"ყველა "გაძღომაზეა" ორიენტირებული, ოპოზიციაშიც და "პოზიციაშიც" - გზაპრესი

"ყველა "გაძღომაზეა" ორიენტირებული, ოპოზიციაშიც და "პოზიციაშიც"

ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე პანდემიაზე, პოლიტიკაზე, მოდაზე, "გოიმობაზე", მომავლის საქართველოზე, დაგროვებითი პენსიის "არასანდოობასა" და სხვა აქტუალურ თემებზე გვესაუბრა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?

- ამჟამად არაფერს. ახალი შემოთავაზებებია და საბოლოო პასუხებს ველოდები.

- ტელევიზიას ხომ არ უკავშირდება?

- კი, ნაწილი უკავშირდება ტელევიზიას, ნაწილი - არა. დეტალებს ჯერჯერობით ვერ გეტყვით.

- პაატა გულიაშვილის "ანეკდოტების შოუში" მიიღეთ მონაწილეობა. რამდენად სახალისო იყო ეს თქვენთვის და რას გეუბნებიან მეგობრები, ანეკდოტების რამდენად კარგი მთხრობელი ხართ?

- ეს შოუ ჩემთვის რაღაც განსხვავებული იყო, რადგან გადაცემების უმეტესობა, რაშიც მონაწილეობა მიმიღია, დებატების ფორმატია ან რაიმე ისეთი, სადაც საჭირბოროტო თემებზეა საუბარი. ზოგჯერ მე თვითონ მეცინება, დარგობრივი ექსპერტივით რომ გამოვდივარ და ყველა თემაზე აზრს გამოვთქვამ (იცინის). ანეკდოტების ფორმატი კი სახალისოა, ბევრი დადებითი ენერგია და ბევრი სიცილია. კმაყოფილი ვარ და მადლობა, რომ მიმიწვიეს.

ანეკდოტების მოყოლა მიყვარს და ხშირადაც ვყვები, ოღონდ - უწმაწურ ანეკდოტებს და აქედან გამომდინარე, შევეცადე, ეთერში ასეთები არ მომეყოლა. ჩემს მეგობრებს კი ეცინებათ და მეც მეცინება. ალბათ, ჩემს უაზრო სიცილზე უფრო ხალისობენ (იცინის)... ეთერში უფრო რთულია ანეკდოტის მოყოლა, ვიდრე სამეგობრო წრეში.

- ახლა ისევ "დარგობრივი ექსპერტის" ამპლუაში უნდა "გადაგიყვანოთ" და მიმდინარე აქტუალურ თემებზე ვისაუბროთ. ყოველდღიურობის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და პრობლემური საკითხი პანდემიაა. თქვენზე რა გავლენა მოახდინა ამ სიტუაციამ?

- ეს სიტუაცია, ასე თუ ისე, ჩემს საქმიანობასაც შეეხო, რადგან სადაც ვმუშაობდი - ერთ-ერთი კომპანიის "გაყიდვებში", - ყველაფერი შეჩერდა და შესაბამისად, თანამშრომლების ნაწილს წამოსვლამ მოუწია. ველოდებით, რომ განახლდება და ისევ განვაგრძობთ. კარანტინის პერიოდი, მაგალითად მე, იოლად გადავიტანე, რადგან გეგმა შევიმუშავე - ვარჯიში, სწორი კვება, წიგნების კითხვის საათები და ა.შ. გამოდის, რომ ჩემი თავის მოვლაზე ვიყავი გადართული.

რაც შეეხება ვირუსს, მის საშიშროებას და საქართველოში შემთხვევათა რაოდენობის მატებას, ვთვლი, რომ ეს ბევრი ადამიანის დანაშაულია. საკუთარ თავს ვერ დავადანაშაულებ, რადგან ერთ-ერთი ვარ იმ ადამიანებიდან, ვინც წელს აჭარასა და ზღვისპირეთში დასვენებაზე უარი ვთქვით. არა იმიტომ, რომ ზღვა და გართობა არ გვიყვარს, არამედ იმიტომ, რომ საშიშროება არსებობდა, ხალხმრავლობის გამო. თითქმის მთელი საქართველო იქ ჩავიდა და ამიტომაც მივიღეთ ეს შედეგი - დღეს ინფექცია სამმაგი ძალით გვიტევს. ყოველთვის მთავრობას, ოპოზიციას ან ყველა სხვა დანარჩენს ვაბრალებთ პრობლემებს, შეცდომებს, ოღონდ საკუთარ თავს - არასდროს. ეს ხალხი აჭარაში რომ გაიქცა, ის მაინც უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ იქ რეგულაციები დაეცვათ, შესაბამის ადგილებში პირბადე გაეკეთებინათ და ა.შ.

ისრაელმა ისე ჩაკეტა მოსახლეობა, რომ სახლიდან მხოლოდ 500 მეტრში აქვთ გასვლის უფლება. ჩვენც იგივე ხომ არ უნდა მოგვივიდეს?!

- რა დაგვანახვა ამ პანდემიამ? როგორ შეიცვალა ცხოვრება?

- ჩემი აზრით, იმ პერიოდში შეიცვალა, როცა ინფექცია ახალი იყო და საშიშროებაც - უფრო დიდი. თავიდან ხომ საერთოდ არ ვიცოდით, როგორი იყო, როგორ მოქმედებდა და როცა გარეთ გამოვდიოდი, ერთგვარი უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, თუნდაც მაღაზიაში შესვლისას, კარის გაღებისას, პროდუქტზე შეხებისას და ა.შ. ეს მომენტი იყო, როცა რაღაცნაირად, უფრო ყურადღებიანები და ფრთხილები გავხდით ყველა. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ამ შეჩვევასთან ერთად, კვლავ ძველი ცხოვრების რიტმს უბრუნდება და მგონია, ახლა უკვე ისევ ჩვეულებრივ რეჟიმს დავუბრუნდით. ის სიფრთხილე ისევ გაქრა.

- კორონავირუსი და მოდა - ადამიანებმა სამოსისთვის პირბადეების შეხამება დაიწყეს, მსოფლიო დიზაინერებმა კი ვირუსისგან სახის დამცავი ძვირად ღირებული ვარიანტები შემოგვთავაზეს... თქვენ რას ფიქრობთ ამ ტენდენციაზე?

- დიზაინერები, მარკეტინგში, მენეჯმენტში მომუშავე ჭკვიანი ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს კარგი ბიზნესია. შეკერეს ნიღბები სხვადასხვა დიზაინით, თავიანთი ლოგოებით და გამოიტანეს გასაყიდად. ადამიანი რა გახდა დღეს?.. არსება, რომელიც ნებისმიერ "შემოტენილ" რეკლამას, პროდუქციას გიჟივით ყიდულობს და უნდა დააჯეროს სხვაც, რომ ვიღაცაზე მაღლა დგას. "კარგ ტიპობას" და "მაგარ ადამიანობას" ვიღაცას ვუმტკიცებთ იმით, თუ რა ტელეფონი გვიჭირავს და რა მანქანით დავდივართ ან რა გვაცვია - ვთვლი, რომ ეს მოდა არ არის, ეს არის გოიმი ხალხის კიდევ უფრო დაგოიმება. არადა, წავიდნენ, ნახონ, განვითარებულ სახელმწიფოებში როგორ ცხოვრობს ადამიანი და რა არის მისთვის პრიორიტეტი.

- თქვენთვის რა არის პრიორიტეტი ცხოვრების ამ ეტაპზე?

- ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ახლობლების კარგად ყოფნა; მქონდეს იმის ძალა და საშუალება, რომ მათ მხარში ამოვუდგე, ფინანსურად იქნება თუ მორალურად. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს იმ უძრავი ქონების მშენებლობა, რომელიც შევიძინე, - ამ სახლს 10 წელია ველოდები. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, მუშაობდეს და იყოს განვითარებული! არა ის, თუ როგორი ნიღაბი მეკეთება სახეზე. ჩემთვის მთავარია, ნიღაბმა ვირუსისგან დამიცვას.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ბოლო დროს აღარ ვლაპარაკობ ამ თემაზე. რამდენჯერაც ვილაპარაკე, "ცუდი თვალი" მომხვდა (იცინის). პატარა მოწონებები ყოველთვის არის... გვიან ასაკში მივხვდი, რომ პირადი ცხოვრება იმიტომ ჰქვია, არ უნდა გაასაჯაროო.

GzaPress

- ჩაცმის სტილი - რას ანიჭებთ უპირატესობას?

- ყოველთვის ვამბობ, რაც შენს სხეულს უხდება და რაშიც თავს კომფორტულად გრძნობ, ის უნდა ჩაიცვა. არა ის, რაც არის "მოდური". დღეს მოდა აღარ არსებობს, ჩაძირულია. უკვე ბევრ ქვეყანაში ადამიანები იცვამენ იმას, რაშიც კომფორტულად არიან. მთავარია, ის მიმართულება და ხაზი იპოვო, რაც შენია და გიხდება, და არა ის, რაც სხვაზე მოგწონს ან გეუბნებიან, რომ მოდაშია. რაც შეეხება ფერებს, ადამიანებს ვურჩევ, პასტელური ფერების მომხმარებლები გახდნენ - ეს ის ფერებია, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 99%-ს უხდება.

- რაც შეეხება გართობას: შეზღუდვების პირობებში თუ ახერხებთ (ისედაც იშვიათად ჩატარებულ) კულტურულ ღონისძიებებზე სიარულს?

- ვცდილობ, ნაკლებად ვიარო, მაგრამ თუ მივდივარ, აუცილებლად ვითვალისწინებ, რა რაოდენობის ადამიანზე კეთდება. არანაირი სურვილი არ მაქვს, ბევრ ხალხთან მქონდეს კონტაქტი, რადგან სახლში მყავს ასაკოვანი მშობლები, ფეხმძიმე რძალი, ძმისშვილი და არ მინდა, ჩემი არასწორი ნაბიჯით, ჩემი ერთჯერადი გართობით, მათ ზიანი მივაყენო. ტრაგედია არ არის, რომ დღეს ვერ გაერთე ან დაბადების დღე ვერ გადაიხადე.

- ზოგიერთი ადამიანი ავიამიმოსვლის შეწყვეტას აპროტესტებდა და მთავრობის მისამართით აქტიურად გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ საზღვარგარეთ ვერ გაემგზავრა, თუნდაც დასასვენებლად, სამოგზაუროდ...

- ამაზე ძალიან მეცინება - ისეთი ადამიანები აპროტესტებდნენ, რომლებიც მგონი, არა აჭარაში, არამედ ქუთაისშიც არ არიან ნამყოფები. ზოგს საბაბი მიეცა ეთქვა, რომ აი, მთელი ცხოვრება დაფრინავს და წელს ასეთი "ტრაგედია" დაემართა. მთავრობას და ოპოზიციას მეც ვაკრიტიკებ, მაგრამ ზოგისთვის ეს თვითმიზანია. როდესაც საშიშროება დიდია, ქვეყანა უნდა დავიცვათ და ჩავკეტოთ. მე ვემხრობი ფრენების შეზღუდვას. ისედაც 3 მილიონი ვართ და ბევრი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის ტრაგედია იქნება. წელს შობადობამ იკლო, ყოველდღე უბედურება ხდება და ამასთან ერთად, ინფექციამაც თუ იფეთქა, რა დავრჩებით?!.

- ერთ თვეში საპარლამენტო არჩევნებია. რამდენად ადევნებთ თვალყურს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო მარათონს?

- პოლიტიკურ სიახლეებს აქტიურად ვადევნებ თვალყურს, რადგან ვთვლი, რომ ეს თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია. თუ შენი ქვეყნის მომავალი გაღელვებს, რაღაცებში უნდა ერკვეოდე, რადგან არჩევნებში ხმა უნდა მისცე და სწორი ნაბიჯი გადადგა. არჩევანი იმის მიხედვით კი არ უნდა გააკეთო, რომ მე დღეს კარგად ვარ, არამედ, ჩემ გარშემო როგორ არიან ადამიანები - ეს პოზიცია უნდა გვქონდეს.

- თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია პარტიების დაპირებები?

- ვფიქრობ, რაღაცები დამაჯერებელია, რაღაცები - არა. ყოველ შემთხვევაში, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ გადაგვეფასებინა და შეგვედარებინა. ოპოზიციაში ბევრი პარტიაა, პლუს ჩვენი მთავრობა, რომელშიც ისეთი წევრებიც არიან, რომელთა მიმართაც დადებითად ვარ განწყობილი, ასევე არიან ოპოზიციაშიც. საარჩევნო ყუთთან რომ მივალთ, 100%-ით უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა საქართველოს მომავლისთვის და როგორ გვინდა.

- როგორი საქართველო წარმოგიდგენიათ უახლოეს მომავალში და როგორს ისურვებდით პირადად თქვენ? რა შეიძლება შევცვალოთ?

- მე მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს განვითარებული, გაღიმებული ადამიანებით და ნაკლებად მშიერი ბავშვით, რადგან დღევანდელი სტატისტიკა ძალიან მაშინებს, პენსიონერები კი დაფასებულები იყვნენ. არ მინდა, ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება შრომობდნენ ამ ქვეყნისთვის, მიზერული პენსიისთვის იყვნენ განწირულები. მე, თქვენ და თითოეულ იმ ადამიანს, მთელი ცხოვრება რომ ვმუშაობთ, მაგრამ "გადასადებად" არ გვაქვს ფული, რა რეალობა გველის საპენსიო ასაკში? პატრონი თუ არ გვეყოლება, განწირულები უნდა ვიყოთ სიღარიბისთვის? ასეთი საქართველო არ მინდა. მოხარული ვარ, რომ მთავრობამ დაამტკიცა პენსიების ყოველწლიური მატება.

- დაგროვებითი პენსიის პროექტიც ამოქმედდა...

- ეს მაგარი პროექტია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოხუცები ამით ცხოვრობენ ისე, როგორც სურთ, მოგზაურობის საშუალება აქვთ და ა.შ. მაგრამ ამ ქვეყანაში დაგროვებით პენსიას ვერ ვენდობი - ესაა ტრაგედია: ნებისმიერი მთავრობის პირობებში, ვინც უნდა მოვიდეს, მგონია, რომ ჯერ ყველა "გაძღომაზეა" ორიენტირებული, ოპოზიციაშიც და "პოზიციაშიც". შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა საკუთარი ჯიბისთვის მოდის.

თამთა დადეშელი