"დედაზე მეც ვეჭვიანობდი" - გზაპრესი

"დედაზე მეც ვეჭვიანობდი"

თუ სერიალ "თესეას" მაყურებელი ხართ, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა ვაჟიკო. ერთი შეხედვით, მოჩხუბარი და აგრესიული პატარა ბიჭი, რომელიც სინამდვილეში გაცილებით დიდი განცდების მატარებელია. ვაჟიკოს როლს დათა ჩაჩუა ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მსახიობი არ არის, მაყურებლამდე პერსონაჟის ემოციის მიტანა ნამდვილად არ გასჭირვებია. ვაჟიკოს განცდები მისთვის მარტივად გასაგები აღმოჩნდა, მეტიც, იყო პერიოდი, როცა მის მსგავსად თავად იქცეოდა, - დანარჩენს დათა ჩაჩუა თავად გვიამბობს.

- დათა, ჩვენ მკითხველს გაეცანი, როგორც ვიცი, სკოლის მოსწავლე ხარ.

- დიახ, 17 წლის ვარ, მეთერთმეტე კლასში გადავედი. სკოლაში 1 წლის დაგვიანებით შევედი. ჩემი ძმა გიორგი ჩაჩუა მსახიობია. ამ პროფესიისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გამიჩნდა. ამ ინტერესიდან გამომდინარე, გიორგიმ რეჟისორ ნიკუშა ჩიკვაიძეს უთხრა, სპექტაკლში პატარა ბიჭი თუ დაგჭირდება, იცოდე, ძმა მყავსო. პირველი სპექტაკლი, რომელშიც ვითამაშე - "კაბა და ცოტნე" იყო. სცენის მტვერი მაშინ ჩავყლაპე.

- რამდენი წლის იყავი?

- 7-ის. რომ წამოვიზარდე, კულინარიამ გამიტაცა. ვფიქრობდი, მზარეული გამოვალ-მეთქი. ამ თემაზე ბევრ ვიდეოს ვუყურებდი. დაახლოებით 1 წლის წინ, ჩემი ძმის მეგობარს საკურსო სპექტაკლში სათამაშოდ დავჭირდი. ბრეხტის სამი პიესა: "ჯაშუში", "ცარცის ჯვარი" და "ებრაელი ქალი" დადგა. გერმანელი ჯაშუში ბიჭის როლი შემომთავაზა და დავთანხმდი. სცენაზე 9 წლის შემდეგ დაბრუნება ჩემთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, სხვა პროფესიაზე აღარ ვიფიქრებ.

- "თესეაში" როგორ მოხვდი?

- ამ სპექტაკლში რომ ვითამაშე, პრემიერაზე ჩემი ძმის მეგობარმა მნახა. როდესაც "ფორმულამ" სერიალისთვის კასტინგი გამოაცხადა, გიგამ მათ ჩემი კოორდინატები გადასცა. ოქტომბერში დამირეკეს, მთხოვეს, გადმოგზავნილი სცენარი მესწავლა და მივსულიყავი. კასტინგის პირველი ტური (გაბრაზებული ბიჭის როლი) წარმატებით გავიარე. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემით დაინტერესდებოდნენ და ასეც მოხდა, მეორე ტურზე მისვლა მთხოვეს. ამჯერად აინტერესებდათ, საყვარელ გოგონასთან ურთიერთობისას როგორი ვიქნებოდით. მეორე ტურიც წარმატებით გავიარე. ძალიან მინდოდა, ეს როლი მეთამაშა. ვაჟიკოს რაღაც თვისებებით ძალიან ვგავარ. მესამედ რომ დამირეკეს, გული ამიფანცქალდა, ეკა მჟავანაძე მელაპარაკა, მითხრა, როლზე დაგამტკიცესო.

GzaPress

- შენი რეაქცია როგორი იყო?

- შოკი მივიღე, ვერაფრით გამოვხატე ის, რაც ჩემში ხდებოდა, ადგილზე გავშეშდი. ცოტა ხანში კოსტიუმერებმა დამირეკეს და ზომები მთხოვეს, გადაღებისთვის მზადება უკვე დაწყებული იყო და აინტერესებდათ, რა ზომა სამოსს ვიცვამდი. იმდენად დაბნეული და დაშოკილი ვიყავი, ვერ ვუთხარი და დედასთან გადავამისამართე, ოღონდ ისე, რომ დედაჩემისთვის როლზე დამტკიცების ამბავი ნათქვამიც არ მქონდა. დედამ დამირეკა, გაოგნებული იყო, უფრო მეტად - გაკვირვებული და გახარებული.

- აღნიშნე, ვაჟიკოსთან საერთო თვისებები მაქვსო, რას გულისხმობდი?

- სცენარს რომ ვკითხულობდი, ისეთი სიტყვები ეწერა, რაც ჩემთვის უცხო საერთოდ არ იყო. ვაჟიკოს მამა გარდაცვლილი ჰყავს და დედაზე ეჭვიანობს. ჩემი მშობლები დაშორებულები არიან. პატარა რომ ვიყავი, დედაზე მეც ვეჭვიანობდი, ამიტომ თამაში არ გამჭირვებია. დედაჩემის ტელეფონზე მესიჯის ზარის ხმას რომ გავიგებდი, ვინტერესდებოდი, ვინ იყო, რა უნდოდა? ძალიან ეჭვიანი ვიყავი. ვაჟიკოს განცდები ჩემთვის ძალიან ნაცნობი და უკვე განცდილი იყო, ზუსტად ვიცოდი, რას გრძნობდა, როგორ სტკიოდა.

- ამ როლის თამაში ასე კარგად ამიტომ გამოგდის?

- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. საბედნიეროდ, ახლა მაშინდელი დათა აღარ ვარ. გარდა ამისა, ვაჟიკოს მსგავსად, მეც ბუზღუნა გახლავართ, ცოტათი ცანცარაც.

- რით განსხვავდები?

- ვაჟიკოს, ჩემგან განსხვავებით, სიყვარულის გამოხატვა არ შეუძლია. საბედნიეროდ, მე ეს თვისება არ მაქვს, ეს ჩემი სუსტი მხარე არ არის.

- შენს პერსონაჟზე რას ფიქრობ, მისი ხასიათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარეა, აღზრდიდან, ასაკობრივი პრობლემაა, თუ...

- როდესაც ვაჟიკოს მდგომარეობაში ვიყავი, როცა მისი მსგავსი პანიკა მქონდა, ჩემთვის ეს ასაკობრივი მდგომარეობა იყო, ლაპარაკი 13-15 წლის ასაკზეა. გარდატეხის პერიოდმა გაიარა, ახლა მშვიდად ვარ. ვაჟიკო ფიქრობს, რომ სახლში კაცი მხოლოდ თავადაა, შესაბამისად, დედის დამცველიც ისაა. მასზე გარემო დიდ როლს თამაშობს.

- გადასაღებ მოედანზე თავს როგორ გრძნობდი? კამერასთან მუშაობა ხშირად პროფესიონალ მსახიობებსაც კი არ უადვილდებათ.

- რა თქმა უნდა, კამერასთან მუშაობა ადვილი არ იყო, უფრო სწორად, ჩემთვის ძალიან უცხო სივრცეში და მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ირგვლივ ბევრი ხალხი ირეოდა, ქაოსი იყო. გიორგი ლიფონავასთან შეკითხვები მქონდა, ვერ ვიგებდი, ერთ ეპიზოდს რომ ვითამაშებდი, მერე რა მექნა, როგორ გამევლო იქ, სადაც კამერა იდგა? მოკლედ გიორგი მიხსნიდა და თავადაც ბევრი რამ "დავამუღამე". მგონი, მთლიანობაში ყველას ერთად კარგი ნამუშევარი გამოგვივიდა.

- რას იტყვი ანიკო ცეცხლაძეზე, რომელიც შენი დედის როლს თამაშობს?

- ანიკო ძალიან შემიყვარდა. ის ერთ-ერთი პირველი გავიცანი და ძალიან მალე დავუმეგობრდი. გამოცდილი მსახიობია, გამიადვილდა მასთან თამაში. მხოლოდ ის იყო, რომ მისთვის გაცნობის დღესვე უნდა მეყვირა და ამის გამო უხერხულობას ვგრძნობდი. არაჩვეულებრივი პარტნიორია ზურა ჯავახია. ჩვენ რამდენი საერთო სცენაც გვქონდა, გადაღებებმა ყოველთვის საინტერესოდ ჩაიარა. ზურა მაშინ გავიცანი, როცა სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა ტელევიზიაში დაგვიბარა, რათა ჩვენს როლებზე და ზოგადად სერიალზე ელაპარაკა. ამ დღეს ზურაზე გამორჩეულად კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.

- პრობლემა, რომელიც ნარმინას ცხოვრებაში დგას, ჩვენს რეალობაში, შენი თაობის არაერთი გოგოსთვის აქტუალურია. აქამდე ამაზე გიფიქრია? თანატოლებთან გიმსჯელია?

- ვიცი, გარკვეულ რეგიონებში ეს პრობლემა მწვავედ დგას, არასრულწლოვან გოგონებს ათხოვებენ. ჩემთვის მამების შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ოჯახები, კატეგორიულად მიუღებელია. ამ თემას, სერიალზე მუშაობისას, მეტად ჩავუღრმავდი. არა მგონია, ადამიანი სხვის მიერ შერჩეულ პარტნიორთან ცხოვრობდეს და ბედნიერი იყოს, თუმცა აქაც შეიძლება იშვიათი გამონაკლისი არსებობდეს.

GzaPress

- სერიალში ნარმინას შორიდან ეტრფი, რეალურ ცხოვრებაში თუ ხარ შეყვარებული?

- არა. ამ ეტაპზე კარიერით ვარ დაკავებული. შეყვარებული შეიძლება იყო, მაგრამ არა მგონია, 25-26 წლამდე ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მართებული იყოს. თუ გააცნობიერებ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

- სოციალურ ქსელში კომენტარებს ეცნობი?

- სპეციალურად არ ვუზივარ, მაგრამ შემთხვევით მაინც შემომეკითხება ხოლმე. მე რომლებიც წავიკითხე, ყველა კომენტარი დადებითი იყო, იმ ადამიანებს "გულები" დავუწერე.

- შენი მისამართით ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი იწერება, ეს რა შეგრძნებაა?

- მიხარია და ამავე დროს უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ერთგვარი სტიმულიც არის. მე თუ რაღაც კარგად გამომდის, მხოლოდ ჩემი კი არა, გადამღები ჯგუფის დამსახურებაც არის. შრომის დაფასება სასიამოვნოა.

- დედამ რა გითხრა, როცა ვაჟიკოს როლში გიხილა? შეიძლება ითქვას, მისი ცხოვრების ეპიზოდიც განმეორდა, არა?

- პატარა დათა გაახსენდა, რომელიც სისულელეებზე ჭყიპინებდა და გაეცინა. ჩემი ეკრანული დედის მსგავსად, დედაჩემისთვის ვინმეს ყოველდღე კართან ყვავილები რომ დაეტოვებინა, გაცილებით მძიმე რეაქცია მექნებოდა, ვიცი, ყვავილებით ცემით არ დავემუქრებოდი (იცინის).

- მაშინ დედა რას გეუბნებოდა, შენში ამ აფეთქებების განმუხტვას როგორ ახერხებდა?

- თავიდან ეცინებოდა, მაგრამ ჩემში საოცარი განცდები იყო, იმ ზომამდე მივდიოდი და იმდენად დაძაბული ვიყავი, ტირილი მინდოდა, მეშინოდა დედა არ წასულიყო. დედა კი გამუდმებით მიხსნიდა, ტყუილად ნერვიულობო.

- ეს სიტყვები გამშვიდებდა?

- ცოტა ხნით, მაგრამ როგორც კი მის ტელეფონზე შეტყობინება შემოვიდოდა, ფორიაქი თავიდან მეწყებოდა.

- ამ თემაზე მამას ელაპარაკებოდი?

- არა, მაგ დროს მამა გვერდით არ მყავდა.

- მან სერიალში გნახა?

- კი და გახარებულია. მითხრა, რომ თამაში კარგად გამომდის.

- სერიალმა პოპულარობა მოგიტანა, შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?

- ახლა ბათუმში ვარ, აქ რამდენიმე ადამიანმა ქუჩაში მიცნო. ეს სასიამოვნო განცდაა, აჟიტირებული ვიყავი. თბილისში რომ დავბრუნდები, არ ვიცი, რა და როგორ იქნება.

- ბოლოს რას გვეტყვი?

- მადლობა, რომ ჩემით დაინტერესდით. სერიალის გამო, სკოლის გაცდენა ხშირად მიწევდა, პედაგოგები შეძლებისდაგვარად ხელს მიწყობდნენ, ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს მასწავლებლებს მადლობას გადავუხდი. ძალიან დამეხმარნენ. მადლობა შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს, საოცრად კარგი გარემოს შექმნისთვის. გადასაღებ მოედანზე ყოფნა უკვე ძალიან მომენატრა, ახლა ვისვენებთ და იმედია, გადაღებები მალე განახლდება.

თამუნა კვინიკაძე