"მასტერშეფის" სამზარეულოს "კულისები" და სერგო ოვჩარენკოს სამომავლო გეგმები - გზაპრესი

"მასტერშეფის" სამზარეულოს "კულისები" და სერგო ოვჩარენკოს სამომავლო გეგმები

სერგო ოვჩარენკოს კულინარიისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გაუჩნდა, ამაში უდიდესი წვლილი დედას მიუძღვის. მოგვიანებით ეს გატაცება პროფესიად აქცია, ამ მიმართულებით წინ დიდი გეგმები აქვს. სერგო ახლა "მასტერშეფის" ფინალშია და მოგვითხრობს, რატომ არ სცადა ამ პროექტში ბედი წინა ორ სეზონზე, რა სირთულეები აღმოაჩინა როგორც კონკურსანტმა, რა ხდება "მასტერშეფის კულისებში"?

- გურმანი ვარ, ჭამა ძალიან მიყვარს. დედა ყოველთვის კარგი მზარეული იყო, უგემრიელეს კერძებს ამზადებდა. მასთან სამზარეულოში დიდ დროს ვატარებდი. 13-14 წლისამ გავაცნობიერე, ჩემში კულინარიის ინტერესი რამდენად დიდი იყო.

- პირველი კერძი, რომელიც დამოუკიდებლად მოამზადე, რომელი იყო?

- ბავშვობაში კარგად ვწვავდი კარტოფილს, უგემრიელესი გამომდიოდა.

- რაიმე მეთოდი გქონდა?

- კარტოფილს პატარა კუბებად ვჭრიდი, ბევრ ზეთში ვწვავდი, ხრაშუნა და გემრიელი გამოდიოდა, მერე ამ ზეთს ვაცლიდი. ასევე, ძალიან მომწონდა მაწვნის სოუსი (მაწონი მწვანილით, კამით, ნივრით), კარტოფილს უხდებოდა, ახლაც მიყვარს.

- მას შემდეგ, რაც კულინარიისადმი ინტერესი, გატაცება პროფესიად აქციე, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც შენს კულინარად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა?

- პროფესიულ კოლეჯში რომ ჩავაბარე, იქ ჩემი პირველი მასწავლებელი მანუელი იყო, მან სამზარეულო საფუძვლიანად შემაყვარა.

- აღმოჩენები გააკეთე?

- რა თქმა უნდა, ჩემ თვალწინ უდიდესი ჰორიზონტი გადაიშალა. კოლეჯში სპეციალური პროგრამით სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გვასწავლიდნენ, ძალიან საინტერესო და ბევრი ინფორმაციის მომცველი იყო. კოლეჯში იმაზე მეტ დროს ვატარებდი, ვიდრე მეკუთვნოდა. სხვა ჯგუფის ლექციებსაც ვესწრებოდი, ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მეტი ცოდნა დამეგოვებინა. იყო შემთხვევები, როცა დილის 9 საათზე მისული, საღამოს 9-მდე ვრჩებოდი, უშუალოდ სამზარეულოში. სხვადასხვაგვარი კულინარიული ღონისძიება ტარდებოდა და ამ მხრივაც ვაქტიურობდი.

- როგორც გურმანს, გამორჩეულად რომელი ქვეყნის სამზარეულო გიზიდავს?

- იაპონური სამზარეულო მომწონს, გამორჩეულად - საშიმი. ეს უმი, თერმულად დაუმუშავებელი თევზია, რომელიც მჟავაში მზადდება, ლიმონის ან ლაიმის წვენში. ძალიან მომწონს სხვადასხვა სოუსი, მაგალითად, ტერიაკი. ზოგადად, კულინარიაში აზიური მიმართულება მომწონს. ბრინჯის ღვინო, საკეზე დამზადებული სოუსები, სოიის სოუსიც კარგია, ეს გემოები მიზიდავს.

GzaPress

- ქართული სამზარეულოდან გამორჩეულად საყვარელი კერძი რომელია?

- მწვადი. მწვადის ტურზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, ახალ გარემოში არ ვყოფილვარ, მწვადი ბევრჯერ შემიწვავს.

- წელს "მასტერშეფის" მესამე სეზონია, განვლილ ორ სეზონზე ბედი რატომ არ სცადე?

- ისე დაემთხვა, თბილისში არ ვიყავი, სეზონურად სამუშაოდ სხვადასხვა ქვეყანაში დავდივარ. გარდა ამისა, ეს პროექტი მიუწვდომელი ოცნება მეგონა. კონკურენციის მეშინოდა. თან ძალიან ბევრი მსურველია, უამრავი ანკეტა ივსება. რატომღაც ვთვლიდი, რომ იღბლიანობით დიდად არ გამოვირჩევი. მსგავს სიტუაციებში ხშირად არ მიმართლებს.

- დღევანდელი გადასახედიდანაც ასე ფიქრობ?

- არა, აზრი შემეცვალა.

- შეფებზე რას გვეტყვი?

- სამივეს კონკრეტული დანიშნულება აქვს. შეფი ლუკა ძალიან კარგი ტექნოლოგი და თეორეტიკოსია. ის აფასებს, კერძი ტექნიკურად რამდენად კარგადაა გამართული. შეიძლება შინ კარტოფილი შეწვა, მაგრამ ერთმანეთში თუ აიზილა, რაც უნდა გემრიელი იყოს, ტექნიკურად არასწორად შესრულებული გამოდის. შეფი ლევანი ქართული სამზარეულოს კარგი მცოდნეა. ქართული სამზარეულო არ უნდა დავაკნინოთ, არ დავივიწყოთ. მეტიც, ყველა ქართველი მზარეულის პრიორიტეტი უნდა იყოს. ძველი გემოების შენარჩუნება და ამასთან, კერძების გათანამედროვება ბევრს ნიშნავს. ყველა ქვეყნის შეფისთვის მშობლიური სამზარეულო უმნიშვნელოვნესია. შეფი კონსტანტინე არის ადამიანი, რომელიც სტერეოტიპებს არღვევს, თითქოსდა შეუთავსებელი პროდუქტების შეხამება შეუძლია.

- რასაც გემოებით თამაშს ეძახის?

- კი და ეს ძალიან საინტერესოა. ჩემთვის სამივე მათგანის შეფასება თანაბრად მნიშვნელოვანია.

- როგორ ჩანდა ეს პროექტი გარედან და როგორი აღმოჩნდა? მაინტერესებს მასტერშეფის კულისებში რა ხდება?

- ტელევიზორში ნანახი სხვა რამეა და როცა პროცესში ერთვები, სულ სხვაა. სამზარეულოში დიდი წნეხია, ახალ სივრცეში მზადება რთულია, სხვაგვარი ღელვა ახლავს და ეს ემოცია, კერძის მზადებაში ხელს მიშლის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, კერძის მომზადების დროს, მაქსიმალურად მასზე ვიყო კონცენტრირებული. ამაში ხშირად ხელს მიშლის უამრავი კამერა, რომელიც თავს დამტრიალებს და ვალდებული ვართ, მზადების პარალელურად ვილაპარაკო. თავიდან ეს რთული იყო, მერე ცოტათი მივეჩვიე.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

- მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ჩემი მეუღლე პირველ სამსახურში გავიცანი. ურთიერთობა მარტივად აგვეწყო, დაახლოებით 1 წელში ვიქორწინეთ. დღეს ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

- როდესაც შვილი ეკრანზე გხედავს, რა რეაქცია აქვს?

- უხარია, თუმცა ტელევიზორში რატომ ვჩანვარ, ამას ჯერ ვერ აცნობიერებს.

GzaPress

- როგორი მამა ხარ?

- ამაზე ლაპარაკი ცოტათი რთულია. ბუნებრივია, მზრუნველი და ყურადღებიანი ვარ. სამსახურში დიდ დროს ვატარებდი და შვილთან ურთიერთობის დეფიციტი სულ მქონდა. გავრცელებული პანდემიის პირობებში შემოღებული რეგულაციის წყალობით, ეს დეფიციტი ამოივსო.

- მეუღლე როგორი კულინარია?

- კარგი კულინარია, სპეციფიკური ხედვა აქვს. რა თქმა უნდა, აზრს ხშირად მეკითხება და ითვალისწინებს, მაგრამ მას თავისი რეცეპტები აქვს, რაც მომწონს.

- გემრიელი კერძებით, ოჯახის წევრების განებივრებას ხშირად ახერხებ?

- რა თქმა უნდა, როცა დრო მაქვს, შინ სიამოვნებით ვამზადებ. სადღესასწაულო სუფრებზეც ჩემი წვლილი შემაქვს, თუმცა მზადება პროფესიონალურ სამზარეულოში მირჩევნია.

- ამ კონკურსმა რა მოგიტანა?

- პროფესიულ ზრდაში დამეხმარა. დარწმუნებული ვარ, ამ ორ თვეში, როგორი ნახტომიც მაქვს, ჩვეულ გარემოში, ასეთი წინსვლისთვის 1 წელი მაინც დამჭირდებოდა. ეს არის მუდმივი ფიქრი, სტრესული გარემო, სპონტანურობა - რაც მთლიანობაში შედეგის მომტანია.

- უკვე ფინალში ხარ, გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გაშორებს. გამარჯვების შემთხვევაში, სამომავლო გეგმა როგორია?

- ამაზე არ ვფიქრობ. ყოველთვის უახლოეს მიზანზე ვარ ორიენტირებული. ეს უახლოესი მიზანი, კარგი კერძის მომზადება, შეფებისთვის თავის მოწონება და შემდეგ ტურში გადასვლაა. დანარჩენზე არ ვფიქრობ.

- კულინარიული სურვილი, ჩანაფიქრი, ოცნება თუ გაქვს? წლების შემდეგ, ამ სფეროში, საკუთარი თავი როგორ წარმოგიდგენია?

- მოხარული ვიქნები, საკუთარი რესტორანი თუ მექნება, რატომაც არა?! მინდა ქართული გასტრონომიის განსავითარებლად, რაც შეიძლება მეტი გავაკეთო. დღევანდელ რეალობაში ბევრმა შეფ-მზარეულმა პროდუქტებთან მოპყრობა და უმარტივესი კერძების მომზადება არ იცის, ამას ხშირად ვხედავ და გული მწყდება.

- დაბოლოს, ჩვენ მკითხველს რომელი კერძის რეცეპტს გაუზიარებ?

- ძალიან მომეწონა, ბატის ხორცის ფახლავა და კერძი, რომელიც ბებიების რეცეპტის ტურში მოვამზადე. თუმცა, ამ კერძში მქონდა შეცდომები, რომელიც მერე გავაანალიზე, მაგრამ ის ბევრ სუფრასთან ყოფნას ნამდვილად იმსახურებს.

ინგრედიენტები

ცომი: 400 გ ფქვილი; 2 კვერცხი; 100 გ მაწონი; 100 მლ ზეთი; 1/2 ჩ/კ სოდა; 1 ჩ/კ ძმარი, 1 ჩ/კ მარილი; კარაქი, ბაქმაზი, ლიმონი.

შიგთავსი: 40 გ შაშკვლავი; 2 გ შავი პილპილი; მარილი გემოვნებით; 70 გ ხახვი; ბატის ცხიმი; 300 გ ბატის ხორცი.

მომზადების წესი

მოვზილოთ ცომი - არც ძალიან მაგარი, არც ძალიან რბილი, შეიძლება დაემატოს სითხე ან ფქვილი.

გულსართი: ბატის ცხიმში მოვშუშოთ ხახვი. ქვაბში მოვათავსოთ ბამბუკის ჩხირები, დაფნის და ჩაის ფოთლები და შევბოლოთ ბატი 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავკეპოთ შებოლილი ხორცი და დავუმატოთ მოშუშული ხახვი, შავი პილპილი, შაშკვლავი, მარილი გემოვნებით.

ცომი: ცომი დავყოთ 6 თანაბარ ნაწილად და თხლად გავაბრტყელოთ სახამებელში. შემდეგ ეს ფენები დავადოთ ერთმანეთს, გადავახვიოთ რულეტად, დავჭრად პორციებად, გავაბრტყელოთ, ჩავდოთ გულსართი და გადავკეცოთ, წავუსვათ გამდნარი კარაქი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, 20-25 წუთით. გამომცხვარ ფახლავებს გადავუსვათ ბაქმაზში გაზავებული ლიმონის წვენი.

თამუნა კვინიკაძე