თხოვნა სახელმწიფოს - ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად - გზაპრესი

თხოვნა სახელმწიფოს - ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად

მომღერალი ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება: 12 წელია, ჯაბა კომაშია. მომღერლის დედამ ყველაფერი გაყიდა, რაც ებადა. შარშან ოჯახის ერთადერთი მარჩენალი - ჯაბას 80 წელს გადაცილებული ბებია (რომელიც შვილიშვილის დასახმარებლად, სუპერმარკეტებთან მოწყალებას ითხოვდა) ავტოკატასტროფას ემსხვერპლა... ჩვენ მომღერლის ოჯახის ახლობელი დაგვიკავშირდა, რომ სახელმწიფოს და საზოგადოებას ჯაბა ბოჯგუას ამბავი შეახსენოს და თხოვნით მიმართოს...

ბექა მხიარულაშვილი, ჯაბა ბოჯგუას ოჯახის ახლობელი:

- ქალბატონი მანანას - ჯაბა ბოჯგუას დედის მეგობარი ვარ. ვცდილობთ, ჯაბა სცენაზე დავაბრუნოთ, ვწვალობთ, ხალხს დახმარებას ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს. 12 წელია, კომაშია. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ბინის ქირას (მგონი - თვეში 400-500 დოლარს) გლდანის ადგილობრივი გამგეობა უხდის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. ასევე, სახელმწიფო პროგრამით, ჯაბას სპეციალური საწოლი მისცეს, რომელიც მას სჭირდებოდა. 12 წლის განმავლობაში, ჯაბა ბოჯგუა დღემდე ემიგრანტების წყალობით მოვიდა, მაგრამ პანდემიამ მსოფლიოზე ძალიან ცუდად იმოქმედა და გლობალური კრიზისი გამოიწვია. ამის გამო, ახლა ყველას თავისი პრობლემა აქვს. ჯაბასთვის სათანადო დახმარების გაწევა ვეღარ ხერხდება. მე და ქალბატონი მანანა პოსტებს ყოველდღე ვაქვეყნებთ, რომ ემიგრანტებს ჯაბა შევახსენოთ, მაგრამ მათაც თავიანთი გასაჭირი აქვთ. რომ არ უჭირდეთ, სხვა ქვეყანაში ხომ არ გადაიხვეწებოდნენ?.. სახელმწიფოსთან ერთი თხოვნა გვაქვს: ჯაბას ოჯახს 1-ოთახიანი ბინა მაინც გამოუყონ, რომ საკუთარ სახლში ჯაბა და დედამისი მშვიდად იყვნენ. იმის მოლოდინი არ ჰქონდეთ, რომ ერთ დღეს მეპატრონე ბინის დაცლას მოსთხოვთ და ქუჩაში აღმოჩნდებიან. როგორც აღვნიშნე, გლდანის გამგეობა ქირის ფულს თავად იხდის, მაგრამ ეს ხომ კეთილი ნებაა და არა - ოფიციალური კონტრაქტი? სამომავლოდ, დაზღვეულები რომ ვიყოთ, რომ მაგალითად, მეპატრონემ ბინის გაყიდვა არ მოისურვოს, რაც ჯაბას ოჯახს კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს, უმჯობესია, 1-ოთახიანი ბინა (25 კვ/მ მაინც რომ იყოს) საჩუქრად გადასცენ. ამით სახელმწიფო, უხეშად რომ ვთქვათ, თანხასაც დაზოგავს და ქალბატონი მანანაც მადლიერი იქნება... შარშან ჯაბას 83 წლის ბებია - ქალბატონი ქსენია, რომელიც სუპერმარკეტების წინ მოწყალებას ითხოვდა, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ჯაბას ოჯახს მისი ხელიც საგრძნობლად დააკლდა. ახლა ქალბატონი მანანა სახლსაა მიჯაჭვული, მისთვის საკვები პროდუქტის საყიდლად გასვლაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან 24 საათი ჯაბას გვერდით ზის, რომელიც თვალებით ახვედრებს, რა უნდა... იმის ფინანსური სახსრებიც არ აქვს, რომ ჯაბას ექთანი დაუქირაოს და ნაწოლებზე უმკურნალოს. ეს ყველაფერი ფიზიკურ შრომას უკავშირდება. ფიზიკური შრომისგან ქალბატონი მანანა უკვე ძალიან "გატეხილია". ფაქტობრივად, არ სძინავს... ჯაბას სპეციალური მომვლელი სჭირდება, რომელმაც ყველაფერი ზუსტად იცის.

GzaPress

- ჯაბას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რამე ცვლილება შეინიშნება?

- ბოლოს 2 თვის წინ ვესტუმრე. მასთან რომ მიდიხარ, ყველაფერს თვალებით გახვედრებს... მისი რეაბილიტაციის 1 კურსიც კი დიდ თანხას უკავშირდება... გვინდა, ხელისუფლებას ჯაბას ამბავი შევახსენოთ: ის ერთ-ერთი წარმატებული მომღერალი იყო. დღეს უკვე სცენაზე აღარ დგას. თავის სიმღერებზე ძალიან რეაგირებს... ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფოს მივმართავთ: იქნებ ჯაბას ოჯახს 1-ოთახიანი ბინა მაინც გამოუყონ, რადგან ვითარება ძალიან მძიმეა...

საზოგადოებას მოვუწოდებ, ყველასთვის ცნობილ და საყვარელ მომღერალს კიდევ ერთხელ დავეხმაროთ. ჯაბას სიცოცხლისთვის ბევრი რამ სჭირდება. თქვენ მიერ ჩარიცხული მცირე თანხაც კი მისი ოჯახისთვის შვება იქნება:

"თიბისი ბანკი" - საბანკო ანგარიში: GE26TB7447145061600017. მიმღები - მანანა გვასალია (დედა);

"ბილაინის" და "მაგთის" აბონენტებმა დარეკეთ:

დავეხმაროთ ჯაბა ბოჯგუას - 0901 700 039;

პირადი ნომერი: +995 599 40 00 13 - მანანა გვასალია.

ეთო ყორღანაშვილი