ვერიკო ტურაშვილი დედის ამპლუაში - გზაპრესი

ვერიკო ტურაშვილი დედის ამპლუაში

მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა, ბავშვებთან ერთად, ახალი მუსიკალური კლიპი გადაიღო. კლიპის ერთ-ერთი მონაწილე ვერიკოს უმცროსი გოგონა - ნატაშკა გახლავთ. ნატაშკა ჯერ მხოლოდ 5 წლის არის, მაგრამ როგორც ვერიკომ გვითხრა, ინდივიდუალური ხასიათით გამოირჩევა, მეამბოხე გოგონაა...

- მიუხედავად იმისა, რომ პირველი შვილის - ლიზას გაჩენისას პატარა ასაკის ვიყავი, ვერ ვიტყვი, რომ მაშინ დედობასთან დაკავშირებული შეგრძნებები დამაკლდა. სიმართლე გითხრა, მეორე შვილის - ნატაშკას დაბადებას უფრო მეტი შიშით შევხვდი. პირველი შვილის დაბადებისას უფრო ლაღად ვიყავი, თუმცა ძიძა არ მყოლია. ლიზა უფრო "მსუბუქად" გავზარდე. ნატაშკას შემთხვევაში, შედარებით "დაჭყეტილი" ვარ (იცინის). იმის გამო, რომ მეორე შვილის გაჩენისას დედობის 11-წლიანი გამოცდილება მქონდა, ვერ ვიტყვი, უფრო მოშვებული გახლავართ-მეთქი. ემოციებს რაც შეეხება, ახლაც ემოციების ძლიერ მოზღვავებას ვგრძნობ. მთავარი ის არის, რომ იმავენაირად ბედნიერი ვარ. ძიძა არც ერთი შვილის გაზრდისას არ მყოლია. ბავშვების აღზრდისას თუ რამის შეგრძნება შემეძლო, არაფრის დეფიციტი არ მქონია.

- როგორი შვილია ნატაშკა?

- ოჯახის ყველა წევრისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ადრეული ასაკიდანვე ძალიან თავისუფლებისმოყვარეა. ხომ ამბობენ, აღზრდას აქვს მნიშვნელობაო? ასე არ არის: ნატაშკა თავისი ხასიათით დაიბადა: ზუსტად იცის, რა უნდა, როგორ უნდა... ადამიანებთან ურთიერთობაზე, თავისუფლებაზე გიჟდება, ისე უყვარს და უკვე იბრძვის, რომ ეს ყველაფერი დამოუკიდებლად მოახერხოს. პრინციპში, არაფერშია შეზღუდული. ხომ იცით, მოზარდები შინიდან რომ გარბიან ხოლმე? ვხუმრობთ, იმედია, როცა ნატაშკა გაიზრდება, ამას არ დაგვმართებს და ეს ყველაფერი ადრეულ ასაკში დარჩება (იცინის).

- შენ და ნატაშკას რა საერთო თვისება გაქვთ?

- არ ვიცი, მის ასაკში ჩემი თავი ხომ არ მახსოვს?..

- როგორც ვიცი, სიმღერა აინტერესებს...

- კი, ამ საკითხში ბევრი საერთო გვაქვს. ძალიან მუსიკალური გოგოა. მგონი, სურვილიც აქვს, რომ მხოლოდ საკუთარ თავში არ დატოვოს საკუთარი შესაძლებლობები. არ მიყვარს, როცა ბავშვებს ადრეული ასაკიდან კონცერტიდან კონცერტზე, სცენიდან სცენაზე დაატარებენ - მგონი, ძალიან ადრეა, მაგრამ მინიმალურად, თავისი მუსიკალური შესაძლებლობების გამოვლენის უფლებას ვაძლევ, მაგრამ - მხოლოდ ბავშვისთვის დასაშვებ დონეზე. მგონი, არტისტულიც არის...

GzaPress

- კლიპში - "თქვენთან ყოფნა გვსურს" მონაწილეობის სურვილი თავად გამოთქვა?

- მოგეხსენება, მეორე წელია, მუსიკალური სტუდია მაქვს. გადავწყვიტე, ჩემი სტუდიის ბავშვებთან ერთად ახალი სიმღერა "გამეკეთებინა". ამის სურვილი ნატაშკასაც ჰქონდა. რამდენიმე ბავშვთან ერთად, კლიპში მისი მონაწილეობა ბუნებრივად მოხდა - არც დამიძალებია, არც დაუძალებია. ვიდეო ბათუმში გადავიღეთ. ვერ ვიტყვი, ნატაშკა ძალიან დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა-მეთქი - დანარჩენ ბავშვებთან შედარებით, პატარაა, დიდად მობილიზებული არ იყო... ლაღი, "თბილი" კლიპი გამოდის - მონტაჟს უკვე ვასრულებთ... დარწმუნებული ვარ, მე და ჩემი სტუდიის ბავშვებს წინ ბევრი კარგი ამბავი გველის, რადგან უამრავი გეგმა გვაქვს, რომლებსაც ნელ-ნელა ვახორციელებთ. ნატაშკაც ამ ყველაფრის ერთ-ერთი მონაწილე იქნება.

- დებს როგორი ურთიერთობა აქვთ?

- ძალიან კარგი. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია. მე და ლიზამ ნატაშკა ერთად გავზარდეთ. ნატაშკა რომ დაიბადა, ლიზა იმ დღეს გაიზარდა (იღიმის). ზუსტად იმ დღეს მივხვდი, რომ "დიდი" გოგოა - რაღაცნაირად, უმცროსი დის მიმართ დედობრივი მზრუნველობა გამოიჩინა. მალე ნატაშკა 6 წლის გახდება. როცა ლიზას თავისუფალი დრო აქვს, მაქსიმალურად მხარში მიდგას: თუ საქმის გამო შინიდან გასასვლელი ვარ, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, რომ დას მოუაროს.

- ლიზას რა ინტერესები აქვს?

- წელს აბიტურიენტია - მეთორმეტე კლასში გადავიდა. კარგი გოგოა. სკოლაში "ათოსანია". გაისად სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს - ექიმობა გადაწყვიტა. ამისთვის სერიოზულ მომზადებას ვაგრძელებთ. პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა აქვს და მობილიზებულია, რომ გამოცდები მაქსიმალურად საუკეთესო შედეგით ჩააბაროს. ჩვენი ოჯახის წევრებს შორის ექიმი არავინაა. ლიზამ ჩვენი პროფესიებისგან რადიკალურად განსხვავებული საქმიანობა აირჩია. რომელი პროფესიაც უნდა აერჩია, მჯერა, საქმეს დიდი პასუხისმგებლობით გააკეთებდა, მით უმეტეს, რომ ექიმის პროფესიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სჭირდება.

- ვერიკო, შვილების აღზრდისას ფსიქოლოგის რჩევები დაგჭირვებია?

- არა, არ დამჭირვებია. ღვთის წყალობით, შვილებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემა არ შემქმნია, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგის დახმარება მხოლოდ განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებშია საჭირო. უბრალოდ, ჩვენთან ამის კულტურა არ არის, რომ მშობლებმა კონსულტაცია ფსიქოლოგთან გაიარონ. გამორიცხული არ არის, რომ რთულ სიტუაციაში, როდესაც შეიძლება, სუბიექტური აღმოვჩნდე, ფსიქოლოგს მივმართო... ისე, მყავს მეგობარი, რომელიც კვალიფიციური ფსიქოლოგი გახლავთ. მეგობრული საუბრის დონეზე, გარკვეული საკითხები განგვიხილავს, თუმცა მგონია, რომ ინტუიცია არ მღალატობს - ვხვდები, კონკრეტულ სიტუაციებში როგორ მოვიქცე. მოკლედ, ჯერჯერობით ამას სპეციალისტის დახმარების გარეშე ვახერხებ.

- შვილებს როგორ მიანიშნებ, რომ არასწორად მოიქცნენ? თუ დაგისჯია ისინი და როგორი ფორმით?

- შეიძლება, განსაკუთრებულად ემოციურ ადამიანად ჩავითვალო. ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ. გარკვეულ სიტუაციაში შეცდომაც მომსვლია და შეიძლება, უკიდურესი ფორმისთვის მიმიმართავს - ბავშვისთვის დამიყვირია ან თმა მომიჩეჩია (იღიმის). რა თქმა უნდა, ეს უიშვიათეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. ხანდახან ვცდილობ, ბავშვს რაღაცების აკრძალვით მივანიშნო, რომ არასწორად იქცევა, ხანდახან - გამითამამებია და უცებ ჩავხუტებივარ... ლიზა უფრო მორჩილი ბავშვი იყო, ძირითადად, ნატაშკასთან დაკავშირებული შემთხვევები მახსენდება. თავისი არასწორი საქციელის შესახებ, ბავშვს სხვადასხვა ფორმით მივანიშნებ, მაგრამ ვცდილობ, ეს ზომიერების ფარგლებში გავაკეთო. როცა ემოციური ადამიანები ვართ, შვილებთან ურთიერთობისას ხანდახან რაღაცები ჩვენც გვეშლება. მერე ამაზე ბევრს ვფიქრობ და ვცდილობ, შეცდომა მეორედ აღარ დავუშვა.

- შვილებს ყველაზე ხანგრძლივად რა პერიოდით განშორებიხარ?

- ბავშვების დიდი ხნით დატოვება ძალიან მიჭირს. თუ საზღვარგარეთ გასტროლი მქონია, შვილების გარეშე მაქსიმუმ, 10 დღე ვყოფილვარ (ესეც - ძალიან იშვიათად). ერთადერთი, მახსოვს, ლიზა 5 წლის იყო, როცა 1 თვე ბაქოში ყოფნა მომიხდა - კონცერტები მქონდა. სხვა შემთხვევებში, ბავშვებს 2-3 დღით ვტოვებ. მათ გარეშე ყოფნა 2 დღეც მიჭირს.

GzaPress

- განშორების შემდეგ როგორ გხვდებიან?

- ნორმალურად. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს ტირილით ვხვდებით. მელოდებიან და მათთან შეხვედრას მეც ველი ხოლმე.

- უმცროსი გოგონა პროტესტს როგორ გამოხატავს, როცა რამე არ მოსწონს?

- საპირისპიროს აკეთებს (იცინის). პროტესტს აგრესიული ფორმით არ გამოხატავს. საერთოდ, მეამბოხეა. როცა ეუბნები, რა გააკეთოს, შეუძლია, საპირისპირო აკეთოს. ამიტომ ხანდახან ჯობია, "უკუღმა" უთხრა (იცინის). ისე, კარგი გოგონები არიან, ვმეგობრობთ. ურთიერთობაში განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს.

- როცა ეკრანზე გხედავენ, როგორი რეაქცია აქვთ?

- ჩვეულებრივი. ეს მათთვის ძალიან ორგანულია. ნატაშკა ტელეეკრანზე რომელ ცნობილ ადამიანებსაც ხედავს, მათ სახლშიც ნახულობს ხოლმე. ერთხელ ბიონსეს შესახებ მკითხა: - დედა, ჩვენთან ნამყოფიაო (იცინის)?

- მეგობრებთან ურთიერთობის დეტალებს თუ გიმხელენ?

- რა თქმა უნდა, ძალიან "გახსნილი" ურთიერთობა გვაქვს. ენის მოჩლექით ბავშვებთან არასოდეს მისაუბრია. ლიზა ჩემი მეგობრების წრეში გაიზარდა, ნატაშკაც ასეა. შვილებს ისე ვესაუბრები, როგორც ზრდასრულ ადამიანებს. შესაბამისად, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ლიზა მეუბნება ხოლმე, - შენი რიდი მაინც მაქვსო. ურთიერთობაში დისტანციის ხელოვნურად დაცვას ვერ ვახერხებ, მაგრამ დისტანცია მაინც გვაქვს. შვილებთან როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც მაქვს, ისეთივე დაკვირვებულიც ვარ. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, სიმკაცრესაც ვავლენ. შესაბამისად, ახლო მეგობრობის მიუხედავად, ჩვენ შორის დედაშვილური "ძაფები" გაწყვეტილი არ არის... ამ ყველაფრისთვის ნატაშკა ჯერ პატარაა, ლიზასთან კი ჩვეულებრივად ვსაუბრობ ჩემი საქმიანობის, ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ... ჩემთან ისიც "გახსნილია". მას სერიოზული პირადი ურთიერთობა ჯერ არ ჰქონია. მგონია, რომ როცა ექნება, არ დამიმალავს.

- ნატაშკას მამა ბავშვის აღზრდაში აქტიურადაა ჩართული?

- არა, მაგრამ ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და ამას ვპატიობთ (იღიმის). შემთხვევების 50%-ზე მეტი ასეა ხოლმე. გამონაკლისი არც ჩვენი შემთხვევაა. ნატაშკას მამასთან იშვიათი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ის ძალიან უყვარს. როცა ლაშა ახერხებს, ბავშვს ნახულობს.

ეთო ყორღანაშვილი