"განსხვავებული ტიპაჟი ხომ ყოველთვის მოთხოვნადია" - გზაპრესი

"განსხვავებული ტიპაჟი ხომ ყოველთვის მოთხოვნადია"

ლაშა ალელიშვილმა 23 წლის ასაკში საკმაოდ მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება დააგროვა. მის "ანგარიშზეა": საცირკო წარმოდგენები, მუსიკალური პროექტები, კლიპები, ფილმები და სპორტული ცხოვრება. ეს უკანასკნელი მისთვის ჯერ "ახალი ხილია", თუმცა, დიდი გეგმები აქვს ამ მიმართულებით.

- 1996 წლის 7 დეკემბერს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ოკამში დავიბადე. დავამთავრე ოკამის #1-ლი საჯარო სკოლა, რის შემდეგადაც თბილისში გადმოვედი სწავლის გასაგრძელებლად და სამუშაოდ. მოგეხსენებათ, სოფლებში ხშირად დადის "მოძრავი ცირკი". ჩვენთან ჩამოსვლისას, ერთ-ერთი წარმოდგენის დროს გავიცანი მისი ხელმძღვანელი ოლეგ თავაძე. მაშინ მივიღე შემოთავაზება, რომ მათთან ერთად ვყოფილიყავი, დავუფლებოდი საცირკო ხელოვნებას და ამ მიმართულებით გამეგრძელებინა ჩემი გზა. ეს იდეა მომეწონა და არცთუ ისე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, წინადადებას დავთანხმდი. საცირკო ხელოვნების ყველა მიმართულებით მოვსინჯე ძალები. პირველ ეტაპზე ბევრი რამ მიტაცებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჟონგლიორობა ვარჩიე, 4-5 ბურთით "აყრა-მანიპულირება".

- შენი ოჯახი სოფელში დარჩა?

- დიახ, მშობლები. და-ძმაც მყავს. ისინი დაოჯახებულები არიან, ჰყავთ შვილები და სხვადასხვა რაიონში ცხოვრობენ. მათ იპოვეს თავიანთი გზა და მეც... ეს საქმიანობა რომ დავიწყე, თბილისის ცირკშიც მივიღე შოუებში მონაწილეობა, სხვა დანარჩენი დრო მოხეტიალე ცირკთან ერთად, რეგიონებში დავდიოდი. თუმცა, ჩვენი "ეპიცენტრი" მაინც თბილისი იყო, დიდ დროს ვატარებდით დედაქალაქში და როგორც ხდება ხოლმე, აქ გავიცანი ხალხი, ვისგანაც სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის შემოთავაზება მივიღე. კასტინგებზეც დავდიოდი, რამდენიმე კლიპში და ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული. როცა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს იტალიური დასი სტუმრობდა, მათთან სამუშაოდ მიმიწვიეს და მონაწილეობა მივიღე ოპერაში "სიყვარულის ნექტარი".

- ბოლო ხანს, სპორტიც გამოჩნდა შენს ცხოვრებაში...

- ასეა. აქტიური ადამიანი ვარ და ვცდილობ, ჩემთვის ახალი და საინტერესო რაც იქნება, ყველაფერს "მოვედო". 1 წელი და 4 თვეა, რაც პარაოლიმპიურ მოძრაობაში ჩავერთე: ესაა პარა-წოლჭიმი. ჩვენი სასახელო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე სიმძიმეს ფეხზე დამდგარი სწევს, ხოლო იმ სახეობის მიხედვით, რომელშიც მე ვვარჯიშობ, დაწოლილ მდგომარეობაში გვიწევს სიმძიმეების აწევა. წვები, გაწვდიან შტანგას (ან თავად იღებ) და ის ერთხელ უნდა ასწიო. მთავარია ტექნიკურად გამართულად შეასრულო აზიდვა და მეტოქესთან შედარებით, რაც შეიძლება მეტ კილოგრამს მოერიო.

- დღემდე ყველაზე მეტი, რამდენი კილოგრამი გაქვს დაძლეული?

- დღესდღეობით ჩემი რეკორდი 140 კილოგრამია. ჩემი წონითი კატეგორია 65 კილოგრამი გახლავთ. ეს არ არის ჩემი საბოლოო შედეგი, სამომავლოდ მეტის აწევა მაქვს გეგმაში (180-200 კილოგრამის). ვნახოთ, ღმერთის ნებით, როგორ განვითარდება მოვლენები. ვარჯიში და დრო სჭირდება ამ ყველაფერს.

GzaPress

- და სიმაღლეში რამდენი ხარ?

- მეტრი და 38 სმ. ვარჯიში 4-5 თვის დაწყებული მქონდა, როცა ბაქოში, 2019 წლის სექტემბერში, კავკასიის ვიცე-ჩემპიონი გავხდი. ამ შედეგს არ ველოდი. ჩემს წონით კატეგორიაში 6 კონკურენტი მყავდა და მათ შორის მეორე ადგილი რომ დავიკავე, ბუნებრივია, ძალიან გამიხარდა. ჩემი მწვრთნელი ზურა ციხიშვილია, დღემდე ის მავარჯიშებს. მან წამიყვანა ბაქოში პრაქტიკის მისაღებად და გამოცდილების შესაძენად სამომავლოდ საერთაშორისო ასპარეზობებისთვის. ასეთ შედეგს არ ველოდით. ამ ეტაპზე სპორტი ჩემთვის პრიორიტეტია.

- კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს აურია გეგმები, ღონისძიებები გაუქმდა. სამომავლო ნაბიჯებზე საუბარიც რთულია ისეთ დროს, როცა ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული...

- სამწუხაროდ, ასეა. ამაზეც მოგახსენებთ: 2020 წელს დაგეგმილი იყო რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრება ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც მეც უნდა მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი გაუქმდა - კოვიდეეპიდემიამ ეს დრო 2021 წლამდე "გადაისროლა". თუმცა, ბოლომდე ისიც არ ვიცით, გაიმართება თუ არა ეს შეხვედრები 2021 წელს, რადგან მსოფლიოში ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. იმედია, ყველაფერს დავძლევთ და ძალიან მალე ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

- მიუხედავად ამისა, ფორმაში ყოფნის მიზნით, ალბათ მაინც გიწევს აქტიური ვარჯიში...

- რა თქმა უნდა. ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ვარჯიშს, რომ არ დავკარგოთ ის ფორმა, რისთვისაც დღემდე ვიშრომეთ. იმედია, მალე მოგვიწევს ასპარეზობა და საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლა.

- სპორტის გარდა, კიდევ რა გიტაცებს? რას ეთმობა შენი თავისუფალი დრო?

- ფილმების ყურება მიყვარს. წიგნების კითხვით დიდად ვერ დავიტრაბახებ, თუმცა, ზოგჯერ ვკითხულობ. სპორტული ცხოვრების გარდა, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში, კლიპებში მიღებენ და ვცდილობ, დრო თანაბრად გავანაწილო. ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, რეჟისორები ასე თუ ისე, მიცნობენ და როცა ჩემი გარეგნული მონაცემების ადამიანი სჭირდებათ, მიკავშირდებიან. ვმონაწილეობდი სერიალში "ტიფლისი". ასევე, ვიმუშავე მხატვრულ ფილმზე "გუდიანი კაცი", რომლის პრემიერა ჯერ არ ყოფილა.

- ბოლო პერიოდში გიორგი ცხადაძის კლიპშიც გადაგიღეს, ხომ?

- დიახ. ასევე გადაღებული ვარ არა მხოლოდ სხვა ქართულ, არამედ უცხოურ კლიპებში. საცირკო ხელოვნების შესახებ გადაიღეს ფილმი, რომლის რეჟისორი გახლავთ ენტონი ლუსერო. მასთან ერთად საქართველოში ჩამოსული იყო ჰოლივუდის რამდენიმე მსახიობი და მათთან მომიწია თანამშრომლობამ.

- თავს მსახიობად მიიჩნევ თუ სპორტსმენად? რომელია შენთან უფრო ახლოს?

- ორივე სფერო ძალიან მიყვარს. ადამიანს თუ დრო და საშუალება გაქვს, შეიძლება ორივე ერთმანეთს შეუთავსო. ხელოვნებით დავიწყე, სპორტი ჩემი შეძენილი პროფესიაა, მაგრამ ძალიან შემიყვარდა და ამიტომ, ჩემთვის ახლა რომელია პრიორიტეტული, ამის თქმა გამიჭირდება. 23 წლის ასაკში სატრაბახოდაც შეიძლება იმის თქმა, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს და რამდენიმე პროფესიის ათვისებამ მომიწია.

- თბილისში მარტო ცხოვრობ?

- დიახ. ჩემი ოჯახი რაიონშია და მიწათმოქმედებას მივყვებით. იქაურობას ვერ ვტოვებთ და არც მინდა სოფლის მოშლა. პერიოდულად, დედ-მამა ჩემთან ჩამოდის.

- ლაშა, თუ გქონია ცხოვრებაში პროფესიული პაუზის მომენტები, როცა არც შემოთავაზებებია, არც რამე სამუშაო ან კიდევ სხვა რამ მიზეზია ემოციურად "გასატეხად"?

- მართალია, ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს ცხოვრებაში მძიმე წუთები, პროფესიული პაუზა თუ სხვა. ბუნებრივია, მეც მქონია ასეთი პერიოდი, მაგრამ გული არასდროს გამიტეხია. მომავლის იმედით, უკეთეს პროექტებსა და საქმეზე მიფიქრია.

GzaPress

- ასეთ დროს რა გაძლევს ძალას: სხვა ადამიანი თუ თავად პოულობ?..

- ვფიქრობ, ყველამ ჯერ საკუთარ თავში უნდა მონახოს ძალა. რასაკვირველია, სხვების დახმარება ბევრს ნიშნავს, მაგრამ სირთულეების გადალახვის ნებისყოფა თავად უნდა გამოიმუშაო.

- ლაშა, შენი სიმაღლის გამო თუ გექმნება პრობლემები ქალაქში გადაადგილებისას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ სხვადასხვა ობიექტზე?

- სიმართლე გითხრათ, თბილისში "ფართო ასპარეზზე" და საზოგადოებაში რომ გამოვედი, გარკვეულწილად კომპლექსები მქონდა, თუმცა - უმნიშვნელო. გარემომ, კარგმა ადამიანებმა და საყვარელი ხალხის თანადგომამ ეს პრობლემა მალევე გადამალახვინა.

- ეს ფსიქოლოგიური მომენტი და მე ფიზიკური დისკომფორტი ვიგულისხმე - გარემოსთან ადაპტაცია...

- არა, არაფერი. ფიზიკური მონაცემები პრობლემას საერთოდ არ მიქმნის, პირიქით, რაღაცნაირად მიხარია კიდეც, რადგან შეიძლება უფრო მოთხოვნადი ვიყო. როგორც კინოხელოვნებაში, ისე სხვა პროფესიებშიც განსხვავებული ტიპაჟი ხომ ყოველთვის მოთხოვნადია?! პარამოძრაობაში ჩაბმაც ჩემმა გარეგნულმა მონაცემებმა გამოიწვია და დიდი მადლობა ყველას, ვინც სპორტულ ცხოვრებაში მხარში მიდგას.

- ოჯახში მსგავსი არასტანდარტული ფიზიკური მონაცემები მხოლოდ შენ გაქვს?

- დიახ, გვარში მხოლოდ მე ვარ ასეთი. ერთი მხრივ, მართლა მიხარია, რომ ჩემმა "სიდაბლემ" გამოიწვა ამდენი პროფესიის ათვისება, პროექტები, როლები; ეს ყველაფერი გზის გაკვლევაში დამეხმარა.

- ოპტიმისტი ხარ ბუნებით, ასეა, ხომ?

- კი, რა თქმა უნდა (იღიმის), სხვაგვარად წარმოუდგენელია!

ანა კალანდაძე