მაკა მახარაძის ნავსაყუდელი, თამარ ჭოხონელიძის საგურამო და რატომ ვერ დაისვენა წელს ბიძინა მახარაძემ - გზაპრესი

მაკა მახარაძის ნავსაყუდელი, თამარ ჭოხონელიძის საგურამო და რატომ ვერ დაისვენა წელს ბიძინა მახარაძემ

სექტემბერი დადგა... სამ ცნობილ ადამიანს ვესაუბრე იმის შესახებ, თუ სად, ვისთან ერთად და როგორ გაატარეს წლევანდელი ზაფხული. მათ ასევე, ბავშვობის დროინდელი დასვენების ადგილები გაიხსენეს, თან ისიც ვკითხე, - რომ არა პანდემია, სად აპირებდნენ წელს წასვლას?

"ჩვენ წამოწოლილები არ ვისვენებთ"...

მაკა მახარაძე:

- ოჯახთან ერთად, წეროვანსა და შეკვეთილში ვისვენებ, უმეტესად - წეროვანში. აქ პანდემიის გამო არ წამოვსულვართ, ეს არის ჩვენი უსაყვარლესი ნავსაყუდელი, სადაც ყოველთვის მოვდივართ. წეროვანში ყოფნას დასვენებას ვერ ვუწოდებ, რადგან ყველას ჩვენი საქმე - "სამსახური" გვაქვს: ნატო ბაღის მოვლითაა დაკავებული, მე სამზარეულო მეხება (თუ იქ არ ვარ, ნატო ასრულებს ამ ფუნქციას), ნიკუშა ტექნიკურ საკითხებს აგვარებს - არის სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, მომმარაგებელი და ბევრ სხვა საქმეს ითავსებს. მოგეხსენებათ, აგარაკს მოვლა უნდა. ასე რომ, წამოწოლილები არ ვისვენებთ, თუმცა თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს სახლში საქმიანობა. რა თქმა უნდა, საღამოობით აუცილებლად ვიკრიბებით, ძალიან კარგი სამეზობლო გვყავს. ჯერ ერთი, ჩემი ძმა - თემურ ჩხეიძე აქვეა მთელი ოჯახით, ორი სახლის მოშორებით ცხოვრობს. აქ ბევრი მეგობარი გვყავს... საერთოდ, ეს არის რუსთაველის თეატრის აგარაკები. ჩვენს მშობლებს ერგოთ ნაკვეთი და მერე, ნელ-ნელა ააშენეს სახლი. ციცქნა სახლია, მაგრამ სავსებით საკმარისი. ულამაზესი ბაღი გვაქვს ნატოს დამსახურებით, რომელსაც ყოველ წელს ახალი მცენარე ემატება.

- შეკვეთილშიც ყოველ წელს ისვენებთ?

- აუცილებლად. შეკვეთილში სახლი 1967 წელს, ჩემმა მშობლებმა ააშენეს. სახლის ნახევარია ჩვენი. სულ არის 40 კვმ, დიდი-დიდი, ხუთი ადამიანი დავეტიოთ ერთად, თუ ერთმანეთს "მივეყუდებით"... როცა სახლი აშენდა, თინეიჯერი ვიყავი და მთელმა ცხოვრებამ იქ გაიარა. ჩემი შვილებიც შეკვეთილში გაიზარდნენ. ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს იქაურობა. სხვაგან არც ვყოფილვარ, მაგალითად, ბიჭვინთა არ მინახავს იმიტომ, რომ იყო შეკვეთილი.

- ბავშვობაში, თეატრი როცა მიდიოდა გასტროლზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მშობლებს თან მიჰყავდით?

- კი, პატარები მშობლებს დავყვებოდით - ეს იყო სოხუმი, ბათუმი, ქუთაისი. მერე უკვე მეც მქონდა გასვლითი საბალეტო სპექტაკლები ამ ქალაქებში.

- თქვენი საკუთარი ოჯახით სად ისვენებდით ხოლმე?

- აგვისტოში გვაძლევდნენ შვებულებას, რომელსაც სულ შეკვეთილში ვატარებდით. ჩვენი ადგილი ზღვაზე იყო და არის შეკვეთილი, ის გვიყვარდა და ახლაც, უზომოდ გვიყვარს. ბოლო წლებია, ახალგაზრდა მეგობრები შევიძინეთ, ესენი არიან ჩემი სტუდიის ყოფილი მოსწავლეების მშობლები. ვიკრიბებით ერთი დიდი ჯგუფი და დავდივართ სამოგზაუროდ. შარშან სიცილიაზე ვიყავით. საინტერესო ტურებს ვირჩევთ, ბავშვები ექსკურსიებზე დაგვყავს, ჩვენც გვაქვს ექსკურსიები.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ ახალ სასწავლო წელს ენერგიულად და დასვენებული ხვდებით?

- ჩვენ თებერვლიდან ვისვენებთ, ასე რომ, დანატრებული ვართ მუშაობას. ყველაფერი კარგად იქნება, ამის იმედი გვაქვს ყველას.

როგორია ერთი დღე საგურამოში?

GzaPress

თამარ ჭოხონელიძე:

- ბავშვობაში ხან სად ვისვენებდით და ხან - სად? მაგალითად, ბაკურიანში, ქვიშხეთში... სადაც მშობლები საჭიროდ ჩათვლიდნენ, იქ მივდიოდით და ჩვეულებრივად, ბინას ქირაობდნენ. ყოველწლიურად "გამოწერილი" გვქონდა ასევე, ზღვაზე, ჩაქვში - ბუკნარში ჩასვლა. სხვათა შორის, ნათესავები გვყავს და იმათთან ვისვენებდით. თუმცა ბუკნარში, კომფორტი არ მქონდა ერთადერთი რამის გამო - ზღვამდე ძალიან დიდი მანძილი იყო, მზეზე სიარული კი არ მიყვარს. დანარჩენი ამბები საუკეთესოდ მაგონდება. ცურვა მამამ მასწავლა - საერთოდ, ის ყველაფერს მასწავლიდა. საინტერესოდ მომაწოდა თეორიული ცოდნა, როგორ უნდა დამეჭირა ხერხემალი და ა.შ. ნასწავლი მერე ზუსტად შევასრულე და მას მერე კარგად ვცურავ. ზღვა მიყვარს.

- რომელიმე წელს ზღვაზე თუ არ წახვედით, გული დაგწყდებათ?

- გულწრფელად გეტყვით, ზღვის სანაპირო - კი, მაგრამ თვითონ ზღვა საქართველოში დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს - წყალს ვგულისხმობ. არ ვენდობი... ორნაირი შეგრძნება მაქვს: ერთია შიში, ცოტა დაუნდობელი მგონია ზღვა და მეორე - არც ისე სუფთაა, ამიტომ არ მიყვარს. ზღვის სანაპიროზე ჯდომა კი დიდი სიამოვნებაა. სამაგიეროდ, მიყვარს აუზი, სადაც წყალი სუფთაა, გაფილტრულია და ა.შ. რადგან კარგად ვიცი ცურვა, სიამოვნებას ვიღებ, დიდი საცურაო აუზები მხიბლავს.

- საგურამოში აგარაკზე გაქვთ ხომ აუზი? როგორია ერთი დღე საგურამოში?

- კი, აუზი მაქვს. ახლაც აქ ვარ. საგურამოში ყოველ წელს ვისვენებთ. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი გამონათება. ჩვენი ოჯახები გამრავლდა და ახლა ყოველთვის ვერ ვახერხებთ ერთად ყოფნას, ამიტომ მონაცვლეობით არიან ხოლმე, მარტო არასოდეს ვარ. ყველაზე ადრე ვდგები, დილის 8 საათზე, და ვფიქრობ, რა საუზმე მოვამზადო - სასარგებლო, თან გემრიელი. ვფანტაზიორობ, სიახლეებს ვაწვდი, რამდენიმე ვარიანტს ვაკეთებ, რადგან სხვადასხვა გემოვნების ხალხია და მინდა, ესიამოვნოთ. საუზმის შემდეგ იწყება სახლის მოწესრიგება, რასაც ძალიან სწრაფად ვამთავრებ და უკვე სადილზე ვფიქრობ. თუმცა მანამდე, აუცილებლად უნდა მოვილიო აუზი, რადგან ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება და საოცარი განტვირთვაა. სხვათა შორის, არ მიყვარს გარუჯვა, აუზზე ბანაობის შემდეგ მზეს არასოდეს ვეფიცხები. ისე კი მიხდება, როცა ვირუჯები, მაგრამ მცხუნვარე მზეზე აღარ ვწვები (იცინის).

საგურამოში ყველაზე საინტერესო და ორიგინალურია საღამოები. ოჯახის თითქმის ყველა წევრი დაჯილდოებულია იუმორის გრძნობით და ბევრს ვიცინით ხოლმე. ჩემი შვილი მარიამი ხომ "აუტანელია", როცა იუმორის მხრივ ენერგიის მოზღვავება ეწყება!.. ჩვენთან პარალელურად ისმის ნარდის ხმაც. ძალიან სასაცილოა, როცა ელენე ეთამაშება დიდ ბებიას (დედაჩემს). ჩემი ორივე შვილიშვილი ხშირად გვიდგამს სპექტაკლს, ჩვენ - მაყურებლები მიწვეულები ვართ ამ დადგმების სანახავად. სერიოზულად უნდა ვუყუროთ მათ შემოქმედებას და შიგადაშიგ ტაშით უნდა დავაჯილდოოთ. ამაზე ხშირად მახსენდება ერთი ეპიზოდი ფილმიდან "იმერული ესკიზები". ჩვენთან "ფავორიტშია" ჭადრაკი, ოღონდ თამაშობენ პატარები - ელენე და მარიამი. საჭადრაკო სკოლაში დადის პატარა მარიამი და კარგი მიღწევები აქვს. მას ტოლს არ უდებს ელენეც.

აქ ახლოსაა ზედაზენი და ახალგაზრდები ტყეში მიდიან ხოლმე, მე - ნაკლებად. ბავშვები დიდი შთაბეჭდილებებით მოვიდნენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ და მერეც, არაერთხელ ესტუმრნენ მუზეუმს. ზეპირად იციან, სად რომელი ხელნაწერი დევს. საგურამოში ვტკბები ჩვენი დარგული ხეებით - ვაშლი, მსხალი, ჭანჭური, ქლიავი... მიყვარს, როცა მცენარეს ვრგავ და ჩემს ხელში იზრდება. ხეებმა ნაყოფი გამოისხეს და წელს გავაკეთე ჯემები, ტყემალი (იცინის). ძალიან საქმიანი ვარ, ზამთრისთვის მომარაგება მიდის.

- დასვენების დროს სიმღერაზე არაფერს იტყვით?

- სიმღერა ისეთი თანმდევია, რომ მაგის გარეშე ჩვენი ერთად ყოფნა არ არსებობს. როცა ვერთობით, ხანდახან 5-6 ხმა ჟღერს, - მრავალხმიანობას ვგულისხმობ. ღია ტერასა გვაქვს, იქ ყველანი ვეტევით და აუცილებლად ვმღერით. ქართულის გარდა, სხვა სიმღერებსაც ვასრულებთ. ძალიან მიყვარს ჩემი სიძის, თინიკოს მეუღლის (ზაზა კაპანაძე) სიმღერა. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი იქნებოდა, მაგრამ არ უნდა სცენაზე გასვლა, თორემ პროფესიით მსახიობია. მისი მოსმენა უდიდესი სიამოვნებაა და ოჯახურ სიტუაციაში ამ სიამოვნებას არ მაკლებს.

"ყოველ წელს, ზღვაზე ათი დღით მივდივარ"

GzaPress

ბიძინა მახარაძე:

- ყვარელში ვისვენებ, ჩემი ცოლის სამშობლოში. ახლა, გესაუბრებით და ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში ვარ, მეუღლესა და მის სადაქალოსთან ერთად. არ მინდოდა წამოსვლა (ნანახი მაქვს ნეკრესი), მაგრამ მაინც წამოვედი. სახლში მარტო რა გინდაო და ხათრი აღარ გავუტეხე. ნეკრესი ერთადერთი ადგილია, სადაც ღორის დაკვლა შეიძლება, ამიტომ აქ ყოველთვის ქეიფია. გესმით, ალბათ, მუსიკის ხმა... წელს არ გამომივიდა დასვენება, თითქმის ორი თვე საავადმყოფოში ვმკურნალობდი. ორი კვირის წინ გამოვედი (ინტერვიუ ჩაწერილია 29 აგვისტოს. - ავტ.).

- ახლა ხომ კარგად ხართ?

- რა შედარებაა?! ექიმმა ზღვაზე წასვლა ამიკრძალა და გონიოში ვერ წავალ. მე ხომ იქიდან ვარ, იქ გავიზარდე.

- ზაფხული გიყვართ?

- რას ლაპარაკობ?!. ერთი სული მაქვს, ზამთარი როდის დამთავრდება!

- ზღვაზე რომ ვერ მიდიხართ, ეს თქვენთვის ალბათ წარმოუდგენელია...

- ყოველ წელს ზღვაზე ათი დღით მივდივარ. ჯერ ერთი, ჩემი და ცხოვრობს გონიოში და მის მოსანახულებლად ჩავდივარ, მაგრამ წელს ექიმმა თქვა: არ გამოვა მაი ამბავიო!

- ბავშვობაში სად ისვენებდით?

- დიდი არჩევანი არ მქონდა. დედაჩემი - ნოზაძის ქალი ხაშურიდან იყო, ყოველ ზაფხულს სოფელ გომში ვიყავი გამწესებული მწყემსად. ჩამაბარებდნენ ძროხას და ვმწყემსავდი. ასე რომ, არავინ მეკითხებოდა, რა მინდა და სად მინდა დასვენება. თუმცა, რადგან ხუთოსანი და გამორჩეული ვიყავი სკოლაში, ორჯერ მომცეს საგზური. ერთხელ, "არტეკში" (ყირიმში) უნდა წავსულიყავი, სადაც მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩადიოდნენ მოსწავლეები. მშობლებმა არ გამიშვეს. მამაჩემმა მითხრა: რა გინდა ახლა "არტეკშიო"?!. მერე იყო გემი "ადმირალი ნახიმოვი", რომლის "პუწიოვკაც" მქონდა და იქაც არ გამიშვეს. რატომ არ მიშვებ-მეთქი? და მამამ თქვა: მაგ გემი ჩაიძირებაო და... 20 წლის შემდეგ მართლა ჩაიძირა, მაშინ კი მოვასწრებდი დასვენებას (იცინის)... წარმოგიდგენიათ? მართლა ჩაიძირა!

- კახეთში დადიხართ ხოლმე ძეგლების სანახავად?

- ძირითადად, ყვარელში ვარ, ხანდახან გურჯაანში თუ გავუვლი ჩემს "გეპეის" დროინდელ მეგობარ ნიკა დულარიძეს. იმდენი ვარ ნამოგზაურები და ნაწანწალები, მარტო საბჭოთა კავშირი სამჯერ შემოვიარე, ევროპა... უკვე მეზარება სპეციალურად "წადი-მოდი".

- პანდემიამ ხელი რაში შეგიშალათ?

- აგვისტოში "იუმორინას" ოცი კონცერტი იყო დაგეგმილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ჩაიშალა. შარშანდელი კონცერტებიდან დავრწმუნდი, რომ მართლაც სახალხო პროექტია. ვერ წარმოიდგენთ, ეს რა მოვლენაა. აი, ადრე, თბილისის "დინამოს" საფეხბურთო მატჩებზე რომ დადიოდა ხალხი, დაახლოებით ასეთი ეფექტი ჰქონდა "იუმორინას" ჩასვლას ნებისმიერ ქალაქში. სექტემბერში ტელეეთერში გავა გადაცემა, სადაც თავს მოიყრის "იუმორინას" კონცერტი-ჩანაწერები და ახალი სატელევიზიო ვარიანტები.

ნანული ზოტიკიშვილი