გოგო, რომელსაც ქუვეითის ქართველ მარგალიტს ეძახიან - გზაპრესი

გოგო, რომელსაც ქუვეითის ქართველ მარგალიტს ეძახიან

ელგა კოტაშვილმა დაახლოებით ათი წლის წინ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ უმრავლესობისგან განსხვავებით, მას სრულიად სხვა სამყაროში, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობ ქვეყანაში - ქუვეითში მოუწია გადასვლამ.

ელგას დღეს "ქუვეითის ქართველ მარგალიტს" ეძახიან, სავარაუდოდ - მას შემდეგ, რაც ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ცნობილ ბომონდურ ჟურნალს.

ის ძალიან უყვართ ქუვეითში, აფასებენ როგორც თავისი საქმის კარგ მცოდნეს და კარგ ადამიანს. ეპიდემიის დღეებში ელგამ ქართველი ემიგრანტების სახელით, თანაც არაერთხელ, დახმარება გაუწია გაჭირვებულებს. როგორც ამბობს, მას შემდეგ, რაც ელიტურ საზოგადოებაში ცნობილი გახდა, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს გარშემო მყოფებზე და მათ დადებითი წარმოდგენა შეუქმნას ქართველებზე. ბოლოს და ბოლოს, საზღვარგარეთ მყოფი თითოეული ჩვენგანი ხომ საკუთარი ქვეყნის სახეს წარმოვადგენთ.

- ქუვეითში ბატონი გოგი თოდაძის დახმარებით ჩამოვედი. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა თავისუფალი მიმოსვლა, არც ტურისტული ვიზა; ქუვეითი ჯერ კიდევ დახურულ ქვეყნად ითვლებოდა და მხოლოდ საქმიანი მოწვევით შეგეძლო ჩამოსვლა. ბატონი გოგი დაახლოებით 26 წელია, ქუვეითში სპორტული საქმიანობით, კერძოდ კი ძალოსნობის სატრენერო სფეროში წარმატებულ საქმიანობას ეწევა და მისი უშუალო დახმარებით შევძელი სამსახურის დაწყება ერთ-ერთ სილამაზის სალონში. დღეს კი ქუვეითი ჩემთვის მეორე ქვეყანაა საქართველოს შემდეგ, სადაც სიამოვნებით ვცხოვრობ. მყავს უამრავი არაბი მეგობარი, რომლებიც ყოველთვის მხარში მიდგანან და მე ამაყი ვარ მათით. ესენი არიან ცნობილი შეიხების შვილები, ჟურნალისტები, ექიმები, სამეფო საგვარეულო ოჯახის წევრები - ასე ვთქვათ, ქუვეითური ბომონდის წარმომადგენლები. არ შემიძლია არ აღვნიშნო პანდემიის პერიოდში ქუვეითელი მეგობრების თანადგომა. ისინი თითქმის ყოველდღე მწერდნენ, მირეკავდნენ, თუ რამე შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ, რათა თავი ცუდად არ მეგრძნო. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ქუვეითელს ასეთი დამოკიდებულებისთვის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ჩემთვის.

აღმოსავლური სამყაროს მიმზიდველობა

- ნამდვილად, თავდაუზოგავი შრომის შედეგად შევძელი საკუთარი ტექნოლოგიების შემუშავება და ახალი ვარცხნილობების, ფერების შექმნა. დაახლოებით 5 წელში შევძელი საკუთარი სილამაზის სალონის გახსნა. მქონდა რთული პერიოდებიც, მაგრამ ადამიანების დახმარებითა და ჩემი თავდაუზოგავი შრომით შევძელი ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევა. ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო, როდესაც სრულიად უცხო გარემოში მომიწია ცხოვრების ნულიდან დაწყებამ. ისე, რაღა დაგიმალოთ და, ბავშვობიდან მომწონდა და მიზიდავდა აღმოსავლური, კერძოდ, არაბული სამყარო. გარეგნულადაც, უფრო აზიური ჰაბიტუსი მაქვს და ამდენად, ძალიან მალე მიმიღო აქაურმა საზოგადოებამ.

"ნდობას პროფესიონალიზმთან ერთად, ადამიანებისადმი სწორი დამოკიდებულება განსაზღვრავს"

- საერთოდ, რთულია ამ სოციუმის წევრობა, რადგან პირველ რიგში, ნდობის მოპოვებაა მნიშვნელოვანი, ასევე - სწორი კომუნიკაცია, საიდანაც ჩანს შენი დამოკიდებულება, მაგრამ თუ ადამიანები გიყვარს და შენი საქმე მოგწონს, ეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ აქ კი არა, სადაც უნდა იყო, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ ნდობის მოპოვებაა, ნდობას კი პროფესიონალიზმთან ერთად, სწორი დამოკიდებულება განსაზღვრავს და თუ ამ სამ რაღაცას ერთად აკეთებ, სხვა პრობლემები გვერდზე იწევს და საქმეც გამოდის.

GzaPress

საყვარელი ადგილი საქართველოში

- საბოლოოდ, ჩემს ადგილს მაინც საქართველოში ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ახლობლების გარემოცვაში ვარ, კერძოდ, გვერდში მიდგას ჩემი და, ხათუნა, რომელიც წლებია აქ მყავს. გარდა იმისა, რომ ჩემი დაა, უზომოდ კეთილშობილი ადამიანია, თავისი საქმის ერთგული და პროფესიონალი. ისიც ყველას უყვარს, პატივს სცემენ ქუვეითში. ხათუნას შვილებიც, ისევე, როგორც ჩემი შვილი, საქართველოში, დედოფლისწყაროში ცხოვრობენ. მეც იქ დავიბადე და ცხოვრების საუკეთესო პერიოდიც სწორედ იქ გავატარე. ახლაც, როდესაც საქართველოში ჩავდივარ, ჩემთვის ყველაზე მყუდრო და საყვარელი ადგილი დედოფლისწყაროა.

საქმე

- ჩვენი სამუშაო დილა იწყება დილის 11 საათზე. ამ დროს ვხსნით სალონს და ჩემს დამხმარეებთან ერთად ვიწყებ მუშაობას. რამდენიმე თვეა, რაც ახალი სალონი გავხსენით. სამწუხაროდ, მალევე გამოჩნდა ეს ვირუსი, გამოაცხადეს პანდემია და მუშაობა შევაჩერეთ. იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს პერიოდიც და შემდეგ სრული დატვირთვით შევუდგებით საქმიანობას. საკუთარი თავის იმედი მაქვს და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება, მით უმეტეს, რომ მიყვარს და მომწონს ჩემი საქმე.

"ხათუნა გვიმზადებს მონატრებულ ქართულ კერძებს"

- ქუვეითში მცხოვრები ქართველები ზოგჯერ ვახერხებთ შეკრებას. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრია ფეშენებელური, გასართობი ცენტრი, გვირჩევნია, ჩემთან შევიკრიბოთ. ხათუნა გვიმზადებს მონატრებულ ქართულ კერძებს და ვსაუბრობთ საქართველოზე, ქუვეითზე.

იოლი არსად არაფერია, განსაკუთრებით კი აქ, რადგან მუდმივად გაკონტროლებენ, ყველაფერი წესრიგში უნდა გქონდეს, დაწყებული დოკუმენტაციით, დამთავრებული სამედიცინო შემოწმებით; ახლა კიდევ ახალი რეგულაციები იქნება, რაც ე.წ. ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. მთავარია, წესრიგში გქონდეს ყველაფერი და იყო შრომისმოყვარე, არანაირი პრობლემა არ გექმნება საქმიანობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კლიენტების თავისებურებას, ისევე, როგორც ყველგან, აქაც არიან გამორჩეულად თბილი და კომუნიკაბელური ადამიანები; ასევე შემოდიან მომთხოვნი არაბი ქალებიც. ვცდილობ, ყველასთან საერთო ენა გამოვნახო. თავშიც აღვნიშნე, რომ უნდა შეგეძლოს ყველანაირი კლიენტის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ დასრულებული ვარცხნილობა თავიდან ბოლომდე შემიცვლია კლიენტის სურვილიდან გამომდინარე და ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ვცდილობ, თავი ხელში სწრაფად ავიყვანო და შევიდე მის მდგომარეობაში, გაგებით მოვეკიდო ამ ადამიანის ახირებებს, რადგან "კლიენტი ყოველთვის მართალია". მე ვერ გამოვდგები ვერავის ჭკუის დამრიგებლად, რადგან ყველას თავისი ცხოვრება და ინდივიდუალური გამოცდილება აქვს, მაგრამ მერწმუნეთ, ასეთი მიდგომა ყოველთვის ამართლებს, რადგან თანამედროვე სამყაროს ეკონომიკის უდიდესი წილი მომსახურების სფეროზე დგას და თუ ამ სფეროში საქმიანობას ეწევი, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კლიენტებთან ურთიერთობაა. თანაც, მოგეხსენებათ, თმა ადამიანის ერთ-ერთი ენერგეტიკული ნაწილია და ყოველთვის გრძნობს კლიენტი, შენ რა დამოკიდებულებით უწევ მას მომსახურებას.

GzaPress

"შინაგან სიცარიელეს ვივსებ"

- შინაგანად ძალიან მაწუხებს საქართველოში განვითარებული მოვლენები, რადგან, როდესაც მოშორებული ხარ შენს ქვეყანას, უფრო მეტად გრძნობ და გტკივა ყველაფერი ის, რაც იქ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მაქვს დროის დეფიციტი, ყოველდღიურად ვეცნობი საინფორმაციო სიახლეებს სოციალური ქსელის საშუალებით მაინც. მიხარია, რომ საქართველომ კარგად გაართვა თავი პანდემიის პრობლემას და ძალიან ამაყი ვარ ამით. შარშან, როდესაც რუსეთმა ტურისტული ემბარგო გამოაცხადა, ამის გამო ძალიან შევწუხდი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ამიტომ დავიწყე ჩემს კლიენტებთან საქართველოს შესახებ საუბარი. ბედად, ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ საინფორმაციო ბუკლეტები მომაწოდა და დაინტერესებულ პირებს ვურიგებდი, ვეუბნებოდი, რომ ჩასულიყვნენ საქართველოში და ენახათ ჩვენი ლამაზი ქვეყანა. მგონია, ასე რაღაცით მაინც ვეხმარები ჩემს სამშობლოს. შეიძლება, ეს დიდი ვერაფერი ხეირია, მაგრამ რაღაც შინაგან სიცარიელეს ვივსებ. ვცდილობ სიკეთე ვაკეთო და ხშირად დავხმარებივარ სრულიად უცხო ადამიანს - ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ვინმეს რამით ვეხმარები. პანდემიის პერიოდში მე და ჩემი და ვამზადებდით სადილს და ვურიგებდით აქ მცხოვრებ ინდუსებს, პაკისტანელებს, რადგან აქ დასაქმებული ადამიანები ამ პერიოდში ფაქტობრივად, ყველაფრის გარეშე დარჩნენ და არ შემეძლო, შინ მშვიდად ვყოფილიყავი, როდესაც გარშემო ხელგაწვდილ ადამიანებს ვხედავდი.

დაბოლოს, კითხვაზე: რას უსურვებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, ელგამ გვიპასუხა:

- განსაკუთრებით მინდა მივმართო ქართველ ახალგაზრდებს - უყვარდეთ და იზრუნონ ერთმანეთზე, შეძლონ ერთმანეთის გატანა და დახმარება. ჩემი შვილიც საქართველოში იზრდება და ძალიან განვიცდი ყველაფერს, რაც მომავალ თაობას ეხება. ჩვენი ქვეყნის მომავალი მათ ხელშია. ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი, რადგან ჩემი ქვეყნის მომავალი მაღელვებს და მწამს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, საბოლოოდ, მაინც ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, ერთმანეთი გიყვარდეთ და გაუფრთხილდეთ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც, ამით კი პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას გაუფრთხილდებით.