"სუსტი გული მაქვს, ყველას ამბავს განვიცდი" - გზაპრესი

"სუსტი გული მაქვს, ყველას ამბავს განვიცდი"

საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო სერიალის "ქიმია" მოქმედება თანამედროვე საქართველოში ვითარდება და იმ ონკოპაციენტთა რეალურ ისტორიებზეა აგებული, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალთა პრობლემებზე შექმნილი პროექტის მთავარი მიზანი სიმსივნით დაავადებულებში გავრცელებული სტიგმების ნგრევაა. კლინიკის კედლებში შეკრებილ ქალებს, დაავადებების სხვადასხვა სტადიასთან ერთად, განსხვავებული წარსული და აწმყო აქვთ, ისევე როგორც იმ ექიმებსა და ექთანებს, რომლებიც ონკოპაციენტებზე ზრუნავენ. მსახიობი ვანო დუგლაძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც სხვების დახმარება ცხოვრების მიზნად აქვს დასახული - მისი პერსონაჟი ეგვიპტიდან საქართველოში გადმოსახლებული მედიკოსია. დაკვირვებულ მაყურებელს შეიძლება ვანო დუგლაძე სერიალიდან - "ღვინის გზა" ახსოვდეს, ხოლო თეატრალური სამყარო მას თუმანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენებიდან იცნობს...

- ვანო, სასაუბროდ შენ მშობლიურ თეატრში შევხვდით. თუმანიშვილის თეატრში გაატარე ბავშვობა, რომლის მსახიობიც იყო მამაშენი. როგორ იხსენებ იმ წლებს?

- ბავშვობაში ყველა ადამიანს აქვს ოცნება; ზოგს უნდა გახდეს კოსმონავტი, პოლიციელი, მეხანძრე და ა.შ. ვინაიდან მე ზღაპარში ვიზრდებოდი, ვოცნებობდი გავმხდარიყავი ისეთივე ზღაპრის გმირი, როგორსაც მსახიობები ქმნიდნენ თეატრის სცენაზე. ამ ოცნებით მოვდივარ დღემდე, ამ სამყაროში ვცხოვრობ და სულ ვცდილობ, ზღაპრის ნაწილი ვიყო.

- ბავშვობის ოცნება აისრულე, მსახიობი გახდი და ახლა ორ თეატრში მუშაობ. როგორ ანაწილებ დროს? რასაკვირველია, პანდემიის პერიოდს თუ გამოვრიცხავთ...

- თუმანიშვილის თეატრის რეპერტუარში არსებულ 6 სპექტაკლში ვარ დაკავებული: "მეფე ლირი", "ხომ არ აფრენ?!", "თავისუფალი წყვილი", "როცა ქვეყანა დიდია", "ტრამვაი სურვილი" და სამწუხაროდ, იშვიათად ვთამაშობთ "ჩვენ პატარა ქალაქს", ხოლო მოზარდში - გაცილებით მეტ წარმოდგენაში მნახავთ. ფაქტობრივად, სულ ვმუშაობ, არ ვჩერდები. ახლაც, პანდემიის დროს, არ გავჩერებულვარ, გადაღებები მქონდა. ძალიან მტკივა გული ჩემს კოლეგებზე, თვითდასაქმებულ მსახიობებსა და რეჟისორებზე, ვინც არ არის სახელმწიფო თეატრების შტატში. განვიცდი მათ მდგომარეობას. პანდემიამ აზარალა არა მხოლოდ ხელოვანები, არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც. ის 2-3 თვე, ყველაფერი რომ გაჩერდა, იყო სტრესი და პანიკა. ზოგმა კი თქვა, დავისვენეთო, მაგრამ რეალურად არა მგონია, ასე ყოფილიყო. ამაში დადებითს ვერაფერს ვხედავ, მტერს არ ვუსურვებ ასეთ დასვენებას. იმედი მაქვს, გამოვლილი გამოცდილებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად დავიცავთ ჰიგიენას და ბევრ რამეს გადავაფასებთ, ვფიქრობ, მომავალში არაერთი სასიკეთო ცვლილება გვექნება.

GzaPress

- გადაღებებზე ვისაუბროთ...

- სერიალის - "ქიმია" გადაღებები პანდემიამდე უნდა დაგვეწყო, კარანტინის გამო პროექტი დროებით შეჩერდა და როგორც კი საშუალება მოგვეცა, მუშაობა დავიწყეთ. ამ პროექტის იდეა ჩემთვის მნიშვნელოვანია. მასში ბევრი საყურადღებო გზავნილია, როგორებიცაა: ექიმთან დროული ვიზიტი, უფასო სკრინინგი, კიბო განაჩენი არ არის, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ა.შ. სულ ვამბობ, სერიალმა ერთი სიცოცხლეც რომ გადაარჩინოს, ეს უკვე დიდი გამარჯვება იქნება. ცხონებულ ბებიაჩემს სიმსივნე ჰქონდა, რომელსაც თავის დროზე მოერია და "გააქრო". წლების შემდეგ, ფეხი ასტკივდა. ამბობდა, გავცივდიო და არ აქცევდა ყურადღებას. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე. ექიმთან რომ მივიდა, სიმსივნე დაუდგინეს. მკურნალობა კი დაიწყო, იბრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. თავის მოვლა, მკურნალობა არ არის სირცხვილი და ეგოისტობა, პირიქით - ეს კარგია. წარსულის გამოცდილებიდან და მაგალითებიდან გამომდინარე, ჩვენ აწმყოში იგივე შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ეს ამბები და ინფორმაციები ჩვენი იარაღია იმისათვის, რომ ბედნიერები ვიყოთ. ხვალინდელი დღისთვის, გუშინდელი უნდა ვიცოდეთ კარგად.

- მესმის, თუმცა, როცა ექიმს არ მიმართავენ ადამიანები, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს ხოლმე: შიში, სიზარმაცე და ა.შ. თუმცა ხშირად ყველაზე მთავარი მაინც, ფინანსური პრობლემა მგონია. კარგი იქნება, თუ ხშირად გაესმება ხაზი იმ ფაქტს, რომ სკრინინგი უფასოა. და აქვე გკითხავ, ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი შეეწირა ან ებრძვის სიმსივნეს. შენი უახლოესი წრიდან, ბებიის გარდა, კიდევ ვინმე ხომ არ იმსხვერპლა ამ დაავადებამ?

- ჩემი სიდედრი - მანანა გეგეჭკორი. კარგი თეატრმცოდნე, სიცოცხლით სავსე ადამიანი, შესანიშნავი იუმორის გრძნობით. არაჩვეულებრივი სიდედრი, რომელიც ძალიან მიყვარდა. მთელ ოჯახს დაგვაკლდა და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ქართულ თეატრალურ სამყაროს.

- სერიალის რეალურ გმირ ქალბატონებთან შეხვედრისა და საუბრის საშუალება თუ გქონდათ?

- სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მომეცა, მაგრამ იმედი მაქვს, ყველას პირადად გავიცნობ. ისინი ჩემთვის სამაგალითოები არიან და სიხარულისგან მეტირება, რომ ვუყურებ. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო მეორე ფაქტორზეც: გარდა იმისა, რომ სერიალში ონკოლოგიურ პრობლემებზე, დროულ დიაგნოსტიკასა და მსგავს თემებზეა აქცენტი, იდეის ავტორმა, სცენარისტმა ირმა ჩუბინიძემ და რეჟისორმა ნინო დადვანმა წინა პლანზე წამოსწიეს ხალხში გავრცელებული სტერეოტიპები. ისეთი თემები, როგორიცაა ადამიანების შეფასება კანის ფერის, რელიგიისა და სხვა მსგავსი რაღაცების მიხედვით. ვთქვათ, ვიღაც ხ ქვეყნიდანაა, ეს ნიშნავს რომ ზარმაცია, თუ ყ ქვეყნიდანაა, მაშინ ბეჯითია და ა.შ. ფაქტია, ეს სტერეოტიპები ჩვენში არსებობს და არ ვიცი, ასე რატომ გაგვზარდეს.

- ასეთი შეფასებები საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლების მიმართაც გვესმის ხოლმე...

- დიახ, ასეა. წარმომავლობა, ფესვები და გენეტიკა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, თუმცა, მხოლოდ ეს არ არის პიროვნების ხასიათისა და თვისებების განმსაზღვრელი.

- სერიალში შენი პერსონაჟი ეგვიპტელია და ალბათ ამიტომ ჩამოვარდა საუბარი ამ თემაზე...

- დიახ, ის რეალური პერსონაჟია. დოკუმენტური მასალა მაქვს ნანახი, სადაც თავის ამბავს ჰყვება. ის უკვე ექიმია. მრავალი წელია, საქართველოში ცხოვრობს, ჰყავს ქართველი მეუღლე, ქართულად მღერის და გიჟდება ჩვენს ქვეყანაზე. პირადად მინდოდა გამეცნო, თუმცა პანდემიამ შეგვიშალა ხელი და ეს არ მოხერხდა.

- ოდესმე თუ გიფიქრია, ექიმი გამხდარიყავი?

- ჩემი მეორე ბებია ექიმი იყო და უნდოდა, მეც ეს პროფესია ამერჩია, თუმცა, თეატრალურის გარდა, ცხოვრებაში სხვა ალტერნატივა არ მქონია.

- ისე, შეძლებდი?

- ვერ შევძლებდი, რადგან ძალიან სუსტი გული მაქვს და ყველას ამბავს განვიცდი. პაციენტი რომ მყავდეს და მას რამე დაემართოს, ალბათ გადავყვები. ძალიან ემოციური ვარ. არ შემიძლია. ჩვენთან სპექტაკლზე "გამორჩეული ბავშვები" რომ მოდიან, ყველაზე საყვარელი და კეთილები, სულ მინდა ყველას ჩავეხუტო, ვკოცნო, ვეთამაშო, მაგრამ ემოციურად იმდენად განვიცდი, ამას ვერ ვახერხებ. ახლაც მეტირება ამას რომ ვამბობ. ძალიან სუსტი ვარ ასეთ დროს.

- შენ და შენ მეუღლეს - ანანო მირიანაშვილს ორი შვილი გყავთ. თქვენი ბავშვები ხშირად ესწრებიან სპექტაკლებს...

- კი, ასეა. ანდრია 11 წლისაა, მარიამი 6 წლის. მათ ალბათ, ისევე როგორც ყველა მსახიობის შვილს, ახლო ურთიერთობა აქვთ თეატრთან, თუმცა, ვცდილობ, ჩემი ბავშვები თეატრით არ მოვწამლო. რაც შეეხება ანანოს, ძალიან დახვეწილი ოჯახის შთამომავალია. თითქმის ყველა მისი წინაპარი თეატრთან იყო და არის დაკავშირებული. ძალიან გამიმართლა და სულ ვამბობ, ღმერთმა ანგელოზი გამოგზავნა, ჩემს გადასარჩენად-მეთქი. რაც ერთად ვართ, სულ მფარველი ანგელოზივით მიდგას გვერდით. მრავალმხრივ ნიჭიერია და ძალიან მიხარია, ახლა თავის საქმეს რომ აკეთებს.

- "ქიმიის" ეპიზოდში გამოჩნდა. ვიცი, რომ კარგად წერს...

- დიახ. ანანო სერიალ "ქიმიის" ერთ-ერთი სცენარისტია, კასტინგ-მენეჯერი და რეჟისორის, ასე ვთქვათ, მარჯვენა ხელი. 12 წელია ერთად ვართ და გადასაღებ მოედანზე სულ სხვა კუთხით დავინახე - კარგი ლიდერი, მენეჯერი, ორგანიზატორის თვისებებითაა დაჯილდოებული. არ მინდა მიკერძოებული ვიყო, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: სამწუხაროდ, არიან კასტინგ-მენეჯერები, რომლებიც "ფეისბუკით" ეძებენ მსახიობებს. მე კი ვფიქრობ, რომ თუ თეატრში არ იარე, შეუძლებელია ამა თუ იმ როლისთვის მსახიობი ინტერნეტით მოძებნო. რეჟისორები, პროდიუსერები და კასტინგ-მენეჯერები თეატრებში უნდა დადიოდნენ. ანანო კარგად იცნობს თეატრალურ ცხოვრებას და ის უშუალოდ სპექტაკლების მიხედვით ირჩევდა მსახიობებს. თუნდაც ამ სერიალის ასაკით ყველაზე პატარა ექთანი თაკო კეკელიძე, სრულიად არაჩვეულებრივი ბავშვი თეატრალური უნივერსიტეტის სადიპლომო სპექტაკლში ვნახეთ. ანანომ ის კასტინგზე დაიბარა, რეჟისორს ძალიან მოეწონა და სპეციალურად მისთვის შექმნეს ახალგაზრდა ექთანის პერსონაჟი.

- დავაკონკრეტებ, ანანო გოგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის შვილიშვილია. სიძე რომ გახდი, მოგიწია მათთან ურთიერთობამ?

- მხოლოდ ქალბატონ ნათელას მოვესწარი. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ბატონი გოგი გარდაიცვალა. ანანოს ბიძაშვილი გიორგი ჩემი პარალელური კლასელი იყო და მახსოვს, როგორ დავირაზმეთ, ბატონი გოგის პანაშვიდზე ქაშუეთის ეკლესიაში მივედით. მამაჩემი და ანანოს მამა კოტე მირიანაშვილი მეგობრობდნენ, ხოლო "ჩვენ პატარა ქალაქში" მამაჩემი და ანანოს ბაბუა ერთად თამაშობდნენ. ამას წინათ "რიჩარდ მესამეს" ჩანაწერს ვუყურებდი და ვხედავ, ბაბუაჩემი დათო ჩხიკვაძე და ანანოს ბაბუა გოგი გეგეჭკორი ერთად იდგნენ სცენაზე, არ მახსოვდა და გამახარა ამ ამბავმა. გამიმართლა, რომ ძალიან ლამაზი ოჯახი მაქვს. ჩემი პროფესია და თეატრი მიყვარს, მთელ სულსა და გულს ვდებ ამ საქმეში, მაგრამ ათჯერ მეტად ვიხარჯები ოჯახში, რადგან ვთლი, რომ ბავშვების აღზრდა და კარგი მეუღლეობა უმნიშვნელოვანესია. ძალიან ვცდილობ ვიყო კარგი მეუღლე და მამა. მინდა, ჩემი შვილები ძლიერები და წარმატებულები გაიზარდონ.

- დიდი ხანია გიცნობ და ვფიქრობ, ორივე კარგად გამოგდის... წარმატებას გისურვებ!..

- დიდი მადლობა.

ანა კალანდაძე