"სოფლის მაშენებლები" პოლიტიკაში - გზაპრესი

"სოფლის მაშენებლები" პოლიტიკაში

არაერთი არაპოლიტიკოსი, ხელოვნების თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი ვიხილეთ საარჩევნო სიებში, მაჟორიტარებად და წინა მოწვევების პარლამენტში - დეპუტატებად, თუმცა, რომელმა რა კვალი დატოვა და რა სარგებლობა მოუტანა ქვეყანას პოლიტიკური კუთხით, ცალკე განხილვის თემაა. რა ფუნქცია აქვთ მათ პარტიებსა და პოლიტიკაში, რის გაკეთებას შეძლებენ ქვეყნისთვის და "სოფლის შენებას" "კარგი სიმღერის თქმა" ეყოფა თუ არა? - ნახევრად ხუმრობით დასმული ამ შეკითხვებით მივმათეთ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.

დავით გოგიშვილი, ისტორიკოსი, იუმორისტი:

- "სოფლის შენება" ურთულესი კომპლექსური პროცესია, სადაც ერთ მუშტად არის შეკრული ერი და ბერი, მისი ინტელექტუალური, შემოქმედებითი და შრომითი პოტენციალი. მაგალითად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროფესიონალთა არმია და ქვეყნის განვითარების დოქტრინები, კონცეფციები უნდა იქმნებოდეს. ჩვენში კი რა ხდება? შრომითი პოტენციალის ტოტალური მიგრაციაა. როცა კორონავირუსი და პანდემია დასრულდება, საქართველოში საოცრება მოხდება, ახალგაზრდობის 80% მაინც დატოვებს ქვეყანას.

საერთოდ, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, როდესაც საპარლამენტო სია დგება, მმართველი პარტია პრიორიტეტს ანიჭებს კანონშემოქმედებითი უნარისა და შესაბამისი პროფესიის ადამიანებს, როგორებიც არიან: იურისტები, ისტორიკოსები, ფინანსისტები, საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები. სახელმწიფო სტრუქტურებში, პარლამენტის აპარატში, სამინისტროებსა და უწყებებში, უშიშროების საბჭოში სწორედ ამ პროფესიის ხალხი უნდა იყოს წარმოდგენილი და არა - სამამულო წარმოების, ეკოლოგიურად სუფთა ნომენკლატურის, მორჩილი შოუბიზნესის ვარსკვლავები. ისინი "დამჯერნი" არიან, მონაწილეობენ 9 მთავრობის ნომენკლატურულ ივენთებში... ეს ტენდენცია, თავის დროზე, "ნაციონალებმა" დაამკვიდრეს საქართველოში, რომელსაც პირნათლად და უცვლელად ინარჩუნებს და ავითარებს "ნაციონალური მოძრაობის" საქმეთა ღირსეული გამგრძელებელი - "ქართული ოცნება". ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ასეთმა საკადრო პოლიტიკამ უამრავი კვალიფიციური ისტორიკოსის, იურისტისა და სხვა ადამიანის სოციალური ატროფირება გამოიწვია აქტიური სოციალური ცხოვრებიდან და გაამარგინალა. სანამ თანამდებობებზე დაინიშნებიან იმის მიხედვით, თუ ვინ ვისი საყვარელი, ბიძაშვილ-მამიდაშვილი თუ "კაი ბიჭის დაა", საქართველო კიდევ ბევრ ნიჭიერ ადამიანს დაკარგავს.

იქნებიან დამჯერი და მორჩილი "კომსომოლები". მომღერალს, კალათბურთელს ან მორაგბეს, რომელიც "გაგნებაში" არაა, თუ რა პროცედურაა ან როგორ ხდება მოსამართლეთა არჩევა, არასოდეს გაუჩნდება პროტესტი "ნაციონალი" მოსამართლეების დანიშვნაზე და იჯდება წყნარად. მერე დამატებით, კიდევ ერთ-ორ ტენდერს "ჩაახუტებენ" ან რომელიმე ქსელური მარკეტის წილში ჩასვამენ და სულ რომ დიღმამდე მოვიდნენ რუსები, ხმის ამომღები არ იქნება...

GzaPress

გიორგი მეგრელიშვილი, მსახიობი, რეჟისორი:

- ყოველ ფაქტს ორი მხარე აქვს. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იქნებიან მოსაწონი და არამოსაწონი კანდიდატები. თუმცა, თუ ხელოვანი არის საკანონმდებლო ორგანოში, ხელოვნების სფეროში ახალ, პროგრესულ კანონებს უნდა დაუჭიროს მხარი, თავის სფეროში უნდა გააუმჯობესოს პირობები.

ვისაც რა დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე და ხალხის სიყვარული, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ არ უნდა დაკარგოს ეს პატივისცემა. რას გააკეთებენ, ვერ გეტყვით, მთავარია, არ გააფუჭონ ის, რაც არის... ნურც ჩვენ დაგვივიწყებენ - მსახიობებსა და რეჟისორებს, საქმის კეთებაში დაგვეხმარონ, ხელი შეგვიწყონ.

ცოტა გასაკვირია, მაგრამ პარტიებს ახასიათებთ კულტურის წარმომადგენლების კანდიდატებად წამოყენება, რადგანაც საარჩევნო ყუთთან მათ შესრულებულ როლებსა და სიმღერებს მისცემენ ხმას და არა - პოლიტიკურ ხედავს. წესით, პოლიტიკაში ასე არ უნდა იყოს... რეიგანი მსახიობი იყო, მაგრამ პრეზიდენტობამდე დიდი გზა განვლო.

მარტო სიმღერით რომ შენდებოდეს ქვეყანა, მაშინ დღეს მსოფლიოში ნომერ პირველი უნდა ვიყოთ, ჩვენი სიმღერის ნიჭიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, ჰამლეტ გონაშვილის ნამღერი "ჩაკრულო" არის პირველი ხმა კოსმოსში.

GzaPress

გიორგი ონიანი, ოპერის მომღერალი, ტენორი:

- სულ რეიგანის გაფუჭებულია ეს ხალხი. მან დაგვანახვა, რომ მსახიობიც შეიძლება იყოს კარგი პოლიტიკოსი და მერე გაეხსნათ მადა სხვებსაც, აატორღიალა ხალხი (იცინის). რაც უნდა კარგი მსახიობი იყო და სცენაზე ხალხს ოსტატურად "ატყუებდე", პარლამენტში აშკარად ჩანს, ვინ რისთვის მოდის და რა არის მიზანი მისი გაპოლიტიკოსებისა. ამ დროს ბეწვის ხიდზე გადიან, შეიძლება ხალხის სიყვარული ერთ დღეში გაუფერულდეს. მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ თუ ვინმე პოლიტიკოსობას გადაწყვეტს, ავტომატურად ხალხის გარკვეული მასის ზიზღის ობიექტი ხდება. ჯერ კიდევ შორს ვართ, რომ ცივილიზებულად მოვეკიდოთ კონკურენტებს და კონკურენციას. საწინააღმდეგო აზრს არავის პატიობენ, ეს საშინელებაა. ყოფილა შემთხვევები, არჩევანს არ უტოვებდნენ და ძალით აპოლიტიკოსებდნენ ხელოვანებს. თუ ადამიანს სუფთა წარსული და შესაბამისი განათლება აქვს, სიტყვა-პასუხი უჭრის და პატიოსანია (მგონი, დიმიტრი გელოვანი გამომივიდა), რატომ არ შეიძლება ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, როგორც პოლიტიკოსი?!.

სწორედ "სოფლის შენებას რა უნდა" სჭირს ბევრს და იმ ადგილს ეპოტინება, სადაც მისი ადგილი არაა. შეიძლება შორიდან იოლი ჩანს პოლიტიკოსობა, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან რთულია, განსაკუთრებით - გამოუცდელი ადამიანისთვის. ჩვენ, ხელოვანები, ხშირად არანაკლებ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ ქვეყნისთვის და ვერც ერთი მინისტრი, ვერც ერთი ელჩი ვერ გააკეთებს იმაზე მეტს ქვეყნისთვის, ვიდრე ჩვენი მსახიობები და რეჟისორები აკეთებენ, როცა ჯილდოებს იღებენ პრესტიჟულ კონკურსებსა და ფესტივალებზე. როცა მუსიკოსი საზღვარგარეთ გადის, ის იმ მომენტში საკუთარი ქვეყნის ელჩიც არის, კონსულიც და დესპანიც. როცა ჩვენი სპორტსმენები გამარჯვების ჰიმნს ააჟღერებენ უცხო მიწაზე, მათზე მეტ საქმეს ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გააკეთებს. მილიონობით ადამიანს რომ გააცნობ საქართველოს დადებითი კუთხით, ამაზე კარგი რა შეიძლება გააკეთო?!

GzaPress

დემურ გიორხელიძე, ანალიტიკოსი:

- ეს ჩვეულებრივი საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა მენტალობის გაგრძელებაა. ხელოვან ადამიანებს პოლიტიკაში არანაირი ფუნქცია არ აკისრიათ, უბრალოდ, ჩვენი პოლიტიკური ბელადების მენტალობაა ასეთი, რომ ე.წ. ინტელიგენცია, ცნობილი სახეები მათ სიაში თუ იქნებიან, ეს მათ დამატებით ხმებს მოუტანს. მაშინ, როცა, დამოუკიდებელ, თავისუფალი ხალხის ნებით შექმნილ სახელმწიფოში ყველა თავისუფალი მოქალაქე, ბუნებრივია, ერთ უმარტივეს რამეს იფიქრებს - რა უნდათ მათ პოლიტიკაშიო?! ესე იგი, არ შეიძლება იმ თითქოს სერიოზული პოლიტიკური პარტიების ნდობა, რომლებიც მუსიკოსებს, მწერლებს, მომღერლებს და ა.შ. პოლიტიკაში ექაჩებიან, ეს არასერიოზულია. პარლამენტის წევრი ვიყავი, ჩემ გვერდით 235 ადამიანიდან ბევრი ძალიან ცნობილი ხელოვანი იყო, მაგრამ შიდასამზარეულოს თვალთახედვიდან თუ გეტყვით, ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტებში მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, საერთოდ რა ხდებოდა...

- საერთოდ, როგორ შეაფასებთ მმართველი თუ ოპოზიციური პარტიების სიებს?

- ვფიქრობ, კონკრეტულ ადამიანებზე საუბარს აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ ბევრი მათგანის პოლიტიკური ბექგრაუნდი ჩვენთვის უცნობია, არ ვიცით, მათ რამე გაუკეთებიათ თუ არა? უფრო სწორად, ვიცით ის, რომ არაფერი გაუკეთებიათ. მაგრამ ესეც ის წარსული მენტალობაა - "ახალი სახეების" კომიკური სახე. ჯერ ერთი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეები ასე პრიმიტიულად არ შეიძლება ფიქრობდნენ, რადგან პოლიტიკაში ახალი სახე რომ გამოჩნდეს, საზოგადოება ამ ახალგაზრდების პოლიტიკურ აქტივობას უნდა აკვირდებოდეს და 10-15 წელი მაინც სჭირდება მას, რომ ამ არენაზე "გამოცხვეს", საზოგადოებაც ნელ-ნელა ენდოს, თუ რამდენად ვითარდება მისი აზროვნება, რა მონაწილეობას იღებს პოლიტიკურად რთულ სიტუაციებში და ა.შ. ბრიყვი უნდა იყო, რომ "ახალ სახეებს" ასე ბრმად პირდაპირ პარლამენტში იღებდე. ე.ი. შენ ხარ ბელადის მორჩილი, რომელიც გეუბნება, - აჰა, შენ "სახე" და აირჩიე. შენც მიდიხარ და ირჩევ. ეს არ არის მოქალაქის პოზიცია, ეს არის ყმის პოზიცია, რომელიც ისევ ტოტალიტარულ მენტალობაშია ჩარჩენილი.

თამთა დადეშელი