ირმა გურიელის აღსარება - გზაპრესი

ირმა გურიელის აღსარება

ირმა გურიელის შემოქმედებითი ცხოვრება ძალზე მრავალფეროვანი და მრავალმხრივია: მსახიობი, პირველი თაობის ტელედიქტორი, არაერთი პრემიის, პოეტური კრებულის, სცენარისა და 70-მდე სიმღერის ტექსტის ავტორი გახლავთ, მაგრამ ეს სრული ჩამონათვალი არ არის. მისი მიღწევების ერთ სტატიაში ჩატევა შეუძლებელია. ქალბატონი ირმა ახლახან სერიალში "თესეა" გადაიღეს, თბილი და მზრუნველი ესმა ბებიას როლი ისე მოირგო, არ გასჭირვებია, დანარჩენს კი თავად გვიამბობს.

- ხელოვანების ოჯახში ვიზრდებოდი. სცენა ჩემგან შორს არ იყო, ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი, მსახიობი გავმხდარიყავი, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, კინომსახიობობა მინდოდა.

- სანამ პროფესიონალი მსახიობი გახდებოდით, სპექტაკლებში მანამდეც თამაშობდით, არა?

- მხატვრული კითხვა მიყვარდა და ხშირად დედასთან ერთად გამოვდიოდი. დედა გიტარაზე უკრავდა, აკომპანემენტს მიკეთებდა. 15 წლის რომ გავხდი, უკვე თეატრში ბიჭის როლის შემსრულებლად მიმიწვიეს.

- ბიჭის რატომ?

- საკუთარი თავი როგორ ვაქო, მაგრამ... სწავლაშიც და შემოქმედებითი კუთხითაც გამორჩეული ბავშვი ვიყავი. მხატვრული კითხვის ოსტატად მაღიარებდნენ. დიდი დიაპაზონის რეგისტრი მაქვს. პატარა ბავშვის ხმითაც შემიძლია ვილაპარაკო და - მამაკაცის ხმითაც.

GzaPress

- ეს სერიალის გახმოვანებებისთვის ძალიან გამოგადგათ: როგორც ვიცი, ერთ სერიალში რამდენიმე პერსონაჟს ახმოვანებდით.

- ნამდვილად ასე იყო. "ველური გულის" გახმოვანება 1995 წელს დავიწყეთ. იქ ერთი სცენა იყო, სადაც ბიჭი და გოგო, სერაფიმი და ასუსენა ჩხუბობდნენ. ორივე პერსონაჟი მე ვიყავი. საოცარი სამუშაო იყო. ამაში მსახიობის ოსტატობასთან ერთად, მუსიკალური ნიჭიც დამეხმარა. საერთოდ, ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა.

ჯერ დედასთან ერთად ვმღეროდი, შემდეგ - სახელმწიფო საესტრადო ორკესტრში "რერო". რუსთაველის და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში ვთამაშობდი. შემდეგ, ჩემდა საბედისწეროდ, ტელევიზიის დიქტორთა კონკურსი გამოცხადდა და... ტელევიზია რომ დაარსდა, 15 წლის ვიყავი და 2 წელიწადში უკვე თეატრალურის სტუდენტი გავხდი. როგორც მხატვრული კითხვის ოსტატს, რედაქციაში ხშირად მიწვევდნენ. როცა დიქტორთა კონკურსი გამოცხადდა, თეატრში ზენიტში ვიყავი, ჩხეიძის, გაწერელიას, თუმანიშვილის, მაღალაშვილის გვერდით ვმუშაობდი. მოზარდ მაყურებელთა თეატრი ერქვა, მაგრამ ჩემს სპექტაკლებზე ნამყოფი არიან: სერგო ზაქარიაძე, დავით კლდიაშვილის შვილი - სერგო. ძალიან წარმატებული სეზონი გვქონდა, არაერთ ფესტივალზე გამოვდიოდით. როდესაც დიქტორთა კონკურსი გამოცხადდა და შევხედე, როგორი ვარსკვლავები გადიოდნენ, უარის თქმა დავაპირე - აქ რა მინდა-მეთქი?! თან, იმ დღეს გასაუბრებაზე სპექტაკლიდან მივედი, პერსონაჟის ჩაცმულობითა და ვარცხნილობით, რადგან გამოცვლა ვერ მოვასწარი. ბოლო უნდა გავსულიყავი, მაგრამ გამოვიხურე კარი და ის იყო, გამოპარვას ვაპირებდი, რედაქტორმა შემამჩნია. ის მიცნობდა. სანამ ტელევიზიაში სატელევიზიო თეატრი შეიქმნებოდა, სადადგმო რედაქცია არსებობდა. ოთარ კობერიძემ დადგა სპექტაკლი "მეშვიდე", სადაც მთავარი როლი შევასრულე, ბატონი ოთარი ჩემი პარტნიორი და თან, რეჟისორი იყო. რედაქტორი გამომყვა, - სად მიდიხარო? - აქ ამდენი ცნობილი სახეა და მე რა მინდა? თეატრში ყოფნა მირჩევნია-მეთქი. უცნაური ხასიათი მაქვს, საკუთარი თავისთვის არაფრის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ თუ გავბრაზდები, იმ ცნობილი ფილმისა არ იყოს, მხოლოდ მაშინ "ვისვრი". იმ ქალბატონმა მითხრა, არ მეგონა, ასეთი მშიშარა თუ იყავიო. ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა და უკან მივბრუნდი. ორი ტური წარმატებით გავიარე, მესამე ტურზე აღარ მივედი. რომ არ გამოვცხადდი, ქალბატონმა რებეკა მესხიშვილმა დამიბარა და მითხრა, - მე თქვენი გამოსვლის ჩანაწერი არ მინახავს, მაგრამ კომისიის ყველა წევრი ერთხმად გითხოვთ და მიზეზი რა გაქვთ, რატომ არ მოხვედითო? ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ტელევიზიაში მიმიღეს.

GzaPress

- და ასე დაიწყო ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდა.

- ეს გზა ერთდროულად გოლგოთაც იყო და წარმატებებით აღსავსეც. ტელევიზიაში რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ შემოქმედებითი თვალსაზრისით, ასეთი ასპარეზიც არ მექნებოდა. არასდროს არაფერი მიძებნია, ეს საქმეები ჩემთან თავისით მოდიოდა. პირველი ფილმი, რომელიც ფართო ფირზე გადავიღე, ჩემს პედაგოგს ეძღვნებოდა. გადაღება კი უცნაურად მოხდა. ტელევიზიაში მისაღები კომისიის თავმჯდომარე ვინც იყო, ერთ დღეს შემხვდა და მითხრა: ირმა, ერთი კაცი გავიცანი, აღფრთოვანებული ვარ, ის შენი პედაგოგი ყოფილა, სამუშაოდ მოსკოვში გადავდივარ, ვერ ვასწრებ, ამიტომ გთხოვ, იქნებ მასზე რაიმე გადაცემა გააკეთო, ეს რომ არ მოხდეს, საფლავშიც ვერ მოვისვენებო. ლაპარაკია ალექსანდრე ტოგონიძეზე. ის დრამწრეში მამეცადინებდა. ძალიან საინტერესო და ნიჭიერი პიროვნება გახლდათ, ამავე დროს - გულისხმიერი, თბილი, გულჩვილი. ქუჩაში გაჭირვებულ ბავშვს თუ ნახავდა, მოჰყავდა და მასზე ზრუნავდა. სცენარი იმ ღამესვე დავწერე, ტელევიზიის ხელმძღვანელობას წარვუდგინე და ფართო ფირზე ფილმი გადავიღე. შემდეგ ტელევიზიის საესტრადო ორკესტრისთვის ლექსი დავწერე. სულ 70-ზე მეტი სიმღერის ტექსტის ავტორი ვარ. ამ სიმღერების უმრავლესობა ჰიტია, მაგრამ ხალხმა არ იცის, ავტორი ვინ არის.

ჩვენთან ეს კულტურა არ იყო, ლექსების ავტორებს არ აცხადებდნენ. თამარ გვერდწითელის მიერ შესრულებულ "საქართველოს" მსოფლიო იცნობს. ეს ტექსტი მზა მელოდიაზე დავწერე. მთხოვა, - ორკესტრის რეპეტიცია მაქვს, როგორმე იქნებ მოხვიდეო. მივედი. ის რომ ღიღინებდა, დარბაზიდან არ გამოვსულვარ, ტექსტი იქვე დავწერე.

"ალავერდის" მელოდია გოგი კალანდაძემ გიტარაზე მომასმენინა. მერე თამრიკომ დამირეკა, - ხვალ დილით პოლონეთში მივდივარ, ფესტივალია, ყველაფერი მზად მაქვს და ამ მელოდიისთვის ტექსტი იქნებ დამიწეროთ, დილის 8 საათზე აეროპორტში უნდა ვიყოო. 8-ს წუთები აკლდა, დავურეკე, ტექსტი ჩავაწერინე და პირველად პოლონეთში იმღერა.

მედეა ძიძიგურისა და ჯემალ სეფიაშვილის შესრულებული "ჭაღარა" ყველას ძალიან უყვარს, ჩემი დაწერილია.

მერაბ სეფაშვილის შესრულებული "საგალობელი"; ასევე - "თბილისო ჩემო, ოცნებავ ჩემო", რომელიც უკვე ვინ აღარ იმღერა!.. "ისევ ქალი წაიღებს", "დრო არ იცდის, არა", "უთქმელი სევდა"... - რომელი ერთი ჩამოვთვალო?! ზოგიერთ ლექსს მზა მელოდიაზე ვწერდი, ზოგიერთზე კი შემდეგ დაიწერა მელოდია.

სატელევიზიო სპექტაკლში "კუკარაჩა" რებეკას როლი შევასრულე. ძალიან პოპულარული სახე გამოვიდა. ნოდარ დუმბაძე ყოველი შეხვედრისას თანმხლებთ ეუბნებოდა, - ეს იცით, ვინ არის? ჩემი საყვარელი რებეკა.

- დიქტორობის პერიოდში თეატრში აღარ თამაშობდით?

- მეუბნებოდნენ, ვიდრე დიქტორი ხარ, სპექტაკლებში როგორ გადაგიღოთო?.. როდესაც გადაცემების პროგრამას და "მოამბეს" კითხულობ, ცოტათი უხერხულიაო. შემდეგ სატელევიზიო თეატრი გაიხსნა და იქ გადავედი. პარალელურად რადიოსპექტაკლებზე ვმუშაობდი, რედაქტორიც ვიყავი, სცენარებსაც ვწერდი, გადაცემას ვაკეთებდი...

- თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფია შთამბეჭდავია, ამდენს როგორ ახერხებდით?

- მიუხედავად ყველაფრისა, სულ მქონდა უკმარისობის გრძნობა. ვფიქრობდი, რაღაცას ვერ ვაკეთებ, ისე ვერ ვიხარჯები, როგორც მინდა, დავიხარჯო-მეთქი. ჩემი შვილი რეჟისორია. 8 წლის განმავლობაში ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. იქ როკოპერის დადგმისას, ლიბრეტოს დაწერა იყო საჭირო. ვისაც შესთავაზეს, ზოგმა უარი თქვა, ზოგს არ გამოუვიდა. ბოლოს მე დამირეკეს, იქნებ შეძლოო. 2 თვე მომცეს ვადა და 2 კვირაში დავწერე. დღე და ღამე გავასწორე. როცა მუშაობას ვიწყებ, ჩემთვის დრო არ არსებობს.

ახლახან გავაკეთე ფილმი აფხაზეთზე. ახალგაზრდებზე, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდიან და ურთიერთობა აქვთ თავიანთ თანატოლებთან, ჩვენი მომავლისთვის ეს ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჩვენს პატრიარქს ტრილოგია მივუძღვენი. ზოგჯერ მაქვს განცდა, ამ ლექსებს რაღაც ძალა მაწერინებს. ამ საქმეებს რაღაც ძალა მაკეთებინებს. ამის ახსნა არ შემიძლია. "ღვთისმშობლის სავედრებელიც" ამ ძალამ დამაწერინა: "ისმინე ჩვენი ვედრება,/ ღვთით კურთხეულო დედაო/ და მოგვიტევე ცოდვები, რასაც ხედავო"... მერაბ სეფაშვილი მღერის. "ათასჯერ ჯვარზე გაკრულო, გტანჯეს და ვერა გძლიესო, ამოგიძირკვეს ვენახი დაგარბიესო"... - ეს სიტყვები თავისთავად მოვიდა. ახლახან ჩემს შემოქმედებას გადავხედე, დალაგება, დახარისხება მინდა და თავგზა ამებნა, საიდან დავიწყო, ვერ გავიგე.

GzaPress

- მიამბეთ, ესმა ბებო როგორ გახდით?

- კასტინგი გამოცხადებული ყოფილა, მთელი საქართველო შემოუვლიათ, მაგრამ მე არაფერი გამიგია. თურმე ყველა როლისთვის იპოვეს მსახიობი, მაგრამ ესმა ბებოს ვერ იქნა და ვერ მიაკვლიეს. ძლიერი, კეთილშობილი ქალი უნდა ყოფილიყო. გადაღებებს ამ გმირის გარეშე ვერ იწყებდნენ. ერთ დღეს ეკა მჟავანაძემ დამირეკა, იქნებ მოხვიდეო. სატელევიზიო სპექტაკლში ეკა ჩემი შვილის როლს ასრულებდა და კარგად მიცნობდა. მივედი. ერთი სცენა ჩაწერეს, ესმა ბებო შვილიშვილს ტელეფონით ელაპარაკება. სცენარში ეწერა: "თუ უსამსახურო, უცოლშვილო და უბედური ხარ, ჩამოდი, ბებია, ჩემთან". ასე ეწერა. მე ვთქვი: "...ჩამოდი, ბებო, ჩემთან". ეკამ მითხრა, უიმე, ისე კარგად თქვი, ცუდად გავხდი, "ბებო" დატოვე, ისე, როგორც თქვიო. მე ჩემი ბებიებისგან ისეთი სითბო მქონდა გამოყოლილი, სიტყვა "ბებო" თავისით მოვიდა. ჩემს შვილიშვილებსაც ასე მივმართავ. მგონი, ურთიერთობის ეს ფორმა წარსულში დარჩა. ახლა ბებოებს უმეტესად, სახელებით მიმართავენ. ქეთი დევდარიანის სცენარში ეს პერსონაჟი დადებითია, მე ჩემებური სითბო შევმატე. გიორგი ლიფონავა ძალიან დამეხმარა. რეჟისორისა და მსახიობის ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მან იმდენად ირწმუნა, რომ ესმა ბებო ვიყავი, ჩვენ ამ პერსონაჟზე არ გვისაუბრია. სრული შემოქმედებითი თავისუფლება მომცა. ეს პერიოდი ესმა ბებიას ცხოვრებით ვცხოვრობდი. არაჩვეულებრივი გარემო იყო. როგორც შემოქმედებითი, ასევე ტექნიკური ჯგუფის წევრები შეხმატკბილებულად მუშაობდნენ. მსგავსი კომფორტი მქონდა ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმზე - "ჩემი ბედნიერი ოჯახი" მუშაობისას, ოღონდ იქ ეპიზოდური როლი შევასრულე. "თესეას" გადაღებებზე კამერა არ მიგრძნია, არც ვნახულობდი, ჩემი კადრები როგორი გამოდიოდა.

- რატომ არ ნახულობდით?

- რომ ნახავ, შეიძლება, რაღაც არ მოგეწონოს, მერე იწყებ თვითკრიტიკას ან თუ აღფრთოვანდები, ცდილობ, იგივე მდგომარეობა შეინარჩუნო და მერე გადადიხარ თამაშში. მე თავიდანვე უარვყავი ეს ყველაფერი და საკუთარ შეგრძნებებს მივენდე. არც ერთი გადაღებული კადრი არ მინახავს. ინტერნეტში უამრავი გამოხმაურებაა, მწერენ, რომ ესმა საუკუნის ბებიაა, რომ ის ძალიან უყვართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი ბებია გამომივიდა. დიქტორობიდან მოყოლებული, ხალხის ყურადღება არ მაკლდა. ისეთ სიტყვებს მწერენ, გული მიჩუყდება. რამდენიმეს მივწერე, რატომ ამატირეთ-მეთქი?!. ბედნიერებაა, მაყურებელი ასეთი სიყვარულით თუ მიყურებს.

- რეალურ ცხოვრებაში როგორი ბებია ხართ?

- სამი შვილიშვილი მყავს, სამივე გოგოა და თან, ერთმანეთზე ლამაზები. ეკრანზე რომ მხედავენ, მოსწონთ და ბედნიერები არიან. განსაკუთრებით პატარა გოგო აქტიურობს, ის ჯერ მხოლოდ 9 წლის არის, მაგრამ არტისტადაა დაბადებული. ერთი შვილიშვილი სამედიცინოს ამთავრებს, მეორე - საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტს და მგონი, მესამე ჩემს კვალს გაჰყვება.

- ისეთი გენეტიკა აქვს, რა გასაკვირია, რომ ეს არჩევანი გააკეთოს? თუ შეიძლება, თქვენი და მერაბ თავაძის ურთიერთობის შესახებ მიამბეთ. ოჯახი ადრეულ ასაკში დაგენგრათ.

- 26 წლის ვიყავი, როცა ოჯახი დაგვენგრა. უკვე ორი შვილი მყავდა, მათ შორის ხუთწელიწად-ნახევარია სხვაობა.

- ამდენი საქმის პარალელურად, მარტოხელა დედობა რთული არ იყო?

- ძალიან რთული იყო, მაგრამ შევძელი. როცა სხვა გზა არ მქონდა, ბავშვი რეპეტიციაზეც კი მიმყავდა. დღეს ორივე ხელოვანია: ზვიად თავაძე მსახიობია, გიორგი თავაძე - რეჟისორი. კარგ ადამიანებად აღვზარდე, მგონი, ერთი პატარა ქალის მოვალეობა პირნათლად შევასრულე.

- ორი პოეტური კრებულის ავტორი ხართ, მესამე კრებულის გამოცემას ხომ არ გეგმავთ?

- აუდიოწიგნი უნდა ჩამეწერა, მაგრამ სერიალის გადაღებების პარალელურად, ვეღარ მოვახერხე. მოგეხსენებათ, გალაკტიონის პრემია მაქვს მიღებული. დიდი სურვილი მაქვს ჩავწერო გალაკტიონის ლექსები. ანა კალანდაძემ მისი ლექსების ჩაწერა სიცოცხლეშივე მთხოვა და ჯერ ვერ შევუსრულე. ეს რომ არ გავაკეთო, ვერ მოვისვენებ. ჩანაფიქრები გაგანდეთ, დანარჩენი ღმერთზე მაქვს მინდობილი.

- უღრმესი მადლობა ინტერვიუსთვის!

- ინტერვიუს დასასრულს აღსარება უნდა გითხრათ, ეს ძალიან მაწუხებს. თავის დროზე ჩემი პოეზიით რევაზ ლაღიძე დაინტერესდა. მთხოვა, იქნებ ლექსები მომიტანოო. რა თქმა უნდა, ვიცოდი, ის რამდენად დიდი შემოქმედი იყო. როგორც კი სახლში მივედი, ერთი ლექსი მას დავუწერე. მაგრამ ჩემი ლექსების მიტანა ვერ შევბედე. მაშინ კრებულიც არ მქონდა გამოცემული, ბავშვების რვეულებში მეწერა, არც ვიცოდი, სად რა მქონდა მიწერილი. გარკვეული დროის შემდეგ, ბატონი რეზო ტელევიზიაში შემხვდა და დანახვისთანავე მკითხა, - ირმა, ლექსები სად არის? შენ თუ არ შეგიძლია, თავად მოვალ და მე წამოვიღებო. ისე ძალიან შემრცხვა, ადგილს მოვწყდი, სახლში დავბრუნდი, ერთი ლექსი, რომელიც "სალფეთქზე" მქონდა დაწერილი, სასწრაფოდ გადავწერე და მივუტანე. სათაურიც არ ჰქონდა, თავად - "რა ეჭვიანი ყოფილხარ" დაარქვა და მუსიკა დაწერა. დამირეკა და მითხრა, - ჩემთან მოდი, მუსიკა ცალხელამ დავწერე, მაგრამ ორხელიანიც რომ ვერ დაწერს, ისეთიაო. ქალთა გუნდისთვის ჰქონდა დაწერილი. მალე შეუძლოდ გახდა. მივედი და ვკითხე, - ეს სიმღერა ვინ გინდათ, რომ იმღეროს-მეთქი? - მუსიკალური სასწავლებლის გუნდია, "ია" ჰქვია, უკვე მომასმენინეს და მომეწონაო. იმდენი მოვახერხე, რომ ამ გუნდის წევრები სიმღერის ჩასაწერად სტუდიაში მივიყვანე... ლაღიძის დაკრძალვის დღეს, ეს სიმღერა ეთერში გავუშვი. სამწუხაროდ, მეტი ვერაფერი შევძელი. ეს მისი უკანასკნელი სიმღერა იყო. იმ პერიოდში ჩემი კრებულიც გამოვიდა და რომ მივუტანე, მისაყვედურა, - ირმა, ეს ლექსები აქამდე სად იყოო?.. პანაშვიდზე რომ მივედი, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა თინამ მომატირა, - მეორე ლექსზეც დაიწყო სიმღერა და ვეღარ დაასრულაო... ეს ამბავი მთელი ცხოვრება მაწუხებს. ზედმეტი მოკრძალებულობის გამო დამემართა. საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, ხალხს რეზო ლაღიძის შედევრები დავუკარგე და მე ხელიდან უკვდავება გავუშვი.

თამუნა კვინიკაძე