში როგორი სამოსი ჭარბობს?

- ძირითადად, შავი სამოსი ჭარბობს. დღეს თბილისში თითქმის ყველას შავი ტანსაცმელი აცვია, მაგრამ მართლა "ჩემი" ფერი მგონია - ძალიან მიყვარს. სტილს რაც შეეხება, ყველანაირი მომწონს. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. ამიტომ, ჩემს გარდერობში მეტ-ნაკლებად ყველა სტილის სამოსია.

- შენს პიროვნულ განვითარებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვინ ან რამ მოახდინა?

- ჩემმა ძმამ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელია, არ მინახავს, რადგან პარიზშია, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, როცა ველაპარაკები, შემდეგ მის თითოეულ ფრაზას ვაანალიზებ - აი, თურმე ეს რატომ მითხრა-მეთქი...

- პარიზში რას საქმიანობს?

- ახლა არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლა დაასრულა. სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ პარიზში სასწავლებლად გაემგზავრა. საქართველოში, სკოლის დამთავრების მერე, როგორც მახსოვს, 1 წელი აქ სწავლობდა, მერე კი სწავლა საფრანგეთში განაგრძო. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, სკოლის დასრულებისთანავე მეც საზღვარგარეთ გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ოცნება მაინც აქ დარჩენა და რაღაცის გაკეთებაა. ამიტომ ჯერჯერობით, არსად წასვლას არ ვგეგმავ.

- ოჯახის წევრები და მეგობრები მოფერებით რას გეძახიან?

- ყველა ნინას მეძახის (იღიმის).

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- ოთარ ჭილაძის "ყოველმა ჩემმან მპოვნელმან", რომელმაც ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა.

- საკუთარი პიროვნული თვისებებიდან რა გეამაყება და რა არ მოგწონს?

- "მეამაყება" ცოტათი გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ალბათ, მიზანდასახულობა მომწონს: რაღაცას მიზნად რომ დავისახავ, გამორიცხულია, მისთვის ყველაფერი არ გავაკეთო. რაც არ მეამაყება, ჩემი ზედმეტი სიჯიუტე და პრინციპულობაა, რაც რაღაცებში მიშლის ხელს.

- დილით ჯერ საუზმობ, თუ სოციალურ ქსელში პირად გვერდს ამოწმებ?

- დილით, პირველ რიგში, ჩაიდანს ვადგამ, რომ ყავა მალე დავლიო, რადგან ყავის გარეშე, ჩემი დილა ვერ იწყება. როცა დილით ყავას ვერ ვსვამ, ფაქტობრივად, მთელი დღე მძინავს.

GzaPress

- შენს ცხოვრებაში ისეთი რა მომხდარა, რასაც დიდ უცნაურობად მიიჩნევ?

- ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ 11 წელი თანამედროვე ბალეტს ვცეკვავდი, მაგრამ ამ საქმეს არ "გავყევი".

- ბოლოს ვინ და რა გაჩუქა?

- ჩემმა შეყვარებულმა მაისური მაჩუქა (იცინის).

- შეყვარებულთან ყველაზე ხშირად რაზე კამათობ?

- უცნაურია, მაგრამ არ ვკამათობთ. ხომ ამბობენ, - ურთიერთობა ჩხუბისგან შედგებაო? ამას მეც ყოველთვის ვეთანხმებოდი, რომ ჩხუბი აუცილებელია. ახლა ნელ-ნელა ვიაზრებ, რომ არც ასეთი აუცილებელია, რადგან რაც მახსოვს, მხოლოდ ძალიან წვრილმან რამეზე გვიკამათია - ისეთზე, რომ ვერც კი ვიხსენებ.

- ბავშვობაში შენი ოცნებები როგორი იყო და დღევანდელი რეალობა როგორია?

- ძალიან შორეულ ბავშვობაში ვოცნებობდი - სანამ 18 წლის გავხდები, ჰოლივუდში უნდა ვიყო და ხელში "ოსკარი" მეჭიროს-მეთქი. ეს ოცნება ვერ ახდა, მაგრამ ძირითადად, რაც ჩემს მომავალში მქონდა წარმოდგენილი - სამსახიობო სფერო, გადაღებები, ფილმები, სპექტაკლები - მგონი, ნელ-ნელა ყველაფერი კარგად, ამ გზით მიდის.

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- ძალიან უცნაურს - ისეთს, რომ ერთმანეთს ვერ ვაბამ, ლოგიკაში არასოდეს "ჯდება"... რამდენიმე წელია, გადავწყვიტე, ჩავიწერო: სიზმრის გამო, ღამით მეღვიძება. მერე, ძილს რომ ვაგრძელებ, გაღვიძებულს აღარ მახსოვს, რა დამესიზმრა. ამიტომ, როცა ღამით მეღვიძება, სიზმარს ვიწერ ხოლმე, დილით კი ვკითხულობ. სიზმრების ჩაწერასთან დაკავშირებით რაღაც მაქვს ნაფიქრი, ოღონდ - ჯერ არ ვიტყვი (იცინის).

- ალბათ, წიგნს დაწერ, არა?

- ალბათ, რაღაც მსგავსს გავაკეთებ: საინტერესოა, ეს ბევრი სიზმარი რომ "გადააბა", რა გამოვა...

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ღირსება. თუ კარგი, ღირსეული ადამიანი იქნები, შენს ოჯახს არ შეარცხვენ, ალბათ, ყველაფერი კარგად წარიმართება; თუ ადამიანი წარმატებას "ფეხის წამოდებებით" მიაღწევს, აუცილებლად ყველამ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ დადგება დრო, როცა მთელი მისი წარმატება წყალში ჩაეფლობა...

ეთო ყორღანაშვილი