"არარეალიზებულ მსახიობს, დღემდე მესიზმრება, რომ არტისტი ვარ" - გზაპრესი

"არარეალიზებულ მსახიობს, დღემდე მესიზმრება, რომ არტისტი ვარ"

ქალბატონ ასმათ ქანდაურაშვილს მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრებიდან ყოველდღიურად ბევრი რამ აგონდება. ამას წინათ, დოდო ალექსიძე დასიზმრებია. მან მიიყვანა თეატრალურ ინსტიტუტში, რომელსაც სიზმარში საყვედურობდა, - იქ თქვენი სურვილით მივედი და რატომ მიმატოვეთო?..

ფილმში "სხვისი შვილები" თეოს როლი ისე შესანიშნავად შეასრულა, რომ კინოფესტივალებზე, სადაც ფილმს წარადგენდნენ, ცნობილი ხელოვანები მის გაცნობას ითხოვდნენ. მსახიობს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ საქმე სხვაგვარად წარიმართა... მერე პროფესია შეიცვალა, კარგა ხანს მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა გამოცემაში, შემდეგ კი მისთვის სრულიად ახალ გარემოში აღმოჩნდა, მაგრამ იქაც დაიმკვიდრა ადგილი და საქართველოში პირველი გალერისტი გახდა.

შეხვედრა დოდო ალექსიძესთან

- ყვარელში ვცხოვრობდით. მამაჩემი რაიკომის პასუხისმგებელი მუშაკი იყო და გამორჩეულ ოჯახად ვითვლებოდით. ხშირად ვმასპინძლობდით ქალაქის სტუმრებს, მათ შორის, საგასტროლოდ ჩამოსულ მსახიობებს. ჩვენთან არაერთი დღე გაუტარებიათ: დოდო ალექსიძეს, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძეს, დიმიტრი ჯანელიძეს, გოგლა ლეონიძეს... სკოლას ვამთავრებდი, როცა ასეთი ამბავი მოხდა. წინასწარ ვიცოდით, როდის უნდა მოსულიყვნენ სტუმრები. იმხანად რუსთაველის თეატრი გასტროლზე ჩამოვიდა და ჩვენც მომზადებული დავხვდით. მაგრამ იმ დღეს შინ რატომღაც, არავინ იყო. მამა წასულია, არ ჩანს, სამეცნიერო მუშაობით დაკავებულია დედაც (ხორბლის ჯიშებს იგონებდა). დოდო ალექსიძესთან წარმადგინეს - ეს გოგონაა თქვენი მასპინძელიო. მას სიცილი აუტყდა, - ამ ბავშვს უნდა გავყვეო?!. მე კი ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ცნობილი რეჟისორი იქნებოდა. მოზრდილ ბინაში უზარმაზარი ოთახი ორ სტუმარს დავუთმეთ, სადაც ზაფხულის სიცხის მიუხედავად, საკმაოდ გრილოდა. ისინი ცოტა ხნით დავტოვე, ბებიასა და ბიძას ვთხოვე, სუფრის სამზადისი დაეწყოთ.

სტუმრებს რომ არ მოეწყინათ, როიალს მივუჯექი - დავუკარი და ვიმღერე. მამაკაცებმა ტაშით დამაჯილდოეს. მეც უფრო გავთამამდი და გავაგრძელე დაკვრა. ამასობაში ჩემი მშობლებიც მოვიდნენ. მალე დედაჩემის ხმა მომესმა, ასმათ, სუფრა გავშალოთო. სტუმრები შუშაბანდში გამოვიდნენ და გარეთ, ქუჩის მხარეს იყურებიან. ბატონი დოდოს გვერდით ვდგავარ, რომელიც მიხსნის: ის კაცი ხორავაა, მის გვერდით ვასაძე დგას, აი, ის, თეატრის მთავარი მხატვარია - დიმიტრი თავაძე, პატარა ბიჭი კი დოდო აბაშიძეაო, - და ა.შ. ეს სახელები გაგონილი მქონდა. უეცრად ვითხოვე: არ შეიძლება, ისინი რომ დავპატიჟოთ-მეთქი? ბატონმა დოდომ მამაჩემს შეხედა. კი, ბატონოო, თქვა მამამ და ყველანი ჩვენთან მოვიდნენ. დიდი ლხინი გაიმართა. მეც მომეფერნენ და მაშინ ითქვა, ეს ბავშვი ჩვენ უნდა წავიყვანოთო. დედას ჩემი მსახიობობის გაგონებაც არ უნდოდა.

GzaPress

და მაინც...

- სკოლა დავამთავრე, თბილისში ჩამოვედით და დედამ საბუთები უნივერსიტეტში შემატანინა. მსახიობობის გარდა, ენათმეცნიერება მაინტერესებდა. ნიკოლაძის ქუჩაზე ვცხოვრობდი. დედა ყვარელში დაბრუნდა. ბიძაშვილის დახმარებით, საბუთები გამოვიტანე და თეატრალურ ინსტიტუტში წავიღე. მისაღები გამოცდების წინ ბიძაჩემმა ერთი-ორჯერ ვახტანგ ტაბლიაშვილთან წამიყვანა, რომელიც დედაჩემის თანაკლასელი იყო. ბატონმა ვახტანგმა თბილად მიმიღო, არ გინდა მსახიობობაო, დამარიგა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ დავუჯერე. მან რექტორს უთხრა ჩემ შესახებ და არაჩვეულებრივმა მიშა კვესელავამ გამიცნო კიდეც. ყველამ გაიგო, რომ ერთი ბავშვი ყვარლიდან მოდის...

დედაჩემმა დიდი ამბავი დაატრიალა, მაგრამ თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე. სადაც გამანაწილეს, იქ სამუშაოდ არ წავედი. ერთხელ, შინ დაბრუნებულს, სტუმრები დამხვდნენ. ჭაღარა კაცი თელავის თეატრის მთავარი რეჟისორი ყოფილა. მითხრეს, რომ თეატრში ჩაშვებულია სპექტაკლი "მაია წყნეთელი", სადაც მთავარ როლს თინა ბურბუთაშვილი ასრულებს. აღმოჩნდა, რომ ის ფეხმძიმედაა და ვეღარ იმუშავებს. მთხოვეს დახმარება. ულამაზეს თელავზე შეყვარებული ვიყავი, თანაც, იქ ჩემი უსაყვარლესი მამიდა ცხოვრობდა და შემოთავაზებას დავთანხმდი. თეატრის მთელი რეპერტუარი თინა ბურბუთაშვილზე იყო აგებული და ყველა სპექტაკლში შესვლამ მომიწია. თითქმის ყოველ საღამოს გამოვდიოდი სცენაზე. თეატრში დამხვდა არაჩვეულებრივი ხალხი: პლატონ ახვლედიანი, ვახტანგ მატარაძე-ჩელთისპირელი, დოდიკა სხირტლაძე - საოცარი იუმორის მქონე მსახიობი (დუტა სხირტლაძის პაპა), გოგუცა იბერიელი... ჩემი საყვარელი დეიდა გოგუცას 80 წლის იუბილე თეატრმა საგანგებოდ აღნიშნა. საღამო თვით შალვა დადიანს მიჰყავდა. საწყენია, რომ ზოგჯერ პერიფერიის თეატრის მსახიობების სახელები უკვალოდ ქრება.

...თელავის თეატრში სეზონის დამთავრების შემდეგ, კულტურის მინისტრმა გამომიძახა და არჩევანი მომანდო - რომელ თეატრში მინდოდა მემუშავა, მარჯანიშვილის თუ რუსთაველის? მარჯანიშვილის თეატრი ავირჩიე, რადგან მისი მთავარი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი დაინტერესებული იყო ჩემი მისვლით. მერე სამწუხარო ფაქტი მოხდა. სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი დაჟინებით მთხოვდა, მასთან წავსულიყავი. უარს ვეუბნებოდი, ის კი მინისტრთან შევიდა - ეს მსახიობი გმირების როლების შემსრულებლად მჭირდებაო. რეჟისორმა ვერაფრით რომ ვერ დამითანხმა, სიტუაცია ძალიან დაიძაბა და ამ ამბავს მოსკოვში წასვლით გავერიდე, სადაც დედის ნათესავი მეპატიჟებოდა. თბილისში გაზაფხულზე დავბრუნდი. გიგა ლორთქიფანიძემ მთავარი როლი მომცა ლევან გოთუას კომედიაში "თუთის პატარძალი", პიესას მარჯანიშვილის თეატრში დგამდა. რეპეტიციები დაიწყო, კორიფეებთან მუშაობის ბედნიერება მხვდა წილად: ჟორა შავგულიძე, სესილია თაყაიშვილი, კოტე დაუშვილი, ალექსანდრე ომიაძე... დაძაბული ვიყავი, მაგრამ პარტნიორები თბილად მექცეოდნენ და მამხნევებდნენ. ერთ დღეს კინოსტუდიიდან მოვიდნენ - თქვენი გაცნობა თენგიზ აბულაძეს უნდაო და წაყოლა მთხოვეს.

კინოკარიერის დაწყება და მოულოდნელი დასასრული

- კინოში გადაღებაზე რომელი მსახიობი არ ოცნებობს, მაგრამ ისინი უარით გავისტუმრე. ჩემთვის თეატრი და ის პარტნიორები უფრო ძვირფასი იყვნენ. მეორე დღეს ისევ მომაკითხეს. მისვლას შევპირდი, მაგრამ არ წავედი. მესამე დღეს რამდენიმე კაცი მოვიდა, პირდაპირ მანქანაში ჩამსვეს და კინოსტუდიაში წამიყვანეს. სტუდიის ეზო და კორპუსი ხალხით იყო სავსე. სანამ თენგიზ აბულაძის ჯგუფთან მივიდოდი, რამდენჯერმე შემაჩერეს. პირველი ბატონი მიხეილ ჭიაურელი გახლდათ. მან გამომკითხა, ვინ ვიყავი და მეორე დღისთვის თავის კინოჯგუფში მისვლის დრო დამინიშნა, "ოთარაანთ ქვრივზე" მუშაობდა. გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და... ნიკოლოზ სანიშვილმა სინჯების გარეშე მიმიწვია ფილმში "ქალის ტვირთი". მერე რონდელმა გამაჩერა, მისი ფილმი "მამლუქიც" იყო წარმოებაში ჩაშვებული. თენგიზ აბულაძის ჯგუფი სადაც მუშაობდა, იმ ოთახის კარზე "დედინაცვალი" ეწერა. არაჩვეულებრივი ახალგაზრდები თბილად შემხვდნენ. გრიმი გამიკეთეს და სინჯები გადამიღეს. გულთბილი შეხვედრის მიუხედავად, როლზე დამტკიცების იმედი არ მქონდა. სცენარი იმ დღესვე წავიკითხე.

მეორე დღეს ბატონმა თენგიზმა მითხრა: მე და რეზო ჯაფარიძე კინოსცენარზე ვმუშაობდით, როცა მითხრეს - თელავის თეატრში არის ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც კარგი იქნებოდა თეოს როლზე, გთავაზობ აირჩიო, რომელი როლი გინდა - ნატო თუ თეოო? ჩავთვალე, რომ თეოს სახე უფრო საინტერესო იყო. მას ჰქონდა რთული, დრამატიზმით სავსე ბიოგრაფია. ამ როლისთვის გარდასახვა იყო საჭირო და არჩევანი უცბად გავაკეთე. ჯგუფმა დათასა და ნატოს როლების შემსრულებელთა ძებნა გააგრძელა. თეატრში მუშაობის პარალელურად, ჭიაურელის და სანიშვილის ფილმებში ვმონაწილეობდი. რამდენიმე ეპიზოდი გადავიღეთ და ვიგრძენი, ბატონ თენგიზს ჩემი აქტიურობა არ მოეწონა. მას უნდოდა, ორივე რეჟისორისთვის უარი მეთქვა და თეატრშიც შემეწყვიტა რეპეტიციები. გამომიცხადა: - თქვენ ჯერ ჩემს ფილმში უნდა გამოჩნდეთ, მერე შეგიძლიათ სხვასთან მუშაობაო. მას ღმერთკაცად ვთვლიდი, უსაზღვროდ მჯეროდა მისი და დასანანი შეცდომა დავუშვი: ყველაფერი მივატოვე, რამაც ჩემი კარიერა დაანგრია. ეს იყო ჩემი მხრიდან ყოვლად გაუმართლებელი მსხვერპლი. ჩემს ავტორიტეტზე უარყოფითი გავლენა მოახდინა სხვა რეჟისორებთან დაწყებულ მუშაობაზე უარის თქმამ - არასერიოზული მსახიობის იმიჯი შემექმნა. თენგიზი გადაღების პროცესში, თეოს ბიოგრაფიასა და ხასიათს ხშირად ცვლიდა. ჩემი ეპიზოდი იყო თუ არა, მოითხოვდა, ყველა გადაღებას დავსწრებოდი. უცნაურად მექცეოდა. თეოს როლი სხვას გაახმოვანებინა. ეს ბოლო მიზეზი იყო, რამაც ურთიერთობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი. ფილმის გასინჯვას არ დავსწრებივარ, მე და თენგიზი ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით.

პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, კინოსტუდიიდან წამოვედი და ცხოვრების გასაგრძელებლად, ახალი რამ უნდა მომეფიქრებინა. წლების შემდეგ, თენგიზ აბულაძე შემთხვევით, ორჯერ შემხვდა: ერთხელ მუზეუმში, მეორედ "პლეხანოვზე". მანქანით ვიყავი და დავინახე, ფეხით მიდიოდა. გავაჩერე მანქანა და დავუძახე: სენიორ ფელინი!.. მერე დავსხედით და დიდხანს ვისაუბრეთ.

GzaPress

ჯერ ჟურნალისტი, მერე გალერისტი

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. ვმუშაობდი ჟურნალში "საქართველოს ბუნება", რუბრიკას ვუძღვებოდი. იყო კიდევ რამდენიმე გაზეთი. ერთხელ სრულიად შემთხვევით ვნახე ადამიანი, რომელიც მაიაკოვსკის მამას იცნობდა. ლევან გოთუას ბინას ვეძებდი, როცა ქუჩაში მოხუცებულ კაცს მივუახლოვდი, რომელსაც ვკითხე, ხომ არ იცოდა, სად ცხოვრობდა მწერალი? აგერ, იმ სახლშიო, მიმითითა, და ამ ორი სიტყვით მოხუცი ისე მომეწონა, რომ ვუთხარი, თქვენთან აუცილებლად დავბრუნდები-მეთქი. მართლაც, ამ კაცმა ბევრი საინტერესო რამ მიამბო მაიაკოვსკის ოჯახის შესახებ. თურმე პოეტის მამა რაღაცას კინძავდა, როცა თითში ნემსი შეერჭო, სისხლი მოეწამლა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, დედის გადაწყვეტილებით, ოჯახი საქართველოდან მოსკოვში წავიდა. ამ მოხუცს ჰქონდა მაიაკოვსკის მამის მიერ დაწერილი ერთი ლექსი, რომელიც გადმომცა. აღმოჩნდა, რომ ვლადიმერის მამაც პოეტი იყო.

ერთხანს "თეატრალური თბილისის" (ცნობარი იყო) მთავარ რედაქტორად ვიმუშავე. მომწონდა ჩემი საქმე, ერთდროულად, მსახიობიც ვიყავი და ჟურნალისტიც. მოულოდნელად კულტურის მინისტრმა გადამიყვანა ეროვნული გალერეის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; რედაქტორის ადგილი თავისი პროტეჟესთვის დასჭირდა. ჩემ შემდეგ ცნობარმა ერთი წელიც ვერ იარსება. გალერეაში მივედი, სადაც ხელოვნებათმცოდნეების მთელი ჯგუფი მუშაობდა. მათთვის რა უნდა მესწავლებინა, რომელი მეცნიერი მე ვიყავი?! სასაცილო იყო. დირექტორმა მითხრა, მოსკოვსა და ლენინგრადში სასწავლებლად უნდა წახვიდეო. უარი არ მითქვამს, გამიხარდა კიდეც. საოცარ ხალხთან მქონდა ურთიერთობა, ჯერ მარტო ერმიტაჟში ერთი თვე დავყავი. სახვითი ხელოვნების ისტორიის სწავლა არ მჭირდებოდა, უნივერსიტეტში გამორჩეული პროფესორი მყავდა - ლეო რჩეულიშვილი, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობა (გამოფენის მოწყობა, ფონდებში მუშაობა) არ ვიცოდი. ეს ყველაფერი მაშინ ვისწავლე. 16 კაციდან მხოლოდ მე ვიყავი გამოუცდელი და პირველსავე შეხვედრაზე ვთქვი: ჟურნალისტი ვარ, მუზეუმისა და გამოფენის არაფერი გამეგება; გამომგზავნეს და თუ რამეს მასწავლით, მადლობელი დაგრჩებით-მეთქი. ამან ისე იმოქმედა, აღარ იცოდნენ, როგორ დამხმარებოდნენ, თან გადამყვნენ... საქართველოში პირველი კერძო გალერეა "არდიექსი" დავაფუძნე, რომელიც "მერანის" საგამოფენო დარბაზში ფუნქციონირებდა. 90-იანი წლები დადგა და თბილისში რა აღარ მოხდა!.. ეროვნულმა გალერეამ და მხატვრის სახლმა საშინელი დღეები გამოიარა, ხან დაგვწვეს, ხან ნიჩბიანი ჯარისკაცები შემოგვივარდნენ... გალერეაც დაიხურა. ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი აფხაზეთის ომმა იმსხვერპლა...

ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ ხოლმე, ბევრ რამეზე მწყდება გული. არარეალიზებულ მსახიობს, დღემდე მესიზმრება, რომ არტისტი ვარ. ახალგაზრდობაში ლექსებს ვწერდი, მაგრამ დედამ საოცრად გაილაშქრა ამის წინააღმდეგ. მკაცრი ქალი იყო და ლექსების წერას მიკრძალავდა. მაინც რა მოხდებოდა, რომ მეწერა, ქვეყანა დაიქცეოდა?!. ახლა, ხანდახან მოგონებებს ვწერ ლექსებად...

ნანული ზოტიკიშვილი