"იშვიათად ვრისკავ, ავანტიურისტი არ ვარ" - გზაპრესი

"იშვიათად ვრისკავ, ავანტიურისტი არ ვარ"

"ბებია მენატრება, ნახევრად მისი გაზრდილი ვარ, ის რომ არა, დღეს ალბათ უფრო უხეში და გაუთლელი ვიქნებოდი", - ამბობს მსახიობი კახა ახვლედიანი. რა დარიგება ახსოვს სოფიკო ჭიაურელისგან, როგორ დაუმეგობრდა მას, რა აკვირვებს ყველაზე მეტად ამ სამყაროში, არის თუ არა ავანტიურისტი და რატომ აქვს ერთი თვით, უკაცრიელ კუნძულზე გადასახლების სურვილი? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1980 წლის 30 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- მფრინავი. მერე ფილმი "სულებზე მონადირე" ვნახე და სურვილი გამიჩნდა, ეს "პროფესია" ამერჩია.

- ჩემზე ამბობენ...…

- ...ცანცარა და წუწუნააო. თავად რომელს ვეთანხმები (ფიქრობს)? ცანცარა უფრო ვარ, ვიდრე წუწუნა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...წარმატებაში ძალიან ბევრი რამ იგულისხმება (პაუზის შემდეგ). ალბათ პირველი წარმატება თეატრალურში ჩაბარება იყო. გამოცდაზე ყოველგვარი მომზადების გარეშე, ქუჩიდან მივედი, ისიც კი არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რა უნდა მეთქვა, გამეკეთებინა, მაგრამ ჩავაბარე.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...საკუთარ თავს. არასდროს არავინ მხარში არ დამდგომია, ყოველთვის ყველაფერს ჩემით ვაკეთებ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილი. მეგობრული მამა უფრო ვარ, ვიდრე - ყურადღებიანი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...გადასაღებ მოედანზე ვიმუშაო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ჩემში პოზიტივი დიდი დოზითაა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ჯიუტი ვარ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე შეიძლება "ვირზე გადავჯდე".

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...თითქმის არ ვიმეორებ (პაუზის შემდეგ), არა, არა, ვიტყუები. ერთსა და იმავე შეცდომას ხშირად ვუშვებ. საბედნიეროდ, ისეთი შეცდომები არასდროს დამიშვია, ტკივილად რომ მომყვებოდეს და მთელი ცხოვრება მძაფრი სინანულის განცდა მქონდეს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ადამიანი შეცდომებზე ხან სწავლობ, ხან ვერ სწავლობ. შეცდომას ზოგჯერ შეიძლება ისეთი ამბავი მოჰყვეს, რომელმაც შენზე ძალიან იმოქმედოს და იგივე აღარ ჩაიდინო. საერთოდ, მგონია, შეცდომები ადამიანებს ბევრს ვერაფერს ასწავლის. ყველა ჩვენგანი თავისებურად ჯიუტი და ეგოისტია.

- პატიება შემიძლია...

- ...არ შემიძლია.

- როცა სინანული გულწრფელია...…

- ...ამ დროსაც არ შემიძლია. ძალიან ერთგული ვარ, სხვას ტკივილს ნაკლებად ვაყენებ, შესაბამისად, პატიებასაც არ ვითხოვ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...იმედი მაქვს, რომ კორონავირუსის მეორე ეტაპი არ იქნება, დარჩენილი აკრძალვები მალე გაუქმდება. ყველანი ბევრად ლაღები და თავისუფლები ვიქნებით. ტურიზმი ჩვეულ ფორმაში ჩადგება და საქართველოს ეკონომიკაც წელში გაიმართება.

- ვიბნევი...

- ...როცა ადამიანი ჩემთან ზედმეტად თამამია. ხანდახან ფამილიარობაც მაბნევს.

- ვნანობ...

- ...ინგლისური ენა რომ არ ვისწავლე.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, როცა...…

- ...უსამართლობას, დაუნახაობას, უმადურობას ვაწყდები. ძალიან ემოციური ვარ და ეგრევე ყვირილს ვიწყებ. მოსალოდნელ უსიამოვნებას არასდროს ვუფრთხი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ზღვაზე, ოღონდ ისეთ ადგილზე, სადაც ძალიან ცოტა ხალხი იქნება. ამ ეტაპზე ხალხმრავალი ადგილები არ მიზიდავს. მთაში გაზრდილი ვარ, მთელი ბავშვობა ყაზბეგში მაქვს გატარებული. მთა ძალიან, ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა ზღვის ხასიათზე უფრო ვარ.

- მეზარება...

- ...თითქმის ყველაფერი. ერთადერთი, რაც არ მეზარება, ეს ჩემი პროფესიით მუშაობაა.

- სიყვარული ეს...

- ...ავხსნა, რა არის? ჩემი აზრით, ვინც ამას ხსნის, საერთოდ არ იცის, რაა სიყვარული... ყველაფერია, გალაქტიკაა და მე ვერასდროს ავხსნი.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან მორცხვი ვიყავი. ბავშვობაში, ყველა მეგობარ ბიჭს შეყვარებული ჰყავდა და მეც მინდოდა, ვინმე მყვარებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, ვიღაც გოგოზე ვთქვი, მიყვარს-მეთქი. შეუხედავი კი იყო, მაგრამ რას დავეძებდი. ყველას უკვირდა, ეს გოგო როგორ შეგიყვარდაო? მე ვერ ვბედავდი და პირველად თავად ჩამეხუტა.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...…

- ...გოგომ, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს. როცა მოწყენილი ხარ და გოგოს შენი გამხიარულება შეუძლია, ეს ძალიან კარგია. იუმორის გრძნობას მამაკაცებშიც არანაკლებ ვაფასებ, მაგრამ გოგოს იუმორი მაინც სულ სხვაა.

- მაკვირვებს...…

- ...ფსევდო ხალხი ორმაგი სტანდარტებით. თვალთმაქცობა, არადა, ამ ბოლო დროს, ისეთ სიმაღლეზე ავიდნენ, უკვე უტიფრად თვალთმაქცობენ.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად, ავანტიურისტი არ ვარ.

GzaPress

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ნაკლებად ვფიქრობ მომავალზე, დღევანდელი დღით ვცხოვრობ.

- ვამაყობ...

- ჩემი შვილით, ის ახლა 12 წლის არის.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. მირჩევნია, საქებარი სიტყვები პირისპირ შეხვედრის დროს მითხრან.

- მეშინია...

- ...მიწისძვრის, მსუქანი ობობასი და გველის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ნუ ჯუჯღუნებო, მაგრამ უსამართლოდ არასდროს ვჯუჯღუნებ. ზედმეტად სამართლიანი ვარ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ძალიან ბევრ რამეს. არ მომწონს ჩემი თმა, დიდი ყბა, ძალიან თმიანი ვარ.

- ვუფრთხილდები...

- ...გულწრფელ ადამიანებთან ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა, ჭკუაც ვერ ვისწავლე.

- თავისუფლებაა...

- ...როცა აკეთებ ყველაფერს, რაც გინდა, მაგრამ სხვას არ ვნებ.

- როცა მარტო ვარ...

- ...მარტო ხშირად ვარ, ძალიან ხშირად. მარტოობა მიყვარს. შეიძლება ეს ცუდია. ჰობი მაქვს, მასშტაბური მანქანების მოდელებს ვაწყობ, კოლექციონერი ვარ. მარტოობისას, სულ ჩემს ფიქრებში ვარ და დრო ძალიან სწრაფად გადის.

- მენატრება...…

- ...ბებია, რომელთანაც ყაზბეგში ვიზრდებოდი. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა. რომ არა ბებია, ალბათ უფრო უხეში და გაუთლელი ვიქნებოდი. ბებია საოცარი ადამიანი იყო, დიდი ხათრი და რიდი მქონდა, მას თქვენობით ველაპარაკებოდი.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ერთი თვით, სადმე უკაცრიელ კუნძულზე გადავსახლდებოდი და დანარჩენი თანხა, სად და როგორ დამეხარჯა, იქ მოვიფიქრებდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს, ჩემი ჰობი და რომელიმე კლუბში ცეკვა საუკეთესო "წამალია".

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...სტუდენტი ვიყავი, სოფიკო ჭიაურელი, ფიქრის გორაზე, საკუთარ თეატრში რომ გავიცანი და დავმეგობრდით. მერე მასთან ხშირად დავდიოდი. ერთხელ მითხრა, ძალიან მგრძნობიარე ხარ. შენ ისეთი პროფესია გაქვს, მაშინ, როცა როლი არ გექნება, საკუთარი თავი არ შეჭამო, ეცადე, სხვა საქმით დაკავდე, განვითარდეო. მიუხედავად იმისა, რომ უნიჭიერესი მსახიობი იყო, ამასთან ერთად, საოცარად უშუალო, უბრალო, მეგობრული და უზომოდ თბილი ადამიანი იყო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...რთულ ქვეყანაში და რთულ დროში ვცხოვრობთ. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ნეგატივი დიდი დოზით შემოჭრას ცდილობს. შურსა და ბოღმაზე მაღლა დადგომა უნდა შევძლოთ! ვეცადოთ, ლაღები, თავისუფლები, მაქსიმალურად პოზიტიურები ვიყოთ! ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ. მიყვარხართ!

თამუნა კვინიკაძე