"ყველას ვერ ეყვარები, ეს რეალობაა..." - გზაპრესი

"ყველას ვერ ეყვარები, ეს რეალობაა..."

ხატია წერეთელი ეკრანზე ყოველთვის ლაღი და მხიარული ჩანს, მაგრამ როგორც საუბრისას გვითხრა, არავინ იცის, რას გრძნობს და რა რთული ცხოვრება გაიარა სინამდვილეში.

- ლაღი ბავშვობა მქონდა. ვიყავი ძალიან აქტიური, 4 წლიდან სცენაზე ვიდექი. მშობლები არაფერში მზღუდავდნენ, თავისუფლად მზრდიდნენ და ამით ბედნიერი ვიყავი. ძალიან კარგად მახსენდება ის წლები.

- ბავშვობის შემდეგ მოდის ყველაზე რთული, თინეიჯერობის ასაკი...

- მართლაც რთული ასაკია. სრული "სიფსიხე" მჭირდა იმ პერიოდში, აბსოლუტურად არავის ვემორჩილებოდი. ნახევარი თმა ლურჯად მქონდა შეღებილი, ნახევარი - ვარდისფრად. წარმოიდგინეთ, ისიც კი ავიკვიატე, რომ ქალად ყოფნა არ მინდოდა და მკერდი ელასტიკური ბინტით ავიკარი. შევიჭერი თმაც, რასაც დედის მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ძალიან განიცადა.

- მაინც რატომ არ გინდოდათ ქალად ყოფნა?

- მეხუთე გოგო ვეყოლე ჩემს მშობლებს და ყოველთვის მესმოდა, რომ ბიჭი უნდა ვყოფილიყავი. როგორც ჩანს, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა და ბიჭობა მომინდა (იცინის).

- ძალიან პატარა ასაკში გათხოვდით. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ რთული ქორწინება გქონდათ. თუ შეგიძლიათ, პირველი ქორწინების შესახებ მოგვიყევით.

- არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, ნამდვილად რთული ქორწინება მქონდა. ჩემი ყოფილი მეუღლე იმაზე მეტს მოითხოვდა ჩემგან, ვიდრე რეალურად შემეძლო. მაიძულებდა, ყოველთვის ფორმაში ვყოფილიყავი. ორმოცი გრადუსი სიცხეც რომ მქონოდა, მაკიაჟი საწოლშიც უნდა გამეკეთებინა, რადგან ჩემს ქმარს ასე სურდა. მაშინ ეს ჩემთვის იძულება იყო, რადგან ამის სურვილი არ მქონდა. 20 წლიდან მივხვდი, რომ თავის მოვლა და მაკიაჟი აუცილებელია ქალისთვის, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვეგუებოდი ამ მოთხოვნებს. საზოგადოება ყოველთვის მხიარულ ხატიას ხედავს და არ იცის, ცხოვრების როგორი რთული ეტაპები გავიარე.

- ბულინგის მსხვერპლი ხშირად გამხდარხართ?

- კი, ბევრჯერ გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი ჩემი ყოფილი ქმრისა და სხვა მამაკაცების მხრიდანაც. ახლა ბედნიერი ვარ, მაგრამ სანამ აქამდე მოვიდოდი, ბევრი რამის გადატანა მომიხდა. გამოგიტყდებით, რომ ბულინგმა უფრო გამაძლიერა და შემქმნა ისეთად, როგორიც დღეს ვარ.

GzaPress

- სოციალურ ქსელში გავრცელდა თქვენი წერილი მამაკაცების მისამართით. მოვახდენ ციტირებას: "თქვენ მაიძულეთ, მამაკაცებო, ასეთი გავმხდარიყავი და ახლა იოცნებეთ ჩემზე შორიდან". ამით რა გინდოდათ გეთქვათ?

- სწორედაც მათ შემქმნეს ასეთი ძლიერი და მასწავლეს, რომ ცხოვრებას სხვა კუთხით უნდა შევხედო. მამაკაცების ყურადღების ეპიცენტრში ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ბევრჯერ პირდაპირ მეუბნებოდნენ: ლამაზი ხარ, გაცვია გემოვნებით, ხარ სექსუალური, მაგრამ "ჩარლის ანგელოზი" არ ხარო. ამ სიტყვების შემდეგ უფრო ვცდილობდი, მეტი მემუშავა საკუთარ თავზე. მათ გამაძლიერეს და მასწავლეს ბევრი რამ - აი, ამას ვგულისხმობდი.

- როგორი იყო თქვენი ოჯახისა და ასევე, იმედას ოჯახის რეაქცია, როდესაც თქვენი ურთიერთობის შესახებ შეიტყვეს?

- მახსოვს, დედამ პირველად რომ ნახა იმედა, მითხრა, ძალიან კარგი ბიჭია და არ მიატოვოო. იმედა და ჩემი შვილი მეგობრობენ, ძალიან უყვართ ერთმანეთი. ჩვენი ურთიერთობა არც ჩემს შვილს გაუპროტესტებია და არც იმედას ოჯახს, მათ თბილად მიმიღეს. იმედას მამასთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ასევე, მის დებთან. მოკლედ, ერთ დიდ და ბედნიერ ოჯახად ვიქეცით, ეს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ურთიერთობას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე მხარეს იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმა და ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტა. რას ვიზამთ, ყველას ვერ ეყვარები, ეს რეალობაა.

- როგორ დაახასიათებთ მას?

- იმედა არის ძალიან გაწონასწორებული. რამდენად მშვიდიც ჩანს ეკრანზე, იმდენად რთული და მომთხოვნია ჩემ მიმართ. ამის გამო ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმამ, თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენი აზრები ერთმანეთისას ემთხვევა. არ ვჩხუბობთ, ვკამათობთ, მაგრამ მალევე ვრიგდებით.

- "არ გაეკაროთ ჩვენს ურთიერთობას, თორემ თავბედს გაწყევლინებთ. ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, ეშმაკიც კი პირჯვარს გადაიწერს..." - ვინ ცდილობს თქვენ შორის ჩადგომას?

- არსებობს გავლენიანი მამაკაცი, ბიზნესმენი, რომელსაც აქვს დიდი გავლენა, შესაძლებლობა და რომელიც ბინძური თამაშით მემუქრება: ამბობს, რომ თუ მისი არ გავხდები, ყველანაირი ხერხით ეცდება, დაგვაშოროს. მე და იმედას იმდენად გახსნილი, გაწონასწორებული ურთიერთობა გვაქვს, რომ ჩვენ შორის ვერავინ ჩადგება.

- ანუ ეჭვიანი არ არის და თქვენს ასეთ თამამ ცხოვრებაზე არ ეჭვიანობს?

- არა, იმედა ეჭვიანი არ არის, უფრო მესაკუთრეა. რაც მისია, მხოლოდ მისი უნდა იყოს და მორჩა. ალბათ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ასეა. არავის უნდა სხვასთან გასაყოფი კაცი ან ქალი.

- ალბათ ხშირად გსმენიათ ჭორები თქვენზე. რომელმა ჭორმა იმოქმედა უფრო მეტად?

- იმ ჭორს, რომ იმედა ფულის გამოა ჩემთან, შევეჩვიე და ამაზე რეაქცია აღარ მაქვს, მაგრამ თავიდან მართლა განვიცდიდი. ვინც იმედას იცნობს, იცის, რომ არ არის იმ კატეგორიის, რომელიც გაიყიდება ან ვინმეს კისერზე იცხოვრებს. მას აქვს ძალიან კარგი სამსახური და ფინანსური მდგომარეობა. ჩვენ, მთელ ოჯახს, გვაქვს საერთო ფინანსები და ჩვენ შორის "ჩემი-შენი" არ არსებობს ისე, როგორც ყველა ნორმალურ ოჯახში ხდება. ჭორი, რომელმაც გამანადგურა, იყო ის, თითქოს შვილთან მქონდა სექსუალური ურთიერთობა. ამან მართლა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. ჩემს შვილთან მაქვს ახლო ურთიერთობა, ვერთობით ერთად, ყველგან ერთად დავდივართ, ვმეგობრობთ - ჩემთვის ეს არის ნამდვილი დედაშვილობა. ამ ჭორის გაგებამ იმდენად გამამწარა, სრული ისტერიკა დამემართა, შუაღამეს ეკლესიაში წავედი და დამხობილი ვღრიალებდი. როგორ შეიძლება, იმ სიწმინდეს შეეხოს ადამიანი, რასაც დედაშვილობა ჰქვია?! სირცხვილია, ხალხო! გავიგე, რომ ყველაფერს მაკადრებთ, მაგრამ ეს მომაკვდინებელი ბრალია. ამ ამბის გახსენებაზე დღემდე მეტირება.

- გითქვამთ თუ არა პირადი ცხოვრების გამო უარი კარგ შემოთავაზებაზე?

- დიახ, ასეც მომხდარა. იმის გამო, რომ იმედას ერთი ჩემი სამსახური არ მოსწონდა, ძალიან დიდ ხელფასზე ვთქვი უარი და წამოვედი. ფულზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, ბედნიერებაა.

- რა გეგმები და სიახლეები გაქვთ ახლო მომავალში?

- დაახლოებით ოქტომბერში ვგეგმავ ახალი კლიპის პრეზენტაციას. ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, სიმღერას თავი დავანებო, მაგრამ ყველას იმედი უნდა გავუცრუო, ჩემი მსმენელი კი გავახარო, ანუ ის, ვისაც ვუყვარვარ და ჩემი წარმატება ახარებს. ასევე ვმუშაობ ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციაზე. ვაპირებ ჩვენების მოწყობას ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნება აქსესუარებიც. ამ ყველაფრის გამოცდილება უკვე მაქვს. წინა ჩვენებებზე ჩემი კოლექციის 80% გაიყიდა, რაც არის საუკეთესო მაჩვენებელი და ვფიქრობ, ეს საქმე კარგად გამომდის.

ფიქრია რობაქიძე