რატომ ეძებენ გიორგი გილიგაშვილისთვის შეყვარებულს?
font-large font-small
რატომ ეძებენ გიორგი გილიგაშვილისთვის შეყვარებულს?
"15 ულამაზესი გოგონა მოვიდა, ერთი განსაკუთრებულად მომეწონა..."

პაპისეულ სახლ-კარზე მზრუნველ გიორგი გილიგაშვილს მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვეს და დაბადების დღის მისალოცად, სოფელ არაშენდაში ჩააკითხეს. უკვე 32 წლის გიორგის, რომელსაც საზოგადოება მეტსახელით - "ჩემმა მზემ" - იცნობს, საზაფხულო არდადეგებზე ვესაუბრეთ...


- წარმოიდგინეთ, როდესაც უფლის ნებით, ზაფხულში დაიბადება კაცი, თავის დაბადების დღესთან ერთად, ზაფხული და მზე როგორ ეყვარება (იღიმის)?.. წელიწადის არც ერთ დროს არ გამოვარჩევ. ჩვენი უსაყვარლესი ბატონი ოთარ რამიშვილი რომ ამბობდა, - როგორ მომწონს წელიწადის ოთხი დრო, ყველას მისი სილამაზე ამშვენებსო, რაღაცნაირად, მეც ასე ვფიქრობ, რომ ოთხივე დროს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ზაფხული განსაკუთრებული იმიტომ არის, რომ ბევრი მზიანი დღეა, ადამიანების ურთიერთობაშიც სითბოა და ყველაფერი ნათელია. ეს სითბო, სინათლე და ფერები მომწონს. ზაფხული ჩემთვის ზღვის ტალღებთან ასოცირდება, თუმცა დედაქალაქში ყოფნაც მიყვარს... მოკლედ, ზაფხული ყველგან მომწონს (იცინის).
- ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებ?
- კახეთში ვარ: საოცარია ჩემი სოფელი - არაშენდა. ძალიან მიყვარს. პაპისეული სახლ-კარის მიხედვა დავიწყე. აი, 32 წლისამ ჩემი სახლეულის სილამაზე უკეთ დავინახე, ვიდრე მანამდე ვხედავდი. ახლა ჩემი ძმაკაცები აუზის გაკეთებაში მეხმარებიან. ტერასაც უნდა გავაკეთოთ, მერე კი დიდი სიამოვნებით, ყველას გასარუჯად გეპატიჟებით (იღიმის).
- პაპისეულ სახლ-კარზე ზრუნვა კარანტინისას ხომ არ დაიწყე?
- არა, არა, ბოლომდე ჩემს ლამაზ ქალაქს - თბილისს "ვამაგრებდი" (იცინის). უბრალოდ, ქალაქში ვიღაც ხომ უნდა ყოფილიყო? მაშინ თითქოს ყველა გაიხიზნა ან სახლში შეიხიზნა... შემდეგ, როდესაც ყველაფერი გაიხსნა და დიდად საინტერესო მაინც არაფერი მოხდა, ვიფიქრე - სოფელში წავალ-მეთქი... კარგად მოვიქეცი, რომ წავედი: მიწასთან ურთიერთობის შემდეგ, პოეზიაც სხვაგვარად მომეძალა, წერა მომინდა... მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდის, რა...
- რამე ახალი ხომ არ დაგიწერია, რომლის ნაწყვეტსაც წაგვიკითხავ?
- "ჩვენ ვცხოვრობთ სურრეალური შეგრძნებებით,/ დააკვირდით, ერთმანეთთან საუბრისას როგორ ვთბებით/ და გთხოვ, ნუ იმსჯელებ რაოდენობა შეხვედრებით/ რადგან ერთს ორივე კარგად ვხვდებით/ ჩვენ ერთმანეთის სულის ენერგიას ვეახლებით/ და ვთანხმდებით, თუ წავალთ უცხო გზებით, სასწაულებად ვერ ავხდებით/ ვიდრე წარვდგებით ღვთის წინაშე მონანული ფიქრთ თანხლებით,/ მართალი გრძნობის დამარხვისთვის დავიმარხებით/ და ვეღარ მივალთ სამოთხემდე ბაღ-ვენახებით". მგონი, წერის სტილიც შევიცვალე...
- უფრო რომანტიკული გამხდარხარ, არა?
- კი, გეთანხმებით. ადრე თითქოს ხისტი ვიყავი: "არ გინდა, ნუ მეტრფი ქალაუ,/ ავყია, ავი ზნისა ვარ,/ ღამით ბადრი ვარ მთვარისა,/ დილით ცისკარა მზისა ვარ", - ადრე ასეთი გახლდით. ალბათ, საკუთარი თავის და მუზების მიმართაც შევცვალე მიდგომა... შემოქმედებითი თვალსაზრისით, ეს საინტერესო პროცესია - მომწონს...
- სიყვარულიც ხომ არ გეწვია?
- ო, არა, სამწუხაროდ, არა... ჩემ გარშემო ბევრი მშვენიერია, მაგრამ ჯერჯერობით, რჩეული ვერ დაინახა ჩემმა ცოდვილმა თვალებმა (იღიმის), მაგრამ სიახლე ის არის, რომ გუშინ ქალაქში ჩამოვედი: ნიკოლოზ ხომასურიძე ახალ ფილმს - "გააზიარე სიყვარული" იღებს, რომელშიც მთავარ როლს ვასრულებ - ქარი ჭელიძე "ვარ" (იღიმის). ძალიან საინტერესო სცენარია: მოქმედება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხდება. თან, დროში ვმოგზაურობთ, ძველ ეპოქებში გადავდივართ, მეფეებს, რომანტიკოსებს, ძალიან საინტერესო ხალხს ვხვდებით... მოკლედ, სცენარის მიხედვით, შეყვარებული "მჭირდება". ჯერ არ უპოვიათ. გუშინ კასტინგი იყო, სადაც დაახლოებით 15 გოგონასთან "სცენარს გავდიოდი", რომ ჩვენ შორის "ქიმია", ტანდემი შემდგარიყო, რათა შემდეგ როლი კარგად გვეთამაშა. ძალიან საინტერესო, ულამაზესი გოგონები მოვიდნენ.
- თხუთმეტივე მოგეწონა თუ მათ შორის რომელიმემ განსაკუთრებულად მოგხიბლა?
- რა თქმა უნდა, ერთი გამოვარჩიე, მაგრამ მის ვინაობას არ ვიტყვი. უბრალოდ, მართლა ყველანი ძალიან ლამაზები იყვნენ. ხვალ რომ ლექსი დავწერო, ჩათვალეთ, იმ ლექსში თითოეულმა გოგონამ თავისი მშვენიერების ნაწილი "ჩადო"... საერთოდ, ვისაც ვხვდები, ვისაც ვიცნობ თუ არ ვიცნობ, ყველა ადამიანი ჩემი პოეზიის მონაწილეა, ისევე, როგორც - ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება: წვიმის წვეთი რომ მეცემა, ისიც იმ პოეზიის მონაწილეა, რომელსაც ვწერ (იღიმის)...
- საკურორტო რომანი თუ გქონია?
- ეს "რომანი" საერთოდ, რა ტიპია, არ ვიცნობ (იცინის)... ჩემთვის ყველაფერი მარადიულია. სიმართლე გითხრათ, არამარადიული არაფერი მომწონს. მგონია ხოლმე, რომ ერთმანეთს ვიყენებთ, შემდეგ კი უსარგებლო ნივთებივით ან თაროზე შემოვდებთ, ან - ისე ვაგდებთ, რომ ერთმანეთს არც ვუფრთხილდებით. ასეთი ურთიერთობა დიდად არ მხიბლავს. ამიტომ ძალიან ფრთხილი ვარ, ასჯერ ვზომავ, თუ რამე სიგიჟე არ მომივლის. ხანდახან "ვფეთქდები", როდესაც ისეთი მშვენიერია, რომ ადამიანი ვეღარ საზღვრავ და მას სათქმელი უნდა უთხრა, მაგრამ ამას საკუთარ თავს კი არა, იმ მშვენიერის დედ-მამას ვაბრალებ, რადგან ასეთი მშვენიერი შექმნეს (იცინის)...
- საერთოდ, ზაფხულში დასვენებას სად ამჯობინებ?
- ჩვენი ლამაზი პლანეტა და მისი გული - ჩემი ლამაზი სამშობლო ისე მიყვარს, რომ მთა-ბარს მოვივლი ხოლმე. კომფორტის მაძიებელი არ ვარ. დისკომფორტს ვერაფერი მიქმნის - თავს ყველგან საოცრად კარგად ვგრძნობ, რადგან მსურს, ასე ვიგრძნო. თუ მარტო ვარ, საკუთარი თავის ძიების პროცესში გახლავართ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა - მოსაწყენად არ მცალია, მანანასი არ იყოს (იცინის).
- შენთვის განსაკუთრებული საზაფხულო არდადეგების შესახებ მოგვიყევი...
- ბავშვობაში ერთი სული გვქონდა, ზაფხული დამდგარიყო, რომ ზღვაზე წავსულიყავით. იმ ზღვაზეც ან რას ვაკეთებდით, ან - რას ვაფუჭებდით... მაგრამ ის შეგრძნება მახსოვს, როცა სკოლაში სწავლა სრულდებოდა, ბოლო ზარი დაირეკებოდა და საზაფხულო არდადეგები იწყებოდა, როგორი სიხარული გვეუფლებოდა. ისე, თითოეული ზაფხული შეუდარებელი იყო. ახლა ზაფხულის არდადეგებს ის ბავშვური ემოცია აღარ ახლავს, თორემ ჩემთვის ყველა ზაფხული განსაკუთრებულია, რადგან შარშან ზაფხულში 31 წლის ვიყავი, ახლა 32-ის ვარ; ვისაც შარშან არ ვიცნობდი, მათ წელს უკვე ვიცნობ. გაისად კიდევ სხვებს გავიცნობ... ეს ადამიანები "მავსებენ", მასწავლიან, ცოტას ჩემგანაც სწავლობენ...
GzaPress
- უფროსი ადამიანების მეთვალყურეობის გარეშე, პირველად როდის დაისვენე, გახსოვს?
- 14-15 წლის ვიყავი. მე და ჩემმა ძმაკაცებმა ზღვაზე მარტო წასვლა გადავწყვიტეთ. ჩვენი ერთ-ერთი ძმაკაცი ბავშვობიდან დამოუკიდებელი იყო. - წამოდი, წავიდეთ, მე იქ ვიქნები, რა პრობლემააო? ნახეთ, როგორ მოვიქეცი: დედ-მამას ვუთხარი, რომ ჩემს ძმაკაცთან მივდიოდი. არადა, ვიცოდი, იქიდან ზღვაზე გავემგზავრებოდით, ანუ პირდაპირ ზღვაზე არ წავედი, რომ ტყუილი არ მეთქვა (იცინის). მშობლებმა 3 დღით ძმაკაცთან გამიშვეს. როგორც კი მივედი, მეგობრები გამზადებული ჩემოდნებით დამხვდნენ. ჩემოდანი მეც თან მქონდა და მაშინვე ზღვაზე წავედით... სახლი ვიქირავეთ, გარეთ გავედით, ზღვაში ჩავხტით, წყლიდან ამოვედით - ახლა რა ვაკეთოთ-თქო?.. დავფიქრდით - დედ-მამა ხელს რაში გვიშლიდნენ?.. თან, ძალიან ავიკვიატეთ - არა, ბიჭო, რა მშობლები? დამოუკიდებლად დავისვენოთ-თქო... მერე, მგონი, 3 დღეში მშობლები ყველას მოგვენატრა. თუ არ ვცდები, არაყი ვიყიდეთ და დავლიეთ. არ მომეწონა. ერთ ძმაკაცს მოეწონა, ჭიქით დალია, მერე ცუდად გახდა (იცინის)... ბევრი რომ არ ვილაპარაკო, არცთუ სახარბიელო "ჰენგოვერი" გამოგვივიდა.
- მშობლებმა შეიტყვეს ზღვაზე თქვენი გაპარვის შესახებ?
- კი, მერე გაიგეს. ზუსტად იგივე მითხრეს, რაც ჩვენ ვიფიქრეთ: - შვილო, რამეს გიშლით, რომ გაიპარეთო? - მაპატიეთ, უბრალოდ გვინდოდა, მარტო, "დიდი კაცებივით" წავსულიყავით და წავედით-მეთქი...
ბავშვობაში, როცა მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ ვისვენებდით, სანაპირო ზოლი არ უნდა გადაგვეკვეთა - ძალიან შორს არ უნდა წავსულიყავით. ერთხელ ერთი გოგონა მომეწონა. ცურვა ახალი ნასწავლი მქონდა. გოგონა წყალში იყო. მეც შევედი. ალბათ, ადრე ასეთი ენაწყლიანი არ ვიყავი და ამ ძალიან ლამაზ გოგონას მივესალმე. სალმითვე მიპასუხა. ვერ შევბედე, რომ მეთქვა, - ძალიან ლამაზი ხარ-მეთქი. - გინდა, გავცუროთ-მეთქი? - გავცუროთო... - კარგი. აბა, ვინ უფრო ღრმად შეცურავს-მეთქი... მოკლედ, ზღვის სიღრმეში შევედით. როგორც აღვნიშნე, ცურვა ახალი ნასწავლი მქონდა. გარკვეულ ეტაპამდე რომ გავცურეთ, ვიგრძენი, დავიღალე, ვერ ვსუნთქავდი, მაგრამ როგორ გინდა, გოგონას, რომელიც მოგეწონა, უთხრა, - დავიღალე, უკან წავიდეთო? კარგი გოგონა იყო - მიხვდა, რომ რაღაც მიჭირდა. მკითხა, - გინდა, უკან მივბრუნდეთო? - არა-მეთქი, - ჯიუტად მივუგე. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემს სიტუაციას მიხვდა და, - არა, მე დავიღალე და უნდა მივბრუნდე, შენ მოიგე, რა გინდაო? - კარგი, მივბრუნდეთ-მეთქი და ნაპირისკენ გამოვცურეთ. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, შეიძლება, დავმხრჩვალიყავი, უკვე ისეთ დღეში ვიყავი. როდესაც ზღვიდან ამოვდიოდით, მე ისევ პატარა დავრჩი, გოგონა კი ამოდიოდა, ამოდიოდა და "იზრდებოდა"... მოკლედ, ჩემზე ორჯერ მაღალი იყო. სავარაუდოდ, ასაკითაც უფროსი გახლდათ... ალბათ, ძალიან სასაცილო კადრი იყო, როცა ზღვიდან ამოვდიოდით (იცინის). მას შემდეგ აღარც მინახავს - ნეტავ, ახლა როგორია? ერთხელ მაინც მანახა...
- ახლა დასვენებას ვისთან ერთად ამჯობინებ?
- სიმართლე გითხრათ, დასასვენებლად მარტო წასვლა, შემდეგ კი მეგობრებით ჩამოსვლა მიყვარს: ახალ-ახალ მეგობრების შეძენა ჩემთვის საინტერესო პროცესია. ხომ ვგრძნობ, რომ გულში ადგილი მაქვს? მინდა, ეს ადგილი უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაიკავოს, რომ გულსავსე გილიგა ვიყო და არა - გულცარიელი (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"...მარტო ამის აღმოსაფხვრელად ღირდა ახალი ხელისუფლების მოსვლა"
რატომ კითხულობდა მაკა შალიკაშვილი ნეკროლოგებს და პოლიტიკურ განცხადებებს ხმამაღლა?
"ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც დუმბაძის გმირებივით ენაკვიმატი ადამიანები ცხოვრობდნენ"
"ჯობს, ერთ-ერთი ბრილიანტი იყო ბევრ ბრილიანტს შორის, ვიდრე ერთადერთი - ბევრ ნაგავში"
რატომ არჩია ბიზნესსა და მეცნიერებას პოლიტიკა დავით ზილფიმიანმა
რას მიიჩნევს ფსიქიკურ აშლილობად ნუკა კვალიაშვილი?
ასმათ ტყაბლაძე: "მუცლის გასაძღომად ყველაფერი არ უნდა იკადრო!"
რას ჰყვება ოთარ რამიშვილის მუსიკოსი შვილიშვილი
ზურა დოიჯაშვილის უკანასკნელი ნატვრა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი