წარმატებული ქალის "უჩვეულო" პროფესია და სამომავლო სტრატეგია - გზაპრესი

წარმატებული ქალის "უჩვეულო" პროფესია და სამომავლო სტრატეგია

ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი წარმატებული და საქმიანი ქალი შეემატა - თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტი თეონა აქუბარდია პოლიტიკაში ჩაერთო. იგი გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ პლატფორმაში - "სტრატეგია აღმაშენებელი" გაწევრდა. ამბობს, რომ თავისი გამოცდილებისა და განათლების გამოყენებას პოლიტიკაში ეცდება და სურს, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

- წლებია, როგორც სპეციალისტი, ვაფასებ ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენას. ბოლო დროს კი უკვე მკაფიო გახდა, რომ ქვეყანა "ოცნებამ" არასწორი მიმართულებით წაიყვანა. ის კრიტიკული პოზიცია, რასაც არასამთავრობო სექტორიდან ვაფიქსირებდი, აღარ იყო საკმარისი იმისათვის, რომ გავლენა მომეხდინა ქვეყნის მომავალზე და სწორედ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გავხდი გიორგი ვაშაძის გუნდის წევრი, გულწრფელად გეტყვით, ეს არჩევანი ერთ დღეში არ გამიკეთებია, ერთი წელი ვიყავი ჩართული "სტრატეგია აღმაშენებლის" პლატფორმის ფარგლებში, რამდენიმე საჯარო პრეზენტაციაშიც მივიღე მონაწილეობა, ინტენსიურად მიდიოდა ხედვების, სტრატეგიების ფორმირება ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად. სწორედ ამ პროცესში დავინახე, რომ გიორგი ვაშაძეს აქვს ის განსხვავებული ხედვა და ენერგია, რაც დღეს სჭირდება ქვეყანას. ის მზად არის მიიღოს განსხვავებული აზრი, გააერთიანოს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, საერთო მიზნის მიღწევის გზაზე. სწორედ ამ ფაქტორებმა გადამაწყვეტინა "სტრატეგია აღმაშენებელის" გუნდის წევრობა.

- როგორ ფიქრობთ, რა პოტენციალი აქვს ამ პარტიას და როგორი ლიდერია გიორგი ვაშაძე?

- ნებისმიერი პარტიის პოტენციალს და მხარდაჭერას სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: ლიდერი, ხედვა და გუნდი. გიორგი ვაშაძე არის სრულიად განსხვავებული, რეფორმატორი ლიდერი, რომლის უკანაც უკვე გაკეთებული საქმეები დგას. იუსტიციის სახლის პროექტი, რომელსაც ის ედგა სათავეში, აღიარებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში ამ რეფორმას უმაღლესი შეფასება მიეცა... გიორგიმ საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტები ასევე წარმატებით განახორციელა უკრაინაშიც, რაც დამატებით მეტყველებს მის უკვე წარმატებულ საქმიანობაზე. ის არის კრეატიული პოლიტიკოსი, ჩამოყალიბებული ხედვით. სწორედ მისმა პროექტმა - "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც უკვე ერთი წლისაა, დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ტერმინი "სტრატეგია". განსხვავებით გეგმებისგან, ნებისმიერი სტრატეგია მიზანზე ორიენტირებული უნდა იყოს, განხორციელების გზებით, საშუალებებით და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმით. იმისთვის, რომ ქვეყნის აღმშენებლობის სტრატეგიები შეექმნა სხვადასხვა მიმართულებით, გიორგიმ საქმეში პროფესიონალი ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები ჩართო. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დაუღალავად, გუნდური ლიდერობის სტილით ედგა სათავეში ამ პროცესს.

დაბოლოს, "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი განსხვავდება სხვა პოლიტიკური ძალებისგან, რადგან გუნდში თავმოყრილია სპეციალისტებისგან შემდგარი ახალი თაობის პოლიტიკოსები, რომლებიც არა წარსულზე, არამედ მომავალზე არიან ორიენტირებული. ვფიქრობ, ეს ძალა რეალურად წაიყვანს ქვეყანას აღმშენებლობისკენ.

- როგორია თქვენი პოლიტიკური ხედვები და სად ხედავთ საკუთარ თავს? სად ვიხილავთ თეონა აქუბარდიას არჩევნების შემდეგ?

- 15 წელია ვმუშაობ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ეს არის ჩემი პროფესიაც და ჰობიც, რადგან ქვეყანას აქვს მოჭარბებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მხრიდან ლამის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ქვეყნის ნატოში გაწევრებისთვის და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტში ჩემს თავს ვხედავ შესაბამის კომიტეტებში. 2005-2008 წლებში მოწვეული სპეციალისტის რანგში ვმუშაობდი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში და ზუსტად ვიცი კანონშემოქმედებითი საქმიანობა და ქვეყნისთვის ის საჭიროებები, რომელსაც ჩემს ცოდნას, გამოცდილებას მოვახმარ.

GzaPress

- თქვენს სპეციალობაზე, პროფესიაზე ვისაუბროთ. თსუ-ში ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრეთ, შემდეგ საზღვარგარეთ სწავლობდით...

- დიახ, სწორად აღნიშნეთ, ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი 9 წელი. 1996 წელს ამ ფაკულტეტზე პირველად შეიქმნა დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა. სწავლის სამივე საფეხური წარჩინებით დავასრულე, რაც დამოუკიდებლად მცხოვრები, ახალგაზრდა და ბავშვიანი ოჯახის პირობებში იოლი ნამდვილად არ ყოფილა. როდესაც თსუ-ის ასპირანტურა დავამთავრე, ვფიქრობდი, აკადემიურ საქმიანობასთან ერთად, ჩემი წვლილი შემეტანა ქვეყნის საგარეო ვექტორის უზრუნველყოფის საქმეში. თუმცა, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მალევე დავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში - "საქართველო ნატოში", სადაც ცხონებულ შალვა ფიჩხაძესა და კახა კაციტაძესთან ერთად, ოთხი წელი გავატარე. იმავე პერიოდში, დავით გამყრელიძემ, რომელიც ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე იყო, შემომთავაზა "მემარჯვენე ოპოზიციის" ფრაქციაში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში მოწვეულ სპეციალისტად მემუშავა. ეს ჩემთვის საინტერესო პერიოდი იყო. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე და შეიძლება ითქვას, "მოვიწამლე" თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროთი... წლების განმავლობაში არაერთი პროფესიული კურსი გავიარე ნატოსა თუ დასავლეთის რიგ ქვეყნებში, ამ სფეროში არაერთი მეგობარი შევიძინე. გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ლონდონში თავდაცვის სამეფო კოლეჯში მაღალი რანგის სამხედროებთან ერთად სწავლა, ისევე როგორც ლონდონის კინგს კოლეჯში საერთაშორისო უსაფრთხოების და სტრატეგიის მაგისტრის ხარისხის დაუფლება. ამ შესაძლებლობისთვის მადლიერი ვარ, როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის და ჩემი უშუალო ხელმძღვანელის - ირინა იმერლიშვილის, რომელიც არათუ გვერდში მედგა მთელი გასაუბრებების ეტაპებზე, არამედ მომცა შესაძლებლობა ჩემი საბჭოში მოადგილედ მუშაობის დროს გრძელვადიანი სასწავლო მივლინებით მესწავლა ერთი წელი ლონდონში...

შარშან, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში ვხელმძღვანელობდი პროექტს ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში, რომელიც ხორციელდებოდა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან პარტნიორობით. კურსზე თავმოყრილი იყო 44 ქალი, რომელიც მუშაობს ამ სფეროში, როგორც სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში, ასევე მედიაში. მჯერა, ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

- რა შეგძინათ თითოეულმა სამუშაო ადგილმა?

- ჩემს პროფესიულ გამოცდილებაზე დეტალურად საუბარს არ დავიწყებ, რადგან საკმაოდ ვრცელი რეზიუმე მაქვს და ეს არ არის მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. სტუდენტობის პერიოდში ვარიგებდი სარეკლამო ფლაერებს, მოსახლეობის აღწერისას აღმწერი ვიყავი, სკოლის მასწავლებელი, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის კანცელარიის სპეციალისტი, ჩართული ვიყავი არასამთავრობო სექტორიდან არჩევნების, თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის საკითხებზე არაერთ პროექტში. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში გამოვყოფდი ჩემი პარლამენტში მუშაობის წლებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოში მუშაობის წლებს და ეროვნული უშიშროების საბჭოში მდივნის მოადგილის რანგში მიღებულ გამოცდილებას. ცალკე გამოვყოფდი ასევე აკადემიურ საქმიანობას. თბილისის ღია უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი ვარ და ვასწავლი საქართველოში პირველ, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მაგისტრატურაში. ასევე მიწვეული ლექტორის რანგში ვასწავლი საერთაშორისო ურთიერთობებს საქართველოს უნივერსიტეტში. სტუდენტებთან ურთიერთობა ცოდნის მუდმივი განახლების საშუალებას და მოტივაციას მაძლევს.

- არასაქმიან თემებზეც ვისაუბროთ, რა ინტერესები გაქვთ? ჰობი?

- ძალიან მიყვარს საქართველოში მოგზაურობა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა, თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი. ჩემი ოცნებაა რიწის ტბა, რომელსაც მჯერა, მოვინახულებ. მიყვარს მთაში სიარული და ფოტოგრაფია, მუსიკა, წიგნების კითხვა და ადამიანებთან ურთიერთობა.

- როგორია თეონა აქუბარდია, როგორც დედა, შვილი?

- ოჯახი 19 წლისამ შევქმენი. მყავს ორი შვილი - 21 და 12 წლის. ისინი საკმაოდ დამოუკიდებლები და თავისუფლად მოაზროვნეები არიან. მყავს არაორდინარული მშობლები. დედა პოეტია, მამა - იგივე აქუ ტელეკომპანია "კავკასიის" დამფუძნებელი და ცნობილი გადაცემა "სპექტრის" წამყვანი. მთელი ბავშვობა, მშობლების საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრებიდან გამომდინარე, აქციებზე გავატარე. თბილისის ომი ახალი დასრულებული იყო, როცა მამამ მე და ჩემი და თავისუფლების მოედანზე გაგვიყვანა, იმ დამანგრეველი ომის შედეგები გვანახვა. როცა გავიზარდე, თავად დავიწყე საპროტესტო აქციებზე სიარული. კულმინაცია იყო "გავრილოვის ღამის" მეორე დღე, როცა შემთხვევით სამი თაობა აღმოვჩნდით აქციაზე პარლამენტის წინ: მამა, მე და ჩემი უფროსი გოგო.

მშობლებთან ხშირად ვსაუბრობ ისტორიაზე, პოლიტიკაზე. თუმცა, მამას უფრო ხშირად, ტელეეკრანიდან ვხედავ. სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი პოლიტიკისადმი ინტერესი. ერთი რამ ზუსტად შემიძლია გითხრათ: ყოველთვის მაქვს საქმე, რომელიც მიყვარს და არასდროს მყოფნის დრო ყველაფრისთვის.

- როგორ საქართველოს ხედავთ სამომავლოდ და თქვენ როგორს ისურვებდით?

- ჩემი, ისევე როგორც უმეტესი ჩვენგანის მიზანია, ვიცხოვროთ ერთიან, დასავლური ტიპის დემოკრატიულ და მდიდარ საქართველოში. იმისთვის, რომ ეს მხოლოდ კეთილ სურვილად არ დარჩეს, ყველა უნდა გავისარჯოთ და გავერთიანდეთ. მე, ჩემი მხრივ, თანამოაზრეებთან ერთად ენერგიას არ დავიშურებ, რომ ეს დღე დადგეს ქვეყანაში.

თამთა დადეშელი