"კამერები ჩემი პირველი სიყვარულია, სამართალი კი - მეორე" - გზაპრესი

"კამერები ჩემი პირველი სიყვარულია, სამართალი კი - მეორე"

შარშან, თაკა კაკულია სასინჯ გადაღებაზე ღამენათევი მივიდა... უკვე ერთი წელია, რაც "კომედი ჯგუფის" მსახიობი გახლავთ. გადავწყვიტეთ, ახალი ტელესახე მკითხველისთვის უკეთ გაგვეცნო...

- "კომედი ჯგუფში" ჩემი მეგობრის საშუალებით მოვხვდი: ახალი კადრი სჭირდებოდათ, თანაც - სასწრაფოდ. ქალაქგარეთ ვიყავი. მითხრა, - ხვალ, დილის 10 საათზე აქ უნდა იყო, ჩაწერააო. იმ ღამეს წამოსვლას ვერ ვახერხებდი, რადგან ავტომობილი არ მყავდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გამოვემგზავრე. თბილისში დილის 7-8 საათზე ჩამოვედი. სახლში მივედი, უცებ მოვწესრიგდი და ასეთი ღამენათევი პირველ ჩაწერაზე გავედი. ჩემდა სასიხარულოდ, ყველას მოვეწონე, მეორე დღეს დამიბარეს და მითხრეს, - აყვანილი ხარო.

- გახსოვს, რომელი "სკეტჩის" ჩაწერა იყო?

- "გვიანი შოუს" პირველი გადაცემის ჩაწერა იყო.

- ელოდი ასეთ წარმატებას?

- არა. საერთოდ ვერ წარმომედგინა, თუ "კომედი შოუში" მუშაობას დავიწყებდი.

- რადგან მეგობარმა გადაღებაზე მიგიწვია, ალბათ, ამის სურვილი წინათაც გქონდა...

- კი. კამერებთან ურთიერთობა ბავშვობიდან მიყვარს: ხან ფოტოსესია მქონდა, ხან - ვიდეოკლიპებში ვმონაწილეობდი... ამიტომ მეგობარმა იცოდა, რომ კამერები მიყვარდა.

- "კომედი შოუში" მუშაობას ადვილად აუღე ალღო?

- ჩემთვის ძალიან მარტივი იყო, თუმცა თავდაპირველად, მაინც ვნერვიულობდი. შეიძლება, ამას არ გამოვხატავდი, მაგრამ შინაგანად მაინც ვღელავდი, როცა ჩაწერაზე პირველად ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გარკვეული გამოცდილება მქონდა. სიმართლე გითხრა, შიში ან კომპლექსი არ მქონია.

- "კომედი ჯგუფის" წევრებს ადვილად დაუმეგობრდი?

- როცა "კომედი ჯგუფში" მივედი და ჩემს დირექტორთან გასაუბრება მქონდა, საუბრის ბოლოს მან მითხრა: - ჩვენ აქ ერთი ოჯახი ვართო. დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მართლა ერთი ოჯახი ვართ. ყველა ძალიან მეგობრულია. მათთან ურთიერთობა მსიამოვნებს. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი თანამშრომლები გყავს, მე კი ისეთი კარგი თანამშრომლები მყავს, რომ სამსახურში წასვლა მართლა ძალიან მიხარია. გუნდის წევრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა... ყველას ვუსურვებ, რომ ასეთი კარგი სამსახური ჰქონდეს (იღიმის).

- წინათ, "კომედი შოუს" მაყურებელი იყავი?

- კი, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან ვუყურებდი.

- შენთვის განსაკუთრებულად საყვარელი მსახიობი ან პერსონაჟი რომელია?

- ახლა ყველა ჩემი თანამშრომელია. ალბათ, ერთი რომ დავასახელო, არასწორი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, რამდენიმე ფავორიტი მყავს.

- მათთან თამაშის საშუალება უკვე მოგეცა?

- კი და ძალიან დადებითი ემოციები დამეუფლა. რაც მთავარია, ყველასგან ბევრს ვსწავლობ. 16 წელია, ამ სფეროში მუშაობენ. ამ გუნდში 1 წლის მისული ვარ. საშუალება მქონდა, ამ ხნის განმავლობაში, პროფესიულად ყოველდღიურად "გავზრდილიყავი".

- შენ მიერ განსახიერებული პერსონაჟებიდან, ყველაზე მეტად, რომელი მოგწონს?

- ჯერ კიდევ იმაზე ვმუშაობ, რომ დასამახსოვრებელი პერსონაჟი შევქმნა. უბრალოდ, ერთი გოგოს როლს ვთამაშობ, რომელიც საერთოდ არ მგავს... "გვიან შოუში" იტალიელის ამპლუაში ვმღეროდი. ჩემი საყვარელი პერსონაჟი ეგ არის. ჯერჯერობით სახასიათო პერსონაჟის ძიებაში ვარ. იმედია, მალე ვიპოვი.

- რა პროფესიის ხარ?

- საერთოდ, იურიდიულ ფაკულტეტზე სამართალს ვსწავლობ, მაგრამ კამერები ჩემი პირველი სიყვარულია, სამართალი კი - მეორე.

- როგორ მოხდა, რომ კამერების წინ მუშაობის მოყვარულმა გოგონამ იურისტის პროფესია აირჩიე?

- მინდოდა, სამართალი მცოდნოდა, რათა შემდეგ ნებისმიერ სფეროში მუშაობისას, ჩემს საქმეში გამომეყენებინა, ანუ აუცილებელი არ არის, იურისტი იყო და მაგალითად, სასამართლოში მუშაობდე სისხლის სამართლის მიმართულებით. უბრალოდ, როცა კონსტიტუცია იცი, სამოქალაქო კოდექსი წაკითხული გაქვს, რაღაცების აზრზე ხარ, მერე უფრო გიმარტივდება თუნდაც, საკუთარი თავის იურიდიულად დაცვა: იცი, რა უფლებები გაქვს, რა შეგიძლია და რა - არა...

- დაოჯახებული ხარ?

- დაახლოებით 8 თვეა, დაოჯახებული ვარ. ჩემი მეუღლე არის ალექსანდრე, რომელთანაც წელიწად-ნახევარი მქონდა ურთიერთობა. შემდეგ უეცრად, დაოჯახება გადავწყვიტეთ.

- მას შენს სამუშაო სფეროსთან აქვს კავშირი?

- არა, საერთოდ. სხვა სფეროში მუშაობს.

- მცირე ასაკში დაოჯახების შესახებ შენი გადაწყვეტილება შენმა ოჯახმა როგორ მიიღო?

- სხვათა შორის - დადებითად, მაგრამ გაუკვირდათ, რადგან ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა (იცინის). გაოცდნენ, რომ 21 წლისამ უცებ არჩევანი გავაკეთე.

GzaPress

- შენს მეუღლეში განსაკუთრებულად რამ მოგხიბლა, რამაც დაოჯახების გადაწყვეტილება მიგაღებინა?

- კარგი, მზრუნველი და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია, რაც გოგონებს გვიყვარს.

- მეუღლის ამპლუაში თავს როგორ გრძნობ?

- კარგად, მშვიდად და რაც მთავარია, ადამიანს გვერდით საყრდენი რომ გყავს, ამას ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, მეორე ნახევარი ყველა ადამიანს სჭირდება, რომლის გვერდითაც თავს ძალიან კარგად იგრძნობს.

- შენი საქმიანობის მიმართ მეუღლეს როგორი დამოკიდებულება აქვს?

- ძალიან თანამედროვე, კარგი აზროვნება აქვს. ასე რომ, ნებისმიერ სფეროში, სადაც უნდა მემუშავა, მხარში ამომიდგებოდა. ამ შემთხვევაშიც, ასე მოხდა.

- სწავლას, სამსახურს როგორ უთავსებ ერთმანეთს?

- საერთოდ არ მიჭირს, რადგან უნივერსიტეტში ძალიან "მორგებული" გრაფიკი მაქვს: ჩემი უნივერსიტეტი საშუალებას მაძლევს, ლექციებზე დასასწრებად დილას ან საღამოს მივიდე. მაგალითად, ერთ ლექტორს ლექციის წაკითხვის უფლება დღეში რამდენჯერმე აქვს. მეც საშუალება მაქვს, როცა სურვილი მექნება, მაშინ დავესწრო. ამას რომ თავი დავანებოთ, ბოლოს, პანდემიის პერიოდში, განათლებას ინტერნეტით ჩვეულებრივ ვიღებდი.

- რამდენად კომფორტული და შედეგიანი იყო განათლების ონლაინ მიღება?

- შედეგიანი იყო, რატომაც არა? ეს უკეთესიც კი იყო, რადგან სახლში დაღლილი რომ მოვდიოდი, ლექტორის წაკითხულ ლექციას ვუსმენდი - ინფორმაციას უნივერსიტეტში წასვლის გარეშე ვიღებდი.

- ახლა შენი ცხოვრების რეჟიმი როგორია, შენი ერთი ჩვეულებრივი დღის მაგალითზე გვითხარი...

- დილას თავს ვიწესრიგებ, ვსაუზმობ, სამსახურში გავრბივარ. შემდეგ მეუღლესთან ერთად სადმე გასართობად მივდივარ. ზოგჯერ მეგობრები გვსტუმრობენ ან მათ ჩვენ ვსტუმრობთ, ან - მეგობრებთან ერთად ბარში, რესტორანში მივდივართ. საღამოს შინ ვბრუნდებით. ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე ასეთია.

- თავის მოვლაზე განსაკუთრებულად ზრუნავ?

- არა, თავს განსაკუთრებულად არ ვუვლი. უბრალოდ, აუცილებელ მინიმუმს ვაკეთებ, რომ შედარებით კარგად გამოვიყურებოდე.

- რა არის შენი მიზანი?

- ახალი სიმაღლეების დაპყრობა, ბევრ ქვეყანაში მოგზაურობა და აუცილებლად მინდა, რომ რამე საკუთარი, ფართომასშტაბიანი ბიზნესი მქონდეს.

- შენი მომავალი ბიზნესი რა სფეროს დაუკავშირდება, უკვე იცი?

- არა, მაგრამ ამაზე ფიქრს ახლავე ვიწყებ, რომ მერე არ გამიჭირდეს...

ეთო ყორღანაშვილი