ნანა ბუთხუზი ონკოლოგიური პაციენტის როლში და გადასაღები მოედნიდან გამოყოლილი ემოციები - გზაპრესი

ნანა ბუთხუზი ონკოლოგიური პაციენტის როლში და გადასაღები მოედნიდან გამოყოლილი ემოციები

მთავარი მოქმედება ქიმიის დარბაზში ხდება, სადაც ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები გადასხმას იკეთებენ. არაერთი დრამატული სიუჟეტის განვითარების პარალელურად, ინგრევა სტიგმა და ამ ადამიანების ცხოვრების მთავარ ბრძოლის ველზე ბევრი საინტერესო, დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი რამ ხდება. ლაპარაკია სერიალზე "ქიმია", რომელიც რეჟისორმა ნინო დადვანმა გადაიღო და რეალური ამბები სცენარად ირმა ჩუბინიძესთან ერთად აქცია. ონკოლოგიურ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მსახიობ ნანა ბუთხუზის პერსონაჟია.

- "ქიმია" ძალიან საინტერესო, დროული და საჭირო პროექტია. მიხარია, რომ მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. სანამ სცენარს გავეცნობოდი, ტექსტი მომცეს. ეს იყო საკმაოდ ვრცელი მონოლოგი, ბოლომდე გულწრფელი და მართალი სიტყვები, რომლითაც მოვიხიბლე, ძალიან მომეწონა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, მასში ადამიანური განცდები სწორად იყო გადმოცემული. მსახიობისთვის კარგი ტექსტი მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ სხვა ბევრ სათქმელს გიღვიძებს, სამუშაოს კი ძალიან მრავალფეროვანს ხდის. მიხარია, რომ შთაბეჭდილება პირველი წაკითხვისთანავე არ განელებულა, ბოლომდე გაგრძელდა, საინტერესო დიალოგები წამოვიდა.

- როგორც რეჟისორი ამბობს, ამ სერიალში ბევრი ნამდვილი ამბავია აღწერილი.

- ეს იგრძნობა, დამაჯერებელია, სერიალში თავმოყრილი ამბები მხატვრულად ძალიან კარგი ფორმითაა გადმოცემული. ზღვარი დაცულია - არც არაფერი დამაკლდა და ზედმეტიც არაფერი აღმოჩნდა. ეს მსახიობისთვის კომფორტია. შენ გაქვს შესაძლებლობა, ჩადო ყველა განცდა და ემოცია, რომელიც ამ თემაზე აქამდე გქონია, აღმოაჩენ დეტალებს, რომლებზეც არ გიფიქრია.

GzaPress

- როლზე მუშაობის პროცესში ყველაზე მეტად, რა დაგეხმარა?

- თავისთავად ეს თემა რამდენადაც მგრძნობიარეა, იმდენად საინტერესოა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ალბათ ოჯახი არ არის დარჩენილი, ეს პრობლემა რომ არ შეხებოდეს. რატომღაც ადამიანები ამ თემაზე ლაპარაკს თითქოს გავურბივართ, გვეშინია, სიკვდილთან ვაიგივებთ. არადა, უნდა ვილაპარაკოთ, ეს საჭიროა. მე მჭირდება გათავისუფლება იმ ტკივილისგან, რომელიც ჩემი გამზრდელი მამიდისგან დამრჩა: ის ონკოლოგიური პაციენტი იყო. ამ როლს გამზრდელი მამიდის ხსოვნას ვუძღვნი, რომელიც გმირულად ებრძოდა ამ დაავადებას. სამწუხაროდ, დღეს ის ჩემ გვერდით აღარ არის, მაგრამ მკურნალობის კურსის განმავლობაში სულ ამბობდა, ყველაფერი კარგად იქნება, ეს განაჩენი არ არის, უნდა ვიბრძოლოო... მამიდა სულ ცდილობდა, სხვებს მაქსიმალურად დახმარებოდა, საოცარი შემართება ჰქონდა. ძალიან ბევრ კარგ რჩევას აძლევდა იმ მეგობრებს, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსის დროს გაიცნო. სემინარებზე დადიოდა, ბევრ ინფორმაციას იძიებდა, პრეზენტაციებს აწყობდა, ბოლომდე ჩართული იყო ყველა აქტივობაში. როგორც ჩანს, ეს აქტიურობა ფსიქოლოგიურად, თავადაც ძალიან ეხმარებოდა. მისი შემართება და ენერგეტიკა სხვებისთვისაც გადამდები იყო.

- ოჯახის წევრებს რას გეუბნებოდათ?

- წადით და გაესინჯეთ ექიმს! არ არის აუცილებელი, რამემ შეგაწუხოთ და მერე წახვიდეთ. წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარეთ გამოკვლევა, - სულ ამას გვიმეორებდა... როლზე მუშაობა შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმაც ძალიან გამიადვილეს. გადასაღებ მოედანზე ყოფნა საოცრად კომფორტული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი იქ გავიცანი, ერთმანეთის გაგება არ გაგვჭირვებია, არადა, რეპეტიციები და ერთმანეთთან შეგუების დრო არ გვქონდა, ისე არ გვიმუშავია, როგორც სპექტაკლებზე ვმუშაობთ.

როდესაც ადამიანი საქმეს გულწრფელად და სიყვარულით მიუდგება, რა საქმეც უნდა იყოს, გამორიცხულია, ერთსულოვნების ატმოსფერო არ შეიქმნას. ჩვენს პერსონაჟებს ხომ საერთო ტკივილი აერთიანებთ. ყოველი დღე იმ ჯადოსნური ენერგეტიკით სავსე იყო, რასაც სიყვარული და თანადგომა ჰქვია. ყველანი თემამ გაგვაერთიანა, ერთ ოჯახად შევიკარით. ამ დიდ ტკივილს მე სიყვარულს ვეძახი; იმ ადამიანების სიყვარულს, რომლებსაც დღესაც ეშინიათ, რომლებიც დღეს არიან დაბნეულები, მინდა ვუთხრა, რომ მარტონი არ არიან, ნუ შეეშინდებათ. შეიძლება გვერდიდან ასე ლაპარაკი ადვილია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, პროექტში ჩემი მონაწილეობით ამ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს ეს ტკივილი ცოტათი მაინც შევუმსუბუქო. ოჯახის წევრებს კიდევ უფრო გამძაფრებულად სტკივათ და ხშირ შემთხვევაში, აღარ იციან, როგორ მოიქცნენ. ჩვენ საერთოდ, არ ვიცით, ასეთ დროს როგორ მოვიქცეთ, შეცდომებსაც ვუშვებთ. შეიძლება მამიდასთან მეც დავუშვი შეცდომები, მეც არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ყველაფერს ცოდნა სჭირდება, განათლება აუცილებელია.

- გადასაღები მოედნიდან ემოციურად ყველაზე მეტად, რა დაგამახსოვრდათ, ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება რამ მოახდინა?

- ყველაზე მძაფრი იყო ჩემი მონოლოგი, რომელიც მომავალში ერთ-ერთ სერიაში იქნება. ჟურნალისტს ინტერვიუს ვაძლევ, სხვა დეტალს ვერ დავაკონკრეტებ. ჩემი პერსონაჟი თავის ამბავს ჰყვება და ეს ამბავი ძალიან მძაფრი ემოციითაა სავსე. ამ დროს ჩემი ტკივილებიც ამოვიღე, გავაცოცხლე და ამ მონოლოგში ჩავდე. ძალიან მიჭირს, ახლა ის სიტყვები მოვძებნო, რომლითაც იმ ემოციის გადმოცემაა შესაძლებელი. ჩემმა გმირმა ჩემი სათქმელიც თქვა და სხვისიც. მაინტერესებს, როგორი გამოვიდა, არ მინახავს. ეს იყო სცენა, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო გულწრფელობა, ნამდვილობა და არც ერთი წვეთი სიყალბე.

- თქვენი პერსონაჟი, ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმიზმით სავსე გოგოა. მასთან რა საერთო პიროვნული თვისებები აღმოაჩინეთ, რით ჰგავხართ?

- ფარ-ხმალს არასდროს ვყრი. რაც საკუთარი თავი მახსოვს, სულ მაქვს განცდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი მითქვამს, არაფერია, ეს იმისთვის ხდება, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. რაც უნდა მოხდეს, არ უნდა დავითრგუნოთ. ყოველი დილის გათენება, სიცოცხლე, ცხოვრება მიხარია, ჩემს პერსონაჟსაც უხარია. ძალიან მომწონს ის, რომ საკუთარის მსგავსად, სხვისი კარგად ყოფნაც ახარებს. სულ ცდილობს, პაციენტებს ხალისიანი განწყობა გადასდოს. ზოგჯერ შეიძლება ლაპარაკიც არ უნდოდეს, მაგრამ სხვების მოწყენილობას იმდენად განიცდის, ცდილობს, ის ადამიანი წუთიერად მაინც გაახალისოს. ძლიერი გოგოა.

- ამის კარგი მაგალითია თქვენი და თქვენი დის პერსონაჟების დიალოგი.

- გეთანხმებით, კარგი სცენა გამოვიდა. ლილი ხურითი ასმაგად შემიყვარდა, აღფრთოვანებული ვარ მისი ნიჭიერებით. გამიმართლა, რომ ასეთი მაგარი პარტნიორი მყავს.

GzaPress

- ოჯახის წევრებისგან როგორი შეფასებები მოისმინეთ?

- დადებითი, მხოლოდ ის არ მოსწონთ, რომ 20-25-წუთიანი სერიებია. სიუჟეტი თანდათან ვითარდება და მომავალში მეტად საინტერესო იქნება. კომენტარებს სოციალურ ქსელშიც ვეცნობი. ჩემთვის მაყურებლის აზრი მნიშვნელოვანია. მსახიობებმა მათი რჩევის, კრიტიკის მიღება და გათვალისწინება უნდა შევძლოთ. ძალიან მიხარია, როცა მაყურებლისგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. იმ ადამიანების გამოხმაურება მახარებს, რომლებიც თურმე თეატრიდან მიცნობენ, ჩემი სპექტაკლები აქვთ ნანახი.

- ვინმე ისეთი ხომ არ გამოგეხმაურათ, ვინც ქიმიის კურსს დღეს იტარებს, ვისთვისაც სერიალში წამოჭრილი პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია?

- პირადად მე არ გამომხმაურებია, მაგრამ ვიცი, ეს სერიალი ბევრმა ნახა და ერთ-ერთმა მოიწერა, უბედნიერესი ვარ, რომ ამ თემას შეეხეთ. მგონია, ჩემს ამბავს ჰყვებით, თქვენი ემოცია იმდენად მაგარია და აქცენტებს იმდენად სწორი მიმართულებით აკეთებთ, ამისთვის მადლობელი ვარო. მან აღმოაჩინა, რომ მასზე ზრუნავენ, ფიქრობენ, რომ მარტო არ არის. თანადგომა ყველასთვის და ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- დაბოლოს, მინდა გკითხოთ, ყველა მსახიობი ქალი რატომ არის? ეს ხომ მხოლოდ ქალების დაავადება არაა.

- რადგან მსოფლიოში ძუძუს კიბო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, პირველი სეზონი სწორედ ამ პრობლემას შეეხო. აქედან გამომდინარე, პერსონაჟებიც მხოლოდ ქალები ვართ. ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა, რეჟისორი მაქსიმალური სიფრთხილით მიუდგა. 16 სერიაა გადაღებული, რა მოხდება მეორე სეზონიდან, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, სტიგმა არ უნდა არსებობდეს. არავინ იცის, ხვალ ვის რა დაგვემართება. ამ პრობლემაზე ღიად ლაპარაკი უნდა შეგვეძლოს. სერიალის ერთ-ერთი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის.

თამუნა კვინიკაძე