როგორ დაიმკვიდრა თავი ჯულიანა ბარ-გნარმა ძვირად ღირებულ სამუშაო სფეროში - გზაპრესი

როგორ დაიმკვიდრა თავი ჯულიანა ბარ-გნარმა ძვირად ღირებულ სამუშაო სფეროში

ჯულიანა ბარ-გნარი მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან დღეს საყვარელ საქმეს აკეთებს, რომელიც მისი შემოსავლის წყაროა. შემოსავლის ძირითად ნაწილს შოპინგში, ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევასა და სწავლაში ხარჯავს. ცდილობს, სხვადასხვა, პატარ-პატარა ნიჭი განავითაროს, რისი შესაძლებლობაც ბავშვობაში არ ჰქონია...

- ფულის საჭიროება მცირე ასაკიდანვე გავაცნობიერე, რადგან ჩვენი სამუშაო სფერო საკმაოდ ძვირად ღირებულია: წარმატების მისაღწევად მხოლოდ შრომისმოყვარეობა საკმარისი არ არის - ფინანსური რესურსიც საჭიროა, რომ საზღვარგარეთ შეჯიბრებებზე გახვიდე, გამოცდილება მიიღო, ინდივიდუალური გაკვეთილები "აიღო"... ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს გაგვიმართლა - საქართველოში სამეჯლისო-სპორტული ცეკვები პოპულარული გახდა. პატარა ასაკიდან შევძელით, დამოუკიდებლად გვეცხოვრა. ფეხზე მყარად დავდექი.

- როცა ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩნდი, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდი. ამ პროფესიის დაუფლება იმიტომ გადაწყვიტე, რომ მომავალში სტაბილური შემოსავალი გქონოდა?

- ალბათ, ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ იმ წრეში ვტრიალებ და ვმუშაობ, რომელიც უზომოდ მიყვარს! ბავშვობაში, თუ ვინმეს ეგონა, რომ ცეკვა ჩემთვის მხოლოდ ჰობი იყო, სინამდვილეში ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლდათ. უბრალოდ, იმ პერიოდში არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, სამეჯლისო ცეკვების პედაგოგი გავმხდარიყავი და ამით ფული მეშოვა, თუმცა ვიცოდი, რომ ამ საქმეში აუცილებლად ბევრ დროს, ენერგიას დავხარჯავდი... ვინც სკოლას ამთავრებს, იმ სფეროზე ფიქრობს, რაც გარკვეული დოზით საინტერესო და ასევე, შემოსავლის მომტანი იქნება. სტომატოლოგობა ჩემმა ძმამ მირჩია, რადგან თავად სტომატოლოგია, რუსეთში მუშაობს. უბრალოდ, მითხრა, - ძალიან საინტერესოა, უნდა სცადოო... მეც ვცადე. სხვათა შორის, ნამდვილად საინტერესო იყო. უბრალოდ, მერე პედაგოგობის "გემოც" გავიგე...

- სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა დაასრულე?

- კი, დავასრულე, დიპლომირებული სტომატოლოგი ვარ (იღიმის).

- შეიძლება ოდესმე ამ პროფესიით იმუშაო?

- რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და კარგია, რომ ადამიანს კიდევ ერთი პროფესია გაქვს, მაგრამ თუ გულახდილად ვსაუბრობთ, ცოტა ეჭვი მეპარება, სტომატოლოგად ვიმუშაო. ამასობაში, უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი გავხდი. მაგალითად, თუ ბავშვობაში მშობლებზე დამოკიდებული ვიყავი და გარკვეულ სასწავლო წრეებზე ვერ დავდიოდი, მივხვდი, ახლა შემიძლია, ჩემი ყველა პატარ-პატარა ნიჭი განვავითარო ან ნაკლი გამოვასწორო. აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ კარგად ვხატავ. მინდა, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარო და დიზაინერი გავხდე. თუკი ეს გამომივა, შეიძლება ვიფიქრო, ამ პროფესიით მუშაობას გავაგრძელებ თუ არა. თან, ჩემს მოსწავლეებს ხშირად თავად ვურჩევ კოსტიუმის მოდელს, სტილს... მინდა, ჩემი შესაძლებლობები უფრო მეტად დავხვეწო და რასაც ვაკეთებ, პროფესიულ დონეზე გავაკეთო.

GzaPress

- გახსოვს, პირველი ჰონორარი რისთვის მიიღე, რა თანხას შეადგენდა და რაში დახარჯე?

- თანხა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 9-11 წლის ვიყავი. წარმოიდგინე, პირველი ჰონორარიც ცეკვისთვის მივიღე, თან - ტელევიზიაში (იცინის). სტუდია, სადაც დავდიოდი, საუკეთესოდ მიიჩნეოდა. ჩემს პირველ პედაგოგს გამორჩეულად კარგი ბავშვები ჰყავდა. ერთხელ ტელევიზიამ (რომელი არხი იყო, არ მახსოვს) ჩვენი სტუდიის ბავშვები დაპატიჟა. საჩვენებელი ცეკვა დავდგით, ვიცეკვეთ... პედაგოგმა სიმბოლურად, მცირე ჰონორარები დაგვირიგა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ზუსტად არ მახსოვს, რაში დავხარჯე, მაგრამ თანხის რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა - თავად ფაქტმა, რომ თანხა გეკუთვნის და გჩუქნიან, გამახარა... ალბათ, ბავშვობიდანვე ეს უკვე რაღაცის ნიშანი იყო (იღიმის)...

- წლებია, შენ და ოთო ფოლადაშვილი საქმიანი პარტნიორები ხართ. როგორ ფიქრობ, ოთოს გარეშე, სტუდიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას როდის მიიღებდი ან საერთოდ, ამ მხრივ, შენი საქმიანობა როგორ წარიმართებოდა?

- ყველა მოვლენა ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. ამიტომ არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონის შემდეგ მოხდა. სტუდიის გახსნას არ ვგულისხმობ: როგორც აღვნიშნე, თავდაპირველად, საერთოდ არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, პედაგოგი გავმხდარიყავი, მაგრამ საშუალება მოგვეცა, ამ ამპლუაში საკუთარი თავი გამოგვეცადა. მივხვდი, ეს უზომოდ საინტერესო საქმიანობაა. თან, ბავშვებთან ურთიერთობა მართლა უდიდესი ჯილდოა. გამოცდილება მივიღეთ - რამდენიმე წელი ასისტენტებად ვმუშაობდით. მერე, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის (ვინც ვითარდება და მეტის მიღწევის სურვილი უჩნდება) მსგავსად, ვიფიქრეთ - თუ ასისტენტები ვართ და ეს საქმე გამოგვდის, მოდი, ჩვენი სტუდია გავხსნათ-თქო. ასე რომ, ეს სპონტანური აზრი არ ყოფილა - დრომ და გამოცდილებამ მოიტანა. მეც და ოთოც მაქსიმალისტები ვართ: საქმეს მაშინ მოვკიდეთ ხელი, როცა დავრწმუნდით, რომ ამის გაკეთება "10-იანზე" შეგვიძლია.

- თქვენი საქმიანი ურთიერთობა ყოველთვის ჰარმონიულია თუ უთანხმოებაც ყოფილა?

- ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, ჩვენ შორის სულ ჰარმონიაა-მეთქი, რადგან გულახდილად რომ გითხრათ, სულ ჰარმონია ჩემთვის ჰარმონიაც არ არის (იღიმის). ორი ინდივიდი ვართ: მას ის მოსწონს, მე - ეს. რაც მთავარია, ყოველთვის შეგვიძლია, რაღაცაზე შევჯერდეთ. ჩვენ შორის დიდი პატივისცემა და ნდობაა, რაც უმნიშვნელოვანესია. ამას წინათ ვსაუბრობდით, თუ რამდენი ხანია, რაც "წყვილში ვდგავართ". აღმოჩნდა, რომ უკვე 10 წელია, მეწყვილეები ვართ. ვფიქრობ, ესეც ერთგვარი დასტურია, რომ ერთად მუშაობა შეგვიძლია. კარგი ტანდემი ვართ. იმედია, კიდევ ბევრი წლის განმავლობაში, კარგი სახელი და ძლიერი სტუდია გვექნება.

- კორონავირუსთან დაკავშირებული გამკაცრებული რეგულაციები თქვენს გეგმებზე უარყოფითად ხომ არ აისახა?

- საერთოდ, კორონამ გეგმები ყველას შეგვიცვალა. როცა სპორტსმენი ხარ, ყოველი გაცდენილი გაკვეთილი ცუდად აისახება ცეკვაზე, ვარჯიშზე, მაგრამ მე და ოთო ჩვენი სტუდიის ბავშვებზე ბევრს ვფიქრობდით. დაახლოებით 6-თვიანი "ჩავარდნა" გამოგვივიდა. ამიტომ ახალ სეზონს მაქსიმალურად ნაყოფიერად და სიახლეებით სავსე უნდა შევხვდეთ. იმ ფაქტის გამო, რომ სასწავლო სეზონმა 1 თვით გადაიწია, დიდად არ გვინერვიულია, რადგან ახალ, დიდ სტუდიას ვამზადებთ (ახალ ადგილზე). ვფიქრობთ, სოციალურ დისტანციას და სხვა რეგულაციებს მარტივად დავიცავთ, რადგან საკმაოდ დიდი ტერიტორიაა: 2 დარბაზი გვაქვს - ბალეტისთვის, ტანვარჯიშისთვის. ასევე, ჩვენთან ჰიპ-ჰოპის გაკვეთილებიც იქნება, პარალელურად კი დიდ დარბაზში ჩვენი (სამეჯლისო-სპორტული ცეკვების) გაკვეთილები ჩატარდება. ყველანაირად ვეცადეთ, ბავშვებს ისეთი პირობები დავახვედროთ, რომ დაკარგული 6 თვე როგორმე ავუნაზღაუროთ.

GzaPress

- მას შემდეგ, რაც მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ, ფინანსური კრიზისი შეგქმნია?

- ეს ნამდვილად მიგრძნია, რადგან შოპინგი და ასევე, ახლობლებისთვის კარგი საჩუქრების მიძღვნა მიყვარს. საჩუქრების შერჩევისას ჩემთვის ფული მეორეხარისხოვანი ხდება, რის გამოც, ზოგჯერ რაღაცებს სწორად ვერ გავთვლი, მაგრამ ჯერჯერობით, სერიოზული ფინანსური კრიზისი არ მიგრძნია.

იცით, პანდემიის პერიოდში, რადგან ყველაფერი შეჩერდა, შინ მინისპორტდარბაზი მოვაწყვე და სახლში ვვარჯიშობდი. მინდა, ახლა ცურვაზეც ვიარო (ბავშვობაში ძალიან მინდოდა)...

- თავის მოვლას, სათანადოდ კვებას, ძილს როგორ ასწრებ და ახერხებ?

- ეს თემა მეც ყოველთვის მაინტერესებს და სპორტსმენებს ვუსმენ ხოლმე. დავასკვენი, რომ ეს საკითხი ინდივიდუალურია. მაგალითად, ერთი პერიოდი, ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ დავდიოდი. იქ სხვაგვარ სწორ კვებას მირჩევდნენ, ტანვარჯიშზე, სადაც ბოლო რამდენიმე წელია დავდივარ - სხვას. მერე მივხვდი, რომ უბრალოდ, ყველამ თავის ორგანიზმს უნდა მოუსმინოს, ოღონდ კუჭს - არა (იცინის). მაგალითად, ვიცი, რომ ბოსტნეული მჭირდება, ხორცეული არ მიხდება. შესაბამისად, ხორცეულის შეცვლას სხვა ვიტამინებით ვცდილობ, რომ სიმსუბუქის შეგრძნება არ დავკარგო. ძალიან მიყვარს, როცა ვარჯიშის პერიოდში, ჭამის მერე სიმძიმეს საერთოდ ვერ ვგრძნობ, მიღებული საკვები ძილს არ მგვრის, პირიქით - ენერგიას მაძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი ვერც ივარჯიშებ. რა თქმა უნდა, არის დღეები, როცა შემიძლია, თავს ცოტა მეტის უფლება მივცე... ყველაზე მეტად ძილის რეჟიმის დარეგულირება მიჭირს: ძილი მიყვარს, მაგრამ ადრე დაძინება არ გამომდის.

- როგორ ახერხებ, რომ საქმეც მოასწრო, სწავლაც და თავის მოვლაც?..

- მჯერა, თუ ადამიანს რაღაცის სწავლა უნდა, ამას შეძლებს. უბრალოდ, საკუთარი შესაძლებლობები სწორად უნდა გამოიყენოს და დროს აუცილებლად გამონახავს. აქტიური სამუშაო რეჟიმის პერიოდში, ზოგჯერ იმის დროც არ მაქვს, ტელეფონზე დედაჩემის ზარს ვუპასუხო - ყოველი წუთი "გაწერილია". ჩემთან მოსულ ადამიანს რომ ვეკითხები, ესა და ეს საქმე რატომ არ გააკეთე-მეთქი, ის მპასუხობს, - დრო არ მქონდაო, ვხვდები, მან დრო სათანადოდ ვერ გაანაწილა. მერწმუნეთ, თუ სურვილი ძლიერია, ყველაფერს მოასწრებთ.

- საქმიან ქალებს რას ურჩევ?

- თავიანთ საქმეში სიახლე მოძებნონ, რომ მათთვის საინტერესო იყოს. თუ საკუთარ თავს ყოველდღე საინტერესო რაღაცას შესთავაზებენ, უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებენ. ეცადონ, ხვალ უფრო მაგრები იყვნენ, ვიდრე დღეს არიან და საქმეში - მაქსიმალისტები.

ეთო ყორღანაშვილი