რა დროს აშინებს საკუთარი თავი ნანუკა გულუას - გზაპრესი

რა დროს აშინებს საკუთარი თავი ნანუკა გულუას

"გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი. ის სუსტ მამაკაცებს არ წყალობს. შეუძლია იყოს ულმობელი, საშიში, სასტიკი, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მტერს ისეთ მომაკვდინებელ დარტყმას აყენებს, საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი ნანუკა გულუას ზოდიაქოს ნიშანია.

- მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიით დაინტერესებული ვარ, პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია. ინტერნეტში ყოველდღიურ პროგნოზს ხშირად ვეცნობი. ჩემი ნიშნით დაბადებული ადამიანები გამორჩეულად მიყვარს.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ღორის წელში დაბადებული მორიელები ზნეობრივი თვისებებითა და სულიერი სიძლიერით გამორჩეულები არიან.

- არ შემიძლია, არ დავეთანხმო.

- გულწრფელი ხარ?

- იმდენად, რამდენადაც ადამიანი ახლობელია. თუ ძალიან ახლობელია, შემიძლია, ბოლომდე გულწრფელი ვიყო. ჩემს სულსა და გულში ყველას დიდად არ ვახედებ. საერთოდ, გულწრფელი ვარ, სიმპათიას თუ ანტიპათიას ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ ვმალავ, ყველაფერი სახეზე მეტყობა.

- "მისი ოპტიმიზმი ზოგჯერ მოჩვენებითია".

- ჩემს უახლოეს ადამიანებთანაც კი არ ვიმჩნევ, რომ ცუდად ვარ. არ არსებობს, ვთქვა, არ გამოვა; არ არსებობს, ფარ-ხმალი დავყარო, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო რომ ვრჩები, პერიოდულად პესიმიზმი შემომიტევს ხოლმე. უმეტესად, ეს ხანმოკლე შემოტევაა და ვერევი.

- "ძლიერ სულიერ განცდებს ის ხშირად მალავს, არ სურს გარშემო მყოფთა შეწუხება".

- ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს იმიტომ უნდათ ჩემთან ურთიერთობა, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი სითბო და პოზიტივი შემაქვს. ჩემი განწყობით ვინმეს დამძიმება არასწორი საქციელი მგონია, ამიტომ ჩემს სიმძიმეებს ჩემთვის ვიტოვებ.

- "სხვათა კარგად ყოფნისთვის ის დაუღალავად იღვწის. მეტიც, ზოგიერთი ახლობლის ცხოვრების უკეთ მოწყობაზე ფიქრი მოსვენებას უკარგავს".

- ასტროლოგებს 100%-ით ვეთანხმები. როცა ერთ მხარესაა ჩემი პირადი ცხოვრება, მნიშვნელოვანი ამბავი, რომლის შანსიც ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიეცეს და ამის საპირწონედ ახლობლის მნიშვნელოვანი ამბავი დგას, რომელსაც ჩემი მხარში დგომა სჭირდება, პირად კეთილდღეობაზე უარს დაუფიქრებლად ვამბობ.

- ადამიანებში იმედგაცრუება გქონია?

- არასდროს. არ ვიცი, ეს რა განცდაა და ამის გამო ბედნიერი ვარ. მორიელის ინტუიცია ამაში ძალიან მეხმარება.

- "მორიელი, საოცარი შორსმჭვრეტელობის უნარის წყალობით, ადამიანებს გამჭოლად ხედავს, მან ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საფრთხეს შეიძლება ელოდეს".

- მოვლენის შესაძლო განვითარებას ინტუიციით ვხვდები. ადამიანი დადებითია თუ არა, ამის გამოცნობა შეუმცდარად შემიძლია. შესაბამისად ვიცი, ვისგან რას უნდა ველოდო. ბედნიერი ვარ, რომ მეგობრებში იმედგაცრუება არასდროს მქონია. ჩემთვის უცხოა, არ ვიცი, რას ნიშნავს მიღალატა, რას ნიშნავს, აღარ ვუყვარვარ, რას ნიშნავს, მოვბეზრდი...

- "პერიოდულად მისთვის მარტოობისა და სიცარიელის განცდა უცხო არ არის".

- მოვიტყუები, რომ ვთქვა, ეს შეგრძნებები გამძაფრებული მაქვს-მეთქი. ძალიან იშვიათად და მაშინაც ხანმოკლე განცდა თუ დამეუფლება, რომელიც გარკვეულ მოვლენასთან კავშირშია, მაგრამ ეს ჩემი მუდმივი და ხშირი მდგომარეობა არ არის.

- "განდეგილობის ხანას მის ცხოვრებაში ყოველთვის აქტიური პერიოდი ცვლის".

- როცა რაღაცას მძაფრად განვიცდი, ყოველთვის ვცდილობ, სხვას ეს მდგომარეობა დავუმალო. მარტო მინდა, სახლში მინდა, მაგრამ დეპრესიამდე არ მივდივარ. საკუთარ თავს მალე ვშველი.

- "ფულისა და მატერიალური დოვლათის შეგროვების განსაკუთრებული მიდრეკილება არ ახასიათებს".

- ერთხელ გადავწყვიტე, 2-ლარიანების ყულაბა გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან მალე 50-ლარიანი ყულაბა გავტეხე და შიგნით მხოლოდ 6 ლარი რომ აღმოჩნდა, თავი უხერხულად ვიგრძენი. არ ვიცი, რა არის ანაბარი, დაგროვება, დანაზოგი, ხვალინდელ დღეზე ფიქრი... არ არსებობს, მქონდეს და რაიმე დამენანოს ჩემი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის. მილიონსაც კი აუცილებლად, იმ დღესვე დავხარჯავ.

- "მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, საშიში - ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".

- აი, ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დამბურძგლა. მსგავსი შეგრძნება არაერთხელ მქონია. ჩემი სიძლიერის თავადაც არაერთხელ შემშინებია და შოკში ჩავვარდნილვარ. ვინმე ჩემში მორიელს თუ გააღვიძებს და ამ თვისებების გამოვლენამდე მიმიყვანს, ის ადამიანი შემიძლია, ისე დავკარგო და მოვინელო, თითქოს ჩემს ცხოვრებაში არც არასდროს ყოფილა. ასაკის მატებასთან ერთად, ერთი რაღაც ვისწავლე: ვინც გულს მტკენს, იმას ისე ვშორდები, ისე მივდივარ მისი ცხოვრებიდან, სათქმელს არ ვეუბნები.

- "ისეთი მომაკვდინებელი დარტყმა შეუძლია მოგაყენოთ, მასთან ქიშპობის სურვილს სამუდამოდ დაგიკარგავთ".

- წლების წინ, ამ მომაკვდინებელი დარტყმების დიდოსტატი ვიყავი. ახლა კი ზუსტად ვიცი, ადამიანს, რომელსაც ჩემ გარეშე ვტოვებ, ამით ვსჯი. ზუსტად ვიცი, მისთვის ამაზე დიდი სასჯელი არ არსებობს. ცუდ რამეს თუ ვეტყვი, მერე ეგ მოაგონდება და შეიძლება, დანაკარგზე დიდად არ ინაღვლოს. ამიტომ იმას არ ვეუბნები, რაც მინდა ვუთხრა და ჩუმად ვეცლები. იმ სიცარიელისა და დარდისგან, რომელიც მას აქვს, დიდ სიამოვნებას ვიღებ. მერე რომ ბრუნდება და მეუბნება, უშენოდ არ შემიძლიაო, ყველაფერი იმ წამშივე მავიწყდება. პატიება იოლად შემიძლია, მთავარია, იმ ადამიანში სინანული დავინახო.

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს, ხალხი მის მზერას თვალს არიდებს".

- განსაკუთრებით მაშინ, როცა რუჯს ვიღებ. ამ დროს თვალი მეტად მეტყველი მიხდება. დედაჩემსაც კი არაერთხელ უთქვამს, შენ ახლა ჩემს მტერს შეხედეო... ძალიან თავშეკავებული ვარ, მაგრამ როცა ვბრაზდები, მეუბნებიან, აი, ამ მზერას გვირჩევნია, ყველაფერს გვეუბნებოდეო.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს, მაგრამ მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".

- ცოტათი გადამეტებული ნათქვამი მგონია. ძალიან ბევრი მოყვარე მყავს, მაგრამ შეგრძნება ვინმესგან მტრობის ან ჩემგან ვინმეს მტრობის ძალიან უცხოა. ასეთი მდგომარეობა არც არასდროს მქონია.

GzaPress

- "მორიელი არათუ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს, თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე გამოცადოს".

- ასეა (იცინის), რასაც არ უნდა მივაღწიო, როგორც უნდა შემაქონ, საკუთარი თავით მაინც სულ უკმაყოფილო ვარ. სულ მაქვს განცდა, რომ უკეთესად შემეძლო, მიზნისთვის ჯერ არ მიმიღწევია, რაღაც კარგად არ გამომივიდა, უბრალოდ, ასე მოეჩვენათ და ა.შ. საკუთარ თავს ამ ფორმით ვიგესლავ.

- "არასდროს ავიწყდება სიკეთე, არც შეურაცხყოფასა და წყენას ივიწყებს".

- სიკეთე, ის, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს, სულ მახსოვს. მსმენია, მორიელებმა სამაგიეროს გადახდა იციანო. ჩემში ეს თვისება არ არის. გულჩვილი ვარ, ზოგჯერ - ზედმეტადაც.

- "მორიელის ამქვეყნად მოვლინებას თითქმის ყოველთვის თან ახლავს მისი ოჯახის წევრის ან ნათესავის გარდაცვალება".

- ჩემს შემთხვევაში ასე არ მომხდარა.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- "უერთგულესი".

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს სიტყვაა "უძლეველი".

- ასე არ არის. ძალიან პატარა დეტალმაც კი შეიძლება მიწასთან გამასწოროს.

- ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებ?

- აუცილებლად. როცა რაღაც მინდა, როცა ვთვლი, რომ იმ ნაბიჯის გადადგმა მართებულია, ამ დროს არ არსებობს კომპეტენტური ადამიანი, ვის აზრსაც გავიზიარებ. ისე უნდა გავაკეთო, როგორც მე მინდა.

- გრძნობების სახალხოდ დემონსტრირება გჩვევია?

- კი.

- შეყვარებულსაც?

- ამ შემთხვევაშიც შემიძლია, თამამი ვიყო. როცა ადამიანი მიყვარს, ჩემი გრძნობა სიტყვით, საქმით, ქცევით უნდა გამოვხატო.

- "მორიელი ქალი მომხიბლავი, ამაყი და თავდაჯერებულია, მაგრამ მას ერთი საიდუმლო სურვილი აქვს, მამაკაცობა სურს".

- ჩემში ვაჟკაცური თვისებები ჭარბობს, გონებაც ისე მაქვს მოწყობილი, ბევრ რამეს ადვილად ვიაზრებ, ცრემლის და სენტიმენტების გარეშე. გარეგნულად ქალური და პრანჭია ვარ.

- "ის სუსტ მამაკაცებს არ სწყალობს, გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ - უჩვეულოდ ვნებიანი".

- გარეგნულად ცივი არა მგონია, ვიყო, პირიქით, ძალიან თბილი ვარ. უშუალოდ მამაკაცთან, ქალვაჟური ურთიერთობისას, შეიძლება, ვინმეს ცივი მოვეჩვენო. კაცმა "ბოიარდი" უნდა გადაიაროს, ნერვები დაიწყვიტოს, რომ ჩემი ყურადღება დაიმსახუროს.

- მორიელი ქალები ნაწილობრივ ჯადოქრები არიან, მეექვსე გრძნობის წყალობით, გულის სწორს დანახვისთანავე ცნობენ".

- მეც ასე მგონია, რომ ის - ის არის და სულ ვცდები.

- ამ დროს მორიელის ინტუიცია არ "მუშაობს"?

- არა.

- "უყვარს სხვისი და საკუთარი საიდუმლოების შენახვა".

- ეს არის უნარი, რომელიც ჯერ არასდროს შემსუსტებია. გამორიცხულია, ვინმეს საიდუმლო გავთქვა.

- ბუნებით მაქსიმალისტი ხარ?

- ძალიან. საქმეშიც, პირად ურთიერთობებშიც უკიდურესობები მახასიათებს; ან ყველაფერი, ან - არაფერი. აწონილი, მოზომილი ურთიერთობები და დისტანციების დაცვა არ შემიძლია.

თამუნა კვინიკაძე