ნამგალა მერცხალი და მისტიკური ამბები გია ნიკოლაძის ცხოვრებაში - გზაპრესი

ნამგალა მერცხალი და მისტიკური ამბები გია ნიკოლაძის ცხოვრებაში

მომღერლის, მუსიკოსის, პოეტისა და რეჟისორის - გია ნიკოლაძის ცხოვრებაში ნამგალა მერცხლის გამოჩენა ახალ ეტაპს უკავშირდება: გია ნიკოლაძეს გარემოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩნდა და რაც მთავარია, ლექსების წერა დაიწყო, მისი ინსპირაციის წყარო კი - ნამგალა გახლავთ. ნამგალა მერცხალი ახლა უკვე გიას სახლის აივანზე ოჯახით ცხოვრობს, თუმცა მანამდე ჩიტებთან დაკავშირებული ბევრი ამბავი იყო, რომლის შესახებაც პოემის - "ჩიტის მოტანილი ამბავი" ავტორი თავად გვესაუბრება.

- 15 წლის წინ, ნამგალა მერცხალი რომ მოფრინდა, ჩემი მეგობრის - სერგო გვარამიძის ოფისში ვიყავით, ფესტივალს ვგეგმავდით... ჩიტი სახლში წამოვიყვანე. მერე ხელებზე "დამაყარა" - იეროგლიფებივით გამომესახა... თავდაპირველად, მიზეზი ფრინველის გრიპი მეგონა, მაგრამ დედაჩემმაც შენიშნა - ხელებზე რა გაწერიაო?!. ნამგალას მოფრენამ წერა დამაწყებინა. მივხვდი, იდეების მოსვლა და მთელი ამბავი ამ ჩიტის "ბრალი" იყო. ეს დავაკავშირე ჩემს პოემასთან - "ჩიტის მოტანილი ამბავი". თან, რასაც ვწერდი, რომ წავიკითხე, ჩემი ნააზრევი ნამდვილად არ იყო. დავაფიქსირე, ეს არის ფრინველების ძალა... უცნაური იყო...

- ნამგალას რა ბედი ეწია?

- ღამით შინ მყავდა. დილით ჩემმა ძმამ - სანდრომ ისევ იმ ოფისში წაიყვანა და გაუშვეს... ახლა მოგიყვებით, ჩიტებთან დაკავშირებით, საერთოდ, რა ხდება:

1 წლის შემდეგ, ნამგალას შესახებ ჩემს მეგობრებს - ნიკუშა ახვლედიანს და ბენჯი ბაიდაშვილს ვუყვებოდი. ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვიყავით. ცოტა დავლიეთ... რომ ჩამოვედით, ამფითეტრის შუაში, სკამზე, კვარცხლბეკივით ადგილზე, ბუმბული დაგხვდა - თითქოს ჩამაგრებული იყო. ძალიან განვიცადეთ, რადგან მეგობრებს ვესაუბრებოდი, - ჩიტმა წერა დამაწყებინა. თურმე, ჩიტის მიერ ამბის მოტანა ზღაპარი კი არა, სერიოზული ამბავი ყოფილა-მეთქი... ნაპოვნი ბუმბული თითო-თითო თვით სახლში გვქონდა, როგორც თილისმა...

ცოტა დრო რომ გავიდა, მე და ჩემი მეგობარი - გოგი კვერნაძე აბასთუმანში საშიმშილოდ (ბრეგის დიეტის დასაცავად) გავემგზავრეთ. გზაში პოლიციამ გაგვაჩერა და კარგა ხანს დაგვაყოვნა. გზა რომ განვაგრძეთ, ვთქვით, - ალბათ, ტყუილად არ გაგვაჩერეს: რაღაც ცუდი უნდა დაგვმართოდა და ხიფათს ავცდით-თქო. მართლაც დიდი, ჩამოვარდნილი ლოდი დავინახეთ. გარშემო ყვითელი ლენტი ჰქონდა შემოხვეული. მაისი იყო. ავტომობილის მინები ოდნავ ჩამოწეული გვქონდა. დაახლოებით 200 მეტრი გავიარეთ. ბორჯომის გზაზე ვიყავით, როცა გოგის ვუყვებოდი, ნამგალა ჩიტი ხელში რომ მეჭირა და იეროგლიფების მსგავსი გამონაყარი გამიჩნდა, წერა დამაწყებინა, მერე კი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩიტის ბუმბული რომ ვნახეთ... ზუსტად იმ წუთში ბრახუნის ხმა გაისმა და გაქანებულ ავტომობილში ჩიტი შემოვარდა. მანქანა გავაჩერეთ. ფრინველი "დარეტიანებული" იყო. თავზეც დამაჯდა... კარი გავაღეთ (ავტომობილში ძაღლიც გვეჯდა). ჩიტი გაფრინდა და იქვე დაჯდა. გოგის ვუთხარი, - მანქანა გააჩერე. ჩიტის შესახებ გიამბობდი და ავტომობილში ჩიტი შემოფრინდა. ხელი უნდა მოვკიდო. იქნებ, კიდევ "დამაყაროს" და რამე ახალი დავწერო-მეთქი... - წამოდი, წამოდი, წავედითო, - გოგიმ "გაზს" მიაჭირა და გზა განვაგრძეთ. ვეღარ ვუთხარი, - გააჩერე, უნდა გადავიდე-მეთქი, რადგან მისი წამოყვანილი ვიყავი...

აბასთუმანში ყოფნის მერვე დღეს, მინდორზე დავწექი. 8 დღის უჭმელს გონება გახსნილი მქონდა და იცი, რას მივხვდი? ბუნებას, დედამიწას ჩიტების ხმა აქვს, თავად დედამიწა კი ლურჯი ფრინველია, მხატვრულად რომ აღვწეროთ... ჩიტების ხმა პოლიფონიასავითაა, გურულ "კრიმანჭულს" ჰგავს. ერთი ჩიტის ხმა დამამახსოვრდა - პულსაციას მივამსგავსე. ვიფიქრე, - ამას პულსი "უჭირავს"-მეთქი. უცებ, გამახსენდა: ზღაპრებში ადამიანი ცხოველს ან ფრინველს რომ გადაარჩენს, გადარჩენილი კი თავის ბეწვს ან ბუმბულს ადამიანს დაუტოვებს და ეტყვის: დაწვი და შენთან გავჩნდებიო. ავდექი, ავტომობილში პატარა ჩიტის (რომელიც გზად მანქანაში შემოგვიფრინდა) ბუმბული ვიპოვე და უბრალოდ, დავწვი - არაფერი ჩამითქვამს. ვიფიქრე, - აბა, ამ ამბავს რა მოჰყვება-მეთქი?.. 4-5 საათი გავიდა. მე და გოგი კვერნაძე ოთახში, ლოგინებზე ვიწექით. ჩვენთან ერთად კიდევ ერთი ბიჭი იყო, რომელიც ღუმელში შეშას უკეთებდა (მაისის ბოლო იყო, მაგრამ აბასთუმანში საღამოობით ცივა). უცებ დავინახე, რომ აივანზე რაღაც ვეებერთელა დაჯდა. კარგად შევხედე და ძალიან დიდი (დაახლოებით 50 კილო) არწივი იყო! - არიქა, გოგია, ახლა არ დააფრთხო, ისე შეხედე, სასწაული-მეთქი, - ვუთხარი მეგობარს, მერე კი მოვუყევი, რამდენიმე საათის წინ ასანთი რატომაც ვთხოვე (რადგან გაუკვირდა: იქ არც ვეწეოდით, არც - ვსვამდით და არც ვჭამდით) - ბუმბული დავწვი და არწივი მოფრინდა-მეთქი... მერე, გოგიმ აბასთუმანში გაიკითხა. გაირკვა, რომ ასეთი არწივი იქ არ ცხოვრობს. - არასოდეს გვინახავსო, - აბასთუმნელებმა გვითხრეს...

GzaPress

თბილისში, სახლში დავბრუნდი. 1 თვეში, ერთ მშვენიერ დღეს, ჩიტის ის ხმა გავიგონე, აბასთუმანში, ტყეში, პულსაციას რომ მივამსგავსე. ზღაპრების სიუჟეტი გამახსენდა: ტყეში ცხოველმა ან ფრინველმა მონადირეს რომ დაუძახა, მონადირე წაჰყვა და ხმამ სადღაც მიიყვანა... ვიფიქრე, ჩავალ, ვნახავ, მიხმობს. ზუსტად ის ხმაა, რაც ტყეში გავიგონე-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე: საკუთარ თავს ვუთხარი, - სად უნდა ჩახვიდე, ბიჭო, ხომ არ "გარეკე"-მეთქი?.. ხმა მეორე დღესაც ისმოდა. მესამე დღესაც გავიგონე და ეზოში ჩავედი. ჩვენს ეზოში თუთის ხე დგას, საიდანაც ეს ხმა ისმოდა. მივედი თუ არა, გაჩუმდა. ხე დავათვალიერე. უცებ, ცხვირწინ ის ჩიტი დამიჯდა, მანქანაში რომ შემოფრინდა, ბორჯომის გზაზე და სტვენა დაიწყო (ბეღურასავით მომცრო ზომის ჩიტი იყო, ცეცხლისფერი გული ჰქონდა). გავგიჟდი, გადავირიე და იცი, რას მივხვდი? რაღაცნაირად, ეს ჩიტები თითქოს ერთმანეთზეა "გადაბმული" - ჩიტის ბუმბული დავწვი, არწივი მოფრინდა და ა.შ.

ცოტა დრო გავიდა. ერთ-ერთ გადაცემაში მიმიწვიეს. გადაცემის ჩაწერა გადაიდო და ზოოპარკში წავედი. იქაურობას ვათვალიერებდი. ფარშავანგები დავინახე. გვერდით, ცალკე ვოლიერში შავი ყორანი იჯდა. ვიფიქრე - მოდი, ამ ფარშავანგებს გონებაში ვთხოვ, რომ კუდი გაშალონ. აბა, თუ გაშლიან-მეთქი? ვთხოვე, მაგრამ არ გაშალეს. უცებ, ყორანი თითქოს ჩემკენ გამოენთო - გალიას მოაწყდა. ვიფიქრე - მოდი, აბა, ამას ვთხოვ. არწივი ხომ პატარა ჩიტის ბუმბულზე იყო "გადაბმული", ბუმბულის დაწვის მერე არ მოფრინდა-მეთქი? ყორნისთვის თხოვნა ვერ მოვასწარი, რომ ფარშავანგებმა მაშინვე კუდი გაშალეს. სასწაულია, რა... ვიცი, ცოტა არ იყოს, ეს ყველაფერი არანორმალურად ჩანს, მაგრამ ფაქტია. შემდეგ ასეთი ტექსტი ჩემს პოემაშიც შევიტანე:

"ლოცე ფრინველი ყოველი,/ ვითარცა სვეტიცხოველი./ მათი გალობით თენდება/ და ხიდიც მათით შენდება!/ სთხოვე შავ ყორანს,/ რომ არ ჩაშალოს/ და ფარშავანგმა კუდი გაშალოს.../ სულთა სამეფოს წარმოსაჩენად,/ ლურჯი ფრინველის აღმოსაჩენად/ და დედაღმერთის გადასარჩენად".

მოკლედ, ჩიტებს ბევრ რამეს "ვაბრალებ": პირველი ჩიტის (რომელმაც წერა დამაწყებინა) მოფრენიდან 15 წელი გავიდა. მისი სახე დამამახსოვრდა. ინტერნეტში მოვძებნე და გავარკვიე, რომ ნამგალა ყოფილა. ნამგალას სურათი ჩემს პოემაში შევიტანე...

2017 წელს გამოსაშვებ საღამოზე (ბანკეტზე) დამპატიჟეს. ბანკეტიდან ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე უნდა წავსულიყავი... ქუჩაში მივდიოდი და უცებ, 2 გოგონა დავინახე, ხელში ნამგალა ეჭირათ: რა ვუშველოთ? ჩამოვარდაო... - არიქა, მე მელოდებოდა, სასწრაფოდ მომეცით-მეთქი, - ვუთხარი და ჩიტი სახლში წავიყვანე. მანამდე გოგი კვერნაძემ თეთრი თუთიყუში მაჩუქა. რაღაცნაირად ვუკავშირებ - შეიძლება, იმ თეთრმა თუთიყუშმა ნამგალა მოიზიდა-მეთქი... მოკლედ, ნამგალა შინ რომ მივიყვანე, თეთრი თუთიყუში ორ დღეში გარდაიცვალა. მესამე დღეს ნამგალაც გარდამეცვალა, რადგან არაფერს ჭამდა. თურმე, ზემოთ უნდა ასტყორცნო და ისე გაუშვა, მე კი კვება დავუწყე - მატლები ვუყიდე, პირში ჩავუტენე... ეს ჩიტი მე და გოგი კვერნაძემ დავასაფლავეთ... ამ ამბიდან 2 წელი გავიდა. საცხოვრებლად ნაქირავებ სახლში გადავედი. შინ მე და ჩემი მეგობარი ვიყავით, როდესაც აივნიდან ხმაური გავიგონეთ. როდესაც მეგობარი წავიდა, აივანზე გავედი, სადაც ნამგალა დამხვდა. გავგიჟდი, გადავირიე, ვიდეოც ჩავწერე... კალამი ხელიდან არ გამიგდია - სულ მაწერინებს და მაწერინებს... ზოგჯერ ისეთი მძიმე თემების შესახებაც მაწერინებს, რომ მეშინია, ასეთ საკითხებს რომ ვეხები, მაგრამ რაღაცნაირად, ვერ ვჩერდები, რადგან ასე მგონია, უფლება არ მაქვს გავჩერდე - ეს ჩიტის მოტანილი ამბავია და უნდა დავწერო... მოკლედ, ამ მესამე ნამგალას მოვუარე. უკვე ვიცოდი, როგორ უნდა გამეშვა. აივნიდან გავუშვი და წავიდა...

წელიწადი გავიდა. უცებ, აღმოვაჩინე, რომ ჩემს აივანზე, კარადის ქვეშ, ნამგალებს ბუდე აქვთ გაკეთებული, მეორე მხარეს კი - მერცხლების ბუდეა. თავი ზღაპარში მგონია: აქეთ ნამგალაა თავისი ბარტყებით, იქით - მერცხალი (იღიმის). რაღაცნაირად, ამ ამბავს ვუკავშირებ, რომ მუზა არ მტოვებს. დღეში 4-5 ლექსს (ზოგჯერ მეტსაც) მაწერინებს, 5 ათასამდე ლექსი დამიგროვდა, თითოში 20 სტროფია... ძლიერი ზეგავლენის ქვეშ ვარ. დარწმუნებული ვარ, ეს რაღაც დედასისტემაა: ადამიანები ბუნების "გამტარები", "ანტენები" ვართ - ბუნებიდან ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით მოდის: შეიძლება, ზოგჯერ ჩიტის მეშვეობით მოვიდეს, ზოგჯერ რაღაც სხვამ მოიტანოს... დარწმუნებული ვარ, რა თემაც ჩემს გონებაში მწიფდება, იგივე თემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კიდევ ვიღაც ტიპების გონებაში მწიფდება - ისევ ბუნებიდან გადმოცემული. ეს თემა იქით მიდის და იმას ასახავს, რომ დედამიწა უნდა გავაღმერთოთ. მართლმადიდებლურ რელიგიაში დედაღმერთი სულიწმინდას შეესაბამება - რელიგიას ხელს არ უშლის: მამაღმერთი, დედაღმერთი ანუ სულიწმინდა და ძე ღვთისა... გონებაში ეს აზრი მაქვს მომწიფებული, რომ დედამიწა ზემგრძნობიარე, ცოცხალი ორგანიზმია. პირველად მოფრენილმა ჩიტმა სიმღერაც დამაწერინა და პოემაც... ეს სულ ჩიტის მოტანილი ამბებია:

"ძალიან მოკლედ გადმოგცემ,/ რაც ქართზღაპარში წერია,/ პლანეტა, როგორც ქალღმერთი,/ ჯერ არვის აღუწერია,/ რამდენ მეგობარს დაემჩნა,/ თავი არა მაქვს თვლის,/ მაგრამ ვიცი, რომ ეს წიგნი/ ფსიქოლოგიას ცვლის./ თუ წაიკითხავთ თუნდაც ადგილებს,/

ეს წიგნი სიკვდილს გაგიადვილებთ..."

ცოტა არ იყოს, ტრაბახი გამომდის, მაგრამ მართლაც, ვინც წაიკითხა, ყველა აღფრთოვანდა - შედევრიაო. ვიცი, ზედმეტი მოვინდომე, მაგრამ ეზოტერიკული ინსტიტუტები უნდა არსებობდეს, რომ ასეთ ამბებს იკვლევდეს, რადგან ეს რეალობაა, ეს მართლა ხდება... 5 დღის წინ ბიჭი გავიცანი, რომელიც სტიქაროსანია. მითხრა, - ველოსიპედით მივდიოდი, ნამგალა მხარზე დამაჯდა, 20 კილომეტრი მხრით ვატარეო. შემდეგ ეს ჩიტი მეორედაც მოსულა მასთან... მოკლედ, იმ ბიჭსაც "გაუხსნა" - ძერწვა დააწყებინა. უნდა, ნახოთ, როგორ რაღაცებს ძერწავს!.. მანამდე ძერწვა საერთოდ არ იცოდა... ამ მაგალითმა დამიმტკიცა, რომ არ ვცდები: სწორედ ნამგალამ მე წერა დამაწყებინა, მას - ძერწვა... შემდეგ, ინფორმაცია მოვიძიე და თურმე, ახალგაზრდობაში ქრისტე თიხისგან მერცხლებს ძერწავდა და სულს ჰბერავდა - აცოცხლებდა... ვფიქრობ, ამ ჯიშის მერცხლებს ხომ არ ძერწავდა-მეთქი? უკვე აღარ ვიცი...

ეთო ყორღანაშვილი