"კვებასთან დაკავშირებით, კვირაში ერთხელ ვხულიგნობ" - გზაპრესი

"კვებასთან დაკავშირებით, კვირაში ერთხელ ვხულიგნობ"

ამჯერად, რამილია ალიევას, რომელსაც საზოგადოება ტელეწამყვანის და ასევე, "მასტერშეფის" მონაწილის ამპლუაში იცნობს, ცხოვრების სტილით დავინტერესდით. გავარკვიეთ, საქმიანი რეჟიმის პარალელურად, თავის მოვლას როგორ და რა მეთოდებით ახერხებს, რა არის მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება და რას გეგმავს კულინარიასთან დაკავშირებით...

- რამილია, საკუთარი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერე?

- უკვე სკოლის პერიოდიდან, რადგან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. თან, კლასში ყველაზე მაღალი გოგო გახლდით, ყოველთვის გრძელი თმა მქონდა. შესაბამისად, ყურადღებას ვგრძნობდი...

- თაყვანისმცემლები შენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავდნენ?

- განსაკუთრებულით - არაფრით. უბრალოდ, როცა სკოლიდან მოვდიოდი, ისინიც უკან მომყვებოდნენ ჩემს უბნამდე - მაცილებდნენ (იცინის).

- მაკიაჟს, სახის კანის მოვლას შენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს?

- ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს თითქმის არ ვიკეთებ. ვიტარებ სახის კანის, ტანის მოვლის პროცედურებს. მაგალითად, სახეს საპნით არასოდეს ვიბან - ყოველთვის სპეციალურ დასაბან საშუალებებს ვიყენებ. ნელთბილი წყლით ვიბან. ძირითადად, სახის კანის გასაწმენდად კორეულ კოსმეტიკას ვიყენებ. შესაძლოა, ძვირად ღირებული ბრენდი არ იყოს, მაგრამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ზუსტად "მუშაობს". თუმცა, პრობლემური კანი არ მაქვს, მაგრამ მოვლა (მაგალითად - დატენიანება) ყველა კანს სჭირდება. ამასთან დაკავშირებით, დილის და საღამოს რუტინა მაქვს, რომლისთვისაც დროს აუცილებლად ვპოულობ.

GzaPress

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრის ხშირი სტუმარი ხარ?

- არა, მაგრამ არსებობს კოსმეტოლოგი, რომელთანაც პირადი ნდობა მაკავშირებს. სხვათა შორის, თავად მეუბნება, - ჯერჯერობით არაფერი გჭირდებაო. ესეც გენების შერწყმის შედეგია: აზერბაიჯანული, ქართული და კიდევ რამდენიმე ეროვნების სისხლი მირევია. კარგი გენეტიკის დამსახურებაა, რომ კარგი კანი მაქვს.

- თუ არის მაკიაჟის დეტალი, რომელსაც აუცილებლად იყენებ?

- თუკი ტუში და ტუჩსაცხი მისვია, ე.ი. მეიქაფი მაქვს (იცინის). როცა ეთერში გასვლა მიწევს, საეთერო მაკიაჟს ვიკეთებ, რაც საკმაოდ "მძიმეა", მაგრამ რადგან კანს ვუვლი და შემიძლია ვთქვა, რომ უნაკლო სახის კანი მაქვს, ხშირ შემთხვევაში, საეთერო მაკიაჟიც ისეთი დიდი დოზით არ მჭირდება, რა დოზითაც წესით, საჭიროა ხოლმე. მაკიაჟის ჩანთა მაქვს, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერია: კოსმეტიკის სხვადასხვა საშუალება, ფუნჯები... ვფიქრობ, ეს ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს - როცა მაკიაჟი მათი პროფესიის ნაწილია. ხშირად მაკიაჟს თავადაც ვიკეთებ...

- ამჟამინდელისგან რადიკალურად განსხვავებული ვარცხნილობა ან თმის ფერი გქონია?

- ბავშვობიდან თითქმის სულ გრძელი თმა მქონდა, მაგრამ მოკლე ვარცხნილობაც მქონია, "კარეც", ქიმიურად დახვეულიც... მიმაჩნია, რომ სანამ ახალგაზრდა ხარ, ასეთი ექსპერიმენტები უნდა ჩაატარო, რადგან მერე გულში ხინჯად არ დაგრჩეს. თუმცა, გარკვეულ ასაკშიც შეგიძლია რომ მაგალითად, თმა ვარდისფრად შეიღებო, თუ ძალიან გინდა... ქერა არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა, შარშან კი გავიღიავე და საკმაოდ კარგი შედეგი მივიღე. ახლა ჩემი ბუნებრივი ფერის - ღია წაბლისფერი თმა მაქვს.

- ამ მშვენიერ და გრძელ თმას როგორ უვლი?

- ჩემი თმა ცალკე პიროვნებაა - მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს (იღიმის). მის მოვლას მართლა დიდი შრომა სჭირდება: ნიღბების ცვლა, ვიტამინები... შარშან, შეღებვის შემდეგ, თმის აღდგენას მეტი ყურადღება დავუთმე, რადგან სასურველი ფერის მისაღებად ჯერ თმის გაღიავება დამჭირდა... ქოქოსის ზეთს აქტიურად ვიყენებ. ქალბატონებსაც ვურჩევ, რომ თვეში ორჯერ ქოქოსის ზეთის ნიღაბი გაიკეთონ - ძალიან კარგია. ასევე, თმისთვის რამდენიმე ზეთის ნაზავს ვაკეთებ. სიმშრალე, ქერტლი ბავშვობაშიც არ მაწუხებდა... ადვილად მოსავლელი ვარ (იცინის). როდესაც აქტიური საეთერო პერიოდი მქონდა, ჩემი თმა საკმაოდ ზიანდებოდა: თმის დახვევა, ფენის გამოყენება ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. ქალი თუ გრძელ თმას ატარებ, ეს საკმაოდ მოვლილიც უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯობს, მოკლე ვარცხნილობა და მოვლილი თმა გქონდეს. როცა ეთერში არ ვარ, ვცდილობ, თმა დიდად არ დავტვირთო: მაგალითად, დაბანის შემდეგ, ფენით არ ვიშრობ; წინათ თუ თმას ყოველდღე ვიბანდი, ახლა ვცდილობ, 2 დღეში ერთხელ დავიბანო, რადგან ყოველდღიური დაბანა თმის სტრუქტურისთვის, თავის კანისთვის ძალიან ცუდია. ასევე, მხოლოდ უსულფატო შამპუნით ვსარგებლობ. თმის დაბანის ჩემებური რიტუალი მაქვს: სველ თმას არასოდეს ვივარცხნი, რომ არ დაზიანდეს... თმის მხოლოდ პირადი აქსესუარებით (ფენი, სავარცხელი...) ვსარგებლობ.

- ოდესმე ზედმეტ წონას შეუწუხებიხარ?

- პუტკუნა არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი სიმაღლე 178 სმ-ია, მაქსიმალური წონა კი - ალბათ, 62 კგ იყო, მაგრამ აღმოსავლური აღნაგობის ტანი (ე.წ. ქვიშის საათისებრი) მაქვს - მომატებული 1 კილოგრამიც კი მეტყობა. ჩემთვის წონის საკითხი ძალიან პრობლემური არ არის. დიეტებს არ ვიცავ, ორგანიზმს არ ვსტრესავ, მაგრამ იცი, რა? ყოველდღე, ღამის 12 საათზე ხაჭაპურს, ხინკალს ან მსგავს საკვებს თუ შეჭამ, რა თქმა უნდა, სხეულის ფორმას ვერ შეინარჩუნებ. ამიტომ ვცდილობ, ღამით კალორიული საკვები არ მივირთვა. ძირითადად, კალორაჟს ვაქცევ ყურადღებას - დღის განმავლობაში რამდენი კალორია მივიღე. კვებასთან დაკავშირებით, კვირაში ერთხელ "ვხულიგნობ" - იმას მივირთმევ, რაც მინდა... 6 წელია, ინტენსიურად ვვარჯიშობ. ვარჯიშიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელია, გამხდარი იყო, მაგრამ მკვრივი - არა. ქალი ლამაზი მაშინ არის, როცა მკვრივი სხეული აქვს.

GzaPress

- როგორ სამოსს ანიჭებ უპირატესობას ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამსახურში?..

- მაგალითად, სამსახურში, კონკრეტული დღის განრიგს - საქმიანი შეხვედრები მაქვს თუ ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი - ვითვალისწინებ და "ლუქს" ამის მიხედვით ვირჩევ. ბოლო პერიოდში, DOLCE&GABBANA-ს "სტილზე ვარ": ფერად სამოსს ვირჩევ, რომელიც სილუეტს კარგად წარმოაჩენს... აი, "ელიავაზე", სახლის რემონტისთვის რამის საყიდლად რომ მივდივარ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს არ ვიცვამ (იცინის). ტანსაცმლის შეხამებას რაც შეეხება, მერწყულის ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული: მერწყულებს ინდივიდუალური გემოვნება გვაქვს. ამიტომ ჩემთვის მთავარია, სამოსი მიხდებოდეს და მასში თავს კომფორტულად ვგრძნობდე. ისეთი სამოსი თუ აქსესუარი არ მიყვარს, რომელსაც ბრენდის სახელი აწერია. "უსახელო", მაგრამ ხარისხიანი და კომფორტული ტანსაცმელი მირჩევნია.

- ამჟამად, შენთვის უმნიშვნელოვანესი საქმე რა არის?

- "პირველ არხზე" ვმუშაობ. მიხარია, რომ ამ არხზე ბევრი დადებითი ცვლილებაა და ჩემი აქ ყოფნის პერიოდი ამ ცვლილებებს ემთხვევა. ბევრ კარგ პროექტში ვარ "ჩართული". ამჟამად ერთ-ერთ ჯგუფს - "მრავალფეროვანი საქართველო" ვხელმძღვანელობ, ასევე, პროექტის - "ჩვენი ქართული ენა" ხელმძღვანელი ვარ, რაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა, რადგან ის ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ეს კი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და საამაყო საქმეა, მით უმეტეს - სკოლის მოსწავლეებთან ვურთიერთობთ. მომწონს და მაბედნიერებს, რასაც ვაკეთებ... წელს უკვე დოქტორანტობისთვის ვემზადები. მგონი, სწავლის გაგრძელება სტუდენტური ბილეთისთვის უფრო მინდოდა, რადგან სტუდენტები ბევრი შეღავათით სარგებლობენ, მაგალითად - კინოთეატრის ბილეთებზე კარგი ფასდაკლება აქვთ (იცინის)...

- შენთვის განტვირთვის კარგი საშუალება რა არის?

- ბოლო პერიოდში ძალიან დატვირთული ვიყავი და წიგნებს ვერ ვკითხულობდი - ვერ ვიცლიდი. მიხარია, რომ წიგნებს დავუბრუნდი. ეს ადამიანს ფსიქოლოგიური სიმშვიდის და ახალი აღმოჩენების დიდ არეალს გაძლევს... ასევე, ფილმების ყურება მიყვარს... საკმაოდ ბევრს ვმუშაობ. ვცდილობ, ჩემი მცირე თავისუფალი დრო რაციონალურად გამოვიყენო: თვე რომ იწყება, თითქმის ყოველი შაბათ-კვირა "გაწერილი" მაქვს. შაბათობით აგარაკზე ჩავდივარ, სადაც ჩემი მშობლები, ჩვენი ძაღლი და კატა არიან... კვირა დღის ნახევარს თავის მოვლას ვუთმობ. ასევე, მეგობრებს ვხვდები, რომლებთან ერთადაც დროის გატარება მომწონს. ხმაურიანი გართობის დიდი მოყვარული არ ვარ. ზაფხული, მზე, ზღვა მიყვარს. გული მწყდება, რომ ზაფხული დასრულდა...

- კულინარიასთან დაკავშირებით, რამე სიახლეს ხომ არ გეგმავ?

- ზუსტად გუშინ, "ინსტაგრამზე" გამოკითხვა გამოვაქვეყნე - კულინარიული ვლოგი გავაკეთო თუ არა-მეთქი? გამოკითხვაში 3000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. 99%-მა დადებითი პასუხი გამცა. მინდა, ქართულ "იუთუბ" სივრცეში არსებული ვლოგებისგან განსხვავებული რაღაც გავაკეთო. უკვე ვემზადები. ლოკაციებზე, კერძებსა და იმ ადამიანებზე ვფიქრობ, ვისთანაც კოლაბორაცია მექნება.

ეთო ყორღანაშვილი