"მამაკაცთან სასიყვარულო სცენას ვერასდროს ვითამაშებ" - გზაპრესი

"მამაკაცთან სასიყვარულო სცენას ვერასდროს ვითამაშებ"

მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი ინტერვიუებზე თითქმის არასდროს თანხმდება. ამბობს, რომ მისთვის კომფორტული არ არის, დისკომფორტს კი ყოველთვის თავს არიდებს. ექსტრემალია, მოსწონს მძაფრი შეგრძნებები. რას ამბობენ მასზე, რის გამო იღებს საყვედურებს, რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე, რას არ გააკეთებს არანაირი თანხის სანაცვლოდ, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში და რა ვერ ისწავლა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1974 წლის 25 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ჯამბაზი. პატარა ვიყავი, ცირკში რომ წამიყვანეს და იქ ნანახი ჯამბაზი ძალიან მომეწონა. მსახიობობის სურვილი როდის გამიჩნდა, არ მახსოვს. ისიც კი არ მახსოვს, ოდესმე სხვა პროფესიაზე თუ მიფიქრია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...საშინელი ხასიათი აქვსო. პერიოდულად მართლა ცუდი ხასიათი მაქვს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბუნებრივია, ბევრ რამეს შევცვლიდი, ბევრ რამეს არ გავიმეორებდი, არც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებდი, რასაც ვიღებდი. ახლა ზუსტად ვიცი, მსახიობი არ გამოვიდოდი. პროფესიული არჩევანის გამო არაერთხელ მინანია. ამ ქვეყანაში ბევრი რამ დაუფასებელია, მათ შორის მსახიობის პროფესიაც. რასაც გასცემ, უკან არასდროს გიბრუნდება. საოცრად საინტერესოა, მაგრამ როცა რუტინად იქცევა, მერე თითქოს ხიბლი ეკარგება.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ალბათ ჯერ კიდევ წინ არის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...სამი არაჩვეულებრივი შვილი მყავს. ვისურვებდი უკეთესი მამა ვიყო, ვიდრე ვარ. საკუთარი თავით ამ მხრივ უკმაყოფილო გახლავართ. რა თქმა უნდა, გამოსწორების შანსი მაქვს, მაგრამ ადამიანები ხომ ზოგჯერ შანსებს ხელიდან ვუშვებთ.

GzaPress

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მოგზაურობის. ისეთ მოგზაურობას, როგორიც მინდა, ხშირად ვერ ვახერხებ. თეატრიდან გასტროლები კი გვაქვს, მაგრამ თან ვმუშაობთ და ამიტომ მთლად ჩემს ჭკუაზე ვერ ვარ (იღიმის). საჭირო თანხა რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით წავიდოდი კუბაში. ლათინოამერიკაში ნამყოფი ვარ და ძალიან მოვიხიბლე, მომწონს იქაური ეგზოტიკა.

- ადამიანი, ვისთან ერთადაც ვიმოგზაურებდი...

- ...ალბათ მარტო წავიდოდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პრინციპულობაა. ადამიანებთან ურთიერთობისას ვაზელინს არ ვიყენებ, ჩემში ეს თვისება განსაკუთრებით მომწონს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...სიფიცხე, ფეთქებადობა. მგონია, ეს არ "იკურნება". ზოგჯერ ისეთი მომენტები მახსენდება, ცოტა უხერხულობასაც ვგრძნობ.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ხშირად ვიმეორებ. ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ, მაგრამ ვერ დავაკონკრეტებ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი შეიგნებს, რომ ჩემს წინაშე მიქარა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიება ძნელია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...თუ გლობალურ მომავალს ვიგულისხმებ, ცოტათი მშვიდად ვარ, რადგან ვხედავ, უკეთესი თაობა მოდის, ვიდრე ჩემი თაობა იყო. პირადად ჩემს ან ჩემი შვილების მომავალს როგორ ვხედავ, ამის თქმა მიჭირს, უკეთესის იმედი მაქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, რომ მოხდეს მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ სასიამოვნოდ გვაოცებს.

- ვიბნევი...

- ...ხშირად. განსაკუთრებით მაშინ, როცა მაქებენ და ვიცი, ის, რასაც ამბობენ, ისე არ არის.

- ვნანობ...

- ...რას ვნანობ, ამას ჩემთვის დავიტოვებ, საჯაროდ აღსარებას ვერ ვიტყვი.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, როცა...

- ...უსამართლობას ვაწყდები. არ აქვს მნიშვნელობა, მე მეხება ეს თუ სხვას.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- კუბაზე.

- ჩემი ჰობია...

- ფრენა, ძალიან მიყვარს.

- მეზარება...

- ...წვერის გაპარსვა.

- სიყვარული ეს...

- ...ქიმიური პროცესია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მაშინ არ ვიცოდი, ქიმიური პროცესი რომ იყო.

- ჩემი მეუღლე...

- ...დიდი მადლობა მას, რომ სამი არაჩვეულებრივი შვილი მაჩუქა.

- ხშირად მაკვირვებს...

- ...ადამიანების ბლაგვი შეუვალობა, კატეგორიულობა და განსხვავებული აზრის მიუღებლობა, არმოსმენა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...რაიმე კონკრეტულს ვერ დავასახელებ: მოწევამ, კარგმა შემთხვევამ, სასიამოვნო ამბავმა...

- ვრისკავ...

- ...ყოველთვის, როცა სახლიდან გამოვდივარ, როცა მთიდან ვფრინდები. საფრენი ამინდი თუ არის, ჩემს "პარაპლაინერ" მეგობრებთან ერთად დავფრინავ. ექსტრემალი ვარ, მაგრამ მაშინ არ ვფიქრობ იმაზე, რომ ვრისკავ, მძაფრი შეგრძნებები მომწონს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ბევრი სისუსტე მაქვს, ყველაზე მეტად - ლამაზი ქალები.

GzaPress

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...აღარ ვიცი, ჩემი უზარმაზარი თავი სად შევყო. უხერხულობის მძაფრი განცდა მეუფლება; იმდენად მძაფრი, რომ სიხარულს ფარავს. ზოგჯერ ამ სიხარულის დასამალადაც მინდა დავიმალო.

- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...ჩემი რიტუალი მაქვს, რომელზეც საჯაროდ არ ვლაპარაკობ.

- მეშინია...

- "...სიცივისა, ზამთარში რომ იცის". კიდევ ბევრი რამის მეშინია. ზოგჯერ ჩემს ნათქვამს სწორად ვერ იგებენ, სხვა რამეს ვამბობ და სხვაგვარად ესმით, მერე რაც მეტად ვამტკიცებ, ეგრე არ მითქვამს-მეთქი, უფრო და უფრო არ მიჯერებენ. სიკვდილის მეშინია, მეშინია მეზობელთან ჩემგან წყალი არ ჩავიდეს.

- განცდა, რომ ადამიანებს ჩემი არ ესმით...

- ...ხანდახან მაქვს. ზოგჯერ განმარტოების სურვილიც მიჩნდება.

- ვმალავ...

- ...თუ გითხარი, დამალული აღარ გამოვა.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ვარ უყურადღებო. რადგან მსაყვედურობენ, ალბათ მართლები არიან.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ბევრ რამეს, პირველ რიგში - თავის ფორმას (იცინის).

- ვუფრთხილდები...

- ...საკუთარ ნერვებს, მაგრამ არ გამომდის.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ათამდე დათვლა, სანამ გავბრაზდები.

- ვიტყუები, როცა...

- ...სიმართლე უფრო დიდი ზიანის მომტანია.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...როცა წარსულიდან რაღაც მომენტებს ვიხსენებ.

- თავისუფლება არის...

- ...ძალიან ინდივიდუალური ცნება. ხშირად თავისუფლებაზე ისეთი ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებიც ყველა მხრიდან შეზღუდულები არიან და ამას თვლიან თავისუფლებად. ჩემთვის თავისუფლება მიზანია, რომლისკენაც მივილტვი და რაც უფრო ბრძოლის ეშხში შევდივარ, მეტად თავისუფალი ვხდები.

- როცა მარტო ვარ...

- ...ეს ხშირად ხდება და სიმართლე გითხრა, მარტოობა ჩემთვის დიდი დისკომფორტი არ არის.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არ მოვატყუებდი ხალხს, ძალაუფლებას ხელში არ ჩავიგდებდი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი არ ვიქნებოდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...მამაკაცთან სასიყვარულო სცენას ვერასდროს ვითამაშებ. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ მინდა ის ვაკეთო, რაც სიამოვნებას მომანიჭებს. მსგავსი სცენებისგან მე სიამოვნებას ვერასდროს მივიღებ, იმედია, ამ სიტყვებს ჰომოფობიაში არ ჩამითვლიან. მყარ საფუძველზე მდგომი ნატურალი ვარ, ამის გაკეთება იქაც კი გამიჭირდება.

- მენატრება...

- ...უდარდელი ბავშვობა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ქვეყნად არსებობენ ადამიანები, რომლებიც მშველიან და ცხოვრებას მიადვილებენ, მადლობა მათ თანადგომისთვის.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთმა ქალბატონმა სტუდენტობისას დამარიგა, სანამ გაბრაზდები, ათამდე დაითვალეო და ამას დღემდე ვერ ვახერხებ.

- ინტერვიუებზე უარს ვამბობ...

- ...რადგან ჩემთვის ეს კომფორტული მდგომარეობაა არაა. არ ვიცი, მკითხველი ამას რამდენად იგრძნობს, მაგრამ შენ ხომ იცი, პასუხების გაცემაზე როგორ ვიწვალე. ასეთი რამეები არ მიყვარს, მაგრამ როგორღაც დამითანხმე და გამონაკლისი დავუშვი.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გაიღიმეთ!

თამუნა კვინიკაძე