"ჩაცმულობაში არ უნდა იყოს სამ ფერზე მეტი..." - გზაპრესი

"ჩაცმულობაში არ უნდა იყოს სამ ფერზე მეტი..."

"...ყოველდღიურად თავისუფალი ჩაცმულობა მიყვარს, არ შემიძლია ქალაქში პრიმადონასავით ვიარო. ალბათ გადავიწვები, ვინმემ ეს რომ დამაძალოს, ჩემთვის ცხოვრება შავ-თეთრი გახდება. ზოგჯერ ვიკეთებ მუქ სათვალეს და ისე ვიცვამ, რომ ვფიქრობ, ნეტავ არავინ მიცნოს-მეთქი...", - ამბობს მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი...

- ვფიქრობ, გემოვნება ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება, როგორც ნიჭი... როგორც არის სიმღერის, ხატვის, პოეზიის ნიჭი, იგივეა ალბათ გემოვნებაც! ამის მაგალითია მსოფლიოში გამორჩეული დიზაინერების არსებობა. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, სხვისგან აიღონ მაგალითი, რაც მისასალმებელია და არიან ისეთები, რომლებსაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, გარშემო გემოვნებიანი ადამიანები ჰყავთ, მაგრამ მაინც უგემოვნოდ აცვიათ.

- თანამედროვე თუ ისტორიული ქვეყნები - სად გიზიდავთ მოგზაურობა?

- მეგაპოლისები, თანამედროვე ტექნოლოგიები სულ უფრო ვითარდება და ცოტა მომაბეზრებელიც კი გახდა. ეს ყველაფერი ძალიან შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და ვიცი, რომ ხვალ და ზეგაც არსად "გაიქცევა". იმდენად "მაძღარი" ვარ ამდენი თანამედროვეობით, რომ სულ წარსულში "ყოფნა" მინდა. მაინტერესებს, როგორი იყო ესა თუ ის ქალაქი, უნიკალური ნაგებობები, ტაძრები... რაც უფრო ძველია, მით უფრო მიზიდავს... შეიძლება, ერთ დღეს ის ძველი შენობა დაინგრეს, დაზიანდეს, აღარ იყოს და ვცდილობ, ბევრის ნახვა მოვასწრო.

- უამრავ ქვეყანაში ყოფილხართ და უმდიდრესი შთაბეჭდილებებიც გექნებათ დაგროვილი...

- როდესაც რომში პირველად ჩავედი, ამ ქალაქმა მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა... ასევე იყო თავის დროზე პარიზი, ულამაზესი ქუჩებით, ნაგებობებით!.. ძალიან მომეწონა იაპონური ეგზოტიკა. იცით, ამ ქვეყანაში რომ ჩახვალ, ტოკიოში სიარულს აზრი არა აქვს: ნიუ-იორკს ჰგავს, გლობალური ქალაქია. თუ გინდა, ნამდვილი იაპონია ნახო, კიოტოს, ოსაკას უნდა ეწვიო. მინდა, საქართველოში ჩამოსულმა უცხოელმა ტურისტმა ჩვენი ეროვნული საგანძურები ნახოს. თბილისი უკვე გადაგვარდა ამდენი ბეტონის შენობით და ამიტომაც უწევთ უცხოელებს თბილისის მხოლოდ გარკვეული უბნების დათვალიერება. მათ ოდნავაც არ იზიდავთ შენი ცათამბჯენები, განათებები და ასე შემდეგ... ვთვლი, რომ თბილისის ძველ უბნებს ბევრი დრო უნდა დაეთმოს, მაქსიმალურად ჩაუტარდეს რეაბილიტაცია და მომწონს, ამ მიმართულებით რომ მუშაობენ.

GzaPress

- თქვენი აზრით, რომელ ქვეყანაშია განსაკუთრებულად გემოვნებიანი მოსახლეობა?

- მომწონს ეს შეკითხვა... რა თქმა უნდა, იტალიელები! იტალიელებს ძალიან უყვართ თავის მოვლა, მით უმეტეს - ასაკში შესულ ხალხს. ასაკოვან კატეგორიას თუ გავითვალისწინებთ, იმავეს ვიტყვი გერმანელებსა და ავსტრიელებზე. განსაკუთრებულად მაღალი გემოვნებით გამოირჩევიან ინგლისელები, ნამდვილი ფრანგები - დღეს საფრანგეთი ასოცირდება მრავალეროვან მოსახლეობასთან, შავკანიანებთან... მე კი ნამდვილ, ძველ ფრანგებს გამოვარჩევ, რომლებიც საოცრად მაღალი გემოვნებით გამოირჩევიან.

- თქვენი აზრით, ვინაა საქართველოში მისაბაძად გემოვნებიანი?

- ქალბატონებიდან, რა თქმა უნდა, პირველი ნანი ბრეგვაძე გამახსენდა. განსაკუთრებულად მომწონს და მიყვარს. ის არასოდეს მინახავს უგემოვნოდ ჩაცმული... ასევე, ძალიან მომწონს დალი ჩიტალაძის ჩაცმულობა. კარგად იმოსებიან: ნინო ბურჯანაძე, თაკო ჩხეიძე, ირინა ონაშვილი, ნინო ნადირაძე, ანუკი არეშიძე. რაც შეეხებათ მამაკაცებს, ჩემს ბავშვობაში იყო ცნობილი, რომ ჯაბა იოსელიანი საინტერესოდ იცვამდა - ყურადღებას იპყრობდა წინწკლებიანი ბაფთებით ყელზე, გამორჩეული თეთრი პიჯაკებით... დღესდღეობით მომწონს კახი კალაძის, მარკუს მეტრეველის ჩაცმულობა. კიდევ გვყავს კარგი ბიჭები: ირაკლი მაქაცარია, ანრი ჯოხაძე, გიორგი გასვიანი. მარკუს მეტრეველი აქტიურ ფოტომოდელობასაც ეწევა და საინტერესო ფოტოებს გვიზიარებს.

უცხოელებიდან სოფი ლორენი მომწონს, ვაღმერთებ. საოცარი სტილი, ჰაბიტუსი, ვარცხნილობა აქვს. ეს ქალი მთელი ცხოვრება დარჩა საქმის პროფესიონალიზმისა და გემოვნების ეტალონად... მონიკა ბელუჩის კლასიკური ჩაცმულობის სტილი აქვს, რაც ძალიან მომწონს. ნამდვილად ვერ გეტყვი, რომ ანგელა მერკელი მომწონს (იცინის)... იორდანიის პრინცესა რანიაც გემოვნებით იცვამს.

- თავად როგორი ჩაცმულობა გიყვართ?

- მთავარია, თავისუფლად ვიყო და შეიძლება, სულაც ჩითის კაბა მეცვას. სადაც საჭიროა, იქ კი ვცდილობ, მოწოდების სიმაღლეზე ვიყო და ისე ჩავიცვა, როგორც შემეფერება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ბრენდები უნდა "მივიყარო". ვფიქრობ, მეშჩანობაც არის, ადამიანები რომ ხაზს უსვამენ, არიქა, ბრენდები გვაცვიაო!.. ასეთებს მხოლოდ ამით სურთ, ყურადღება მიიქციონ და არა - შინაგანი სამყაროთი, ინტელექტით.

- ფერები, აქსესუარები?

- ძალიან მიყვარს თეთრის, შავისა და წითლის ნაზავი. ბოლო დროს განსაკუთრებულად გამიტაცა მწვანემ. მიყვარს შაბიამნისფერი, ვარდისფერი - ჟოლოს ფერში რომ გადადის. ჟოლოსფერისა და ლურჯის ერთმანეთთან შეხამება მომწონს, ოქროსფერის - შავთან და ასე შემდეგ... მაქვს პერიოდი, როდესაც მიტაცებს ლეოპარდის ფერები... რაც შეეხება აქსესუარებს, მათში ფულის ხარჯვა არ მენანება. სხვათა შორის, ძალიან ცნობილმა ადამიანმა მითხრა, - თამარ, დღეს იმდენი რამ იკერება, ვეღარც გაარჩევ, მაისური ათდოლარიანია თუ ორიათასიანი; ტანსაცმლით ადამიანებმა შეიძლება მოგატყუონ და ბევრად ძვირად ღირებულად გაასაღონ, ვიდრე აცვიათ, მაგრამ აქსესუარებით მიხვდები, ადამიანს რამდენად კარგად აცვიაო... თუმცა, უკვე იმდენი "ფეიკი" აქსესუარების გამოშვება დაიწყეს, მგონი, მაგასაც ვეღარ მიხვდები.

GzaPress

- ბოლო დროს ერთგვარ მოდად იქცა "მეორადებით" აწყობილი ჩაცმულობა...

- სიმართლე გითხრათ, თავად არ შევსულვარ ასეთ მაღაზიებში... ისე, "მეორადები" ნამდვილად, ამართლებს და იცი, რატომ? - საქართველოში უხარისხო პროდუქცია, უამრავი "ფეიკი" ბრენდი ძვირად იყიდება; იხდი 100-150 ლარს და ერთი გარეცხვის შემდეგ შეიძლება, გადასაგდები გახდეს. "მეორადებზე" კი ამბობენ, რომ ფასებიც დაბალია და თან, თითქმის ჩაუცმელი, ახალთახალიც ბევრი რამ არის, თან - ხარისხიანი.

- თქვენ და თქვენი მეუღლე რამდენად ერევით ერთმანეთის ჩაცმულობაში?

- ჩემს მეუღლეს უყვარს "ქეჟუალ" სტილი. არ არის ისეთი ტიპი, გადარეული იყოს ჩაცმაზე, ჭინჭებზე... რაულის პიროვნებაში სწორედ სისადავე მომეწონა. მისთვის მთავარია, ხარისხიანი სამოსი ეცვას და არა ისეთი გამორჩეული, რომ ამით ყურადღება მიაქციოს. მისთვის შინაგან სამყაროს, ყოველდღიურ საქმიანობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს...

- საუბრის დასასრულ, რას ურჩევდით ქალბატონებს, ყოველთვის გემოვნებიანად რომ გამოიყურებოდნენ, მიუხედავად მათი მატერიალური შესაძლებლობისა?

- ჩაცმულობაში არ უნდა იყოს სამ ფერზე მეტი. დღეს 50 და 100 ლარითაც, თუნდაც "მეორადებში", შეგიძლია კარგი რაღაცები იყიდო, რომ გემოვნებიანად, მდიდრულად გამოიყურებოდე. დიდი ნიჭის წყალობით, მინიმალური დანახარჯით შეძლებ კარგად გეცვას.

მანანა გაბრიჭიძე