საქორწილო სამზადისში მყოფი წყვილის გამოცდა - გზაპრესი

საქორწილო სამზადისში მყოფი წყვილის გამოცდა

მარიტა ჯანაშია და თემო საჯაია საქორწილო სამზადისში არიან. ქორწილი აგვისტოში გაიმართება. წელიწადიც არაა, რაც წყვილი ერთმანეთს პირადად იცნობს. ახლახან თემომ მარიტას ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა... გადავწყვიტეთ გაგვერკვია, მომავალი ცოლ-ქმარი ერთმანეთს კარგად იცნობს თუ არა. ამისათვის მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით:

- პირველ პაემანზე როგორ გამოიყურებოდა? თავად როგორ გამოიყურებოდი?

მარიტა:

- ერთ-ერთ პირველ პაემანზე (ტელევიზიიდან გავედით), შავი შარვალი, ხაკისფერი ქურთუკი და თეთრი ბოტასი ეცვა. "ბიბლუსის" კაფეში ვიყავით, ჭავჭავაძეზე. მე შინდისფერი "ბათინკები" და დიდი, ყავისფერი პალტო მეცვა. მეგობარმა ფოტო გადაგვიღო და ამიტომ მახსოვს.

თემო:

- სპექტაკლის შემდეგ გავუარე და ერთ-ერთ კაფეში, თაბუკაშვილის ქუჩაზე წავედით. დიდი ჯემპრეები გვეცვა, რადგან ზამთარი იყო.

- შენი გარეგნობიდან ყველაზე მეტად რა მოსწონს? შენ რა მოგწონს მისი გარეგნობიდან?

მარიტა:

- თუ არ ვცდები, თვალები მოსწონს, ამის შესახებ ადრე მეუბნებოდა. მე მისი ყველაფერი მომწონს - რამის გამორჩევა მიჭირს.

თემო:

- აუ, ყველაფერი მომწონს, ერთი დეტალის თქმა არ შემიძლია. იმედი მაქვს, მასაც ჩემი ყველაფერი მოსწონს.

GzaPress

- რა განათლება აქვს მიღებული? თავად რა განათლება მიიღე?

მარიტა:

- იურისტია; ასევე, კონსერვატორიაში სწავლობდა; მგონი, პიარის კურსიც გაიარა; მაგისტრის ხარისხიც აქვს - მგონი, ესეც იურიდიულ მიმართულებას ეხება... მე თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი დავამთავრე - მსახიობი ვარ, შემდეგ კი გრაფიკული დიზაინი ვისწავლე.

თემო:

- შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა; ასევე, გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა. ჩემს განათლებას რაც შეეხება, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის, მეორე სამუსიკო სასწავლებელი დავამთავრე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრი ვარ; თბილისის კონსერვატორიაში სწავლა არ დავასრულე - იქ რაღაცები მოხდა (იცინის)... კიდევ, პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსი გავიარე.

- მისი სიმაღლე რამდენია? შენი?

მარიტა:

- ის ამბობს, - სიმაღლეში 185 სმ. ვარო, მაგრამ რაღაც აშკარად ეშლება - უფრო მაღალია. მერე უნდა გავზომო. ჩემი სიმაღლე 179-180 სმ-ია.

თემო:

- მარიტა დაახლოებით 180 სმ-ია სიმაღლეში, მე - 185 (10 წლის წინ რომ გავიზომე, ასე იყო), თუმცა, მარიტა ამბობს, რომ უფრო მაღალი ვარ და რა ვიცი - შეიძლება, გავიზარდე...

- მისი ფეხის ზომა რამდენია? შენი?

მარიტა:

- ამტკიცებს, 43 ზომა მაქვსო, მაგრამ მგონია, რომ 43-ნახევარი ან 44 აქვს. თვითონ 43-ს იტყვის - არ იცის თავისი ფეხის ზომა... ჩემი ფეხის ზომა 38-ნახევარი ან 39-ია.

თემო:

- მისი ფეხის ზომა სასაცილოა, რადგან თავისი ზომის არც ერთი ფეხსაცმელი არ აქვს: 37 ზომასაც იცვამს, 38-საც... მისი ფეხის ზომა 38-ნახევარია. ეს "ნახევარი" სულ პრობლემას ქმნის - ყველა ფეხსაცმელი დიდი აქვს (იცინის). ჩემი ფეხის ზომა 43-ია.

- რომელია მისი დაბადების თარიღი? შენი?

მარიტა:

- ჩემი 1992 წლის პირველი იანვარი, მისი - 1988 წლის 21 მაისი.

თემო:

- მარიტასი - 1992 წლის პირველი იანვარი, ჩემი - 1988 წლის 21 მაისი.

GzaPress

- მისი მავნე ჩვევა რა არის? შენი?

მარიტა:

- სიგარეტის მოწევა ორივეს დიდი მავნე ჩვევაა. კიდევ, მას ტკბილეული ძალიან უყვარს: შეუძლია, ღამით შოკოლადი მოიპაროს და სხვებისგან მალულად ჭამოს, მერე "ჩენჩოები" სადღაც შემალოს, რომ არავინ მიხვდეს - შოკოლადი მოიპარა და ჭამა. ოჯახოს წევრები შოკოლადს უმალავენ, მაგრამ ეს პოულობს და. ამას თქვენთან არ აღიარებს.

თემო:

- ორივენი სიგარეტს ვეწევით. კიდევ აქვს მავნე ჩვევა - ჯონჯოლი უყვარს: მოდელისთვის და ძალიან ლამაზი გოგოსთვის შეუფერებლად, ყველგან ჯონჯოლს ჭამს, სადაც მივდივართ (იცინის). რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ჯონჯოლი მეც მიყვარს - საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

- თავისუფალ დროს ყველაზე მეტად, რისი კეთება უყვარს? შენ რისი კეთება გიყვარს?

მარიტა:

- როცა ერთად ვართ, თავისუფალ დროს თემოსთან ლაპარაკი უზომოდ მიყვარს, რადგან ჩვენი საუბრის ყველა თემა ამოუწურავია... ალბათ, მასაც ჩემთან საუბარი ურჩევნია.

თემო:

- მარიტას კითხვა და სულელური სერიალების ყურება უყვარს (იცინის). Gამე ოფ თჰრონეს-ს დიდი გულშემატკივარი ვარ - ხუთჯერ მაქვს ნანახი, მას - არც ერთხელ. ამაზე რომ ვკამათობთ, ამიტომ "მის" სერიალებს "სულელურს" ვეძახი, თუმცა 1-2 კარგი სერიალი მეც მაყურებინა (იღიმის)... მე თავისუფალი დროის მარიტასთან ერთად გატარება მიყვარს.

- მისი საყვარელი სიმღერა რომელია? შენი?

მარიტა:

- ჩემი - Alphaville-ის Big in Japan. ასევე, U2-ს ყველა სიმღერა; მისი - მაიკლ ჯეკსონის ყველა სიმღერა, განსაკუთრებით - შმილე.

თემო:

- მარიტას საყვარელ სიმღერას რაც შეეხება, ალბათ - ყველაფერი, რასაც ჯგუფი U2 ასრულებს. ყველაზე მაგრად ჯგუფის - Alphaville სიმღერა - Big in Japan უყვარს. მარიტას გარდა, ამ სიმღერის არსებობის შესახებ მხოლოდ ექვსმა ადამიანმა ვიცით. მათგან ოთხნი - თავად ჯგუფის წევრები არიან, ვინც ამ სიმღერას ასრულებენ, მეხუთემ - მე გავიგე და მეექვსე შენ ხარ (იცინის). ამ სიმღერის გამო, მარიტას ტატუც აქვს - ჟაპან აწერია... მე კი ყველა სიმღერა მიყვარს, რომელსაც მაიკლ ჯეკსონი მღერის, მაგრამ შმილე-ს დავასახელებ.

- რომელ უცხო ენებს ფლობს ის? თავად რომელი უცხო ენები იცი?

- ის - რუსულს და ინგლისურს, მეც რუსული და ინგლისური ვიცი.

თემო:

- მარიტამ ძალიან კარგად იცის ინგლისური, რუსული. ფრანგულშიც ერკვევა. ცოტათი ესპანურიც იცის. მე რუსული ენა ვიცი, ინგლისური - ნორმალურად, გერმანულიც კარგად ვიცოდი - ეროვნული გამოცდები გერმანულ ენაზე ჩავაბარე. ფრანგი რომ დამელაპარაკოს, რაღაცას გავიგებ.

- რა საკითხზე არ უნდა ეხუმრო მას? შენ რაზე არ უნდა გეხუმროს?

მარიტა:

- ჩემი თხოვნის მიუხედავად, ის ყველაფერზე მეხუმრება. განსაკუთრებით, ჩემს მეტყველებას, კონკრეტულად - სისინა და შიშინა ბგერებს - უტრირებას უკეთებს. გადაცემის მსვლელობის დროსაც ისე შეუძლია, მეხუმროს, რომ "გამაფუჭოს" და "ავილეწო". მას არანაირი ხუმრობა "არ გასდის" "იუვენტუსის" შესახებ. დანარჩენი, ყველაფერზე ხუმრობა შეგიძლია - უპრობლემო ადამიანია.

თემო:

- არავინ უნდა მეხუმროს ჩემს მუსიკალურ პროფესიონალიზმზე (იცინის), მაგრამ ამაზეც ვხუმრობთ ხოლმე - პრობლემა არ არის. ამას წინათ, ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში სტუმრად ვიყავით და იქაც ვიხუმრეთ... მაგალითად, მარიტას კატებზე ან ძაღლებზე არ უნდა ეხუმრო - სწყინს. მე ცხენებზე არ უნდა მეხუმროთ...

- შენ გარდა, ცხოვრებაში რამდენჯერ ჰყვარებია? შენ რამდენჯერ გყვარებია, მის გარდა?

მარიტა:

- მას - ერთხელ, მე - სამჯერ. დედა, ჩემი სიკვდილი (იცინის)!..

თემო:

- მარიტას - ორჯერ, მე - ერთხელ.

- ერთმანეთს როდის, როგორ გამოუტყდით სიყვარულში?

მარიტა:

- საუბრისას მოხდა - უცბად ვუთხარი. მანამდე თავადაც საკმაოდ უცბად მითხრა: მგონი, ტელეფონით ვსაუბრობდით ან ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა...

თემო:

- მარიტას მივწერე, რომ მიყვარდა, ის კი - ჩემ მიერ ნახსენებ კაფეში გამომიტყდა.

- თქვენ შორის სიმპათია როდის გაჩნდა?

მარიტა:

- მგონი - თებერვლის ბოლოსკენ. ტელევიზიაში რომ მივედი და გადაცემის წამყვანებად ერთად მუშაობა დავიწყეთ, ჩემმა ორმა თანაწამყვანმა მითხრა, - ამ ბიჭს ძალიან მოსწონხარო. მერე დავაკვირდი და მეც მომეწონა. ისედაც მომეწონებოდა, მაგრამ ყურადღება რომ მიმაქცევინეს, ამან ეს ამბავი უფრო დააჩქარა. ამიტომ, დიდი მადლობა ნიკო ნანიტაშვილს (იცინის).

თემო:

- პირველივე დღეს, როცა ვნახე (ტელევიზიაში), მაშინვე ისე მომეწონა, რომ გადავირიე!.. მას ჩემ მიმართ სიმპათია როდის გაუჩნდა, არ ვიცი.

- მისი საყვარელი კერძი რომელია? შენი?

მარიტა:

- მისი - არ ვიცი, რადგან ყველაფერი უყვარს: ხინკალი, ქაბაბი მომენატრაო, სულ ასეთ რაღაცებს ამბობს... ამიტომ ვერც ერთ კერძს ვერ გამოვყოფ. მე ელარჯი და საერთოდ, ჭამა ძალიან მიყვარს. ჯონჯოლზე ვგიჟდები!..

თემო:

- ჩემი - ჩაქაფული. მარიტასაც უყვარს. ორივე მაგარი მჭამელები ვართ, თან, ყველაფერი არაჯანსაღი გვიყვარს - ბურგერებიდან დაწყებული... სხეულის ფორმას არ ვუფრთხილდებით.

- საქორწილო სამზადისთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად რის შესახებ კამათობთ?

მარიტა:

- ძირითადად, მე "გოდებაში ვარ", ის კი მაწყნარებს. ერთადერთი, საკამათო რაც იყო, საქორწინო ტორტი არ მინდოდა, დიდი ჩიზქეიქი მსურდა. ამის უფლება არავინ მომცა. პრინციპში, მართლები არიან... არ გვიკამათია. უბრალოდ, თემომ მითხრა, - რა ჩიზქეიქიო?! მერე დავაბრალე, - შენთვის მთავარია, ტკბილი იყოს, ყველაფერს შეჭამ-მეთქი. ჩვენი კამათი სულ ეს იყო... აა, კიდევ, ქორწილში თაიგული არ მინდოდა - უბრალოდ, მსურდა, ხელში სიმწვანე, მცენარეები მჭეროდა. ამის გამო მეხუმრებოდა - რატომ გინდა, ხელში ცეზარი გეჭიროს, მერე ეგეც რომ ჭამოო?..

თემო:

- ერთადერთი, ტორტის შესახებ ვიკამათეთ: მგონი, მას ჩიზქეიქი უნდოდა, მერე - ტარტი, მე კი - ტორტი, მაგრამ ასეთ საკითხებზე დიდად არ ვკამათობთ.

- როგორ ფიქრობ, თქვენი პასუხები ერთმანეთს რამდენი პროცენტით დაემთხვევა?

მარიტა:

- 85-90%-ით.

თემო:

- 90%-ით.

ეთო ყორღანაშვილი