მოდელის და მფრინავის სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

მოდელის და მფრინავის სიყვარულის ამბავი

მოდელ მარიამ დონაძეს მფრინავმა - გიორგი კინწურაშვილმა ხელი მოულოდნელად, ცხრაჯვარის ძველ სალოცავთან სთხოვა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა...

წყვილი ოქტომბერში საცხოვრებლად ერთად გადასვლას გეგმავს, გაზაფხულზე კი ქორწილის გადახდას აპირებს...

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

მარიამ დონაძე, 23 წლის:

- აეროპორტში, გადაზიდვების აგენტად მუშაობა რომ დავიწყე, დაახლოებით, 1 კვირის შემდეგ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა გიორგი დავინახე. ცოტა არ იყოს, გაოცებული მიყურებდა. არაფერი მიფიქრია...

გიორგი კინწურაშვილი, 26 წლის:

- თავდაპირველად, მეც აეროპორტში ვმუშაობდი: სანამ მფრინავი გავხდებოდი, ჩატვირთვის და გადაზიდვის აგენტი გახლდით - თვითმფრინავებს ვემსახურებოდი. ყველას, ვინც თვითმფრინავთანაა ასული, ე.წ. სტაიანშიკის ოქროსფერი ჟილეტი აცვია. მარიამმა რომ დამინახა, "სტაიანშიკი" ვეგონე. რამდენიმე დღე ერთმანეთს ხშირად რომ ვხვდებოდით, ალბათ, მერე დაფიქრდა - აქ "სტაიანშიკს" რა უნდაო (იცინის)?

მარიამი:

- უბრალოდ, პირველად რომ დავინახე, ეგ ვიფიქრე - "სტაიანშიკია"-მეთქი... სულ ვფიქრობდი, სამსახურებრივი რომანი არ მექნება, შანსი არ არის-მეთქი, მაგრამ ალბათ, ბედისწერაც არსებობს. თან, მე და გიორგიმ მუშაობაც ერთსა და იმავე დროს დავიწყეთ.

GzaPress

გიორგი:

- თავდაპირველად, ძალიან "იაზვა" მეგონა - სულ "სწერვა" სახით დადიოდა. ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტში შესვლა-მეთქი. მერე პარაპლანით ხტომა დავიწყე, ვიდეოები, ფოტოები ვაჩვენე - იქნებ, დაინტერესდეს-მეთქი და წამოსვლა მასაც შევთავაზე. ურთიერთობა ასე დავიწყეთ. პაემანზე არ მომყვებოდა. სამსახურის შემდეგ, შინ ვაცილებდი... მერე, ნელ-ნელა აქამდე მოვედით (იცინის).

- მარიამ, გიორგის პირველად "სხვა თვალით" როდის შეხედე?

- ეს ყველაფერი ისე ბუნებრივად მოხდა, რომ ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, შეყვარებული მყავდა (იცინის). ამ ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი: სამოდელო კარიერის განვითარებას ვაპირებდი. უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას ველოდი, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი. იმ პერიოდში, გათხოვება ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა - სულ სხვა გეგმები მქონდა... ბოლოს ისე მოხდა, რომ მე და გიორგი ორ ქორწილში ერთად აღმოვჩნდით - ამან დაგვაახლოვა.

- გიორგი, მარიამს სიყვარულში როგორ გამოუტყდი?

- რაც უნდა შემეთავაზებინა, არსად მომყვებოდა. ამიტომ. მარიამისთვის მისი სახლის კართან თქმა მომიხდა, რომ მომწონდა...

- რა გიპასუხა?

- მეგობრობა შემომთავაზა. ძალიან "გამიტყდა". ამიტომ მასთან კარგა ხანს ურთიერთობა შევწყვიტე.

მარიამი:

- იმიტომ, რომ ყველგან "დაგბლოკე" (იცინის). 6 თვე არ ველაპარაკებოდი.

- 6 თვის განმავლობაში, სამსახურში როგორ კონტაქტობდით?

- წეღან ჩემ შესახებ აღნიშნა, "სწერვა" სახით დადიოდაო. ჰოდა, ის 6 თვე ორმაგად "სწერვა" სახე მქონდა (იცინის). მსგავს ქცევებში თავადაც არ ჩამომივარდებოდა. ბოლოს ერთმანეთს "გამარჯობასაც" აღარ ვეუბნებოდით. უფრო მეტიც: სწავლის გამო, ღამის ცვლაში ვმუშაობდი, გიორგი კი სხვებს თავის სამუშაო დროს უცვლიდა, რომ მხოლოდ დღე ემუშავა და მე არ ვენახე.

გიორგი:

- მერჩივნა, აღარ მენახა. აბა, ადამიანს სიყვარულში რომ უტყდები და მეგობრობას გთავაზობს, მასთან შეხვედრის სურვილი რატომღა უნდა გქონდეს? ჩემზე ცუდად იმოქმედა...

- მარიამმა სიყვარულზე სიყვარულითვე როგორ გიპასუხა?

- ვითომ ურთიერთობა არ სურდა, მაგრამ ბოლოს ჩემგან 100%-იანი იგნორი რომ მიიღო, რაღაცნაირად, ეცადა, ურთიერთობა აღედგინა - ალბათ, გრძნობები გაუჩნდა... მერე უკვე პაემანზეც მომყვებოდა, ერთმანეთს ვხვდებოდით და სიყვარულზე დადებითი პასუხიც მივიღე. მას მერე ერთად ვართ.

- ალბათ, პირველი პაემანი გახსოვთ, არა?

- თბილისის ზღვაზე ვიყავით, პარაპლანით ვიფრინეთ.

მარიამი:

- სიყვარული პირველად ამ დროს ამიხსნა. ძალიან სასიამოვნო იყო... სულ ვამბობდი, - ადამიანისთვის მოგონებები, ემოციები ისეთი ძვირფასია, რომ ცხოვრება ამისთვის ღირს-მეთქი.

- გიორგი, ხელის თხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდა? ხომ არ ფიქრობდი, უარი არ მითხრასო?

გიორგი:

- არა, ამაზე, ასე თუ ისე, ნალაპარაკები გვქონდა - ვიცოდი, თანახმა იყო. უბრალოდ, მინდოდა, ლამაზად, ორიგინალურად მეთხოვა ხელი, თორემ ეჭვი რომ მქონოდა, შეიძლებოდა, უარი ეთქვა, ასე არ მოვიქცეოდი.

- ხელის თხოვნა როგორ დაგეგმე?

- დაახლოებით თვე-ნახევარი ვგეგმავდი, მეგობრებთან ერთად. რაჭა ჩემი დედულეთია - ჩემი ახლობლები იქ იყვნენ. "რეისის" მერე, რაჭაში ჩავედი. მარიამი, მეგობრებთან ერთად, იქ იყო. ყველამ ყველაფერი იცოდა, რასაც ვაპირებდი, ვინ სად უნდა მდგარიყო, ოპერატორებთანაც ყველაფერი შევათანხმე. მხოლოდ მარიამი ვერაფერს ხვდებოდა... თან, სულ წვიმიანი ამინდი იყო. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა. ეს სახიფათო გახლდათ. თან, შეიძლებოდა, ცუდი კადრი გამოსულიყო. ამის გამო, ძალიან ვდარდობდი. მთელი დღე ამინდის პროგნოზს ვათვალიერებდი. როცა გამოიდარა, დილაადრიან ყველა წამოვყარე - ცხრაჯვარის ძველ სალოცავზე უნდა ავიდეთ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ იქ ასასვლელ სამანქანო გზას აკეთებდნენ და არ გვიშვებდნენ - თუ ახვალთ, უკან ვეღარ ჩამოხვალთ, რადგან ახლა გზა საერთოდ უნდა ჩამოვანგრიოთო. ავტომობილიდან მარტო გადავედი და მომუშავეებს სიტუაცია ავუხსენი. მხარში ამომიდგნენ, ხელი შემიწყვეს - ოღონდ შენი საქმე გააკეთე და ჩვენ მუშაობას ხვალ გავაგრძელებთო... მოკლედ, ავედით... ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერი იმაზე მეტად ლამაზი გამოვიდა, ვიდრე ველოდი.

GzaPress

- მარიამ, ელოდი, რომ ხელს გთხოვდა?

- არა. ერთადერთი, ველოდი, რომ ხელს ჩემს დაბადების დღეზე მთხოვდა, რადგან მითხრა, - დაბადების დღე უნდა გადაგიხადოო. ვერ მოვითმინე და მივახალე: - რატომ, ხელი უნდა მთხოვო-მეთქი (იცინის)? - არა, რას ამბობო?! - მიპასუხა, მაგრამ ამას მაინც ველოდი.

გიორგი:

- კი, მისთვის ხელის თხოვნას დაბადების დღეზე ვაპირებდი, მაგრამ მიხვდა (იცინის)...

მარიამი:

- სიმართლე გითხრა, ძალიან მომეწონა, რომ ხელი ჩვეულებრივ დღეს მთხოვა და არა - დაბადების დღეზე. სხვაგვარად ბანალური იქნებოდა. თან, იუბილეზე ადამიანი ვერ გაიგებ, რას გილოცავენ - გაბედნიერებას თუ დაბადების დღეს (იცინის).

- თქვენს მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- მაშინვე დედაჩემს და დებს დავურეკე. 3 დღის შემდეგ, როცა თბილისში ჩამოვედი, მამასაც ვუთხარი - რაჭიდან დარეკვა ვერ გავუბედე (იცინის). უკვე ვიდეო უნდა გამომექვეყნებინა - ჩემს ამბავს სოციალური ქსელებიდან ხომ არ შეიტყობდა?!. სხვებმა ვიდეოთი შეიტყვეს - მინდოდა, სიურპრიზი ყოფილიყო...

გიორგი:

- მე მხოლოდ ოჯახის წევრებს ვუთხარი - "გაბაზრებული" არ მქონდა, რომ სიურპრიზის ეფექტი არ დაკარგულიყო, ვინმეს რამე არ წამოსცდენოდა...

- ახლა რას საქმიანობთ? სამსახურში ისევ ხშირი კონტაქტი გაქვთ?

- 1 წელია, რაც მფრინავი გავხდი. ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, განათლებაც ამ მიმართულებით მაქვს მიღებული, მაგრამ სანამ ამ სამსახურს ვიშოვიდი, დროებითი შემოსავლის მიზნით, ჩატვირთვის და გადაზიდვის აგენტად მუშაობა დავიწყე. თან, მე და მარიამი ერთმანეთს შევხვდით... ახლა სატვირთო ავიაკომპანიაში ვმუშაობ - თბილისიდან ევროპასა და აზიაში მივფრინავ, მეორე დღეს სახლში ვარ ხოლმე.

მარიამი:

- თავდაპირველად, როცა მფრინავად მუშაობა დაიწყო, 1 თვით მიფრინავდა, 2 კვირა კი აქ იყო. განშორება საშინელება გახლდათ... ახლა, კორონავირუსის გამო, მიფრინავს და იმავე ან მეორე დღესვე უკან ბრუნდება.

- მარიამ, სამოდელო სფეროში ისევ აქტიურობ?

- თუ რამე მნიშვნელოვანი გადაღება ან ჩვენებაა, ვმონაწილეობ. კორონას გამო, ახლა არაფერი აღარ არის...

- გიორგი, მარიამის სამოდელო საქმიანობის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

გიორგი:

- მომწონს, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ალბათ, ოდესმე მექნება: ღმერთმა ქნას, ბავშვი რომ გვეყოლება, არ მენდომება, რომ პატარა მე დამიტოვოს, თავად კი მოდელობა დაიწყოს (იცინის).

მარიამი:

- მე კი მგონია, ერთმანეთთან ყველაფრის შეთავსებას მოვახერხებ (იცინის).

- როგორ ფიქრობთ, ოჯახი რა არის?

გიორგი:

- ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ... უბრალოდ, მარიამი პირველად რომ დავინახე, გავოცდი. მივხვდი, ეს გოგო ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყო. იმ დღიდან მოყოლებული ვფიქრობდი, რომ მასთან ერთად ოჯახს შევქმნიდი.

მარიამი:

- კარიერისთვის, დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი - მხოლოდ მოდელობა მაინტერესებდა. საბოლოო ჯამში, მივხვდი, ყველაზე დიდი წარმატება კარგი ოჯახია. ვერ წარმომედგინა, თუ ვინმეს გამო, ჩემს ოცნებებსა და მიზნებს დავთმობდი. როცა შეგიძლია, სიყვარულის გამო, რაღაც ღირებული დათმო, ალბათ, ეს ყველაფერია ოჯახი...

ეთო ყორღანაშვილი