ნინუცა მაყაშვილის თავისუფლების ჟინი, სიყვარული და საოცარი წინათგრძნობები - გზაპრესი

ნინუცა მაყაშვილის თავისუფლების ჟინი, სიყვარული და საოცარი წინათგრძნობები

"მას საოცარი წინათგრძნობები აქვს, აზარტულია, ხშირად იღებს რისკიან გადაწყვეტილებას, ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა. უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად - ბრძანებების გაცემა. იოლად უყვარდება, ძნელია, ოჯახის შექმნა მოანდომო. ამბიციური, ენერგიული, ცინიკოსი და დაუმორჩილებელია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ თევზებს, ეს კი მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით დაინტერესებული ვარ, პირადი ჰოროსკოპიც შედგენილი მაქვს. ზოგჯერ პროგნოზში იმდენად დიდი დამთხვევაა, ვფიქრობ, როგორ შეიძლება, რაღაც ასეთი სიზუსტით ასრულდეს-მეთქი?

- "დრაკონი თავისუფლებისმოყვარე ნიშანია. გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა", შეზღუდვები კლავს".

- ზუსტად ასეა, რუტინული სამსახური მეზიზღება; არ შემიძლია, ყოველდღე დაწესებული საათების განმავლობაში, სადღაც ვიჯდე და რაღაც ვაკეთო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობა მეზარება. რუტინას შეიძლება გავუძლო ცოტა ხნით, 7-8 წელი - ვერა. თავისუფლებისმოყვარე ნამდვილად ვარ. არ მინდა, ვინმეზე ვიყო დამოკიდებული, ხელფასიდან დაწყებული, ელემენტარული გადაწყვეტილებებით დამთავრებული. საქმეს, რომელიც ბედნიერებას არ მანიჭებს, ხანგრძლივად ვერ შევასრულებ.

- ენერგიული და დაუმორჩილებელი ხარ?

- ენერგიული ნამდვილად ვარ, დაუმორჩილებელი - არა. როცა შეყვარებული ვარ ან მეგობრებთან გახლავართ, არის მომენტები, როცა ჩემი პრინციპები მაქვს, მაგრამ ზოგჯერ დამთმობიც ვარ.

- "ამბიციურია, დარწმუნებულია საკუთარ თავში და არ ეშინია გამოწვევების".

- საინტერესო და ექსტრემალურ გამოწვევებზე უარს არასდროს ვამბობ, ადრენალინი მომწონს, მაგრამ ამბიციური ნაკლებად ვარ. მგონი, მთელ დედამიწაზე, ისეთი უამბიციო ადამიანი, როგორიც მე ვარ, მეორე არ მოიძებნება. ახლობლები სულ მეჩხუბებიან, ეს თვისება გამოვიმუშაო. ზუსტად ვაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს და არასდროს მიჩნდება სურვილი, ვიღაც სხვა ამ შესაძლებლობებში დავარწმუნო.

- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ მაინც ჩაკეტილია".

- წლები რაც უფრო გადის, ჩემი სამეგობრო წრე უფრო და უფრო მცირდება, ადამიანები იცვლებიან. ბევრი ამხანაგი და კარგი ნაცნობი მყავს, მეგობარი - ძალიან ცოტა. ვცდილობ, გვერდით გამუდმებით ისეთი ადამიანები მყავდნენ, რომლებიც ბედნიერს მხდიან და არა ისეთები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ნეგატივს შემოიტანენ.

- ნამდვილ მეგობრებთან ბოლომდე გახსნილი ხარ?

- რა თქმა უნდა, მეგობრობა ეგაა, თუ ვიღაცასთან რაღაცის მოზომვა გიწევს და რაღაცას ვერ უყვები, ეს ნიშნავს, რომ ის შენი მეგობარი არ არის.

- "ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა".

- უტაქტო არ ვარ, მაგრამ რაღაც მომენტში ისეთ სისულელეს ვაწყდები, სიმშვიდის შენარჩუნება მიძნელდება. უაზრო გამოხდომები მაღიზიანებს, მათი საქმე საერთოდ რომ არ არის და მაინც ერევიან.

- "ვნებიანი, მამაცი და ყურადღებიანია".

- ზედმეტად ყურადღებიანი ვარ. ადამიანზე თან გადაყოლა ვიცი, ამის გამო გული არაერთხელ მტკენია; როგორც აღმოჩნდა, ბევრს ზედმეტი ყურადღება არ უყვარს. მამაციც ვარ და მგონი, ვნებიანიც.

GzaPress

- პრაქტიკულობით გამოირჩევი?

- ნაკლებად. რაღაც მომენტში აბსოლუტურად არაპრაქტიკული ვარ. ცუდი დამოკიდებულება მაქვს ფულთან. ბოლო დროს ვცდილობ, რაღაცები გავთვალო, რაციონალური აზროვნება საჭიროა.

- საკუთარ თავზე კონტროლს ხშირად კარგავ?

- უსამართლობას რომ ვხედავ, კონტროლი საერთოდ მავიწყდება. სულ სამართლიანობისთვის ვიბრძვი, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავ, ამ ქვეყანაში ამას აზრი არ აქვს.

- "ნაკლებად მეოჯახეა. გარეთ ყოფნა ურჩევნია შინ გაჩერებას".

- არა, არა!!! ძალიან მეოჯახე ვარ, შინ ყოფნაზე ვგიჟდები. ვინმემ სახლში მარტო რომ ჩამკეტოს, ეგეც არ იქნება პრობლემა. პერიოდები მაქვს, როცა მინდება, წავიდე და მთაში მარტო ვიცხოვრო, არანაირი ვალდებულება არ მქონდეს, არავისზე დამოკიდებული არ ვიყო და არც არავინ იყოს ჩემზე დამოკიდებული, ეს თავისუფლების ჟინია.

- "კრეატიულია, ყოველთვის შეუძლია ახალი გზის პოვნა".

- მართალია.

- "უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად - ბრძანებების გაცემა".

- მუშაობა მიყვარს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ბრძანებებს არ გავცემ. მეზიზღება მოთხოვნები, ვიღაცაზე მაღლა დგომა. ჯობს, ადამიანთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეს. სტატუსით შეიძლება მაღლა იდგე, მაგრამ თანასწორი უნდა იყო. თხოვნა სხვა რამეა, მოთხოვნა - სულ სხვაა. არსებობს რაღაც, რაც შეიძლება ჯინაზე არ გააკეთო. როცა მსახიობი ვიყავი, მაშინ რეჟისორის მოთხოვნებს ვითვალისწინებდი, სხვაგვარად სპექტაკლი არ გამოვიდოდა, მაგრამ იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როცა მოთხოვნებს მიყენებდნენ და გამოვიქეცი. უკვე რამდენიმე წელია, რუსთაველის თეატრში აღარ ვარ. მარიონეტს რომ ძაფებს მოაჭრი, ეგ შეგრძნება დამეუფლა, თავისუფლება ვიგრძენი, იქაც რუტინა იყო. ჩემი და და დედა ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, სასაცილო მიზეზით გამომიშვეს.

- მიზეზად რა დასახელდა?

- თურმე თეატრი ნაკლებად მიყვარს. როცა სამსახურის საქმეში პირად ამბებს ურევ, ეს უკვე არაპროფესიონალიზმია. ასეთ ადამიანებს არაფერი აღარ უნდა უმტკიცო. ასეთთან თანამშრომლობა სისულელეა. მჯერა, როცა ცხოვრებაში რაღაც ხდება, ხდება უკეთესობისთვის. ჩემს ცხოვრებაშიც ახალი ჰორიზონტი გაიხსნა. ახლა არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად ვარ და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს, ჩარჩოში ჩემს მოქცევას არავინ ცდილობს.

- "აზარტულია, რისკიან გადაწყვეტილებას ხშირად იღებს".

- იმდენად ემოციური ვარ, შესაძლოა, რაღაცით აღვფრთოვანდე და რისკიანი გადაწყვეტილება მივიღო, მაგრამ ჯობს გარისკო...

- "დრაკონს უყვარს უცნაურობები, მოსწონს იდუმალი ადგილები".

- ბუნება მიყვარს. არის ადგილები, რომლებთანაც სხვაგვარი ემოციური კავშირი მაქვს. მიწის, ახალი გათიბული ბალახის სუნზე ვგიჟდები. იდუმალი ადგილები, მისტიკური სახლები და სიტუაციები ძალიან მომწონს. მარტო ტყეში ყოფნაც კარგია. შემიძლია წავიდე და ვიხეტიალო, ასე არაერთხელ მოვქცეულვარ, უგზო-უკვლოდ მიბოდიალია.

- "ეგოისტია. მას ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს".

- საერთოდ არ მაქვს პრეტენზია, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვიყო. არ მესმის "სელებრითების", რატომ წუხდებიან, როცა ადამიანები ცნობენ და მათდამი ემოციას გამოხატავენ. ჩემთვის ეს ბედნიერებაა, საოცარ ძალას მმატებს.

- პოპულარობა დამღლელი არ არის?

- როგორ შეიძლება, სითბოსა და სიყვარულის მიღებამ დაგღალოს?! რომ მოდიან და მეუბნებიან, შენთან ფოტოს გადავიღებთო, იმ წუთში, იმ ბავშვებზე მეტად გახარებული მე ვარ.

- "იოლად უყვარდება, მაგრამ ძნელია, ოჯახის შექმნა მოანდომო".

- იოლად არ მიყვარდება. შეიძლება შემიყვარდეს ისე, რომ მასთან მაინცდამაინც ოჯახის შექმნას არ ვგეგმავდე. დამთმობი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემ გვერდით მყოფი ადამიანი კარგად იყოს. სხვათა შორის, გული ბევრმა მატკინა.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- კი, ვცხოვრობ ადამიანთან ერთად, რომელიც მიყვარს. ვერ ვხვდები, რა აუცილებელია, სადღაც ეწეროს, რომ ცოლ-ქმარი ვართ. ერთად კარგად და ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ჩემი აზრით, ჯერ უნდა ნახო, შინ როგორია, თანაცხოვრებაში ერთმანეთს რამდენად ეწყობით და დაოჯახების გადაწყვეტილება მერე მიიღო.

- ეს ადამიანი ვინ არის?

- ძალიან კარგი პიროვნებაა. ერთად ბედნიერები ვართ, მაგრამ ამ თემაზე ვცდილობ, ნაკლებად ვილაპარაკო.

- დინების საწინააღმდეგოდ ცურვა ხშირად გჩვევია?

- საპირისპიროდ ვცურავ ყოველთვის. იყო მომენტები, როცა მიმაჩნდა, სწორად ვიქცეოდი, მაგრამ სხვისი გადმოსახედიდან არასწორი ნაბიჯი იყო. მირჩევნია, ჩემი შეხედულების მიხედვით ვიმოქმედო და ცხვირი წავიტეხო, ვიდრე ვინანო, ეს ნაბიჯი რატომ არ გადავდგი.

- "მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- ეს ძალიან დამღლელია. რაღაც პერიოდში, შეიძლება ჩავყვე ჩემს დეპრესიას, ცუდად ვიყო, მაგრამ აუცილებლად დგება მომენტი, როცა წელში ვიმართები და ბრძოლას ვიწყებ. თევზების ნიშანი ხომ სხვადასხვა მიმართულებით მცურავი 2 თევზია.

- "ოცნებების სამყაროში ცხოვრობს, ქრონიკული მეოცნებეა".

- ასეა და უკვე ძალიან დავიღალე. ხანდახან მინდა, ბევრ რამეს ყურადღებას არ ვაქცევდე.

- "იუმორი მისი საბრძოლო იარაღია, ხშირად იმიტომ ხუმრობს, რომ ცრემლი დამალოს".

- ასეა. ადამიანები მიცნობენ, მხიარული, ხალისიანი ვარ. ამის ფონზე ადვილი არაა, მათ მოღუშული სახე ვაჩვენო. იმის ახსნა კი ძალიან რთულია, გლობალური თემები რატომ მაწუხებს. როცა ასეთი განწყობა მეუფლება, ვცდილობ, გარეთ ნაკლებად გამოვიდე, საზოგადოებასთან ნაკლები კონტაქტი მქონდეს.

- "საოცარი წინათგრძნობები აქვს".

- ხანდახან მგონია, ვანგა ვარ. საოცარი ინტუიცია მაქვს. ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა იმდენად განვითარდა და იმდენად ამართლებს, უკვე შიში მიპყრობს.

- რაიმე კონკრეტული შეგიძლია გაიხსენო?

- შეყვარებული მყავდა. იმ დღეებში სხვადასხვა ქალაქში ვიყავით. რაღაც მომენტში ზუსტად ვიცოდი, სად იყო და რას გააკეთებდა. მერე ამ თემაზე ვილაპარაკეთ და მითხრა, რა სისულელეს ამბობო?!. 2 დღის შემდეგ, ზუსტად ის მოხდა, რასაც ვეუბნებოდი. რამდენიმე თვის წინ ვამბობდი, რაღაც ცუდი მოხდება, გლობალური პრობლემა დაიწყება-მეთქი, მაგრამ რა, ვერ ვაკონკრეტებდი. 2 კვირაში დაიწყო პანდემია. საოცარი შეგრძნებები მაქვს.

- "ძალიან მიმნდობია, მისი მოტყუება ადვილია".

- ჩემი მოტყუება ადვილი არ არის. ზუსტად ვხვდები, ადამიანი როდის ამბობს სიმართლეს და როცა ტყუის. ზოგჯერ შეიძლება ვიღაცას შევუქმნა ილუზია, რომ მოვტყუვდი - სულ ეს არის.

თამუნა კვინიკაძე