"მამაკაცი "საკონტროლო პაკეტს" უნდა ფლობდეს, თავს მასზე მაღლა არ უნდა ვგრძნობდე" - გზაპრესი

"მამაკაცი "საკონტროლო პაკეტს" უნდა ფლობდეს, თავს მასზე მაღლა არ უნდა ვგრძნობდე"

ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია. მან იცის, როგორ შეიძლება ერთმანეთს შეუთავსო ფიტნესი, იოგა, კულინარია და რაც მთავარია, ყველგან და ყველაფერში სიჯანსაღე ეძებო. ამბობს, რომ ამ პროექტში დასამარცხებლად არ მისულა, წინ დიდი და "ჯანსაღი" გეგმები აქვს.

- კულინარიამ 12 წლიდან გამიტაცა, ეს ინტერესი ჩემმა გურმანობამ, ჭამის სიყვარულმა გამოიწვია.

- 12 წლის ბავშვი რას ამზადებდი?

- ყველაფერს ვაკეთებდი: ლობიო, ბაჟე, პიცას ვაცხობდი... თავდაპირველად ტრადიციული კერძებით დავიწყე, შემდეგ ყველა კერძში ჩემი ინტერპრეტაცია შემქონდა, ფანტაზია მქონდა და სულ სიახლეებს ვიგონებდი.

- რჩევებს ვის ეკითხებოდი?

- ინტერნეტში ამ თემაზე ბევრ ინფორმაციას ვიძიებდი, ვიდეოებს ვუყურებდი, რჩევებს კი უმეტესად, დეიდას ვეკითხებოდი. ის ძალიან კარგი კულინარი იყო, არაფრისგან შეეძლო საოცრად გემრიელი კერძი გაეკეთებინა. ზოგადად, ერთფეროვნება არ მიყვარს, მით უმეტეს - კულინარიაში.

- იმ წლებში წონის პრობლემა გქონდა, არა?

- დიახ, როცა ყველანაირ საჭმელს ვჭამდი, ბუნებრივია, წონის პრობლემაც მქონდა. შემდეგ, როცა კერძების მომზადება თავად დავიწყე, ჭამის სურვილი მზადების პროცესში გადამქონდა. შემდეგ ტექნოლოგია თანდათან დავხვეწე და ვისწავლე, ჩემთვის ჯანსაღი საკვები მომემზადებინა, ნაკლებად კალორიული კერძებისკენ გადავიხარე.

GzaPress

- დღეს სამზარეულოში დიდ დროს ატარებ?

- იქიდან გამომდინარე, რომ მარტო ვცხოვრობ, სხვა არავინ მომიმზადებს, შესაბამისად, საკუთარ თავს ვემსახურები. დღეში ხუთჯერადი კვება აუცილებელია.

- ფიტნესი, იოგა - ამ სფეროებისადმი ინტერესი როგორ გაგიჩნდა?

- რამდენიმე წლის წინ, არჩევანის წინაშე დავდექი: ან კულინარიას გავყოლოდი და აკადემიაში ჩამებარებინა, ან - სპორტს და შესაბამისად, მუდმივად ფორმაში ვყოფილიყავი. კულინარიის აკადემია რომ ამერჩია, მივხვდი, საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას ვერ მივაქცევდი, წონა გამექცეოდა. ამიტომ ფიტნესი ავირჩიე და სამოყვარულო დონეზე კულინარიითაც დავინტერესდი.

იოგა უფრო ღრმა პროცესია, ვიდრე ფიზიკური ვარჯიში. თუ მას სიღრმისეულ დონეზე შეისწავლი, სხვა მიმართულებით წაგიყვანს, ამ დროს ფიზიკური დატვირთვა მარტივი ხდება. რაც შეეხება ფიტნესს, იქიდან გამომდინარე, რომ წონის პრობლემა მქონდა, თავად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ვიღაც გეხმარება, ძალას გმატებს, სწორი მიმართულებით გაყენებს. მოსწავლეების მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს. მიყვარს ადამიანების დახმარება, ეს ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წარსულში საკუთარ თავს ვეხმარები. ზუსტად ვიცი, რას გრძნობენ და განიცდიან, გამოცდილება მაქვს.

- დღეს ჯანსაღად იკვებები, პერიოდულად თავს აძლევ უფლებას, არაჯანსაღი საკვები მიირთვა?

- ეს ძალიან ხშირად არ ხდება, მაგრამ პერიოდულად აუცილებელიც კი არის. ორგანიზმს რასაც აჩვევ, იმას მოითხოვს. ნივთიერებათა ცვლისთვის ზოგჯერ საჭიროა, არაჯანსაღი და ორგანიზმისთვის რთულად გადასამუშავებელი საკვები მიიღო, ჯანსაღმა კვებამ შედეგი რომ მოგცეს.

- მეგობრებს გემრიელი კერძებით რამდენად ანებივრებ?

- რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად ვანებივრებ. ამ ადამიანებმა ჩემი შესაძლებლობები ყველაზე კარგად იციან, მათი მხრიდან მოსმენილი შექება, ყოველთვის დიდი მოტივაციაა.

- უპირატესობას რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებ?

- იტალიური სამზარეულო მიყვარს, ყველაზე მეტად - პიცა და ნაყინი.

GzaPress

- წელს "მასტერშეფის" მეოთხე სეზონია. ბედი წინა სეზონებზე რატომ არ სცადე?

- ზოგადად, ფიქრი მიყვარს. ამ პროექტს სულ ვუყურებდი, ძალიან მომწონდა და ვაკვირდებოდი, ბოლომდე ჩართული ვიყავი. შიშის განცდა არ მქონია, არასდროს მიფიქრია; მეშინია და ვერ მივდივარ-მეთქი. სპეციფიკა შევისწავლე და შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. ანკეტა ექსპრომტად შევავსე.

- ერთია, როცა ამ პროექტს მაყურებლის თვალით უყურებ და სხვაა, როცა ერთვები, როგორც კონკურსანტი. იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგედგინა?

- გაცილებით რთულია, ვიდრე ველოდი. რაჭველი ვარ, შინ მშვიდად, წყნარად, კეთებას ვარ მიჩვეული, იქ კი დრო გადამწყვეტია, სულ საათს უნდა უყურო, თან ამზადო, თან ლამაზად სერვირება მოახერხო, თან კამერებთან იმუშაო, ილაპარაკო... სიახლეების დატესტვა ყოველთვის მიყვარდა, "მასტერშეფის" სამზარეულოში დიდი ექსტრიმია, ადრენალინი ჩქეფს.

- შეფების შეფასებებზე რას იტყვი? მონაწილის თვალით დანახული თითოეული მათგანი როგორია?

- შეფ ლუკას და ჩემი დიალოგი შაქრის და თაფლის შესახებ სახალისო იყო. როდესაც კონსტანტინემ თქვა, რომ ჩემი დესერტი მოეწონა, გამიხარდა. ვიცი, ის სერვირებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. სულ ვფიქრობდი: ნეტავ რას იტყვის-მეთქი? მისმა შექებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა.

- ბევრი დადებითი გამოხმაურება მიიღე, არა?

- შინაურები მიცნობენ, იციან, როგორიც ვარ, ამ შემთხვევაში მათზე არ ვილაპარაკებ. სრულიად უცხო ადამიანები საქებარ სიტყვებს მწერენ, ეს ამბავი კი მართლა ძალიან მსიამოვნებს. ეს ამისთვის არ გამიკეთებია, არც მოველოდი და რამდენადაც მოულოდნელია, ჩემში ბედნიერების შეგრძნებაც იმდენად იზრდება. გულწრფელი ადამიანი ვარ, არასდროს ვთამაშობ და ვფიქრობ, მაყურებელმა ჩემში ეს გულწრფელობა დაინახა. ახლა ამ პროექტის და მისი მაყურებლის მიმართ, მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

- ნანუ, პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

- დაოჯახებული არ ვარ, შეყვარებულიც არ გახლავართ. ჩემი ცხოვრება მარტივი არ არის, საკუთარი რეჟიმი მაქვს, 18 წელია, ასე ვცხოვრობ. სიჯანსაღე მხოლოდ კვებაში არაფერია, თუ ჯანსაღი აზროვნება არ გაქვს. რიგ საკითხებზე ჩვეულებრივი დამოკიდებულებები არ გამაჩნია. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემთან ურთიერთობა მარტივი არ არის.

- სირთულე რაში მდგომარეობს?

- საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს მამაკაცი, ჩემი ყურადღება რომ დაიმსახუროს, ურთიერთობის სურვილი რომ გამიჩინოს. ჩემი აზრით, მამაკაცი "საკონტროლო პაკეტს" უნდა ფლობდეს, ის უნდა იყოს ჩემი მოტივაცია, თავს მასზე მაღლა არ უნდა ვგრძნობდე, ის აუცილებლად ჩემზე ძლიერი უნდა იყოს.

- შენი სამომავლო გეგმა როგორია?

- ვისთანაც კი ხმა მიმიწვდება, ყველას მოვუწოდებ, ჯანმრთელობას მიხედონ. ეს პროექტი ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში ძალიან დამეხმარება. მეც ადამიანების დახმარების მეტი შესაძლებლობა მექნება. მინდა, ძალიან დიდხანს დავრჩე ამ პროექტში. დამარცხებისთვის არავინ არსად არ მიდის. გამარჯვების შემთხვევაში გაასმაგებული ენერგიით ვიმუშავებ. კვების და სპორტის მიმართულებით ბევრი ჯანსაღი გეგმა მაქვს.

თამუნა კვინიკაძე