რამ მიიყვანა სუიციდის მცდელობამდე 3 შვილის დედა? - გზაპრესი

რამ მიიყვანა სუიციდის მცდელობამდე 3 შვილის დედა?

თი მაჭავარიანი 3 შვილის ახალგაზრდა დედა გახლავთ, რომელიც ინტერნეტსივრცეში პირად საკითხებზე თამამად საუბრობს. მას არ დაუმალავს, რომ თვითმკვლელობა სცადა, ფსიქიატრის მომსახურებით სარგებლობდა მაშინ, როცა საქართველოში მცხოვრები საზოგადოების ნაწილს ფსიქოლოგთან ვიზიტის და მით უმეტეს - ამის გახმაურების ჯერ კიდევ ეთაკილება... თის არ აინტერესებს "ტოქსიკური" ადამიანების აზრი და სხვებსაც ურჩევს, მათგან თავი შორს დაიჭირონ, თუნდაც ეს "ტოქსიკური" ადამიანები ოჯახის წევრებს შორის იყვნენ. მისი საჯარო გულახდილობის მიზეზი სხვების დახმარებაა...

ახლახან თი მაჭავარიანი "ნიჭიერის" ვირტუალური ოთახის წამყვანის ამპლუაშიც გამოჩნდა. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ...

- თავდაპირველად, "ნიჭიერის" წარმომადგენლებმა გასაუბრებაზე რომ დამიბარეს, არ ვიცოდი, რაში იყო საქმე. ადგილზე მისულმა კასტინგი გავიარე. როგორც მერე მითხრეს, მათზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე და ვირტუალური ოთახის წამყვანად შემარჩიეს. ჩემთვის ეს სრული შოკი იყო, რადგან მსგავსს ნამდვილად არაფერს ვგეგმავდი...

- ეს საქმე შენს პროფესიულ განათლებასთან კავშირშია, არა?

- კი. თავად ჟურნალისტიკის (მასობრივი კომუნიკაციები) ფაკულტეტი დავამთავრე, თან, მსახიობი ვარ.

- როგორც შენი ვლოგებიდან ვიცით, წლების განმავლობაში, საზღვარგარეთ ცხოვრობდი. გვიამბე, გამგზავრებამდე საქართველოში რას საქმიანობდი?

- სკოლა თბილისში დავამთავრე, შემდეგ ბულგარეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩავაბარე. 17-18 წლის ვიყავი, როცა საქართველოდან გავემგზავრე. პერიოდულად, 1-2 კვირით ჩამოვდიოდი, თუმცა 9 წელი საქართველოში არ მიცხოვრია. წელიწად-ნახევრის წინ დავბრუნდი. აქ თავის დამკვიდრებას მაქსიმალურად ვცდილობ.

GzaPress

- საქართველოდან გამგზავრებამდე დაოჯახდი თუ მოგვიანებით?

- ჩემი ყოფილი მეუღლე ქართველია. სკოლა ერთად დავამთავრეთ, უნივერსიტეტში სასწავლებლადაც ერთად გავემგზავრეთ. სტუდენტობის პერიოდში დავოჯახდით. პირველი შვილი მაშინ გამიჩნდა. შემდეგ ამერიკაში გავემგზავრეთ, იქ კიდევ 2 ბავშვი გავაჩინე.

- ერთ-ერთ პროექტში, ინტერვიუში და შენს ვლოგშიც სუიციდის მცდელობაზე ისაუბრე. ისიც აღნიშნე, რომ საკუთარ რესურსს ვერ იყენებდი - ფიქრობდი, შენი ბინის კედლებს მიღმა დარჩი, შენი ცხოვრება იქ დასრულდა... საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებაში ხელს რა გიშლიდა?

- ამერიკაში ცხოვრებისას უკვე 3 ბავშვი მყავდა. არავინ გვეხმარებოდა, ძიძაც არ გვყავდა. წელიწადში 1-2-ჯერ დედაჩემი ან ბავშვების მეორე ბებია ჩამოდიოდა, რომ დაგვხმარებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ ძირითადად, სულ შინ, ბავშვებთან ერთად ყოფნა და სახლის საქმიანობა მიწევდა. არადა, სკოლაში, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიც ყოველთვის ყველაზე აქტიური ვიყავი. საერთოდ, ექსტროვერტი ვარ - გარეთ, ხალხში ყოფნა, ურთიერთობები მიყვარს. აუცილებლად გართობას არ ვგულისხმობ - მთავარია, გარეთ ვიყო და რაღაცას ვაკეთებდე. მინდოდა თუ არა, ამ მხრივ, ამერიკაში შევიზღუდე. კონკრეტული მიზეზები ცოტათი პირადულია, თუმცა ისე მოხდა, რომ რისი კეთებაც მინდოდა, ვერ ვაკეთებდი. თუნდაც, 3 შვილის ყოლა მცირე პასუხისმგებლობა არ არის, თან - როცა დამხმარე არ გყავს. ძირითადად, ჩემი ყოფილი მეუღლე მთელი დღე სამსახურში იყო... არც მეგობრები მყავდა, არც - ისეთი წრე, რომელიც კარიერულად თუ პიროვნულად გამზრდიდა. შესაბამისად, ამან უკვე ჩემს მდგომარეობაზე იმოქმედა. არავის ვუსურვებ იმ ყველაფრის ატანას. კი, ამერიკა ძალიან მაგარი ქვეყანაა, იქ წასვლა კიდევ მინდა და აუცილებლად წავალ, მაგრამ იმ ეტაპზე, იმ მიზნების განხორციელება ვერ მოვახერხე, რაც გონებაში მქონდა დასახული. ამან ძალიან "ჩამკეტა", რამაც ჩემს მენტალურ მდგომარეობაზე (ნერვული აშლილობა, პანიკური შეტევები...) იმოქმედა, შფოთვები მქონდა... ამ ყველაფერმა სუიციდის მცდელობამდე მიმიყვანა, რის გამოც ბევრი განმსჯის და მკიცხავს - მსგავსი ფიქრები როგორ გაბედე, როცა 3 ანგელოზი გყავსო?.. ჩემი აზრით, ამის თქმა ნებისმიერისთვის დანაშაულია, რადგან არავინ ვიცით, კონკრეტული ადამიანი როგორ სიტუაციაშია. პირიქით, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ... საქართველოში დაბრუნება ჩემი შვილებისა და ჩემი საღი აზროვნებისთვისაც ყველაზე სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ახლა აქ ბევრად უკეთ ვარ.

- რადგან საკუთარი თავი თავად ვერ დაასრულე, ორგანიზმი ცდილობს, დაგასრულოსო, - როგორც აღნიშნე, ეს ფრაზა გითხრა შენმა ფსიქიატრმა, როცა ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეგექმნა. გვიამბე, ამჟამად, შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია? ამ მხრივ, პოზიტიურად აზროვნებამ რა ზეგავლენა მოახდინა?

- 2017-18 წლებში სახარბიელო ჯანმრთელობა ნამდვილად არ მქონია, რადგან მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, "არსაიდან" საშვილოსნოზე სიმსივნური წანაზარდები გამიჩნდა. შოკში ვიყავი, არ მჯეროდა... როდესაც ვცდილობდი, უკეთ გავმხდარიყავი, ვმკურნალობდი, აბსოლუტურად ვერანაირ შედეგს ვერ ვხედავდი, რადგან ამისთვის მენტალურად მზად არ ვიყავი - ჩემი გონება ჯერ კიდევ იმ პერიოდში, იმ პროცესში იყო, რომ მე უნდა დავსრულებულიყავი. მენტალურად გაძლიერების პერიოდი საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო იყო. ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან აქტიურ თერაპიებზე დავდიოდი, ფსიქოტროპულ წამლებს ვსვამდი - ბევრი რამ გამოვიარე... რასაკვირველია, პირველ რიგში, საკუთარი თავი დამეხმარა, რომ გავძლიერებულიყავი. ბავშვებს რომ დავაძინებდი, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, აივანზე მყოფი ფიქრში ღამეებს ვათენებდი: რა შეიძლება შევცვალო? 5 წელიწადში ჩემს თავს როგორ ვხედავ? როგორი მინდა ვიყო, როცა ამ რთულ პერიოდს გადავლახავ? ახალ ცხოვრებაში რა მაგალითების გადატანა მინდა-მეთქი?.. აბსოლუტურად ყველაფერზე ვფიქრობდი, რაც შეიძლებოდა, დამხმარებოდა. მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა, რაც დაახლოებით ერთ წელს გრძელდებოდა... ახლა მყარი, ჯანსაღი, გაწონასწორებული ვარ... ჩემს ფიზიკურ ჯანმრთელობას რაც შეეხება, სამწუხაროდ, 6 თვეში ერთხელ პროცედურები უნდა ჩავიტარო, რომ სიმსივნური წანაზარდები დიდ მასშტაბზე არ გავრცელდეს. მთლიანად ამოკვეთა არ მინდოდა, რადგან მომავალში ბავშვების გაჩენაზე ფიქრი კიდევ შეიძლება. ჩემი ასაკის გამოც, ეს მიზანშეწონილი არ იყო... ასეთი სიტუაცია ხელს არ მიშლის, პირიქით - როცა შემოწმებაზე მივდივარ და ექიმისგან დასტურს ვიღებ, რომ ჩემი მენტალური მდგომარეობის, ჯანსაღად კვების, აქტიური ცხოვრების გამო, წანაზარდების მოცულობა მცირდება, ჩემთვის ეს დიდი მოტივატორია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ და რაც უნდა იყოს, ყველაფერს შევძლებ.

- საქართველოში დაბრუნდი 3 შვილთან ერთად. მერე რა მოხდა, ვიდრე საზოგადოება გაგიცნობდა?

- საქართველოში ჯერ პატარები გამოვუშვი. 2 თვე ამერიკაში გარკვეულ საკითხებს ვაგვარებდი, მერე კი მეც დავბრუნდი. თავდაპირველად, აქ ცხოვრება მარტივი არ იყო. პრინციპში, ეს დღესაც არაა მარტივი, რადგან ვინც აქ ცხოვრობენ: ჩემი შეყვარებული, დედა თუ ჩემი და, ცდილობენ მითხრან, რომ კი, გვესმის, ასეთი ხარ, მაგრამ ეს საქართველოა, აქ ასე არ ხდებაო... აქაურობასთან შეგუება დღემდე მიჭირს - ქართველები ძალიან "ჩაკეტილები" ვართ, სხვა განზრახვები გვაქვს, სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობთ, სხვისი (თან ისეთი ხალხის, რომელიც ჩვენთვის მართლა არაფერს წარმოადგენს) აზრების ისეთ საკითხებში გათვალისწინება გვიწევს, რაშიც არ უნდა ვითვალისწინებდეთ. მინდა, ეს ყველაფერი "გვერდზე გადავდოთ" და საკუთარ სულს, გონებას მივხედოთ. მაქსიმალურად გავბედნიერდეთ და გარშემო მყოფებიც გავაბედნიეროთ.

GzaPress

- შენს რჩეულზე რას გვეტყვი?

- ჩემი რჩეული ლაშა ჩხაიძე გახლავთ, რომელიც თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო, "წინ წასული" და თვითდამკვიდრებული ტატუ არტისტია. ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ეს მანამდე შევნიშნე, ვიდრე მასთან სერიოზულ ურთიერთობას დავიწყებდი. მისი შესაძლებლობებით აღფრთოვანებული ვიყავი. გულთბილი, ემოციური ადამიანია, რომელიც ბევრ რამეში დამეხმარა. მოკლე პერიოდში ბევრი რამ მასწავლა, რადგან როცა 9 წელი საზღვარგარეთ ცხოვრობ, აქ დაბრუნებულს სხვაგვარი სიტუაცია გხვდება, თავს მარტო გრძნობ... გამიმართლა, რომ თავიდანვე ლაშა გავიცანი: მასთან პირსინგის შესაცვლელად მივედი (არ დაგიმალავთ, მანამდეც თვალს ვადევნებდი და მომწონდა მისი პიროვნება, ნამუშევრები, იუმორის გრძნობა). ერთმანეთის ნახვისთანავე ორივემ ვიგრძენით - "ვაუ" (იცინის)!.. ლაშა 32 წლის არის. ჩემამდე სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია. მე პირად ურთიერთობებში მქონდა გამოცდილება და ამ მხრივ, რაღაცებს ვასწავლი, ლაშა იმას მასწავლის, რაც მთელი 9 წლის განმავლობაში გამოვტოვე. შესაბამისად, ერთმანეთს ვავსებთ. ჩემი ახლანდელი პროფესია, რაც ჩემი შემოსავლის ძირითადი წყაროა, მან მასწავლა - პირსინგებს ვაკეთებ... თავდაპირველად, სერიოზული ურთიერთობის დაწყება არც ერთს არ გვსურდა. 11-წლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ, მარტივი ნამდვილად არ არის, რომ ვიღაცას ენდო, შენი გული, ყველაზე სუსტი მხარე ანდო, მაგრამ მერე "ტეტრისის" ფიგურებივით ავეწყვეთ. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. წელიწადი და 4 თვეა, რაც ერთად ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვუყვარვართ, ასევე, ბევრს არ ვუყვარვართ (იღიმის). არ ვიცი, ეს შურის გამო ხდება თუ სხვა მიზეზია... ჩვენი დაშორება ბევრს უცდია. ამას რაც უფრო მეტად ვგრძნობ, უფრო ვძლიერდებით - ჩვენი სიყვარული კიდევ უფრო ძლიერდება, ბოროტება კი იმ ადამიანებს უბრუნდებათ, ვინც ამას გასცემენ. ვისაც ჩვენი დაშორება უცდია და ამ ჟურნალს წაიკითხავს, მივმართავ: თქვენს დროს, ენერგიას, ნერვებს ტყუილად ხარჯავთ, მე და ლაშა ერთად ძალიან კარგად ვართ და მყარი ურთიერთობა გვაქვს.

- შენი შვილები - ნიტა, ემა და ნოა - შენს პოპულარობას როგორ აღიქვამენ?

- ეს ფაქტი ძალიან მოსწონთ და ამაყობენ. ბავშვები ჩემთან ერთად ფოტოების გადასაღებად რომ მოდიან, ჩემი შვილებიც მაშინვე მორბიან - ეს დედაჩვენიაო (იცინის)...

- თი, ბავშვობაში, მოზარდობისას რაზე ოცნებობდი და ახლა რეალობა როგორია?

- მცირე ასაკში გადაღებულ ყველა ვიდეოჩანაწერში ვამბობ, რომ მსახიობობა მინდა. ეს პროფესია მიყვარს, რადგან ძალიან "ჩემია". ჩემი ოცნება ჰოლივუდში წასვლაა. მაქსიმალურად ვეცდები, ეს ოცნება ავიხდინო.

- უახლოესი სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვი?

- ვგეგმავ, ჩემი აქტიურობა გავაორმაგო. მართალია, შვილებისთვის დროის დათმობა მიჭირს, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოში თვითდამკვიდრებას რაც უფრო მალე მოვახერხებ, ჩვენთვის ცხოვრება მით უფრო მარტივი იქნება. ჩემს შვილებს მართლა ძალიან კარგი მამა ჰყავთ - ბავშვებს მაქსიმალურად მხარში უდგას, თუმცა მინდა, თავადაც იგივე პასუხისმგებლობები ავიღო და მაქსიმალურად მობილიზებული ვიყო, რომ დაუვიწყარი ბავშვობა, საოცარი მომავალი ჰქონდეთ. ახლა სწორედ ამას ვცდილობ... მსურს, "იუთუბზე" ჩემი არხი კიდევ უფრო მეტად განვავითარო. საინტერესო გეგმები მაქვს. ნელ-ნელა გუნდი იკვრება, რომელიც ამის მოგვარებაში დამეხმარება. ფსიქოლოგიურ, ტაბუდადებულ თემებზეც ვისაუბრებ, მოზარდებთანაც ვიმუშავებ - მინდა, ბევრ რამეში მათთვის მაგალითი ვიყო და "გახსნილად" ვესაუბრო, რადგან ეს მათ სჭირდებათ... რასაკვირველია, საქართველოში "ნიჭიერი" დიდ მომავალს მპირდება, რადგან ბევრმა ადამიანმა გამიცნო, ბევრი შემოთავაზება "წამოვიდა". თავდაჯერებული ვარ - მეტყობა კიდეც (იღიმის). ეს ყველა ადამიანისთვის აუცილებელია, რადგან თავდაჯერების გარეშე გამბედაობა არ გვექნება... ჩემს "მიმდევრებს" ასეთ "სიგიჟეებს" ვპირდები. რა თქმა უნდა, მაგარი "ფან შეხვედრის" მოწყობას ვაპირებ, სადაც ფსიქოლოგიურ თემებზე ვისაუბრებ: მსურს, ხალხს პლატფორმა მივცე, რომ ისეთ თემებზე ღიად ისაუბრონ, რაც ჩემი "გამომწერებისთვისაც" (და არა მხოლოდ მათთვის) საინტერესო იქნება...

ეთო ყორღანაშვილი