მაია ხორნაულის "გამხელილი ცოდვა" და ამბავი, თუ როგორ იქცა ის მოწყალების მთხოვნელად - გზაპრესი

მაია ხორნაულის "გამხელილი ცოდვა" და ამბავი, თუ როგორ იქცა ის მოწყალების მთხოვნელად

"ამ როლმა მაყურებლებში სიმპათია ნამდვილად გამოიწვია. გარდასახვაში ჩაცმულობამ, გრიმმა ძალიან შემიწყო ხელი, ეს ყველაფერი ერთმანეთს აეკინძა", - ამბობს მსახიობი მაია ხორნაული. როგორ გახდა ის თესეას მცხოვრები, რას ფიქრობს პარტნიორებზე, რა არის მისი ბედნიერება, როგორია მისი სიყვარული, რის გამო იღებს საყვედურებს და რა დარიგება ახსოვს გამორჩეულად მიშა თუმანიშვილისგან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ბავშვობიდან მოყოლებული, ხშირად მესმოდა: ეს მსახიობი იქნება! ეს მსახიობი იქნებაო! ხომ გაგიგონიათ, შეძახილმა ხე გაახმოო. მერე თეატრში აქტიურად დავდიოდი, იქაური გარემო შემიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ბავშვობაში და არც მოზრდილობისას, სცენაზე არ ვმდგარვარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ცოტათი უხასიათოაო. ასე ამბობენ ოჯახში და დასძენენ, - "ამას სცენა მოენატრა, გაუშვით თეატრში". ამბობენ, რომ მეგობრული ადამიანი ვარ, მაგრამ ეს პირველ რიგში, ჩემი მეგობრების დამსახურებაა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო თეატრალურში ჩაბარება. ის სიხარული, რომელსაც ადამიანი ამ პერიოდში განიცდი, მერე დაბლა არ უნდა დაწიო; უნდა ეცადო, უფრო და უფრო მეტ სიმაღლეზე ახვიდე.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი; ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვაკეთო საყვარელი საქმე. რეპეტიციები ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს. საერთოდ, შენების პროცესი მიყვარს. რა თქმა უნდა, პრემიერის დღეს არაფერი შეედრება, მაგრამ რეპეტიციებზეც არანაკლებ სიამოვნებას ვიღებ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პატიება შემიძლია, მიმტევებელი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...მინდა, ოჯახის წევრების მიმართ მეტად მზრუნველი ვიყო.

- დაშვებული შეცდომები...

- ...ვცდილობ, აღარ გავიმეორო და ეს გამომდის.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ის, რომ შეცდომები აღარ უნდა დავუშვა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი და უპატიებელი შეცდომა მაქვს დაშვებული. ის ადამიანი არ ვარ, რომელიც უშვებს შეცდომას და ივიწყებს. იმ შეცდომას იმწუთშივე ვაანალიზებ და ჩემს თავზე მუშაობას ვიწყებ. საკუთარ შეცდომებზე პიროვნულად ვიზრდები, ეს ცხოვრებაა, გამოცდილებაა. ის შეცდომა, რომელსაც 16 წლისა ვუშვებდი, დღეს აღარ მეპატიება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...არ ვფიქრობ, რეალისტი ვარ. არიან ადამიანები, რომლებიც დაფრინავენ, სულ მეცხრე ცაზე არიან. მე დავფრინავ სცენაზე, ამის საშუალება ჩემს პროფესიაში მაქვს და როცა რეალობაში ვბრუნდები, მერე მიწაზე მყარად ვდგავარ.

- ვიბნევი...

- ...როდესაც შევდივარ დიდ სივრცეში, დიდ მარკეტებში, მოლებში, როგორც ბატი, ისე დავდივარ. ჩემი მეუღლე სულ მეუბნება, რა დაბნეული ხარო.

- ვნანობ...

- ...გულგრილი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვნანობ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან, მეტად არ ვეფერებოდი, რატომ მეტ სითბოს არ ვჩუქნიდი.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, როცა...

- ...უსამართლობას ვაწყდები. ჩემი მისამართით ჩადენილი უსამართლობა უფრო იოლად გადამაქვს, მაგრამ როცა სხვის ჩაგვრას ვხედავ, ეს გაცილებით მტკივნეულია. მიუხედავად იმისა, რომ ხევსურისა და გურულის ნაჯვარი ვარ, ძალიან ფეთქებადი ხასიათი არ მაქვს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ზღვაზე, იქ ჩემი შვილია. 1 თვეა, არ მინახავს.

- მეზარება...

- ...არაფერიც არ მეზარება. ძალიან მეოჯახე და საქმიანი ვარ.

- სიყვარული - ეს არის...

- ...არ ვიცი, როგორ ავხსნა (ფიქრობს)? ყველა ფერია, ცისარტყელაა. სიყვარულია ჩემი ოჯახი, სამშობლო, თეატრი...

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მაშინ იყო დიდი აღმაფრენა, ბავშვობა, სილაღე... და კიდევ, ცისარტყელა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ცვალებადი ხასიათი მაქვს, შეიძლება ერთმა ფრაზამ, ერთმა გამოხედვამ, ერთმა სიტყვამ, ჩემი შვილების კოცნამ კარგ ხასიათზე დამაყენოს.

- მაკვირვებს...

- ...როგორ შეუძლიათ ადამიანებს, ერთმანეთს გული ატკინონ, დიდი ტკივილისთვის იოლად გაიმეტონ. ენას ძვალი არა აქვს, ხშირად სიტყვებითაც კლავენ ერთმანეთს. ადამიანთა სულმდაბლობას ვერასდროს შევურიგდები.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...პროფესიიდან გამომდინარე ვიტყვი: ამდენი წელია, ამ სფეროში ვარ, ამაზე ლაპარაკი უკვე ცოტათი სასაცილოა, მაგრამ მეტად თამამი რომ ვყოფილიყავი, უკეთესი იქნებოდა. სცენაზე გაცილებით თამამი ვარ, ვიდრე ცხოვრებაში. არადა, ძალიან მინდა, ჩემს ხასიათში სითამამე მეტი დოზით იყოს.

- ბოლოს ვიტირე...…

- ...მტირალა ვარ, გული იოლად მიჩუყდება. საჯაროდ სათქმელი არ არის, ღამე ჩემთვის რაღაცას ვფიქრობდი და მერე გულიანად ვიტირე.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ეს ძალიან სასიამოვნოა, ნურავინ უარყოფს, თუმცა, ახლავს უხერხულობაც. იმისთვის არ მოვსულვრ ამ პროფესიაში, რომ საჯარო შექებები მესმინა, ეს თანმდევი სასიამოვნო პროცესია, მადლიერი ვარ.

- მეშინია...

- ...იმდენი რამის, რომ ამის თქმისაც კი მეშინია.

- ხშირად მსაყვედურობს...

- ...ჩემი და. ზოგჯერ დღე ისე გადის, დარეკვას ვერ ვახერხებ და ის მერე სიყვარულით მსაყვედურობს. პანდემიის დროს ეს საყვედური აღარ მიმიღია.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ამაზე არასდროს მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ შესაცვლელი ალბათ ბევრი რამ არის. არაფერს შევცვლიდი, რადგან ჩემმა გარეგნობამ დღეს თქვენ ჩემთან დაგარეკვინათ.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს, გარემოს, სიყვარულს, სამშობლოს...

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...გამრავლების ტაბულა. სასაცილოა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობს.

- ვიტყუები...

- ...ძალიან იშვიათ შემთხვევაში და მაშინაც მალე ვამბობ, რომ ტყუილი ვთქვი.

- როცა მარტო ვარ...

- ...სულ ჩემს როლებზე ვფიქრობ. შეიძლება უცნაურია, მაგრამ ამ დროს ოჯახის წევრებზე არ მეფიქრება.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძალიან ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ჩემს თავში ვერ ვიკეტები. რაც მაწუხებს, მეუღლესთან და მეგობრებთან აუცილებლად უნდა ვთქვა, ემოციისგან უნდა დავიცალო, ეს ძალიან მშველის.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...4 სტუდენტი მიშა თუმანიშვილის სპექტაკლში - "ზაფხულის ღამის სიზმარი" ვთამაშობდით. მაშინ მეოთხე კურსზე ვსწავლობდი. ზამთრის პერიოდი იყო. იმ 90-იან წლებში, თეატრი საერთოდ არ თბებოდა, იმ დღესაც საშინლად ციოდა. სპექტაკლში სცენაზე ლიუკიდან უნდა ამოვსულიყავი. იქ რომ ვიჯექი, ფერიის ჩაცმულობაში იმ სიცივის ატანა წარმოუდგენელი იყო, პლედი მქონდა მოფარებული და ფეხები რომ არ გამყინვოდა, ბოტასებში მქონდა შეყოფილი. გაისმა მუსიკა, მოვიდა ჩემი ამოსვლის დრო. ეს ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობაც იყო და სიხარულიც. ისე მოხდა, რომ ლიუკიდან ინსტინქტურად, ბოტასით ამოვედი და სცენაზე ერთი გასვლა გავიარე, არადა, ფეხშიშველი უნდა ვყოფილიყავი. ეს იმ წუთშივე გავიაზრე, მაგრამ სცენაზე ვიდექი და უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი. მაშინ ბატონმა მიშამ დამარიგა: მსახიობმა სცენაზე გასვლის წინ, ყოველთვის თავი უნდა შეიმოწმოს, დაითვალიეროსო. იქ ძალიან დიდი სარკეები ტყუილად კი არ არის. მას შემდეგ ეს სიტყვები სცენაზე ყოველი გასვლის წინ მახსენდება. ახლა ჩემს სტუდენტებსაც ვაფრთხილებ. ეს არ იყო საყვედური, ეს იყო დარიგება.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...დიდ მადლობას, რომ დაინტერესდით და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. წლებია, ჩემი მაყურებლებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ყველას გეფერებით და მადლობას გიხდით. იარეთ თეატრში! ჩვენ კი სითბოს და სიყვარულს გაგინაწილებთ.

თამუნა კვინიკაძე