იანა კუცის პირადი ცხოვრება და ოცნებები
font-large font-small
იანა კუცის პირადი ცხოვრება და ოცნებები
"სირაქლემის ფერმა მინდა გავაკეთო..."

"საქართველო ჩემი სახლია, უკრაინაში აღარ ვბრუნდები, აქ არის ჩემი ქმარი, შვილი და აქ მინდა ინტეგრირება. ოთხი უცხო ენა ვიცი და ქართულადაც ყველაფერს ვისწავლი. მინდა, აქ ვიყო წარმატებული შეფმზარეული და ყველა ის შესაძლებლობა გამოვიყენო, რასაც ქართული მიწა იძლევა. ეს არის ჩემი ოცნება უახლოეს წლებში!" - ამბობს "მასტერშეფის" ფინალისტი იანა კუცი, რომელიც პროექტის შემდგომ ემოციებს, შთაბეჭდილებებსა და გეგმებს გვიზიარებს და მის პირად ცხოვრებაზე, ინტერესებსა და ოცნებებზე გვესაუბრება.


- იანა, რა მოგცათ "მასტერშეფმა"? პროექტის დასრულების შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- ბევრი რამ ვისწავლე, ახალი მეგობრები შევიძინე. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდნენ ის ბლოგერები, რომლებსაც ბევრი გამომწერი ჰყავთ და ახლა ვხვდები. თითქოს ტელეფონი ხელზე მაქვს მიჯაჭვული (იცინის), გამუდმებით შეტყობინებებს ვპასუხობ. "მასტერშეფმა" მიბიძგა, დამესრულებინა ის საქმეები, რაც ადრე წამოვიწყე და ბოლომდე ვერ მიმყავდა. მალე ჩემს პროდუქციას გამოვუშვებ, როგორც იქნა!
- რა პროდუქციაა?
- ადრე, პროექტამდე, კარანტინამდე ქართულ მიწაზე მოყვანილი პროდუქტისგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის კეთება დავიწყე, ყოველგვარი მავნე მინარევების, ქიმიკატების გარეშე. მინდა, ნატურალური პროდუქცია ვაწარმოო, ასევე, ნახევარფაბრიკატები, მათ შორის, ჩემი "ვარენიკები", რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. ვფიქრობ, სექტემბრის დასაწყისში ქსელურ მარკეტებში გამოჩნდება. "მასტერშეფმა" მასწავლა, რომ არ უნდა შეგეშინდეს - დაიწყე და გააკეთე!
GzaPress
- როდესაც ქუჩაში გადიხართ და ხალხი გხვდებათ, როგორია თქვენდამი მათი განწყობა?
- როცა ერთ-ერთ პოპულარულ კვების ობიექტთან ჩავივლი, იქიდან ბავშვები გამოცვივდებიან და მეხუტებიან, ძალიან მხიარულად და თბილად მხვდებიან. თქვენს ქვეყანაში მაინც უცხოელი ვარ და როცა ამდენი ადამიანი ასე მგულშემატკივრობდა, ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო. მართალია, ბევრიც ილანძღებოდა, ქართული რომ არ ვიცი, მაგრამ ადრე თუ გვიან, ვისწავლი. უცნობები ფოტოს გადაღებას მთხოვენ - ეს როგორც საამაყო, ისე საპასუხისმგებლოა. მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მცნობს. მეორე მხრივ, მეუხერხულება, როცა ბავშვები მოდიან და მეუბნებიან, თქვენნაირი გვინდა ვიყოთო (იცინის).
- როგორ რეაგირებდით უარყოფით კომენტარებზე?
- თავიდან მწყინდა, მაგრამ მერე, ჩემმა ქმარმა მითხრა - არ შეიძლება, ყველას მოსწონდეო. მართალია. მე მყავს მეგობრები, ნაცნობები, რომელთაც ვუყვარვარ, პატივს მცემენ, ასევე, ისეთებიც, რომლებსაც დიდად არ ვეხატები გულზე, ამიტომ, ეს ალბათ ჩვეულებრივი ამბავია ყველას ცხოვრებაში. ყველა კომენტარს ვერც ვკითხულობდი, რადგან ამდენის გადათარგმნა ნამდვილად არ შემეძლო, "გუგლში" ვაკოპირებდი და ისე ვთარგმნიდი. ცოტა საწყენი იყო, როცა ცუდ კომენტარებს წერდნენ. მაგალითად, იმას, რომ უკრაინელი ვარ და საიდანაც ჩამოვედი, იქ უნდა წავიდე, იქ მივხედო ჩემს საქმეს, აქ რა მინდა?!. ასეთებზე მართლაც ვრეაგირებდი. ჩემი ქვეყანა იმიტომ კი არ დავტოვე, რომ იქ არ დამედგომებოდა ან თავს ცუდად ვგრძნობდი. ქართველი შემიყვარდა, ეს ქვეყანა შემიყვარდა, აქაური კულტურა, ბუნება, კულინარია და იმიტომაც ჩამოვედი. მინდა, მთელ მსოფლიოს მოვუთხრო საქართველოს შესახებ და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს... მერე დავანებე თავი ამ კომენტარების კითხვას, რადგან არც ისე ბევრი იყო. როცა ადამიანი არ გიცნობს, თავისებურ დასკვნებს აკეთებს. ცხოვრებაში ძალიან მხიარული ვარ, ზოგ ადამიანს კი აღიზიანებს, როცა სხვა ბედნიერია. ყველას ინტერესსა და გემოვნებაში ვერ ჩაჯდები.
GzaPress
- "მასტერშეფის" მონაწილეებიდან ყველაზე ახლო მეგობრობა ვისთან გაკავშირებთ?
- რამილია ალიევასთან. ასე მგონია, წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ, ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. მართალია, დიდი ხანია, საქართველოში ცხოვრობს, მუშაობს და ქართული ენა იცის, მაგრამ წარმოშობით ხომ აზერბაიჯანელია და შეიძლება ითქვას, ამ მხრივაც დავახლოვდით. ძალიან გახსნილი და პატიოსანი ადამიანია, მრავალმხრივი, ნიჭიერი. სამომავლოდ, საერთო გეგმებიც გვაქვს, ოღონდ ჯერ ვერ გავამხელ, ერთობლივი პროექტია. ვფიქრობ, ეს მეგობრობა წლები გასტანს.
- გვიამბეთ, როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე და როგორ გადაწყვიტეთ დაქორწინება?
- სხვათა შორის, საქართველო ჯერ კიდევ მანამდე მიყვარდა, ვიდრე მას გავიცნობდი. 2008 წელს ჩემმა დაქალმა დაბადების დღისთვის, საქართველოში წამოსასვლელი ბილეთი მაჩუქა - მოდი, ზაფხულში ზღვაზე დავისვენოთო. ასე ჩამოვედით აქ, მაგრამ ომის გამოცხადების შემდეგ, უკან დაგვაბრუნეს.
წარმოიდგინეთ, როგორც კი თვითმფრინავის კარი გაიღო და ტრაპზე ფეხი დავდგი, ამ ქვეყნისა და თბილისის საოცარი სურნელი ვიგრძენი! ამას ვერ გადმოსცემ, რაღაცნაირი, მაგიური სურნელი იყო, დაუვიწყარი. ამის შემდეგ, საქართველოში წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოვდიოდი, ვმოგზაურობდი, ვისვენებდი.
- რა მოგწონდათ ყველაზე მეტად?
- საქართველოს ბუნებაზე ვგიჟდები, შეუდარებელია! მაოცებს ის ფაქტი, რომ ქართველები ამ ქვეყანას თვითონ არ იცნობენ კარგად, ეს ჩემთვის გასაკვირია. მაგალითად, ჩემმა ქმარმა საქართველო ჩემთან ერთად "ისწავლა", ბევრ ადგილას არ იყო ნამყოფი, მაგალითად - გუდაურში. მთელ ცხოვრებას ატარებ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენელი სილამაზეა, განსაკუთრებით მთები, ტბები, უღელტეხილები და წარმოდგენა არ გაქვს ამ ყველაფერზე. ხალხი სხვა ქვეყნებიდან ჩამოდის ამის სანახავად, თვითონ ქართველები კი საზღვარგარეთ დადიან და საკუთარს არ აფასებენ, საოცარია...
მოკლედ, მე და გიორგიმ ერთმანეთი 2015 წელს გავიცანით, როცა კიევში ახალ წელს ვზეიმობდით. სრულიად შემთხვევით გადავიკვეთეთ კლუბში. ერთმანეთს მგონი, შვიდი საათი ვესაუბრებოდით, უკვე გათენებული იყო, როცა დავიშალეთ და დაცვა გვეხუმრებოდა, დაიკეტა კლუბი, წადით სახლებშიო (იცინის). მერე, ხან მე ჩამოვდიოდი მასთან, ხან ის - ჩემთან და ასე ავაწყვეთ ურთიერთობა. ნახევარი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, მოჰბეზრდა აქეთ-იქით სიარული და ცოლობა მთხოვა. ბევრი არ მიფიქრია, ბარგი ჩავალაგე და წამოვედი. ისე გავიზარდე, რომ ჩემს ქვეყანაზე მიჯაჭვული არ ვიყავი, რადგან საზღვარგარეთ გასვლა ისედაც ხშირად მიწევდა. მშობლებმა 12 წლიდან საზღვარგარეთ გამიშვეს სასწავლებლად, სულ სადღაც ვიყავი და ეს ჩემთვის პრობლემა არ იყო, რადგან კომუნიკაბელური და ინტერნაციონალური ადამიანი ვარ, ადვილად ვახერხებ ადაპტირებას, ურთიერთობების დამყარებას. სამსახურსა და მეგობრებს ყოველთვის ყველგან შევიძენ.
GzaPress
- ბათუმი ძალიან ლამაზი ქალაქია, თანაც ზღვისპირა. როგორ მოგწონთ იქ ცხოვრება?
- ბათუმი მართლაც, ძალიან ლამაზია, თუმცა, მე მაინც მთებს ვანიჭებ უპირატესობას და ის ფაქტი უფრო მომწონს, ქალაქიდან 20 წუთის სავალზე უკვე მთაშიც რომ ხარ და ტყეშიც, სადაც სიწყნარე და სიმშვიდეა.
- თქვენს შვილზე რას გვეტყვით?
- ჩემი ქალიშვილი ნოემბერში ოთხი წლის ხდება. მასაც, ისევე, როგორც სხვა ბავშვებს, ყველაზე მეტად სირბილი და თამაში უყვარს. გარეთ რომ გაგვყავს, ისე გაიქცევა ხოლმე, ძიძაც ვერ ეწევა (იცინის). აქტიური ბავშვია. რაც შეეხება კულინარიას, ჯერ იმდენად პატარაა, რომ გემოებში დიდად ვერ ერკვევა, მაგრამ ჩემთან ერთად "ფინქეიქების" მომზადება ძალიან უყვარს და სულ მთხოვს, გამოვაცხოთო. ძალიან მოსწონს, როცა მეხმარება. არც კი ვიცი, როდის ისწავლა საკუთარი თავის ასე კარგად მიხედვა, ამ მხრივ ძალიან მოწესრიგებული და ჭკვიანი გოგოა. საჭმელს რომ შეჭამს, აუცილებლად აალაგებს და ნიჟარაში ჩადებს.
ჩემი მეუღლე, გიორგი მანქანებითაა გატაცებული. მოსწონს ყველაფერი, რაც ავტომობილებს უკავშირდება. ეს მისი ძირითადი ბიზნესია, იმპორტითაა დაკავებული და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავს. მას ჩემთან ერთად მოგზაურობაც ძალიან უყვარს, ოღონდ თავის ქვეყანაში - არა (იცინის), მე თუ ვაიძულებ ხოლმე სადმე წასვლას.
- თავისუფალ დროს, კულინარიის გარდა, რისი კეთება მოგწონთ? რა არის თქვენი ჰობი?
- თავისუფალი დრო ოთხი წლის წინ მქონდა, ახლა, აბა, რა გითხრათ?.. საერთოდ, ძალიან მიყვარს ველოსიპედით სიარული, დღეში 70 კილომეტრი შემიძლია გავიარო და ეს გასაკვირი არ არის, რადგან მამაჩემი ევროპის ჩემპიონი იყო ველოსპორტში. სიარული და ველოსიპედის ტარება ერთდროულად დამაწყებინა. როცა ტოსკანაში ვცხოვრობდი, ველოსიპედით ასეულობით კილომეტრს გავდიოდი. ასევე, მიყვარს ხატვა. სამხატვრო სკოლაც დავამთავრე. ზეთის საღებავებით ვხატავ, მაგრამ ამჟამად, სამწუხაროდ, ამის დრო არ მაქვს. მაინტერესებს მე-15 საუკუნის ამერიკისა და ესპანეთის ისტორია და სულ რაღაცებს ვკითხულობ, იშვიათ წიგნებს ვყიდულობ, რომ იქ მეტი რამ ამოვიკითხო.
კულინარიას ჩემი ცხოვრების 70% უკავშირდება, სახლშიც სულ რაღაც ექსპერიმენტებს ვატარებ. შეფმზარეულის ოჯახში დავიბადე, დედას ამ სფეროში 35-წლიანი გამოცდილება აქვს და კულინარიას ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას ვეზიარე (იცინის). სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ მის გზას გავყვებოდი, რადგან განათლებით კრიმინალისტი ვარ, ჟურნალისტი-კრიმინოლოგი. კერძებს 14 წლიდან ვამზადებ. დედა და მამა ბევრს მოგზაურობდნენ, შესაბამისად, მე და ჩემი ძმა ხშირად ვრჩებოდით მარტო, ამიტომ, დედამ რაც მასწავლა, ყველაფერს ვამზადებდი.
ცხადია, ოცნებებიც მაქვს. საქართველოში სირაქლემის შესწავლა დავიწყე. ქათმის ხორცი ყველას მოჰბეზრდა, საქონლის ხორცი ძვირია, ამიტომ, სირაქლემა ახალიც იქნება და გემრიელიც! სამომავლოდ, სირაქლემის ფერმა მინდა გავაკეთო. ქმარი კი ორ წელიწადში საკუთარი რესტორნის გახსნას შემპირდა (იცინის). საქართველოში ცხოვრებას ვსწავლობ, ეს ჩემი სახლია, უკრაინაში აღარ ვბრუნდები, აქ არის ჩემი ქმარი, შვილი და აქ მინდა ინტეგრირება. მინდა, აქ ვიყო წარმატებული შეფმზარეული და ყველა ის შესაძლებლობა გამოვიყენო, რასაც ქართული მიწა იძლევა. ეს არის ჩემი ოცნება უახლოეს წლებში!
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი