"ვმღერი რუსულ ენაზე და მაქვს კონცერტები" - გზაპრესი

"ვმღერი რუსულ ენაზე და მაქვს კონცერტები"

მეგი გოგიტიძემ საზოგადოებას თავი განსხვავებული ხმის ტემბრითა და შესრულების მანერით გააცნო და დაამახსოვრა. მისი შესრულების მანერას ხშირად ამსგავსებენ ნინო ქათამაძისას, მაგრამ თვითონ ამბობს, რომ არავის ჰგავს. მომღერალს მეუღლე და ორი ულამაზესი გოგონა ჰყავს.

- ჯერ კიდევ პატარა ასაკში, ათი წლისა მივხვდი, რომ სიმღერა გამომდიოდა. მას შემდეგ სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. პირველი გამოსვლა დიდ სცენაზე, პროექტ "ვარსკვლავების აკადემიას" უკავშირდება. შეუძლებელია, ეს შეგრძნება დამავიწყდეს, იმდენად სასიამოვნო იყო.

- რომელმა სიმღერამ მოგიტანათ ხალხის დიდი სიყვარული?

- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სიმღერა "ნუ გეშინია" ბევრ ადამიანს გულზე მოხვდა და ბევრმა შეიყვარა. მგონი, ხალხის სიყვარულიც ამ სიმღერამ მომიტანა.

- "ვიცი, დაგღალე" ჰიტად იქცა, ყველგან ისმოდა და ყველა ღიღინებდა. ვის ეძღვნებოდა?

- გამომდინარე იქიდან, რომ უკანასკნელი შვიდი წელი დაქორწინებული ვარ, ჩემს მეუღლეს.

- თქვენი ყველა სიმღერა ძალიან ემოციურია. ხშირად მსმენია, - ამბობენ, რომ ნინო ქათამაძეს ჰბაძავთ.

- ამ მოსაზრებამ ძალიან დამღალა. ვისაც ჰგონია, რომ ვბაძავ, რაც უნდა ვთქვა, მათ აზრს ვერ შევუცვლი. ამიტომ - იფიქრონ და დაინახონ ისე, როგორც ხედავენ და ფიქრობენ. თუმცა, მე არ ვთვლი, რომ ვინმეს ვბაძავ, მე ვქმნი ჩემს მუსიკას და მაქვს ჩემი სტილი.

GzaPress

- სად ხედავთ საკუთარ თავს 15 წლის შემდეგ?

- არასოდეს ვფიქრობ, სად შეიძლება ვიყო წლების შემდეგ. ფიზიკურად სად ვიქნები, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ჩემს ოჯახთან ერთად ვიყო და საყვარელი საქმე ვაკეთო.

- როგორი მეუღლე ხართ?

- ამ შეკითხვით ალბათ ჩემს მეუღლეს უნდა მიმართოთ, ის უკეთესად გიპასუხებთ (იცინის). ვფიქრობ, კარგი მეუღლე ვარ, ჩვეულებრივი, როგორიც ყველა, თბილი და მოსიყვარულე, არაფრით გამოვირჩევი სხვებისგან. ცოტა მეუხერხულება და არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი.

- გიწევთ თუ არა დათმობაზე წასვლა ოჯახის გამო?

- ყველა ადამიანს უწევს, დათმოს რაღაც საყვარელი ადამიანების გამო და გამონაკლისი არც მე ვარ. ზოგჯერ აუცილებელია, დათმობაზე წავიდეთ.

- როგორი დედა ხართ?

- ვთვლი, რომ ცუდი დედა არა ვარ. მყავს ორი არაჩვეულებრივი გოგონა.

- გარკვეული თანხის სანაცვლოდ დატოვებდით საქართველოს და წახვიდოდით სხვა ქვეყანაში კარიერის ასაწყობად?

- უკვე ორი წელია, რუსეთში ვცხოვრობ. ვმღერი რუსულ ენაზე და მაქვს კონცერტები. საკმაოდ ბევრი მსმენელი მყავს და აქ თავს კარგად ვგრძნობ.

- რა არის თქვენი უახლოესი გეგმები და რას ჰპირდებით თქვენს მსმენელს?

- ცოტა ხნის წინ ჩაიწერა ჩემი ახალი მინიალბომი, რომელსაც ჰქვია "+1". ალბომი მოსკოვში ჩაიწერა და აუდიომასტერინგი გაუკეთდა ბერლინში. ახლო მომავალში ვგეგმავ კონცერტს, სადაც ამ ალბომის პრეზენტაციაც იქნება. ალბომი იყიდება როგორც რუსეთში, ასევე საქართველოშიც.

GzaPress

- გარდა იმისა, რომ მღერით, კიდევ რითი ხართ დაკავებული?

- გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს შემოქმედებას ბევრი დრო მიაქვს, ასევე, მყავს ორი შვილი და მეუღლე, მთელი ჩემი დრო მათზე ნაწილდება, სხვა რამის კეთებას ფიზიკურად ვეღარ ვასწრებ.

- ხშირად გსმენიათ ჭორები თქვენზე? როგორ რეაგირებთ?

- სიმართლე გითხრათ, ჩემზე ჭორები არ მსმენია, მაგრამ "განკითხვის ქარიშხალში" ბევრჯერ მოვხვედრივარ. ადამიანები რატომღაც, ხშირად განმიკითხავენ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ.

- რას ურჩევდით მათ, ვინც სცენაზე პირველ ნაბიჯებს დგამს?

- უპირველეს ყოვლისა, ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ და ვურჩევ, შექმნან საკუთარი მუსიკა.

ფიქრია რობაქიძე