"ლევანი ძალიან მიყვარდა, ოღონდ - მან ეს არ იცოდა" - გზაპრესი

"ლევანი ძალიან მიყვარდა, ოღონდ - მან ეს არ იცოდა"

"30 წლის ასაკში ვიპოვე ადამიანი, რომლისთვისაც უნდა ვიცხოვრო", - გვითხრა ექიმმა-რეაბილიტოლოგმა ლევან ნარეშელმა, რომელიც ტელეწამყვანსა და მსახიობ თაკო კორინთელზეა შეყვარებული. წყვილი ზაფხულში დაინიშნა... თურმე, წლების წინ, თაკოს ლევანი ისე უყვარდა, რომ დაქალთან ერთად, ჩუმად დაჰყვებოდა, მაგრამ ლევანი მის სიყვარულს ვერ ამჩნევდა...

თაკო:

- მე და ლევანი ერთმანეთს ადრეული ბავშვობიდან ვიცნობთ, რადგან მეზობლები ვართ - ერთსა და იმავე უბანში, ერთსა და იმავე ქუჩაზე ვცხოვრობთ, ერთსა და იმავე სკოლაში ვსწავლობდით, ერთი და იგივე მასწავლებლები გვყავდა და ა.შ.

- ამდენი ხნის ნაცნობობის შემდეგ, თქვენ შორის სიყვარულმა როგორ იფეთქა?

ლევანი:

- დაახლოებით 7 თვეა, რაც თაკოს უფრო დავუახლოვდი: პროფესიულ საკითხში მისი დახმარება დამჭირდა. ჩემს მეგობარს დავუკავშირდი, რომ როგორმე თაკომდე მიმეღწია. ამის შემდეგ მე და თაკო ერთმანეთს შევხვდით. საქმიანი ურთიერთობის საფუძველზე, უფრო მეტად დავახლოვდით, ერთმანეთი კარგად გავიცანით და ბავშვობის დროინდელი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა.

- ახლო მეგობრები არ ყოფილხართ? აღნიშნე, მეგობარს ვთხოვე, რომ თაკომდე მიმეღწიაო...

თაკო:

- დაახლოებით ორი წელი ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა, რადგან ლევანი თავისი საქმით იყო დაკავებული, მე - ჩემით. რაღაცნაირად "დავიკარგეთ"...

- ლევან, რას საქმიანობ?

- დაახლოებით 10 წელი თურქეთში ვმუშაობდი - ექიმი-რეაბილიტოლოგი ვარ. საქართველოში 3 წლის წინ დავბრუნდი. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებოდით. ვიდრე საქმის გამო შევხვდებოდით, ერთმანეთს "ექსპრომტად" შევხვედრივართ. შეიძლება ითქვას, ჩვენი ურთიერთობა სწორედ აქედან დაიწყო.

თაკო:

- დიახ, რამდენჯერმე შემთხვევით, მოულოდნელად შევხვდით ერთმანეთს. ჩვენ შორის უხილავი ძაფები მაშინ გაება (იღიმის).

- მანამდე, წლების განმავლობაში, ერთმანეთისთვის "სხვა თვალით" არასოდეს შეგიხედავთ?

- ბავშვობაში ლევანი ფეხბურთელი იყო. ორივენი საბურთალოს ქუჩაზე ვცხოვრობთ. სახლთან ახლოს იპოდრომია. 10-11 წლის ვიყავი, როცა ლევანი ძალიან მიყვარდა, ოღონდ - მან ეს არ იცოდა (ჩემზე 3 წლით უფროსია). იპოდრომზე ვარჯიშობდა ხოლმე. როცა მე და ჩემი დაქალი დავინახავდით, რომ სავარჯიშოდ მიდიოდა, ჩუმად მივყვებოდით - ვითომ ჩვენც ვვარჯიშობდით, რეალურად კი - ლევანი მიყვარდა (იცინის). სხვათა შორის, ეს ამბავი მან ახლახან გაიგო.

GzaPress

- დიდხანს გაგრძელდა შენი ბავშვური სიყვარული?

- კი. ისეთი პატარა ასაკის ვიყავი, რომ მაშინდელ ემოციებს სიტყვებით ვერ აღვწერ - თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავდნენ (იცინის)... მერე გავიზარდეთ, "დავიკარგეთ"... საბოლოო ჯამში კი - აი, ერთად გამოვჩნდით.

ლევანი:

- რაც თაკომ გაიხსენა, იმ წლებში ეს ურთიერთობა ჩემთვის შესამჩნევი არ იყო. შესაბამისად, ვერც აღვიქვამდი, ვერც ვხვდებოდი, თაკო რას გრძნობდა... პირადად მე, 9-10 თვის წინ ჩამივარდა გულში, როდესაც ეზოში დავინახე - განსხვავებული ემოცია დამეუფლა... მისი გაცნობის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ ჩვენი შეხვედრა, გასაუბრება ვერ მოხერხდა. უბრალოდ, ერთმანეთს "გამარჯობის" დონეზე ვიცნობდით.

- პირველი პაემანი როდის და როგორ შედგა?

- შარშან. ნოემბერი იქნებოდა. შინ გვიან, დილის 3-4 საათზე ვბრუნდებოდი. თაკოც რატომღაც ამ დროს ძაღლს ასეირნებდა. მაღაზიიდან გამოვდიოდი და უცებ დავინახე - ჩემ თვალწინ თაკო იდგა თავის ძაღლთან ერთად და მოღიმარი მიყურებდა. ჩემი წარსულის გამო "დაგრუზული", ასეთ გაღიმებულ სახეს რომ შევხვდი, უცებ ჩემს გულში რაღაც აინთო... იმ ღამეს უკვე ბედნიერმა დავიძინე. დილით აღარ მახსოვდა, ბედნიერმა რატომ გავიღვიძე. მერე გავიხსენე, რომ თაკოს შევხვდი, ამან კიდევ უფრო გამაბედნიერა. მეორე დღეს შევეხმიანე - მივწერე, რომ შევხვედროდით, ჩვენი პირველი პაემანი დაგვეგეგმა...

- რთული ცხოვრება გქონდა?

- შეიძლება ითქვას - კი.

თაკო:

- ყველას გვაქვს სირთულეები, რაც მაგალითად, არ გვინდოდა, ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა და ა.შ. მეც მქონდა ოჯახი და ლევანსაც...

ლევანი:

- კი, ოჯახი მქონდა... უსაყვარლესი პატარა გოგონა მყავს. 6 წლის არის.

- თაკო, შეხვედრის შესახებ შემოთავაზება ლევანისგან ბუნებრივად მიიღე?

თაკო:

- კი, რადგან ამას ველოდი, უკვე მომზადებული ვიყავი (იცინის). დავთანხმდი, გავისეირნეთ... სხვათა შორის, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მანამდეც ერთად ვიყავით, თითქოს სულიერად შევერთდით...

- ქორწინების გამოცდილება ორივეს გაქვთ. სერიოზული გადაწყვეტილების მეორედ მიღება არ გაგიჭირდათ?

- სხვათა შორის, არა, რადგან პირველ რიგში, მეგობრები ვართ. ყველაფერში ერთმანეთს ვგავართ: იუმორით, აზროვნებით, მისწრაფებებით, მიზანდასახულობით... ბევრი საერთო გვაქვს. ვერც კი გავიხსენებ, რა საკითხში ვერ ვუგებთ ერთმანეთს.

- რა სიტუაციაში გთხოვა ხელი?

- ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. გააზრებული გვქონდა, რომ ერთად ცხოვრება გვინდოდა, ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ ასე სწრაფად თითქოს არ ველოდი... იმ ადგილას წამიყვანა, სადაც ჩვენი პირველი პაემანი შედგა და მოულოდნელად მითხრა, - ჩემი ცოლი უნდა გახდეო. ბეჭედი ამოიღო და თითზე წამომაცვა.

ლევანი:

- სანამ ბეჭედს მივცემდი, ვკითხე, ჩვენი პირველი პაემნის თარიღი თუ ახსოვდა? დაფიქრდა, ვერ გაიხსენა და გვერდით გაიხედა. ამ დროს ხელში უკვე ბეჭედი მეჭირა. ჩემკენ რომ გამოიხედა, თვალწინ უკვე ბეჭედი დახვდა. ვუთხარი, - ეს თარიღი არასოდეს აღარ დაგავიწყდება-მეთქი (იცინის). პირველ ივლისს ვთხოვე ხელი.

- თაკო მსახიობის ან ტელეწამყვანის ამპლუაში გინახავს?

- გულწრფელად რომ ვთქვა, "ჩემი ცოლის დაქალების" აქტიური მაყურებელი არ ვარ, თუმცა რამდენიმე სერია ნანახი მქონდა, რომელშიც თაკო მონაწილეობდა. მისი ტელეწამყვანობის პერიოდში კი თურქეთში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. შესაბამისად, ქართულ ტელეარხებზე წვდომა არ მქონია. ახლა ხანდახან, ვიდეოდან პატარა მონაკვეთებს მიგზავნის ხოლმე, რომელშიც მისი ტელეწამყვანობაა ასახული. ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. ვისურვებდი, ისევ ტელეწამყვანის ამპლუაში მენახა. თაკოს საქმიანობის მიმართ დადებითი დამოკიდებულება მაქვს. ჩემთვის მთავარია, რომ თავის საქმეში თავს კომფორტულად გრძნობდეს. იმ საქმეს აკეთებდეს, რაც უყვარს და ბედნიერი იყოს. ეს მეც ყოველთვის გამაბედნიერებს.

თაკო:

- ლევანი ისეთ კარგ საქმეს აკეთებს, ადამიანმა როგორ უნდა თქვას, არ მომწონსო?! საერთოდ, ლევანის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თუნდაც თავისი პროფესიული სფეროდან წამოსვლა გადაწყვიტოს და რამე სხვა საქმე აირჩიოს, ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ლევანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კარგი იქნება.

- შეყვარებულმა წყვილმა ზაფხული როგორ გაატარეთ?

- მეგობრებთან ერთად, დასასვენებლად ბათუმში ვიყავით, დავისვენეთ და ისევ ჩვენ-ჩვენს საქმეებს დავუბრუნდით.

- თაკო, შენმა ოთხფეხა მეგობარმა ენდიმ შენი მეორე ნახევარი როგორ მიიღო?

- ენდის ლევანი ისე უყვარს, რომ საერთოდ აღარ ვახსოვარ, აღარ მიჯერებს. ლევანის ერთი სიტყვა საკმარისია, რომ მას დაუჯეროს. ერთმანეთი ძალიან უყვართ.

ლევანი:

- სანამ ჩემი მანქანა თვალს მიეფარება, ენდი სახლში არ ადის ხოლმე.

თაკო:

- როცა ხედავს, ლევანი მიდის, ძალიან განიცდის. კისერს იმ მიმართულებით აბრუნებს, საითაც ლევანი თვალს მიეფარება, ცქმუტავს, სახლში ძლივს ამყავს ხოლმე...

ლევანი:

- ბათუმიდან რომ დავბრუნდით, ენდი ისე შემხვდა, თითქოს მთელი ცხოვრება მისი პატრონი მე ვიყავი (იცინის).

თაკო:

- პირველად ლევანთან მივიდა, ახტებოდა, ლოკავდა, თავს დასტრიალებდა... ჩემთან მერე მოვიდა. მგონი, ლევანი ენდის მართმევს (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი