გოგა პიპინაშვილის გატაცებები
font-large font-small
გოგა პიპინაშვილის გატაცებები
"სამას მეტრზე გადავისროდი ანკესს და 10-12 ცალი თევზი გამომქონდა"

არაჩვეულებრივი მსახიობი გოგა პიპინაშვილი ძირითადი პროფესიის გარდა, ისეთ უნარ-ჩვევებს ფლობს, გაკვირვებული დარჩებით. მის სამუშაო მაგიდაზე დევს მსახიობის ხელით, წითელი ხისგან ჩარხზე დამზადებული კვერცხი. ჭედურობაც იცის, არაერთი ჭედური ნამუშევარი შექმნა, ზოგი შეკვეთით და ზოგიც მეგობრებისთვის. გოგა პიპინაშვილის ამ და სხვა გატაცებების შესახებ ინტერვიუდან გაიგებთ.


რა კავშირშია თევზაობა და გიტარის პირველი სიმი
- თევზაობა განსაკუთრებული აზარტია, ძალიან მიყვარს, მაგრამ მდინარეზე და ტბაზე - არა. მდინარეზე თევზაობას ნერვები სჭირდება (ძუას გაწყვეტს, თავიდან უნდა ჩააბა, მერე კიდევ), მირჩევნია ზღვაში ვითევზაო. ნავით გახვალ რაღაც მანძილზე, ჩააგდებ ანკესს და... თევზს ამოიღებ. ეს ძალიან მაგარია, საოცარი ხიბლი აქვს. ზღვაში თევზაობა განსაკუთრებით კარგია სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში. ამ პერიოდში სხვადასხვა ჯიშის თევზის დაჭერა შეგიძლია.
თევზაობა ბავშვობიდან მიყვარდა. დედაჩემს ქობულეთში დავყავდი. იმ სახლში, სადაც ვისვენებდი, სხვა დამსვენებლებიც იყვნენ და ისინი ღამის 3-4 საათზე გადიოდნენ სათევზაოდ. ერთი-ორჯერ ვთხოვე წაყვანა და წამიყვანეს. იმათ მასწავლეს, რა უნდა გამეკეთებინა და როცა თევზი თვითონ დავიჭირე, იმ დროიდან მოვიწამლე თევზაობის სიყვარულით. მაშინ იმართებოდა "ჩემპიონატებიც" - ვინ მეტ თევზს დაიჭერდა. ერთი დიდი მტაცებელი თევზია, რომელიც შენ დაჭერილ თევზს ჭამს, ე.ი. სანამ შენ ამოიღებ, ნემსკავზე მხოლოდ თავი ჰკიდია. მწვანე ბოთლისფერი თევზია, ლიფიორს ეძახიან, თეთრი ხორცი აქვს. აი, ეგ თევზიც კი დავიჭირე. სანაპიროზე მეთევზეები იდგნენ და მსჯელობდნენ მის დაჭერაზე, რადგან ხედავდნენ, ეს ამხელა თევზი როგორ მოჩანდა ზღვაში. უფროსების ფილოსოფიურ საუბარში მეც ჩემი აზრი გამოვთქვი. გამაჩერეს, შენ ბევრი არაფერი გესმისო. სახლში დავბრუნდი და ღამე დამესიზმრა, ეს თევზი როგორ უნდა დამეჭირა. ოთახში, სადაც ვიწექი, კედელზე გიტარა ეკიდა... საქმე იმაშია, რომ ლიფიორის კბილები ნებისმიერ ძუასა და ნემსკავს კვნეტდა. სიზმარში ვნახე, რომ გიტარის პირველი სიმი უნდა გამომეყენებინა. დილით მოვხსენი გიტარას პირველი სიმი, გავასწორე აივნის მილის დახმარებით და ნემსკავზე ჩავაბი ძუასთან ერთად. თევზმა ფოლადის სიმს ვერაფერიც ვერ უქნა. ყველას გასაკვირად, ლიფიორი მე დავიჭირე და პირდაპირ სანაპიროზე ამოვიყვანე. მანამდე ხომ გამაჩუმეს?! ახლა სუყველა გაგიჟდა.

საჩუქარი ამერიკიდან
- მამაჩემის ერთი ძმაკაცის მამიდა კომუნისტების დროს ამერიკაში ცხოვრობდა, რომელიც ძმის ოჯახს ამანათებს უგზავნიდა. მამიდამ ბიჭს დიდი ყუთით სათევზაო მოწყობილობები გამოუგზავნა. თევზაობა მამაჩემსაც უყვარდა. ამანათიდან მე მაჩუქეს პნევმატური სპინინგი და ლასტები. პნევმატური ნიშნავს იმას, რომ ტირის თოფის მსგავსად, სასროლი ჰქონდა და სამას მეტრზე ისროდა. სხვათა შორის, ამ ტიპის სპინინგი დღესაც არ შემხვედრია. თევზის ჯგუფი რომ მოვა და გაჩერდება, იქ რამდენჯერაც ჩააგდებ ანკესს, თევზს იმდენჯერ დაიჭერ. ეს გუნდი მოძრაობს, გავა შორს, მერე შემოვა და ა.შ. სხვა მეთევზეები შორს ვეღარ სწვდებოდნენ, მე კი სამას მეტრზე გადავისროდი ანკესს და 10-12 ცალი თევზი გამომქონდა, გიჟდებოდნენ (იცინის).

შუა ზღვაში, ბოდიშის მოსახდელად...
- არტ ჰოლის ბავშვები კვარიათში დამყავდა ხოლმე. ერთხელ გამაბრაზეს, არც ერთი წყალში არ ჩახვალთ-მეთქი, დავსაჯე და სათევზაოდ წავედი მეგობრებთან ერთად. უკვე საკმაო თევზი დავიჭირეთ და მოსაღამოვდა. გავიხედე, ახლოს რაღაც მოძრაობს. ვიფიქრე, წყალმა ალბათ მორი გამორიყა-მეთქი, გავაგრძელე თევზაობა. ის რაღაც ისევ მოძრაობს და გვიახლოვდება. ვისთან ერთადაც ვიყავი, იმათ თქვეს, დელფინი იქნებაო. ცოტა ხანში დავაკვირდი, ვიღაც ბიჭი ბურთს ისვრის და ჩვენკენ მოცურავს. გავოცდი. შუა ზღვაში წარმოუდგენელია, ადამიანი მოძრაობდეს. აღმოჩნდა, რომ ეს არის ჩემი მოსწავლე, ბიჭი, რომელიც მთელი ჯგუფის სახელით მოცურავდა ბოდიშის მოსახდელად. ნაპირამდე მანძილი, ალბათ 10 კმ იქნებოდა. ეს ჩუმად შემოვიდა ზღვაში, გამოცურა და ჩემამდე მოვიდა. ორიენტირი რომ არ დაეკარგა, ბურთს ჩვენი ნავის მიმართულებით ისროდა და ისე მოცურავდა. გალურჯებული ტუჩებით ნავთან რომ მოვიდა, რეაქცია ხომ უნდა მქონოდა და ვუთხარი: ახლა მიბრუნდი და უკან წადი-მეთქი... კინაღამ ჩაიძირა (იცინის). ნავში გაყინული ამოვიყვანეთ, ძაგძაგებდა. ვისაც რა გვეცვა, ყველამ იმას ჩავაცვით, რომ გამთბარიყო. მერე კატერს ძრავი გაუფუჭდა და ნიჩბების მეშვეობით ძლივს გამოვაღწიეთ. თან დაბნელდა, ქარი ამოვარდა და მხოლოდ განათებული სასტუმროებისა და შენობების სინათლის იმედად მივაგენით ნაპირს. ბავშვებს ეს ბიჭი დაკარგული ეგონათ, ვინ იფიქრებდა, რომ ამ სიშორეზე გამოცურავდა.
ჩემს ახალგაზრდობაში თევზის ჭერით ბევრი სიამოვნება მიმიღია. როცა ბავშვები კვარიათში მიმყავდა, სულ ვცდილობდი, მათ თევზაობის შესაძლებლობა ჰქონოდათ ჩემთან ერთად და ნავი სპეციალურად ვიყიდე. გამყავდა ზღვაში ხან 5, ხან 6 ბიჭი და თევზის ჭერას ვასწავლიდი. რომ დავიჭერდით თევზს, შემდეგ ვწვავდით ერთად და ნადიმს ვაწყობდით.
GzaPress
შრომის გაკვეთილები
- ჩემს დროს სკოლაში შრომის გაკვეთილები ტარდებოდა, სადაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდით. ბევრჯერ მითქვამს, დღეს 17-18 წლის ბიჭებს რომ ჰკითხო, მაგალითად, რა არის ბრტყელტუჩა? გონზე არ არიან. მოდის თაობა, რომელმაც არ იცის ლურსმანი რა არის. ეს საკითხი არავის აინტერესებს.
მე კი უკვე მე-7 კლასში, ბატონი გივი გაჩეჩილაძე ჩარხთან ურთიერთობას მასწავლიდა, თვითონ ვაკეთებდი ჩაქუჩის თავს. მერე რკინიგზელთა სახლში ჭედურობის წრეზე შევედი. მუშაობისთვის რა ფორმის ჩაქუჩიც მჭირდებოდა - მრგვალთავიანი, წვრილწვერიანი თუ სხვა, თავად ვჩარხავდი. შესაბამისად ვისწავლე ჭედურობა, ვერცხლზე მუშაობა, ოქროზე - ვერ გავქაჩე. ჭედურობა შემასწავლა არაჩვეულებრივმა პედაგოგმა თემურ სამსონაძემ. სხვათა შორის, ჩემთან ერთად დადიოდა პარლამენტარი ნუკრი ქანთარია. პედაგოგი გამოფენებში მონაწილეობდა და როცა დიდ შეკვეთებს იღებდა, მოწაფეებს თან გვასწავლიდა და ამავე დროს, შეკვეთას ვასრულებდით. მერე უკვე დამოუკიდებლად ვმუშაობდი, ჩემს ნამუშევრებს თეატრალური ინსტიტუტის გვერდით მდებარე სამხატვრო სალონში ვაბარებდი და იყიდებოდა.

ხის სახელოსნო
- არტ ჰოლის სტუდიის ზედა სართულზე რამდენიმე ოთახი ვიქირავე და სერიოზული სახელოსნო გავაკეთე, შესანიშნავი ინსტრუმენტები მაქვს. ძალიან მინდოდა სტუდია პროფესიულ სასწავლებლად გადაკეთებულიყო, სადაც ბავშვები თეატრალურ ხელოვნებასთან ერთად, აითვისებდნენ რეკვიზიტის, დეკორაციის დამზადებას და ა.შ. არ გამოვიდა, შენობა ნაქირავები გვაქვს და ყველაფერს ვეღარ ვუძღვები. თუმცა, ეს საქმე სულ მაწვალებს, ხან ამერიკიდან ვიწერ ინსტრუმენტებს და ხან საიდან. არ არსებობს, რომელიმე ქვეყანაში ჩავიდე, ეგეთ მაღაზიას არ მივაგნო და რაიმე განსაკუთრებული არ ვიყიდო. ასე რომ, მაქვს უნიკალური ინსტრუმენტები, რითაც ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ჩარხი ვიყიდე და სანამ სახელოსნოში წავიღებდი, 15 წუთში კვერცხი გავაკეთე. მაინტერესებდა და გავიგე ჩარხის შესაძლებლობები. როცა სურვილი მექნება, ამ ჩარხზე იმას გავაკეთებ, რაც მინდა.
ხის მასალას ვეძებდი და უნიკალური ფიცრები ვიშოვე. სრულიად შემთხვევით გადავეყარე შესანიშნავ ადამიანებს, რომლებმაც პატივი მცეს და არაჩვეულებრივი მასალა ამომირჩიეს. სადაც ეს გარიგება მოხდა, იმ ქარხნის ეზოში აღმოჩნდა კიდევ უფრო კარგი ხალხი, მათ მასალა გამომიშრეს და საჩუქრად მომცეს. ჯერჯერობით სახელოსნოში აწყვია გათლილი, სამუშაოდ გამზადებული ხე, რომელსაც მიზნობრივი დანიშნულება აქვს.

ნახატის ამოძრავება
- სკოლა რომ დავამთავრე, თეატრალურ ინსტიტუტში იმ წელს გაიხსნა ახალი ფაკულტეტი - მულტსარეჟისორო და ძალიან მინდოდა იქ ჩამებარებინა. ამაზე ბევრს ვფიქრობდი. მიყვარდა ანიმაციური ტიპების შექმნა და ხატვა. მიკი მაუსს ჭედურობაში ვერ გააკეთებ. ძალიან მხიბლავდა ნახატის ამოძრავება ადამიანის მსგავსად, მაგრამ მამაჩემმა თავი მოიკლა, 18 წლის რეჟისორი არ გამიგიაო. მან მითხრა: ჯერ გაიგე ცხოვრების არსი, გავიდეს რაღაც პერიოდი, სამსახიობო დაამთავრე და მიიღე გამოცდილება. უნდა იცოდე ურთიერთობა ნახატთან თუ ადამიანთან, მერე ისწავლე სარეჟისოროზე, არავინ გიშლისო. მამაჩემმა საკითხი სწორად დააყენა და ჩავაბარე სამსახიობოზე. დღევანდელი გადასახედიდან მეც ეგრე ვფიქრობ, თუმცა ზოგჯერ მაინც ვნანობ - ჩამებარებინა, რა!…დავრჩი პროფესიაში, რომელსაც მივეცი: სახლი, კარი, შვილი, ცოლი, დედა, მამა... ყველაფერი.

"სპორტის თითქმის ყველა სახეობაზე ვიარე"
- ძალიან მიყვარს სროლა და ისეთი ხარისხის თანრიგი მაქვს, რომ შეიძლება სნაიპერიც ვყოფილიყავი. იქ ხომ აღრიცხვა მიდის, 11000 ტყვია გავისროლე. თანრიგს იმის მიხედვით გაძლევენ, როგორ ისვრი და რამდენს. ადრე ასე იყო და ახლა, არ ვიცი. სროლაზე სკოლაში სწავლის დროს დავდიოდი. მე-6 კლასის შემდეგ, სპორტის თითქმის ყველა სახეობაზე ვიარე, ფეხბურთის გარდა. მათ შორის იყო კალათბურთი, ფარიკაობა, ცურვა, სირბილი... ჩემდა სამწუხაროდ, თხილამურებზე ვერ ვსრიალებ, სიმაღლის შიში ვერაფრით დავძლიე. იპოდრომზე სამი წელი ვიარე, ჩემი ცხენი მყავდა და ვუვლიდი. მერე იმ ცხენმა გადმომაგდო, ფეხი უზანგში დამრჩა, მთელი იპოდრომი ზურგით მათრია და სულ დამლეწა. ძმაკაცმა მიშველა, ცხენის თავი დაიჭირა და ისე გააჩერა. ცხენთან შეჩვეული ვიყავი, მაგრამ სამი კვირით გასტროლებზე წავედი და თურმე ცხენი თავლაში იყო გამოკეტილი. გარეთ არავინ გამოიყვანა, ამიტომ გაგიჟდა და ვერ მოვთოკე. ცხენს აღარ გავკარებივარ. მერე ბევრ როლზე უარი ვთქვი იმის გამო, რომ ცხენზე ჯდომა იყო საჭირო. ცხენიდან რომ ჩამოვვარდი, მთელი ზურგი გადაყვლეფილი მქონდა. იპოდრომზე მწვრთნელი ვინც იყო, ის კაცი მეხვეწებოდა: აიღე წკეპლა, ცხენი გალახე და მერე დაჯექი, დაგიჯერებსო. ისეთი გასისხლიანებული ვიყავი, მაგის თავი მქონდა? არ დავუჯერე და არ დავჯექი, თორემ დღეს შეგუებული ვიქნებოდი ცხენიდან გადმოვარდნას.

მუსიკალური თემები და გამოსახულება
- ბავშვობიდან მომდევს ინტერესი ყველაფრის მიმართ. კომპიუტერი რომ გაჩნდა პირველად, თავი მოვიკალი - მისი შეძენა მინდოდა მანქანაზე მეტად. შევიძინე და პედაგოგის დახმარების გარეშე ვისწავლე. ვიცი უამრავი ისეთი პროგრამა, რაზეც წარმოდგენა არა აქვს ბევრ ახალგაზრდას, რომელიც კომპიუტერშია ჩაყირავებული. ყველაფერი მაინტერესებდა ამ მანქანის შესახებ. კომპიუტერული გრაფიკა მინდა ვისწავლო და ვერ დავჯექი, რომ დავუთმო დრო ამ პროგრამის ათვისებას. ახლა ჩემთვის მთავარია მუსიკალური თემები და გამოსახულება (ვიდეო, ფოტო), რაც ყველაზე მეტად მჭირდება ბავშვებთან ურთიერთობისას. ძირითადად ამისთვის ვიყენებ კომპიუტერს.
მუსიკა მიყვარს ზოგადად და ეს ყველაფერს ამბობს. დღევანდელ ელექტრონულ მუსიკას არ ვეკარები, გემო ვერ გავუგე. ჩემი გადასახედიდან, კლასიკური ფუძე გამოცლილი აქვს და არა მგონია, რომ ის ღირებულია. სერიოზული როკის ფუძეც კი კლასიკაა. მაგალითად, "ფარფლების" პიანისტი ჯონ ლორდი, ძალიან მაღალი დონის მუსიკოსი იყო. ამ სუპერპროფესიონალის ჟღერადობას დღეს ვერავინ იმეორებს, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა პიკამდე მივიდა. ჩვენ ისეთ შემსრულებლებზე გავიზარდეთ, რომლებიც აკრძალულ ხილად ითვლებოდა და ამან სიღრმეებში ჩაგვახედა, გვაძრომიალა. მე-9 კლასში მეგობრებთან ერთად სკოლაში ანსამბლი მყავდა და კონკურსებში ვმონაწილეობდით. თანაკლასელები ვიყავით, 5 ბიჭი და ერთი გოგონა, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა. ამ გოგოს სახლში ვიკრიბებოდით, ინსტრუმენტები არ გვქონდა და გიტარებზე რაღაცას ვაწყობდით. მერე შევედი სკოლის დირექტორთან და ვთხოვე, ჩვენთვის მოესმინა. ალიოშა ცინცაძეს მოეწონა, მაგარი კაცი იყო და ინსტრუმენტები გვიყიდა. სკოლაში ერთი ოთახი მოგვცა, სადაც ყოველდღე გვქონდა რეპეტიცია, საღამოს ვიწყებდით და ღამის სამ საათამდე ვაგრძელებდით. გავიმარჯვეთ კონკურსში "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს" და საკავშირო დათვალიერებაზე რუსეთში უნდა წავსულიყავით, მაგრამ მშობლებმა არ გაგვიშვეს, პატარები ვიყავით.

დაბოლოს...
- არტ ჰოლს ახლა ყველაზე ცუდი პერიოდი აქვს. პანდემიაა, მაგრამ სტუდიის მიმართ ბავშვების დამოკიდებულება გასაოცარია. სკოლაზე არ ფიქრობენ ისე, როგორც აქაურობის ამბავს განიცდიან. ხშირად მოდიან და ეზოში სხედან, ახლაც 3-4 ბავშვია მოსული. მოდიან იმიტომ, რომ გარედან მაინც შეავლონ თვალი სტუდიას. აქ ძალიან დიდი სიყვარულია და ამიტომ ვერ ელევიან. სექტემბერში რა იქნება, არავინ იცის.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი