ბლუზის ცეკვით დაწყებული უსასრულო სიყვარული - გზაპრესი

ბლუზის ცეკვით დაწყებული უსასრულო სიყვარული

7 სექტემბერს 32 წელი შესრულდა მსახიობის, რეჟისორისა და მინიატიურების სახელმწიფო თეატრის დამფუძნებელ-ხელმძღვანელის, დაუვიწყარი თენგიზ ჩანტლაძის გარდაცვალებიდან. სიმართლე გითხრათ, უცნაურად დაემთხვა, რომ მასზე სტატიას სწორედ მისი გარდაცვალების დღეს ვწერდი - ეს თარიღი არ მახსოვდა და ფაქტების გადამოწმებისას შევიტყვე ინტერნეტიდან.

ბატონი თენგიზის გახსენება მის ქვრივს, ქალბატონ ზაირა ჩანტლაძეს ვთხოვე. ჩემმა თხოვნამ ძალიან გაახარა და ამავე დროს - ააფორიაქა. მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება შემიძლია, სულ თენგიზზე ვილაპარაკო, ასე რომ, თქვენ ვერ გამიძლებთო...

ქალბატონ ზაირას მათი პირველი შეხვედრის გახსენება ვთხოვე. რატომღაც წარმოვიდგინე, რომ ასეთ ემოციურ ადამიანს იმხანად უკვე ცნობილი მსახიობი და რეჟისორი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდებოდა. ნაწილობრივ შევცდი - პირველი შეხვედრა სიყვარულის დასაწყისი სულაც არ ყოფილა, რადგან...

- ისევე, როგორც ბევრი ქართველი, თენგიზს მეც შორიდან - ტელევიზიით ვიცნობდი, ერთ მშვენიერ დღეს კი ბედმა გამიღიმა და პირისპირ არ შევხვდი?! არასდროს დამავიწყდება ის შეხვედრა: მარჯანიშვილის მოედანთან ახლოს, შეროზიას ქუჩაზე ვცხოვრობდი. ერთხელაც ტროლეიბუსში ავედი და "ზემელზე" თენგო ამოხტა. მახსოვს, ხელი ჰქონდა გადახვეული, მოგვიანებით გავიგე, დამწვარი ჰქონია. ვიღაცები გამოელაპარაკნენ, მერე ერთ-ერთმა ჩასვლისას უთხრა, დაგირეკავო. თენგომ მიაძახა, ჩემი ნომერი იციო? და თან ნომერიც უკარნახა - 22-23-47. ასე დავიმახსოვრე მისი ტელეფონის ნომერი. რასაკვირველია, მას არც შევუნიშნივარ. ჩემზე 5 წლით უფროსი იყო და თანაც - უკვე პოპულარული.

GzaPress

- ალბათ მაშინვე არ შეგყვარებიათ, თუ - ვცდები?

- როგორც ბევრი სხვა, მეც აღფრთოვანებული ვიყავი მისი ნიჭით და ძალიან მომწონდა, მაგრამ ეს სიყვარული ნამდვილად არ იყო. გაცნობა და სიყვარული მოგვიანებით გველოდა, თუმცა ამას სხვა ამბავი უძღვის წინ - ბედისწერის.

თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რეჟისორ ანტონ თავზარაშვილის დრამის სამსახიობო ჯგუფში ვსწავლობდი. მახსოვს, ჩვენს სადიპლომო სპექტაკლებს ცნობილი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილმი დაესწრო. ბატონი ვასო იმხანად სოხუმის თეატრში მოღვაწეობდა და თეატრისთვის მსახიობებს არჩევდა. ჩვენი ჯგუფიდან 5-6 ბავშვი აგვარჩია და სოხუმის თეატრში მიგვიწვია. ეს ამბავი დღემდე საამაყოდ მაქვს. სოხუმში დედა გამომყვა. ცხადია, იქ არავინ მიცნობდა და ორკესტრითა და ზარ-ზეიმითაც არავინ დამხვდებოდა, მაგრამ... საერთოდ არავინ დამხვდა, ან საცხოვრებელი რომ შემოეთავაზებინა, ან პირობების შესახებ დამლაპარაკებოდა. მე და დედა საკუთარი ხარჯებით სასტუმროში დავბინავდით და ორ კვირას გავჩერდით. ამ ხნის განმავლობაშიც არავინ მომაკითხა. ნორმალური გარეგნობა მქონდა და ვიღაცებმა რომ გაიგეს, თბილისიდან თეატრში სამუშაოდ ვიყავი ჩასული, ხან ვინ მირეკავდა სასტუმროს ნომერში და ხან ვინ. დედა შეშინდა, აქ ასე ვერ დაგტოვებო და თბილისში წამომიყვანა. რადგან განაწილებით არ დავრჩი, დავისაჯე და სხვაგან აღარ მიმიწვიეს.

პატარა გოგო ვიყავი, მორიდებული და თავად არავისთვის მიმიკითხავს, სამუშაო მომეცით-მეთქი. ამიტომ შინ ვიჯექი. ჩვენს ჯგუფში იყო ერთი ცხინვალელი ოსი გოგონა - ფატიმა კოჩმაზოვა, რომელიც თენგიზს იცნობდა. ფატიმას შეხვედრია თენგიზი და უთხოვია, ფილარმონიაში თეატრალურ ჯგუფს ვაკეთებ და შენი გამოშვებიდან ვინმე თუ არის უმუშევარი, იქნებ რეკომენდაცია გაუწიო და შემახვედროო. მოკლედ, ერთმანეთს ჩემს ჯგუფელთან შევხვდით - თქვენც გეცოდინებათ, მოგვიანებით ცნობილი ჟურნალისტი იყო, ნანა ჯაფარიძე, მის სახლში. თენგიზმა გაგვაცნო თავისი პროგრამა, ძალიან მოგვეწონა, მაგრამ... გამოგიტყდებით, რომ მე თენგო უფრო მომეწონა, ვიდრე პროგრამა... იმ ოჯახში გაგვიმასპინძლდნენ, მერე მაგნიტოფონიც ჩავრთეთ. ბლუზზე დღემდე ვგიჟდები და იმ დღესაც მე და თენგომ სწორედ ბლუზზე ვიცეკვეთ. მერე სულ მაყვედრიდა - თურმე, ბლუზის დროს ძალიან ახლოს მიცეკვია თენგოსთან და მეუბნებოდა, შენ იაქტიურეო. თვითონ არაფერ შუაში იყო (იცინის). იქიდან რომ გამოვედით, უცებ მიმოვიხედე და ჩემი და თენგოს გარდა, აღარავინ იყო, ყველა შემოგვეცალა, თუ ჩვენ შემოვიცალეთ დანარჩენები. როდემდე ვიდგებოდით იქ და ჭავჭავაძიდან შეროზიას ქუჩამდე ფეხით გამოვუყევით. ცირკთან რომ გამოვიარეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ორივე ვეტრფოდით ცირკს და იქვე დავგეგმეთ, მომდევნო კვირას ცირკში წავიდოდით. ბოლოს და ბოლოს, ჩემს სახლამდეც მივაღწიეთ, მაგრამ ერთმანეთს კარგა ხანს არ დავემშვიდობეთ. კვლავ საუბარს განვაგრძობდით. ყოველთვის ვგიჟდებოდი პომადებზე. დღეს მოკრძალებული ფერის პომადა მისვია და მაშინ საკმაოდ მკვეთრი ფერის მესვა. უცებ თენგომ გამომიცხადა: დღეიდან პომადას აღარ წაისვამ და აღარც სიგარეტს მოსწევო! რატომღაც დავთანხმდი. იქვე დავთქვით, რომ მეორე დღეს მუსკომედიის თეატრის სპექტაკლზე წავიდოდით, სწორედ იმ თეატრის, სადაც წლების შემდეგ, 55 წლის ასაკში თენგომ სული დალია. იმ დღეებში ბევრი თეატრი მოვიარეთ, ცირკშიც ვიყავით, მერე უკვე ფილარმონიაშიც შევიკრიბეთ ჯგუფი. არ მავიწყდება, იმ შეკრებაზე, ოთახში ძალიან ცხელოდა და ოფლი რომ მოეწმინდა, თენგომ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო - საოცრად ლამაზი, თეთრი და ტკიცინა, ცისფერი კანტით და შიგ პატარა კვატუნებით. მაშინვე მომხვდა თვალში. მერე იმ ცხვირსახოცს დიდხანს ვინახავდი, ხოლო ერთად რომ ვიყავით ხოლმე, სადაც მივდიოდით, ჩანთაში ყოველთვის მედო 3-4 ტკიცინა ცხვირსახოცი თენგოსთვის, იმიტომ, რომ ერთხელ რომ მოიხმარდა, იმას მეორედ არასდროს გამოიყენებდა, გვერდით დებდა, მე ჩუმად ვაცლიდი და კვლავ რომ დასჭირდებოდა, ახალს ვაწვდიდი ხოლმე.

GzaPress

- მალე დაქორწინდით?

- პირიქით - ძალიან გვიან, 5 წლის შემდეგ, 11 მარტს. ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ თენგო ოფიციალურ ქორწინებას არ ჩქარობდა. მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტსაც თავი დავანებე და აღარც პომადას ვისვამდი, თენგო ფიქრობდა, რომ მე ძალიან ჯიუტი და მოუდრეკავი ვიყავი და ვიდრე თავის ჭკუამდე არ მიმიყვანდა, მანამდე ასე ვიქნებოდით. არასდროს მიკითხავს, რატომ მითხრა თავიდანვე, პომადას აღარ წაისვამო. ხომ არ ფიქრობდა, რომ ასე ცოტათი ვულგარულად გამოვიყურებოდი?! სხვათა შორის, ერთხელ, წლების შემდეგ მკითხა, რატომ აღარ ისვამ პომადასო? მაშინვე შევუბრუნე კითხვა, - კი, მაგრამ შენ ხომ ამიკრძალე-მეთქი?! არადა, ცოდვა გამხელილი სჯობს, ხანდახან ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად ტუალეტში ჩუმად მაინც ვეწეოდი.

- თქვენი სიყვარულიც, ცხოვრებაც და პროფესიული საქმიანობაც გაერთიანებული იყო. როგორი იყო ეს ცხოვრება?

- შვილები არ გვყავდა და თეატრიცა და პირადი ურთიერთობაც ერთ ოჯახად გვქონდა. ვარსებობდით ერთმანეთისთვის, თეატრისა და სამეგობროსთვის. ალბათ ისევ დგას ბარნოვის ქუჩაზე ჩვენი აშენებული ფაცხა, სადაც ვცხოვრობდით და რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანის დაბადების დღის აღნიშვნით გაიხსნა. ჯანსუღმა მას "საძმო" უწოდა და მის სიმბოლოდ კარზე ჭედური ჭადრის ფოთოლი დავკიდეთ. თენგიზის გარდაცვალების შემდეგ მე წამოვედი იმ სახლიდან... სხვა გზა აღარ დამიტოვეს... ბევრი შანსი მქონდა, შვილი გამეჩინა, მაგრამ თენგიზმა არ მოინდომა. ვფიცავ ამ ფოტოებს, რომელიც სახლის კედლებზე მაქვს გამოფენილი და ვფიცავარ მის სულს, ყველა საფიცარს, თუ ტყუილი ვთქვა - თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო. ვეუბნებოდი, მერე რა ვქნა, ყველას ავუხსნა, შვილი რომ არ გავაჩინე, ეს შენი სურვილი იყო-მეთქი? - სულ არ მეკითხება, ვის რა აზრი ექნება ჩვენი შვილის ყოლა-არყოლაზეო, მპასუხობდა. არ შეიძლებოდა ასე მსჯელობა, მაგრამ... ვინ იცის, იქნებ ძალიან ნიჭიერი შვილი გამოგვსვლოდა... მაგრამ თავად თენგიზი იყო ბავშვივით. იცით, ხანდახან თენგიზს ხელითაც რომ ვაჭმევდი? მახსოვს, თენგო უკვე რომ აღარ იყო, ერთმა ქალმა მითხრა, - ქალბატონო ზაირა, იცით, რა კარგად მახსოვს, შერეული კონცერტებისას კულისებში რომ დასდევდით ბატონ თენგიზს დაჭრილი ვაშლით და აჭმევდითო. თენგოც სიამოვნებით იღებდა ასე მირთმეულს...

რაც შეეხება ჩვენს დიდ ოჯახს - თეატრს, თენგიზი დასის გაახლებისთვის ახალგაზრდა მსახიობების შერჩევასაც კი მანდობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ თეატრის, ასე ვთქვათ, დიასახლისი ვიყავი. მაგალითად, ვიდრე პროგრამა არ გამოიკვრებოდა, ისიც არ ვიცოდი ხოლმე, რომელ სპექტაკლში ვთამაშობდი და რა როლზე დამამტკიცა. არც არასდროს მომითხოვია მისთვის, ამის ან იმის თამაში მინდა-მეთქი. თენგოს თანაავტორებიც ჰყავდა, მაგალითად, ავთანდილ გელოვანი, გურამ ბზვანელი. ეს უკანასკნელი განაგებდა მუსიკალურ მხარეს. მუდამ სახასიათო როლებს ვთამაშობდი. არადა, ბევრს, მათ შორის თენგოს მეგობრებსაც, უთქვამთ ჩემთვის, შენ ბევრი დაკარგე, თენგო რომ შენი გახდა, მაგრამ უმთავრესი ის იყო, ნიჭი, პროფესიული შესაძლებლობები სრულად რომ ვერ გამოიყენე, რადგან ტრაგიკული მსახიობი უნდა ყოფილიყავიო. მე რას ვფიქრობ? მეც დამაკლდა ის ტრაგიკული როლები, მაგრამ... თენგო იმდენად ავსებდა ჩემს ცხოვრებას, რომ გული არ მწყდება. მე ბოლოს გავხდი მისი ოფიციალური ცოლი, თორემ პირველ რიგში მისი შემოქმედების "ფანი" ვიყავი და თენგიზი დღემდე ჩემი კერპია. ჩემი თეატრის გოგონებიც დღემდე ჩემთან არიან და ახლაც ამაყობენ, რომ ბევრი რამ ჩემგან ისწავლეს. თენგო იცით, რას ამბობდა ჩემზე? - ზაირა ჩემი მონაპოვარი არისო.

GzaPress

- გასტროლებზე ხშირად დადიოდით?

- საკმაოდ. ფილარმონიასთან არსებული მინიატიურების 10-კაციანი ჯგუფი ვიყავით და წლების განმავლობაში იცით, რით დავდიოდით გასტროლებზე? - ორი "მოსკვიჩით". სპეციალურად მოწყობილ საბარგულზე ეწყო ჩვენი დეკორაციები და კოსტიუმებიც. ნელ-ნელა ჩვენი დასი ისეთი პოპულარული გახდა, ბოლოს თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და მინიატიურების თეატრიც კი ეწოდა და სახელმწიფო თეატრის სტატუსიც მიანიჭეს. მეც ამ დასთან ერთად გავიზარდე და არც არსად მიმუშავია, სხვა თეატრში. მე და თენგოც სულ ერთად ვიყავით, ერთნი.

- როგორც ვიცი, ბატონ თენგიზს იმპროვიზაციები უყვარდა, როგორი პარტნიორები იყავით?

- იმდენად დიდი მსახიობი და პიროვნება იყო, დაჯილდოებული იმპროვიზაციის ზღვა ნიჭით, მისი პარტნიორობა ჩემთვის საინტერესო იყო. თენგიზი მსახიობიც იყო და რეჟისორიც. ბევრი სპექტაკლი თვითონ დადგა. ერთი უცნაური თვისება ჰქონდა: ისე დგამდა, რომ პრემიერამდე სცენაზე არ ამოდიოდა, ამიტომ რეპეტიციებს სცენაზე მის გარეშე გავდიოდით, თვითონ დარბაზში იჯდა და თავის რეპლიკებს იქიდან გვესროდა. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვიყავით მსახიობები, რომ მიზანსცენებში არასდროს ვიცოდით, მთავარი გმირი სცენაზე რას გააკეთებდა. ისიც კი არ ვიცოდით, პარტნიორი რომელი კულისიდან გამოვიდოდა და საიდან დაგველაპარაკებოდა. ეგ კი არა, უცებ ისეთ იმპროვიზებულ ტექსტს მოხევდა, შეიძლება დაბნეულიყავი. განა არ იცოდა, რა დღეში ვვარდებოდით, მაგრამ ამასაც აკვირდებოდა, აბა, რას მოვიმოქმედებდით, როგორ გამოვძვრებოდით სიტუაციიდან... არადა, ჩვენი სპექტაკლები მუდამ ანშლაგით მიდიოდა და როგორი იყო, მაყურებელს შენთვის დაბნეულობა რომ შეენიშნა?! ამიტომ, მისი პარტნიორობა ძალიან საინტერესოც იყო და ძალიან რთულიც. სხვათა შორის, 3 წლის ასაკიდან ვოცნებობდი თურმე მსახიობობაზე. სიმღერაც შემეძლო, სპექტაკლებში ვმღეროდი კიდეც, ხალხსაც უყვარდა ჩემი როლები, მაგრამ რაც თენგიზმა დამტოვა (ცრემლი მოერია)... უნიჭიერესი ადამიანი, აბსოლუტურად დაუხარჯავი შემოქმედი 55 წლის ასაკში უცებ წავიდა ამ ქვეყნიდან, გული გაუხეთქეს და თანაც - თეატრში! არ მიყვარს ხოლმე იმ ამბების გახსენება. ბევრმა იცის, რა მოხდა და როგორ მოხდა... თუნდაც მე - რა დავაშავე, 50 წლის ასაკში რომ დამთავრდა ჩემი შემოქმედება? თენგიზი თეატრის შენობის ამბავს შეეწირა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მხოლოდ ცოტა ხნით იარსება ჩვენმა თეატრმა, შენობიდან შენობაში დავდიოდით, ბოლოს კი ბატონების - მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას განკარგულებით დაფინანსება მოგვიხსნეს და გავნადგურდით. ასე არ უნდა ექცეოდნენ შემოქმედებს და შემოქმედებას, ხელოვნებას... 83 წელს მივაღწიე და შეიძლება ეს ჩემი ბოლო ინტერვიუც იყოს, ამიტომ გამიხარდა, რომ დამირეკეთ და ბევრი რამის თქმის საშუალება მომეცით...

ირმა ხარშილაძე