"ყველაზე რთულია, რომ ბედნიერი დიდხანს იყო" - გზაპრესი

"ყველაზე რთულია, რომ ბედნიერი დიდხანს იყო"

სახელი, გვარი: თამთა შედანია.

ასაკი: 28 წლის.

პროფესია: პიარ-მარკეტოლოგი, მოდელი. მუშაობდა ტელეწამყვანადაც.

სამომავლო გეგმები: აქვს შეთავაზებები, რაც საზღვარგარეთ გამგზავრებასა და სამოდელო საქმიანობის გაგრძელებას უკავშირდება.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: წიგნების კითხვა.

ცხოვრების დევიზი: "არასოდეს დანებდე".

- თამთა, ზაფხულს როგორ ატარებ?

- ამჟამად აგარაკზე ვიმყოფები, სადაც აუზი გვაქვს. მთელი ოჯახი ერთად ვისვენებთ. ზაფხულის გარკვეული პერიოდი ზღვაზეც გავატარე. პანდემიის დროს ჩაკეტილობამ ის გამოიწვია, რომ მინდა გარეთ, ბუნებაში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად ბევრი დრო გავატარო. რაც კარანტინისას დამაკლდა, ახლა მაქსიმალურად ვინაზღაურებ.

- შეკრებების აკრძალვის გარდა, პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიდან ყველაზე მეტად, დისკომფორტს რა გიქმნიდა?

- რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაციას ვიცავდი, როგორც რიგითი, კანონმორჩილი მოქალაქე. უბრალოდ, ჩემზე იმ პერიოდმა ცუდად იმოქმედა, როცა ავტომობილით გადაადგილებაც არ შეგვეძლო და შინ ვიყავით გამოკეტილი. ჩვენი ჯანმრთელობისთვის ასე იყო საჭირო... გამიჭირდა, რადგან კომუნიკაბელური ვარ: ადამიანებთან კომუნიკაცია, აზრის გაცვლა ყოველთვის მჭირდება. ეს რომ დამაკლდა, ძალიან განვიცადე, მიუხედავად იმისა, რომ ახლობლებს სოციალური ქსელით ვეკონტაქტებოდი.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრე?

- 3 წლის წინ მეტროთი ვიმგზავრე. საზოგადოებრივ ტრანსპორტს ძირითადად, არ ვიყენებ: იმიტომ - არა, რომ ვუკადრისობ. მირჩევნია, ფეხით მეტი ვიარო, ვიდრე ტრანსპორტით. ისე, ძირითადად, საკუთარი ავტომობილით გადავაადგილდები, მაგრამ ტაქსით მგზავრობაც მიწევს.

- შენ და შენს გოგონას რა 3 საერთო თვისება გახასიათებთ?

- სიჯიუტე (თუმცა, ახლა მია დიდად ჯიუტი აღარ არის), მიზანდასახულობა (როცა რაღაცის მიღწევა გვინდა, მეც და მიაც ამისთვის ბოლომდე ვიბრძვით) და ორივენი კეთილები, პოზიტიურები ვართ.

- თქვენ შორის განმასხვავებელ თვისებებზე რას გვეტყვი?

- მია უკვე ისე მემსგავსება, რომ ჩემი ბევრი თვისება "აქვს აღებული". განსხვავებას დიდად ვერ ვამჩნევ.

- რამდენ უცხო ენას ფლობ?

- ინგლისურს და რუსულს. იტალიურის სრულფასოვნად შესწავლის სურვილი მაქვს.

- ბედნიერებისგან უფრო ხშირად გიტირია თუ უბედურებისგან?

- ბედნიერებაც და უბედურებაც ცხოვრებაში თან დამყვება. ყველაზე რთულია, ბედნიერი დიდხანს იყო. გავრცელებული აზრიც არსებობს, რომ ბედნიერება ცოტა ხანს გრძელდება. სულ ვზრუნავ, ბედნიერი წუთები, ეპიზოდები ცხოვრებაში დიდხანს გამიგრძელდეს. უბედურებაზე საერთოდ არ ვფიქრობ - ცხადია, თუ ეს ტრაგედიას არ ეხება: ბევრი ადამიანი დავკარგე... საერთოდ, ადამიანს შეგიძლია, უბედურიც იყო და ბედნიერიც - ორივე განწყობას თავად ქმნი. უბრალოდ, უნდა ეცადო, უფრო ბედნიერი იყო, რადგან ასეთ შემთხვევაში, უფრო ლამაზიც ხარ, კარგიც, პოზიტიურიც, სასიამოვნოც... შეიძლება, რაღაც ისე გამიხარდეს, რომ ცრემლებიც წამომივიდეს, მაგრამ ხშირად ვტირი-მეთქი, ვერ ვიტყვი. თუ ვტირი, შეიძლება, განვმარტოვდე (რაც იშვიათად მომხდარა).

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად რას აკეთებ?

- ამჟამად ვირუჯები (იცინის). რა თქმა უნდა, ჩემს გოგონას ვუვლი, ვისვენებ, ბევრს ვკითხულობ, საინტერესო ინფორმაციებს ვიძიებ, რადგან თავისუფალი დროის უაზროდ გატარება არ მიყვარს. რამდენიმე პატარ-პატარა ჰობი მაქვს, რითიც ვერთობი, მაგალითად - ბისერებისგან სამაჯურებს ვაკეთებ.

- რომელიმე დიზაინერის სამოსის ჩვენებაზე გამოსვლა ოცნებად ხომ არ გაქვს?

- სამოდელო სფეროში დიდ პროფესიულ წარმატებას მივაღწიე. საზღვარგარეთ მუშაობისას ბევრ ცნობილ დიზაინერთან, ბრენდთან ვთანამშრომლობდი, თუმცა, კიდევ არის რამდენიმე დიზაინერი, ვისი სამოსის ჩვენებაშიც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგალითად - Vიცტორია"ს შეცრეტ-ის "ფეშენ შოუ" ბავშვობიდან მომწონდა. მსურდა, "ვიქტორიას" ერთ-ერთი "ანგელოზი" მეც ვყოფილიყავი (იღიმის).

GzaPress

- Victoria"s Secret-ის "ფეშენ შოუში" მონაწილეობა ხომ არ გიცდია?

- ჩემი კარიერა ისე აეწყო, რომ "ფეშენ" მოდელად უფრო ჩამოვყალიბდი, ვიდრე საცვლებისა და საცურაო კოსტიუმების. ამიტომ არ მიცდია, მაგრამ ალბათ, ის პერიოდი, რომელიც ბავშვის გაჩენას დავუთმე, ჩემთვის ის ასაკი იყო, როდესაც უნდა მეცადა. ამაზე საუბარი უკვე გვიანია, მაგრამ ასე ვთქვათ, ოცნებად დამრჩა (იღიმის)...

- რომელი საკვებია შენს მაცივარში ყოველთვის?

- რძის პროდუქტი (ხაჭო, მაწონი). ასევე, კომპოტი და ნატურალური წვენი. გაზიან სასმელს არც მე ვსვამ და არც - ჩემი შვილი, რადგან გემო არ მოგვწონს. კომპოტებს ხშირად, თავად ვამზადებ. მომზადება მიყვარს.

- ბიკინი თუ მთლიანი საცურაო კოსტიუმი?

- ჩემი შეხედულებით, თუ ქალს ლამაზი სხეული აქვს, ორივე უხდება, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგება საქმე, ალბათ, უპირატესობას მთლიან საცურაო კოსტიუმს მივანიჭებ, რადგან ქალის სხეულს უფრო ელეგანტურს აჩენს.

- ზაფხულში მხოლოდ ერთი ფერის საცურაო კოსტიუმის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- რთული კითხვაა (იცინის). ჩემთვის საყვარელი ფერი შავია, მაგრამ რადგან საცურაო კოსტიუმს ეხება საქმე, რომელიმე ხასხასა ფერს ავირჩევ - ნამზეურს მკვეთრად რომ გამოაჩენს, "ხაზს გაუსვამს"... შეიძლება, "ელექტრიკი" იყოს.

- დიდხანს გძინავს?

- ძილი ძალიან მიყვარს. თან ახლა, რადგან ვისვენებ, თავს უფლებას ვაძლევ, დიდხანს მეძინოს.

- სკოლაში პოპულარული გოგონა იყავი?

- სხვათა შორის - არა. ყოველთვის ძალიან მორცხვი, წყნარი გოგო ვიყავი და არა - პოპულარული (ბევრი მეგობარი რომ ჰყავთ ხოლმე). ძირითადად, სწავლასა და კარგ ყოფაქცევაზე ვიყავი ორიენტირებული, რადგან მთელი ჩემი ოჯახი სკოლაში მუშაობდა - პედაგოგები იყვნენ, აქტიურად მაკონტროლებდნენ. მათი რიდი მქონდა, რომ რაღაც არ დამეშავებინა, ცუდად არ მოვქცეულიყავი.

- რაიმე ფობია ხომ არ გაქვს?

- სიბნელისა და დახურული სივრცის მეშინია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადრენალინის მოყვარული ვარ: მაგალითად, ავტომობილით სწრაფად სიარული, მოტოციკლით სეირნობა მომწონს...

- რა არის სიყვარული?

- ამ გრძნობას ყველა შეყვარებული სხვადასხვანაირად ხსნის, მაგრამ ჩემთვის ბევრი სხვადასხვა თვისების (პატივისცემა, მოწიწებით მოპყრობა, მისი აზრის გათვალისწინება...) ნაკრებია. ვიდრე სიყვარულამდე მივა საქმე, ალბათ, პირველ რიგში, როგორც ადამიანებმა, ისე უნდა შეიყვარონ ერთმანეთი (ხასიათის თვისებებით), მერე კი ის გრძნობა ყალიბდება, რასაც ნამდვილი სიყვარული ჰქვია. ნამდვილი სიყვარულისთვის ალბათ, ცხოვრებაში რაღაც მსხვერპლიც უნდა გაიღო.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- ზღვაზე ყოფნისას წავიკითხე პაულო კოელიოს "11 წუთი".

- ვინმე გძულს?

- "სიძულვილი" და "ზიზღი" ჩემთვის მიუღებელი სიტყვებია და ლექსიკიდან საერთოდ ამოღებული მაქვს. როდესაც ადამიანი სიძულვილს განიცდის, მგონია, რომ თავადაც მძიმე აურის, ენერგეტიკის მატარებელია. შეგვიძლია, წყენა, ანტიპათია სიძულვილამდე არ მივიყვანოთ. შენთვის მაგალითად, ენერგეტიკულად მიუღებელი ადამიანი შესაძლოა, სხვისთვის მისაღები იყოს. ამიტომ ბოღმითა და ზიზღით თავს არ ვიტვირთავ. თუ ადამიანზე ნაწყენი ვარ, მაქსიმალურად ვცდილობ, ეს უარყოფითი ემოცია ჩემგან გავუშვა, "გადავფურცლო" და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დავიწყო. სილაღეს, პოზიტიურობას და კარგ ხასიათს ამიტომაც ვინარჩუნებ.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- როგორც კონკრეტულ ინდივიდს, სიკეთისა და პოზიტივის დათესვა შემიძლია. თუ როგორი ადამიანები ვართ, ეს მნიშვნელოვანია იმ გარემოსთვის, რომელთანაც კონტაქტი გვიწევს: ოჯახი, სანათესავო, სამეგობრო... ამიტომ სამყაროში ჩემი წვლილი მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შემიძლია დავახასიათო, რადგან პოზიტიურ, კარგ ენერგიას გავცემ. მგონი, ეს მნიშვნელოვანია, რადგან სამყარო თითოეული ჩვენგანისგან შედგება. ყველა რომ კარგი იყოს, ასეთ სამყაროში ცხოვრება ალბათ, სასიამოვნო იქნებოდა (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი