200 ლარი ბავშვებისთვის - გზაპრესი

200 ლარი ბავშვებისთვის

საქართველოს მთავრობა 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს 200 ლარით დაეხმარება. ბავშვების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მოზარდები თანხას სასწავლო წლის დასაწყისში მიიღებენ. "ეს დახმარება განხორციელდება ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის მიზნით", - ამბობს პრემიერი, რომლის ინიციატივას, როგორც ყოველთვის, განსხვავებული რეაქცია მოჰყვა: საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია, მეორეს კი წინასაარჩევნო პიარის ნაწილი ჰგონია.

გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რამდენად შეეშველება 200 ლარი პანდემიის გამო კრიზისულ სიტუაციაში ჩავარდნილ ქართულ ოჯახებს.

"არაფრის იმედი არ მაქვს, რადგან ჩემმა სახელმწიფომ ერთხელ უკვე მომატყუა"

ლიზა ვადაჭკორია, ჟურნალისტი:

- სიმართლე გითხრათ, ძალიან გამწარებული ვარ, რადგან ჩემმა სახელმწიფომ ერთხელ უკვე მომატყუა - კუთვნილი 200-ლარიანი კომპენსაცია არ მომცა, რომელიც კარანტინის დროს უნდა მიმეღო. ალბათ იცით, რომ "ტვ-25"-ის თანამშრომელი ვიყავი, რომელსაც სარეკლამო ბიუჯეტი შეუწყდა და 1-ლი მაისიდან უმუშევარი დავრჩი. აპრილის ხელფასი უსახსრობის გამო ვერ ჩამირიცხეს. ჩემი მეუღლეც, რომელიც ტურისტულ სექტორში მუშაობს, უმუშევარი დარჩა. აღმოჩნდა, რომ სრულიად უსახსროდ დავრჩით და ბუღალტერს ვთხოვე, განაცხადი შეევსო, რათა კუთვნილი 200-ლარიანი კომპენსაცია მიმეღო. აღმოჩნდა, რომ არ გადამიხდიან და მიზეზად იცით, რა მითხრეს? - აპრილის ხელფასი ივნისში ჩამირიცხა დამფუძნებელმა და ამის გამო კომპენსაცია აღარ გეკუთვნითო. მთელი ამ თვეების განმავლობაში უმუშევარი ვიყავი და ვალები ავიღე - როგორღაც, ხომ უნდა მეარსება? მე, სამსახურდაკარგულ და უშემოსავლოდ დარჩენილ ადამიანს თურმე არ მეკუთვნის კუთვნილი კომპენსაცია - ლოგიკა აქ სად არის? ამის გამო ძალიან გულნატკენი და გამწარებული ვარ. საჩივარიც დავწერე, მაგრამ მეუბნებიან, რომ ვერაფერს მივაღწევ. გამოდის, უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილმა ადამიანმა უნდა ვიქირაო ადვოკატი, რომ ეს 200 ლარი მაინც მომცენ. შემოსავლების სამსახურში მიმტკიცებენ, არ გეკუთვნისო. ესე იგი, მე და ჩემი ქმარი უნდა წავიდეთ და კუბოში ჩავწვეთ?!. ეს თანხა იმისთვის მჭირდებოდა, რომ კომუნალური გადასახადები მაინც გადამეხადა. ეს რა სამართალია?! პირველი ივნისიდან ჩემი შვილიც უმუშევარი დარჩა და სახელმწიფომ კუთვნილი კომპენსაცია იმასაც არ მისცა. ახლა მითხარით, რისი იმედი უნდა მქონდეს? იქნებ, ჩემს ორ შვილიშვილს მაინც მისცენ ეს 400 ლარი, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება. იცით, როგორი შთაბეჭდილება მრჩება? - ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია: ბაქიბუქობენ და ყველას მოაჩვენებენ, რომ ხალხზე ზრუნავენ. 20 წელია ვმუშაობ და სახელმწიფოსთვის იმდენი გადასახადი მაქვს გადახდილი, რომ იქიდან 200 ლარი ნამდვილად მეკუთვნოდა. ორჯერ ვიყავი შემოსავლების სამსახურში და - სულ ტყუილად. თუ რეალურად ვერ გვეხმარებიან, ნუ გვატყუებენ მაინც და ნუ გვპირდებიან. მეც, პირდაპირ მითხრან, რომ სახელმწიფოს ჩემი ბედი არ აინტერესებს. ფაქტია, პირველად დამჭირდა სახელმწიფოს დახმარება და უსახსროდ, უიმედოდ დამტოვეს! თუნდაც, პრინციპის გამო მინდა ეს საქმე მოვიგო, მაგრამ სასამართლოსთვის ადვოკატი მჭირდება და თუ ადვოკატი გამოჩნდება, მზად ვარ, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო. კიდევ კარგი, სექტემბრიდან სამსახურის დაწყებას ვაპირებ, თორემ ამ სახელმწიფოს იმედი მე უკვე აღარ მაქვს!

"ვიღაც კმაყოფილი იქნება, ვიღაც - უკმაყოფილო..."

GzaPress

ზაალ სულაკაური, მხატვარი:

- ჩემი უფროსი შვილი 24 წლისაა და თავი საკუთარი მარჯვენით, თავისი შრომით უნდა შეინახოს. დანარჩენ სამს ნამდვილად მოუწევს ამ ფულის აღება, სულ 600 ლარი გვეკუთვნის და ამ თანხით მოვახერხებ, ბავშვებს რაღაც მაინც ვუყიდო. ამ ფულს ცოტას კიდევ დავამატებ და სექტემბრისთვის, რომ იტყვიან, ამოვისუნთქავ. ამ გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ: ის, რომ მთავრობა ბავშვებზე ზრუნავს და ფიქრობს, უკვე კარგის ნიშანია. პედაგოგი ვარ, ჩემი ცხოვრებაც ბავშვებთან არის დაკავშირებული და კარგად ვიცი, სტრესულ სიტუაციაში მათ უფრო მეტად უჭირთ და მეტი მზრუნველობა სჭირდებათ. ამ გადაწყვეტილებას ყველა სხვადასხვანაირად აფასებს: ზოგი დადებითად და ზოგიც - უარყოფითად. მოდი, დადებითს უფრო მივაქციოთ ყურადღება: ხომ შეიძლებოდა, არანაირი თანხა არ გამოეყოთ, "კაპიკი" არ მოეცათ და ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ მიეღოთ? არ შეიძლება, ადამიანს კეთილი ნებაც ცუდად ჩაუთვალო. მე მაგალითად, ჩამერიცხა 200 ლარი - მთავრობამ უმუშევრობის კომპენსაციად რომ გამოგვიყო. უნდა ვთქვა, რომ ეს ჩემთვის დიდი შეღავათი იყო. მესმის, ნებისმიერი გადაწყვეტილების გამო ვიღაც კმაყოფილი იქნება, ვიღაც - უკმაყოფილო, მაგრამ სიმართლე მხოლოდ ერთია.

"მიმაჩნია, რომ ყველა მთავრობას ხალხის ვალი აქვს"

GzaPress

თეა დარჩია, მოცეკვავე:

- თუ სახელმწიფო რაღაცაში მაინც დაგვეხმარება, ამას რა ჯობია?! მე ოთხი შვილი მყავს, აქედან, 17 წლამდე ასაკის მარტო ორია, მაგრამ ოჯახისთვის ნებისმიერი თანხა შეღავათია. თითოეულ ბავშვზე 200 ლარი ძალიან კარგია, მაგრამ ის, რომ უმუშევრებმა და სოციალურად დაუცველებმა თავი თვეში 200 ლარით გადაირჩინონ, ფანტასტიკაა. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი დახმარება, რომელსაც სახელმწიფო გაჭირვებული ხალხისთვის გაიღებს, ჩემთვის მოსაწონია. სულ სხვა საკითხია, რატომ არის ეს ქვეყანა ღარიბი, - ვფიქრობ, არ უნდა იყოს. ეს იმის ბრალია, რომ თანხები არამიზნობრივად, არასწორად იხარჯება. პრიორიტეტი თითოეული ადამიანი უნდა იყოს, მისი გადარჩენა შიმშილისა და სიდუხჭირისგან - უნდა იყოს უმთავრესი და არა - გზები, ნაგვის ურნები, ძვირფასი სკამები, რომლებიც სახელმწიფოს ასტრონომიული თანხა უჯდება. მიმაჩნია, რომ ყველა მთავრობას ხალხის ვალი აქვს და არ არსებობს მთავრობა, რომელიც ამ ვალს ბოლომდე გადაიხდის. ამიტომ, დახმარებისთვის მადლობები ვუხადოთ, სწორი არ იქნება. მთავრობა - ეს არის ჩვენი დაქირავებული უწყება, რომელსაც ფულს ვუხდით, რათა კომფორტი და სიმშვიდე შეგვიქმნას, შიმშილს და წყურვილს გადაგვარჩინოს. აქედან გამომდინარე, კრიზისულ სიტუაციაში ხალხის დახმარება მათი მოვალეობაა. ერთი ნახეთ, საზღვარგარეთ ხალხს როგორ ეხმარებიან. მართალია, პანდემიას თავი კარგად გაართვეს, მაგრამ ახლა ვნახოთ, რა იქნება და როგორ წავა ჩვენი ქვეყნის მომავალი. მე მაინც იმედი მაქვს, უფლის ნებითა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება.

"ეს 200 ლარი არჩევნების წინ, ხალხის მოსყიდვის მცდელობა მგონია"

GzaPress

ოთარ მელია, პროგრამისტი, 11 შვილის მამა:

- ძალიან ბევრს ვშრომობ, რომ ჩემს შვილებს არაფერი მოაკლდეთ, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი სახელმწიფოს იმედად ნამდვილად არ არიან. ჩვენდა სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს საერთოდ არ ეხმარება. ბევრს ჰგონია, რომ თითოეულ ბავშვს რაღაც თანხას მაინც აძლევენ, მაგრამ ასე არ ხდება. რამდენად წაადგება ასეთი მიდგომა ჩვენს მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას, ძალიან რთული საკითხია. 11 შვილი მყავს, 200-ლარიანი დახმარება მხოლოდ შვიდს მოუწევს და იმედია, ამ 1.400 ლარს მაინც მოგვცემენ. ეს არ იქნება თანხა, რომელიც ჩემი 11 შვილისთვის რაღაცას შეცვლის, მაგრამ სულ არაფერს მაინც ჯობია. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მთლიანი თანხა შეიძლებოდა, უფრო გონივრულად დახარჯულიყო, ამიტომ ეს წინასაარჩევნოდ ხალხის მოსყიდვის ფორმა მგონია.

"კარგია, როცა სახელმწიფო ცდილობს, კრიზისში მყოფ ადამიანებს ხვედრი შეუმსუბუქოს"

GzaPress

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:

- ჩვენ გავდივართ ძალიან ცუდ და მძიმე პერიოდს, რომელიც "კოვიდ 19"-თან არის დაკავშირებული. ის ჩაკეტილობა ყველაზე მეტად, ბავშვებმა და ხანში შესულმა ადამიანებმა განიცადეს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს დახმარება მარტო ბავშვებს კი არა, მათაც ეკუთვნით. რა თქმა უნდა, 200 ლარი იმ ტრავმირებულ დღეებს ვერავის აუნაზღაურებს, მაგრამ ერთგვარი დამამშვიდებელი ბონუსი იქნება. თანაც, ბევრი ოჯახისთვის 200 ლარი საარსებო საშუალებაა. ოჯახი, სადაც 2-3 ბავშვია, 600 ლარს აიღებს და ეს ფული ერთ თვეს მაინც გაატანინებს. ჩვენი რეალობა მძიმეა, ეკონომიკური ფონი - უმწვავესი, ამიტომ კარგია, რომ სახელმწიფო ცდილობს, ხვედრი შეუმსუბუქოს კრიზისში მყოფ ადამიანებს. ბავშვები ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ითრგუნებიან. ეს ჩემი შვილიშვილების მაგალითზე კარგად ვიცი... კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ეს 200 ლარი წინასაარჩევნო პიარის ნაწილია. 200 ლარი ან ყბადაღებული ხახვი და კარტოფილი ჩამოყალიბებულ ადამიანს არჩევნების წინ აზრს ვერ შეუცვლის. პატარებს სიხარული უნდა მივანიჭოთ - ამაზე არავინ კამათობს, ამიტომ, ამ თანხას ვუყურებ, როგორც საჩუქარს პატარებისთვის და მივესალმები. მომავალში, თუ ბავშვებს ისევ ჩაკეტილი ცხოვრება მოუწევთ, მთავრობამ რაღაც გლობალური უნდა მოიფიქროს - ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოსახლეობას კრიზისისა და გაჭირვების დაძლევაში დაეხმარება.

"ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვეხმარებიან და მადლობის მეტი რა უნდა ვთქვათ?"

GzaPress

რომან ქერქაძე, მსახიობი:

- მადლობის მეტი რა უნდა ვთქვა? ურთულესი პერიოდი გამოვიარეთ და ამ დროს თუ ვინმე დაგვეხმარება, ცუდი ნამდვილად არ იქნება. ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა ბავშვს 200 ლარს თუ მისცემენ, ცუდი სულაც არ იქნება. მით უმეტეს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რა ეკონომიკაც გვაქვს. ჩემი უფროსი შვილი მესამეკლასელია და ამ ფულით სასკოლო ჩანთას, ტანსაცმელს და რაღაც ნივთებს მაინც ვუყიდი. თანაც, ორი შვილი მყავს და 400 ლარს მომცემენ, ჩემს მეგობარს 10 შვილი ჰყავს და 2 ათასი ლარი ეკუთვნის, რაც მისთვისაც დიდი შეღავათი იქნება. ამბობენ, 200 ლარი ცოტააო, მაგრამ ერთ ძველ ანდაზას შევახსენებ ყველას: ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენო...

"არავისი დახმარება არ მინდა, ოღონდ ნუ ჩაგვკეტავენ!"

ნინო ს., მარტოხელა დედა:

- თუ ჩემს ვინაობას არ გაამხელთ, ყველაფერს გეტყვით, რასაც ამ დახმარებაზე და საერთოდ, პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციაზე ვფიქრობ. მარტოხელა დედა ვარ, ჩემი შვილი 7 წლისაა და ამ ასაკამდე ისე მივიყვანე, არავისთვის არაფერი მითხოვია. ვმუშაობ ერთ-ერთ სილამაზის სალონში, რომელიც კარანტინის დროს დაიკეტა. 3 თვე უმუშევარი ვიყავი. ჩემს იმედზეა დედა, რომელიც პენსიონერია და თავისი პენსია წამლებშიც არ ჰყოფნის. გახსენებაც არ მინდა, ამ გაზაფხულზე რა გამოვიარე. გაშეშებული ვიჯექი და არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, რა გამეკეთებინა! ამიტომ, ჩვენს მთავრობას ვთხოვ: ჯერ უფროსებს მიხედონ, მშივრებს ნუ დაგვხოცავენ და შვილებს როგორმე თვითონ მოვუვლით! ამბობენ, კარანტინის დროს უმუშევრებს 200-300 ლარი დავურიგეთო. ტყუილია! ჩემნაირებს არაფერი მიუღიათ. იმიტომ ჩაგვკეტეს და ულუკმაპუროდ დაგვტოვეს, რომ ლამაზი სტატისტიკა ჰქონოდათ?! "კორონა-კორონას" რომ გაიძახიან, ვისაც კორონა არა გვაქვს, როგორ უნდა ვიარსებოთ, ეს არავის აინტერესებს. ფურცელზე, ხალხის მოსატყუებლად მეც მივიღე 1.200 ლარი, მაგრამ სინამდვილეში, ლარიც არ ამიღია. ამიტომ, ეს დახმარებაც ბლეფი და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი მგონია. რატომ გვატყუებენ?! იდიოტები ხომ არა ვართ, ყველამ კარგად იცის, რა როგორ ხდება. ხალხს ამ მთავრობის უკვე აღარ სჯერა და ეს ძალიან საწყენია. მე არა ვარ ის ადამიანი, ვინც შავსა და თეთრს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევს, მაგრამ რაც მოხდა, მოტყუება და თვალებში ნაცრის შეყრა იყო!

ხათუნა ჩიგოგიძე