"ვაპირებ, ეზოში ჩანჩქერი და ხელოვნური მდინარე გავაკეთო"
font-large font-small
"ვაპირებ, ეზოში ჩანჩქერი და ხელოვნური მდინარე გავაკეთო"
მორიდებული და ხელმარჯვე ლადო კუჭუხიძის ამბიციური გეგმა

კომედიური შოუების ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ლადო კუჭუხიძე, რომელიც სცენარისტიც არის და მუსიკალური ხელმძღვანელიც. მართალია, ტელევიზიაში კარგა ხანია მუშაობს, მაგრამ ეკრანზე იშვიათად ჩანდა, ამიტომ ბევრს აინტერესებს - ამ კაცს რატომ მალავდნენ ამდენი ხანი? უამრავი მოწონება იწერება კომენტარებში და მაყურებლისგან სიყვარულს გრძნობს პირადად შეხვედრის დროს, როცა ამა თუ იმ როლზე ეუბნებიან: მარლონ ბრანდო როგორი მაგარია ან ჯანსუღ კახიძე რა კარგი იყოო, და ა.შ. სიმღერისა და სამსახიობო ნიჭის გარდა, ლადო კუჭუხიძე ისეთი ხელმარჯვეა, რომ ბავშვობაში მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც კი ამზადებდა.


- 1992 წელს ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და იმავე წელს "მანსანკანში" აღმოვჩნდი. პირველკურსელებისთვის გუნდმა კონცერტი ჩაატარა, რომელსაც, რა თქმა უნდა, დავესწარი. მაშინ ვნახე სცენაზე კობა ბარათელი, ავთო მარგველაშვილი - ახლა უკვე ჩემი ძმაკაცები, და ვიფიქრე, ნეტავ, ამ ხალხის გვერდით დამაყენა-მეთქი! კონცერტის შემდეგ გამოაცხადეს, ვისაც გინდათ მონაწილეობის მიღება, მობრძანდითო. მომერიდა მისვლა, თანაკურსელმა წამიყვანა: მოდი, ვცადოთ ბედიო.
GzaPress
- ბავშვობაშიც მორიდებული იყავით?
- კი, ასე იყო. აი, მინდოდა რაღაც სულითა და გულით, მაგრამ ყოველთვის მორიდება მხევდა უკან. მე-3 კლასში ვიყავი, როცა სკოლაში ხალხური სიმღერის ლოტბარი მოვიდა. მან ხმები გაგვისინჯა და გუნდში ამიყვანა. სამი წელი ვმღეროდი. მერე ჩვენი პედაგოგი სხვა სკოლაში გადავიდა და გუნდიც იქ წაიყვანა. სკოლის დირექტორმა არ მომცა უფლება, იქ მემღერა, მაგრამ ლოტბარი გელა აბესაძე ჩუმად მოდიოდა ჩემთან სახლში, "მომიტაცებდა", კონცერტზე გამოვიდოდი და უკან დამაბრუნებდა. სხვა დრო იყო, ბევრი რაღაც იბლოკებოდა. ჩვენი სკოლის დირექტორი (წყალტუბოს მეორე საშუალო სკოლა დავამთავრე) თვლიდა, რომ მისი სკოლის მოსწავლეს არ უნდა ემღერა სხვა სკოლის სახელით.
- სიმღერის გარდა, რა გატაცებები გქონდათ?
- ფარცხანაყანებში ძირძველი ოჯახი მაქვს, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ. იქ ახლაც იხსენებენ - ბავშვობაში ყოველთვის ინსტრუმენტებით ვთამაშობდი, რომლებსაც ჩემი ხელით ვაკეთებდი. ხის გიტარა გავაკეთე, რომელზეც კაპრონის სიმები გავჭიმე. "იამაჰას" მსგავსი კლავიშებიანი საკრავიც ლამაზი გამოვიდა. არ უკრავდა, ბუტაფორია იყო. დასარტყამ ინსტრუმენტებსაც ვაკეთებდი.... ჩემი ტოლი გოგო-ბიჭებისგან ჯგუფი ჩამოვაყალიბე, მიკროფონებიც გვქონდა და კონცერტებს ვმართავდით. სახლში, ზედა სართულზე მისაღები ოთახი არ იყო ავეჯით სავსე. დიდ, თითქმის ცარიელ ოთახს თავისებური აკუსტიკა აქვს. იქ ეწყო ბებიაჩემის ძველი ჩემოდნები. სამი ცალი იყო, მყარი ზედაპირით და რკინის საკეტებით. ჩემოდანს ჯოხს რომ დაარტყამდი, კარგი ხმა ჰქონდა, დასარტყამი ინსტრუმენტის მსგავსი. დავიწყებდი და ვუბაგუნებდი, ეს მსიამოვნებდა. სხვათა შორის, ბავშვობის დროინდელი ხის გიტარა შენახული მაქვს. ამას წინათ რაღაცას ვეძებდი და ვიპოვე.
GzaPress
- მუსიკალური განათლება გაქვთ?
- არა, რაც ვიცი, მეგობრებისგან ვისწავლე. სკოლაში ფოლკლორმა ძალიან გამიტაცა. ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდი რეპეტიციაზე. რამდენჯერ ფეხით წავსულვარ, რაც ხშირად ხდებოდა. ერთხელ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ქუთაისის ჯგუფ "ალიონში" ჩასაბერ ინსტრუმენტზე უკრავდა, მითხრა: მუსიკალური ნიჭი გაქვს და ანსამბლში მიგიყვანო. 12-13 წლისა ვიქნებოდი, მივედით და ხელმძღვანელთან არც შევსულვართ. თქვეს, ჯგუფი შევსებულიაო, და სახლში წამოვედი (იცინის). სტუდენტობის დროს უფრო წარმოვაჩინე ჩემი მონაცემები, ცოტა მსახიობობაც გამომივიდა და ძალიან დატვირთული ვიყავი. ჩვენი გუნდი "უსახლკაროები", ფაკულტეტებს შორის ჩემპიონი გახდა. ასე იმიტომ გვერქვა, რომ მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტს შენობა არ ჰქონდა (მაშინ შენდებოდა). შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის "მსკ"-ის ნაკრებში - "შარახვეტიები" მოვხვდი. კარგი პერიოდი გვქონდა, როცა ჯგუფი "პიკასოს ბიჭები" ფილარმონიაში გამოვდიოდით. "რუსთავი 2"-მა თანამშრომლობა რომ შემოგვთავაზა, ჩამოვდიოდით, გადაცემას ჩავწერდით და ქუთაისში ვბრუნდებოდით. ასე, ნელ-ნელა მოვედით აქამდე.
- როგორ ანაწილებთ როლებს და რამდენად რთული შესასრულებელია ისინი? ვინ გადაწყვიტა, მაგალითად, რომ ფილმიდან "ყვარყვარე" კახი კავსაძის ტიტე თქვენ განგესახიერებინათ?
- სცენარისტებს ერთმანეთი იმდენად კარგად გვყავს შესწავლილი, რომ შეგვიძლია ვთქვათ, ვის რა შეუძლია. იმწუთში დავადებთ ხოლმე ხელს, ვინ რა როლს ითამაშებს. ზოგჯერ მეტყვიან: ლადო, შენ ამას გააკეთებ? შინაგანად თუ ვგრძნობ, რომ არ გამომივა, მაშინვე უარს ვამბობ. როცა უკვე შერჩეულია პერსონაჟი, დღე და ღამე მასზე ვფიქრობ. ყველაფერში დიდ შრომას ვდებთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. "ყვარყვარედან" რამდენიმე სცენა გავაერთიანეთ. იმხელა ენერგია იყო საჭირო, რომ რამდენჯერმე შევისვენეთ ჩაწერის დროს.
კარანტინის პერიოდში ფარცხანაყანებში ვიყავი, ეთერში არ გავდიოდით. თუმცა, არ ვჩერდებოდით, ერთმანეთს ინტერნეტით ვუკავშირდებოდით, ტელეფონით ან ფოტოაპარატით ვიღებდით ეპიზოდებს და ვგზავნიდით. ასე მოვამზადეთ ორი გადაცემა და გავუშვით ეთერში. მაშინ შევასრულე ფილმიდან - "სიყვარული ყველას უნდა" კახი კავსაძის კოლას როლი. ნაფიქრიც მქონდა ამაზე, რომ შევძლებდი კახის განსახიერებას. ჩემი მეგობრები: გიორგი ჩირგაძე და თემო ნიქაბაძე მოვიდნენ თავისი ფოტოაპარატით. ვიწვალეთ კადრების დაყენებაზე, მაგრამ მაინც გადავიღეთ ფილმის ერთი სცენა ჩემი სახლის ეზოში.
GzaPress
- საერთოდ, სოფლის ეზოში საქმიანობა გიყვართ?
- ეზოში გაზონები და 200 მეტრი დაფნის ღობე მაქვს. ღობე წლების წინ გავაკეთე. შევარდნაძის დრო იყო, ხალხს ჯიბეში ერთი თეთრი არ ედო. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას ეზოებში დაფნა ჰქონდა დარგული. კომუნისტები ათ მანეთად იბარებდნენ. სიტუაცია შეიცვალა და დაფნა ვის რაღად უნდოდა?! ბევრმა გადაწყვიტა, მოეთხარა და მწვანილი ან სხვა რამე დაეთესა, რათა თავი ერჩინა. ჩემგან ერთი კმ-ის მოშორებით მცხოვრებმა მეზობელმა თქვა, - ნეტავ, ეს დაფნები მომაშორებინაო! შევთავაზე, მე მოვთხრი და წავიღებ-მეთქი. ორ და სამმეტრიანი დაფნები თავის ფესვებიანად და მიწიანად, დაახლოებით 250 ძირი, მე და მამაჩემმა მოვთხარეთ. ურემზე ვდებდით და სახლში მოგვქონდა. დიდი არხი გავაკეთეთ და ერთი მეტრის დაშორებით ვრგავდით. იმის შემდეგ ვკრეჭ და ვკრეჭ დაფნას.
ჩხირკედელაობა მიყვარს. მაგალითად, იალქნიან გემს გავაკეთებდი, მასზე ძრავას დავამაგრებდი და ეზოში ჩამომავალ წყალზე გავუშვებდი. ათას რაღაცას ვაკეთებდი, ჩემი გაჩერება არ იყო. ახლახან, ახალ წელს პატარა ნაძვის ხე დავამზადე ალუმინისგან. გარე განათების, გადასადგამ-გადმოსადგამი გრძელი ლამპიონი გავაკეთე. თუ ეზოში დავსხდებით მეგობრები, მაგიდაზე დავდგამ, გემრიელ სუფრას გაალამაზებს. სახლშიც შეიძლება დაიდგას, "ნაჩნიკის" როლს ასრულებს. შარშან ზაფხულში კარგი საქმე ვითავე, თანხა ავკრიფეთ და სოფელში მაღალი რკინის ჯვარი დავდგით, რომელიც ოქროსფრად შევღებეთ.
- როგორია სამუშაო და პირადი გეგმები?
- სეზონის ბოლო გადაცემა ბათუმში უნდა ჩავწეროთ. "კომედი ჯგუფში" იუმორისტული სერიალისთვის კასტინგი ტარდება, ახალ სახეებს ვეძებთ. ორი სერია უკვე დაწერილია და საცდელად გადავიღებთ. ზაფხული მიყვარს შვებულების გამო. ჩავდივარ სოფელში და რაღაცებს ვალამაზებ. ვაპირებ ეზოში ჩანჩქერი და ხელოვნური მდინარე გავაკეთო. იქ არის წყავი, რომელსაც კარკასს შევუკრავ და გვირაბი იქნება, სადაც წყალი ჩამოივლის. ზღვაზე აუცილებლად წავალ დასასვენებლად, რადგან ჩემი მეუღლე და შვილები არ მომასვენებენ (იცინის). დროს მეგობრებთან ერთადაც გავატარებ, იქ ქუთაისელი ძმაკაცები მყავს.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"...მარტო ამის აღმოსაფხვრელად ღირდა ახალი ხელისუფლების მოსვლა"
რატომ კითხულობდა მაკა შალიკაშვილი ნეკროლოგებს და პოლიტიკურ განცხადებებს ხმამაღლა?
"ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც დუმბაძის გმირებივით ენაკვიმატი ადამიანები ცხოვრობდნენ"
"ჯობს, ერთ-ერთი ბრილიანტი იყო ბევრ ბრილიანტს შორის, ვიდრე ერთადერთი - ბევრ ნაგავში"
რატომ არჩია ბიზნესსა და მეცნიერებას პოლიტიკა დავით ზილფიმიანმა
რას მიიჩნევს ფსიქიკურ აშლილობად ნუკა კვალიაშვილი?
ასმათ ტყაბლაძე: "მუცლის გასაძღომად ყველაფერი არ უნდა იკადრო!"
რას ჰყვება ოთარ რამიშვილის მუსიკოსი შვილიშვილი
ზურა დოიჯაშვილის უკანასკნელი ნატვრა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი