"ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩავიკეტე" - გზაპრესი

"ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩავიკეტე"

"დილით ჩემმა შვილებმა ძილში სიცილი დაიწყეს. საოცარია, ერთმა დაიწყო და მეორე აჰყვა. ვუყურებდი და სასწაული შეგრძნება მქონდა", - ამბობს მსახიობი ლელა მებურიშვილი. რა არის მისთვის ბედნიერება, ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში. რას თვლის თავის სუსტ მხარედ და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1983 წლის 22 სექტემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი. მამა ექიმია და როგორც ჩანს, ჩემზე ეს ფაქტორი მოქმედებდა. მქონდა პატარა თეთრი ხალათი, ექიმის ხელსაწყოები, რეცეპტის ფურცლები... მოკლედ, "ექიმობანას" ვთამაშობდი. ამის პარალელურად, სულ მინდოდა მსახიობობაც. ზაფხულობით, როცა არდადეგები მეწყებოდა, დასასვენებლად სადაც უნდა წავსულიყავი მეგობრებთან ერთად, ყველგან სპექტაკლებს ვდგამდი, ხან ბალერინა ვიყავი, ხან თოჯინებს ვათამაშებდი. 12 წლიდან "ბერიკებში" დავიწყე სიარული, მერე ციცინო კობიაშვილი გავიცანი, ის მაშინ თეატრალურის სტუდენტი იყო, მე და ჩემს ძმას საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებში გვაკავებდა. ამ სპექტაკლებს მერე ლექტორები ნახულობდნენ და დადებითი შეფასებების მოსმენა ძალიან მხიბლავდა, სტიმულს მაძლევდა. ერთი პერიოდი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაბარებასაც ვფიქრობდი, მაგრამ ამ ჯადოსნური აურიდან გამოსვლა ვეღარ შევძელი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ჯიუტიაო. ეს თვისება გარკვეული დოზით მართლაც მაქვს. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი პრინციპები მქონდა. იმ თემაზე, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, არანაირ კომპრომისზე არ მივდიოდი. აზრს ვერ შემაცვლევინებდა მოდა, საზოგადოებრივი აზრი, უმრავლესობის ხმა და ა.შ. ეს თვისება დღესაც მაქვს. მაგალითისთვის გეტყვი, ის უსარგებლო საკვები, რომლის მიღებაც ბავშვისთვის არ შეიძლება, ჩემმა შვილებმა არ მინდა მიიღონ, არ მინდა გვიან დაიძინონ. არ მინდა გამონაკლისები არსებობდეს, ამას ყოველთვის ჯიუტად გავიტან და ზუსტად ვიცი, ასე რატომ ვიქცევი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...წარმატება ძალიან ზოგადი სიტყვაა. ვიღაცისთვის ჩემი მდგომარეობა სრულებით არ არის წარმატებული და შესაძლოა, ვიღაცას ძალიან წარმატებულად მივაჩნდე. თეატრალურს რომ ვამთავრებდი, თეატრალურ სარდაფში ვთამაშობდი. კარგ სპექტაკლში მთავარ როლს ვასრულებდი. მაშინ სამწუხაროდ, მსახიობები თეატრიდან პოპულარულები ვერ ხდებოდნენ. სპექტაკლში მონაწილე რამდენიმე ჩემი ასაკის მსახიობი, გუდაურში წავედით. იქ სასტუმროში სადილობისას, ვიღაცამ მიცნო, - ეს ის გოგო არ არის, სპექტაკლში რომ თამაშობს, როგორ მომწონსო. ძალიან მესიამოვნა. საოცარი შეგრძნება იყო.

GzaPress

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დეიდაჩემს, რომელმაც "ბერიკებში" მიმიყვანა; ჩემს მშობლებს, რომლებისგანაც მუდამ მხარდაჭერას ვგრძნობდი და ვგრძნობ. მათ თავის დროზე, ჩემი თეატრალურში ჩაბარებაც არ გაუპროტესტებიათ, არადა, მსგავსი შემთხვევა მშობელთა მხრიდან ხშირი იყო. ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს. წარმატებული ქალისთვის მეუღლის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს, ჩემს პროფესიაში. ხშირად გამიგია, გადაღებაზე გვიანობამდე შემორჩენილ მსახიობებს როგორ ურეკავენ მეუღლეები და საყვედურობენ, აღარ მოდიხარო? ჯერ შენ თავად ნერვიულობ, რომ გადაღებაზე გვიანობამდე შერჩი და დამატებით ოჯახის წევრის ნერვიულობა რთულია. ჩემი მეუღლე ამას ჯანსაღად უდგება. ზოგჯერ თავად ვწუწუნებ, - აღარ შემიძლია, ამ ღამის თევას ვერ ვიტან-მეთქი. ის მამშვიდებს, არა უშავს, ყოველთვის ამ რეჟიმში ხომ არ მუშაობ, აბა, სახლში ყოფნა გინდაო? მისი ეს მიდგომა და გამხნევება უდიდეს ძალას მაძლევს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...დავიბადე ჩემი მშობლების ოჯახში, მყავს არაჩვეულებრივი ძმები; ბედნიერებაა რომ მყავს კარგი მეუღლე, შვილები. ძალიან გამიმართლა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ჩემს თავზე ვიმუშაო; შევცვალო რაღაც, რაც არ მომწონს, რაც ხელს მიშლის განვითარებაში. ყოველთვის მაქვს სურვილი, ყოველ ახალ დღეს წინადღეს დაშვებული შეცდომები დავინახო და გამოვასწორო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს ერთგულებაა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ასეთი ბევრია. ბავშვობაში ძალიან აქტიური ვიყავი, ყველგან დავდიოდი, დღეს - ნაკლებად, ეს არ მომწონს. ახლა წყნარად, მშვიდად ყოფნა მირჩევნია. იქ წასვლა მეზარება, სადაც ბევრი ხალხი იქნება. რომ დავფიქრდი, ასე ცხოვრებაც აღარ მომწონს, ძველებური ენერგიულობა და აქტიურობა მინდა დავიბრუნო.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...კარგად თუ ვიაზრებ, აღარ ვიმეორებ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ინსტიტუტში სწავლის დროს, ყველა ვინც გამიღიმებდა, თბილ სიტყვას მეტყოდა, მეგონა, ჩემდამი ყველა დადებითად იყო განწყობილი, მგულშემატკივრობდა და ჩემი წარმატება ახარებდა. დროთა განმავლობაში მივხვდი, ეს ასე არ არის, შენი ბედნიერებით ყველა არ ხარობს. ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტე. ადამიანებს, ისინი ძალიან ახლობლები თუ არ არიან, ემოციებს ნაკლებად ვუზიარებ. სოციალურ ქსელშიც არ ვაქტიურობ. არ ვთვლი, რომ ეს კარგი თვისებაა.

- პატიება შემიძლია...

- ...თუ ადამიანი მიყვარს, ყველაფრის პატიება შემიძლია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთობაზე არ აისახება, უბრალოდ, ჩემში ბოღმის დატოვება არ შემიძლია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...სხვადასხვაგვარი განცდა მაქვს. შიში მეუფლება ვირუსების და არეული სამყაროს გამო, მაგრამ ამ შიშის დათრგუნვას სულ ვცდილობ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მე ვერ ვაკონტროლებ და წინასწარ ღელვას აზრი აქვს? ეს განცდა ცოტათი მამშვიდებს. ვცდილობ, ყოველი დღით დავტკბე, რაღაც კარგი დავინახო, თითოეული წუთი მაქსიმალურად გამოვიყენო, საყვარელ ადამიანებთან და შვილებთან საურთიერთოდ. ბავშვებს ვასწავლო, ბედნიერი, ლაღი, სიცოცხლით სავსე ადამიანები იყვნენ.

- ვბრაზობ...

- ...როცა უზრდელობას, უხეშობას ვხედავ, მაგრამ თავზე კონტროლს მარტივად არ ვკარგავ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სხვადასხვა სფეროს ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი, ვიცოდე ბევრი თემა, რომელიც არ ვიცი და ბევრად განათლებული ვიყო. კარგი იქნება, უფრო ნავარჯიშები და სპორტულიც თუ ვიქნები. სხვა ქვეყანაში ყოფნა ნამდვილად არ მინდა, რადგან ახლა საქართველოში თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობ. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრობლემა რომ არ იყოს, რომელიმე ფანტასტიკურ და ლამაზ კუნძულს ავირჩევდი, გამჭვირვალე ოკეანის სანაპიროზე და იქ სიამოვნებით დავისვენებდი.

- მეზარება...

- ...სამზარეულოში ტრიალი და მანქანის ტარება. კულინარია ჩემი ძლიერი მხარე არ არის, სიამოვნებას არ მანიჭებს.

- სიყვარული ეს...

- ...წარმოუდგენელია, მოვძებნო ის სიტყვები, რომელიც ამ განცდას ზუსტად გადმოსცემს. დედამიწაზე არის რაღაცები, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ჩვენი ტვინის შესაძლებლობების ძალიან ცოტა, 2 თუ 3 პროცენტი გვაქვს ათვისებული. მეტი რომ გვქონდეს, ალბათ ადამიანებს შორის არსებულ ამ უხილავ კავშირებს დავინახავდით.

GzaPress

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...რაღაც საქმეს აკეთებ და საკუთარ თავს გამოიჭერ, უმიზეზოდ გეღიმება, სასიამოვნო შეგრძნებით ივსები - აი, ასე ვიყავი.

- მაკვირვებს...

- ...ეს სამყარო, ასეთი ლამაზი, მშვენიერი, საოცარი ემოციების მომცემი. იქ, სადაც სიყვარული არსებობს, სადაც მუსიკა იქმნება, როგორ შეიძლება იყოს დაუნდობლობა, სისასტიკე? ორი ასეთი უწონადობა სამყაროში როგორ შეიძლება არსებობდეს? აუხსნელია.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ჩემი მეხსიერებაა. გადაღებისთვის ან სპექტაკლისთვის ძალიან დიდი ზომის ტექსტს ერთი წაკითხვით ვიმახსოვრებ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩემი ტვინი რაღაცებს ფილტრავს და ივიწყებს. უსარგებლო ინფორმაცია არ არსებობს, შეიძლება დადგეს დრო და ის ძალიან სასარგებლოც კი აღმოჩნდეს.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც შვილები მყავს.

- ვამაყობ...

- ...ოჯახით, მშობლებით, ძმებით, მეუღლით. იმედია, მომავალში ჩემი შვილებითაც ვიამაყებ.

- ბოლოს ვიტირე...

- ...2 საათის წინ. ხშირად არ ვტირი, მაგრამ ჩემს შვილებთან დაკავშირებით ძალიან ემოციური ვარ. ბავშვები რომ ტიროდნენ, მეც ამეტირა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მსიამოვნებს.

- მსაყვედურობს...

- ...ჩემი მეუღლე, როცა სადღაც მივდივართ, თავად 5 წუთში ემზადება, მე ბავშვებს უნდა ვაჭამო, ვაბანაო, გამოვუცვალო, დავაწვინო... მერე თავად მოვწესრიგდე, აბაზანა, თმა, მაკიაჟი და ეს ყველაფერი 5 წუთში უნდა გავაკეთო. მსაყვედურობს, რომ ვალოდინე.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ყველაზე დიდი განტვირთვა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ყოფნაა. როგორი ცუდი განწყობაც უნდა მქონდეს, ეს ადამიანები ჩემი "წამლები" არიან, ყოველთვის მშველიან. ამ დროს მნიშვნელოვანია შვილების ჩახუტებაც.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...პირველ თუ მეორე კურსზე ვიყავი, უკვე ვმუშაობდი, ჩემმა უფროსმა თქვა: მთავარია, ადამიანმა სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოო. ამ სიტყვებს გარკვეული დროის მერე ჩავუღრმავდი. ამ არეულ სამყაროში ახლა ეს სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მშვიდი ხარ, ძლიერიც ხარ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ამ რთულ სამყაროში ვიპოვოთ ის, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩავებღაუჭოთ, გავუფრთხილდეთ! ზოგჯერ სულ უკმაყოფილო ვართ, სულ ვწუწუნებთ და ეს მთავარი გვავიწყდება.

თამუნა კვინიკაძე