როგორ გაამდიდრა აფთიაქები ციაკო ფიფიამ - გზაპრესი

როგორ გაამდიდრა აფთიაქები ციაკო ფიფიამ

მსახიობი ციაკო ფიფია შვებულებას ზღვისპირეთში ატარებს. ვიდრე სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება და ახალი იუმორისტული პერსონაჟებით გაგვახალისებს, მანამდე საზაფხულო არდადეგების შესახებ ვკითხეთ...

- 20 ივლისის მერე, შვებულება მაქვს. მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო, სამწუხაროდ, სხვა სამსახურები გაჩერებულია და ვერსად დავდივარ... ჩემი შვილი და დედამთილი მზეთამზეში დასასვენებლად გავუშვით. შვებულების პერიოდი რომ დამეწყო, მე და ჩემმა ქმარმა იქ ჩავაკითხეთ და 1 დღე დავრჩით. მზეთამზე ძალიან მიყვარს: მთაცაა, აუზიც, საოცარი კერძებიც... უგემრიელესი საჭმელები ჩემი სუსტი წერტილია... მზეთამზეში პირველად ზამთარში ვიყავი. საერთოდ, ჩემი შვილი - ალექსანდრე ბაკურიანში დამყავდა, მაგრამ მორჩა, მზეთამზეზე "გადავედით"! სამწუხაროდ, იქ დიდი ხნით დასვენება ვერ მოვახერხე... თბილისში დაბრუნების მერე, დედამთილთან და შვილთან ერთად, ქობულეთში გავემგზავრე, სადაც მართლა დავისვენე. ხომ იცი, როცა ბავშვთან ერთად ხარ, პატარა საღამოს 10 საათზე უნდა დაბანო და დააძინო. ბავშვთან ერთად, მეც ვიძინებდი. დილის 7-ის ნახევარზე უკვე ფეხზე ვიყავი... თუ ბავშვთან ერთად ისვენებ, მას უნდა ეთამაშო კიდეც. ჰოდა, ორივე ერთად დავრბოდით... შემდეგ ქმარმა ქობულეთში ჩამომაკითხა. ბავშვი და ხათუნა (დედამთილი) თბილისში გავუშვით, ჩვენ კი ბათუმში ჩამოვედით...

- "ახალ შაბათის შოუში", ერთ-ერთ სკეტჩში, შენი პერსონაჟი დედამთილთან ერთად ისვენებს. დარწმუნებული ვარ, შენ და შენს დედამთილს სკეტჩის პერსონაჟებისგან განსხვავებული ურთიერთობა გაქვთ, თან - მკვეთრად, არა?

- სკეტჩში როგორი დედამთილიც მყავს, იმის 1%-იც კი არაფერი სცხია ჩემს დედამთილს. ზღვაზე ერთად ვიყავით, ოღონდ - შეხმატკბილებულად ვისვენებდით. მთელი ქობულეთი გვეკითხებოდა, - დედა-შვილი ხართო? რომ ვეუბნებოდი, - დედამთილია-მეთქი, ყველას უკვირდა. ხათუნას გარეგნულადაც ძალიან ვგავარ და ხასიათითაც. დედა-შვილივით ვართ.

GzaPress

- იცნობ თათია სულუაშვილის პერსონაჟის მსგავს ჭორიკანა დედამთილებს?

- არა, მაგრამ ჩემთვის ბევრს უთქვამს, - ასეთი დედამთილები მართლა არსებობენო. პირადად მე, ასეთ ადამიანებს არა, მაგრამ ჭორები რომ უყვართ, ისეთ ხალხს ვიცნობ.

- დედამთილთან ერთად, დროს როგორ ატარებდი? საერთო ინტერესებიც გაქვთ?

- ჩვენი საერთო ინტერესი ალექსანდრეს გართობაა. 3 წელია, რაც ჩემს დედამთილს ალექსანდრეს გარეშე საერთოდ არ დაუსვენია. გადავწყვიტე, ქობულეთში მისთვის ხელი შემეწყო, რომ კარგად დაესვენა. ვუთხარი: მინდა, ეს 5 დღე შეგარგო. სანაპიროზე ცოტათი მეტხანს იყავი, ვიდრე მე ვარ-მეთქი... ხომ იცით, ბავშვთან ერთად დასვენება როგორი რთულია. თან, ალექსანდრე ძალიან ცელქია: სულ თამაში უნდა. ხათუნაც აბსოლუტურად ყველაფერში მხარს უბამს. ვიფიქრე, ხომ შეიძლება, რომ ამ ქალმა ცოტა ხანს ამოისუნთქოს-მეთქი (იღიმის)?

- ახლა, მეუღლესთან ერთად, როგორ ისვენებ?

- ბათუმში ბევრი მეგობარი გვყავს. სამწუხაროდ, კიდევ რამდენიმე მეგობარმა წამოსვლა ვერ მოახერხა. მათ გარეშე გართობა ცოტათი გვიჭირს, მაგრამ მაინც კარგ დროს ვატარებთ. მე და ჩემი ქმარი კლუბური გართობის დიდი მოყვარულები არ ვართ, ზღვა, მზე, გიჟური გართობა კი ორივეს ძალიან გვიყვარს. მესამე დღეა, რაც ბათუმში ვარ. პირველ დღეს მეძინა - შეუძლოდ ვიყავი; გუშინაც, რაღაც პრობლემების გამო, კარგად ვერ გავერთე. დღეს ზღვაზე ვიყავით, ვიჭყუმპალავეთ... თან, ფეხით სიარული მეც და ჩემს ქმარსაც გვიყვარს - ბათუმი მოვიარეთ. ვგეგმავთ, რამდენიმე ადგილას მივიდეთ, მეგობრები ვნახოთ... საერთოდ, ბათუმში რაღაცები სპონტანურად ხდება ხოლმე...

- "გიჟური გართობა" შენთვის რას ნიშნავს?

- მოგეხსენება, მიშა ცინცაძე ბათუმელია. როდესაც ცინცოსთან ერთად ვართ, არ არსებობს, გიჟური დრო არ ვატაროთ, რადგან ისიც და მისი ცოლიც "გიჟი და გადარეულია"! შეიძლება, უბრალოდ, ვისხდეთ, ვსაუბრობდეთ და უცბად, დიდი სიგიჟე ჩაიდინონ!

GzaPress

- მაგალითად?

- (იცინის) მიშა ცინცაძის ცოლის - ნათიას "შპაგატი" ცნობილია. შარშან, შუა ბულვარში, როცა ხალხი მოდიოდა და გვესიყვარულებოდა, გვეხუტებოდა, უცბად ნათია ახტა და "შპაგატში" ჩაჯდა. ამ დროს ადამიანმა არ იცი, რა გააკეთო, სად გაიქცე (იცინის)... ყოველთვის მზად ვართ, რომ ნათია რაღაც სიგიჟეს ჩაიდენს. ამ ადამიანებთან ერთად არ მოიწყენ.

- კარანტინის დროს, რას ფიქრობდი - ზაფხულს როგორ გაატარებდი?

- მეგონა, ზაფხული არ გვექნებოდა - თბილისში ვიქნებოდით, ქალაქიდან გასვლას ვერ მოვახერხებდით. გამიხარდა, რომ ასე თუ ისე, სიტუაცია უკეთესობისკენ წარიმართა, მაგრამ წელს ბათუმი ისეთი სავსე და ხმაურიანი არ არის, როგორიც გასულ წლებში იყო - ცოტა ხალხია... რუჯი ძალიან მიყვარს. სულ რომ არავინ იყოს, მთავარია, სანაპიროზე მე ვიჯდე და ნამზეური მივიღო... საერთოდ, ჩვენი ყოველწლიური გეგმაა, რომ აგვისტოში ზღვაზე, ბათუმში გავემგზავროთ. ახლა უკვე ახალი წლის დღესასწაული დავგეგმეთ - პარიზში გამგზავრება გვინდა. ღვთის წყალობით, მთავარია, მშვიდობა იყოს, ცუდი არაფერი მოხდეს...

- რუჯის სიყვარულის გამო, დამწვრობა თუ მიგიღია?

- ვაიმე, კი... ხორბლისფერი კანი მაქვს - "ზაგარს" ადვილად ვიღებ. მზის გულზე ერთადერთხელ დავიწვი, მაშინ 20 წლის ვიყავი. მეგობრებთან ერთად, აუზზე წავედი. არ ვიცი, ისეთი რა "ხამობა" დამემართა, რომ დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე შეზლონგზე ვიწექი, ვერ ამაგდეს. დღის განმავლობაში, ალბათ, წყალში ორჯერ ჩავედი. იცი, სახლში მისული როგორი წითელი ვიყავი? შოკირებული გახლდით, რადგან აუზზე მყოფი ვამბობდი, - არა, არ დავიწვები, არ არსებობს-მეთქი... 3 ღამე თეთრად გავათენე: დამწვრობას წამლებით, კანის მალამოებით, გამაგრილებლებით ვმკურნალობდი... მაშინ აფთიაქები გავამდიდრე.

- ყველაფერი კარგად დასრულდა?

- კი, ექიმის ჩარევა არ დამჭირვებია - სერიოზული დამწვრობა არ ყოფილა, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მზის გულზე დავიწვი და საშინლად მახსოვს. სულ ვამბობ, - მზეს ასე არასოდეს "დავხამდები"-მეთქი (იცინის).

- საცურაო კოსტიუმების მოდურ ტენდენციებს ყურადღებას აქცევ?

- რამდენიმე შავი საცურაო კოსტიუმი მაქვს. მთლიანიც მომწონს, მაგრამ უპირატესობას "ღიას" ვანიჭებ (ნამზეურის მისაღებად ეს უფრო კომფორტულია), მიუხედავად იმისა, რომ წელს მოდაში დახურული, მთლიანი საცურაო კოსტიუმებია, თან - სპორტული, როგორც ვიცი.

GzaPress

- პირველად დამოუკიდებლად დასასვენებლად როდის და სად წახვედი?

- პირველ კურსზე ვიყავი, როცა სამეგობრო მეტეხში, დაქალის აგარაკზე წავედით. გვიხაროდა, ღამეს ვათენებდით. მერე ვამბობდით, - აუ, რა მაგრები ვართ, ღამე გავათენეთო (იცინის). 18 წლის ვიყავი, მახსოვს.

- რაც ტელევიზიაში მუშაობ და პოპულარული ხარ, კომფორტულად დასვენებას ახერხებ?

- ძალიან მიყვარს, როდესაც ხალხი ჩემ მიმართ გულთბილ დამოკიდებულებას გამოხატავს. ანალოგიურად, მეც ვცდილობ, მათ გულთბილად შევხვდე, გავუღიმო... როგორ შეიძლება, ამით შევწუხდე?!. წელს, ქობულეთში დასვენების პირველ დღეს, ალექსანდრე პარკში რომ გავიყვანე და მასთან ერთად ვთამაშობდი, უცებ თხუთმეტამდე ბავშვი მოცვივდა, მეხუტებოდნენ... მეც მინდოდა, ყველას ჩავხუტებოდი, მოვსიყვარულებოდი... ასეთ დროს იმხელა პოზიტიურ ენერგიას ვიღებ, რომ სულ ვამბობ, - ადამიანების სიყვარულით "ვიტენები"-მეთქი. ალბათ, ეს ყველაზე დიდი სიამოვნებაა.

- შენი მონაწილეობით გადაღებულ სკეტჩებს, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება, თუ უყურებ ხოლმე?

- ვაიმე, კი. ზოგჯერ მეცინება: ვუყურებ და ვამბობ, - ვაიმე, რა კარგები არიან-მეთქი (იცინის). ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა რომელიმე პერსონაჟის შესახებ მითქვამს, - აქ რაღაც "ისე" ვერ გავაკეთე. ჯობდა, სხვაგვარად გამეკეთებინა-მეთქი. საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ. ჩემ მიერ შესრულებული არც ერთი როლით კმაყოფილი არ გახლავართ. მაინც ვფიქრობ, რომ მეტის გაკეთება შემეძლო...

- სამუშაო რეჟიმს როდის დაუბრუნდები?

- სავარაუდოდ, 15 სექტემბერს ჩვენს სამსახურს, ჩვენს ტკბილ გარემოს დავუბრუნდებით, რომელიც ყველას ძალიან მოგვენატრა. ისევ შევიკრიბებით და განახლებული იდეებით, აზრებით, ახალ-ახალი პერსონაჟებით ყველას გახალისებას ვეცდებით (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი